ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2018
დედაქალაქი გაზის გაძვირებას ვერ გადაურჩება?!ეთანხმებით თუ არა ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ "ბახალას" დამცველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი? ***
დედაქალაქი გაზის გაძვირებას ვერ გადაურჩება?!
“დიდი ალბათობით, თბილისის მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ახალ მფლობელს - "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს", მოუწევს ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის გაღება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში თბილისის აბონენტებისთვისაც დადგება. რეგიონებში გაზის ტარიფი შარშან გაძვირდა. არსებობს მოლოდინი, რომ შემდგომი ზამთრისთვის გადასახადი დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც მოიმატებს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო. "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია კომპანიის სატარიფო პოლიტიკაც. "სიტუაციას ვსწავლობთ. რეალურად ამ ეტაპზე შეუძლებელია განცხადება ქსელის რეაბილიტაციისა და მით უმეტეს ტარიფთან დაკავშირებით. ეს და რამდენიმე სხვა საკითხი მოლაპარაკების ეტაპზეა და მოგვიანებით გახდება ცნობილი. კონკრეტულ ვადებზეც ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, დედაქალაქი გაზის გაძვირებას ვერ გადაურჩება?! / "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ახალმა მფლობელმა ბევრი ფული უნდა დახარჯოს და ტარიფში მის ასახვას აუცილებლად მოითხოვს
"ქსელის რეაბილიტაციის გარდა, გადაუჭრელი საკითხია ვალი, რის გამოც დავა დღემდე გრძელდება. ყაზახური მხარე იბრძვის 130 მილიონი აშშ დოლარის უკან დაბრუნებისა და დამატებით 50-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებისთვის. მეორე მხრივ, "ყაზტრანსგაზ-თბილისს" თავად მართებს სახელმწიფოს ვალი, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, შესყიდული ბუნებრივი აირის საფასურად. ახალი მფლობელის პირობებში, ვალების საკითხი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კომპანიის შემდგომ განვითარებაზე. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდებიან. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე განმარტავს, ბუნებრივი აირის დანაკარგის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რაც სამომავლოდ ტარიფზე აისახება. არაბიძის თქმით, რას წარმოადგენს და რა ინვესტიციას განახორციელებს კომპანიის ახალი მფლობელი, ჯერჯერობით უცნობია. ინვესტიცია მიმდინარე ხარჯებში თუ ჩაიწერა, ტარიფი აუცილებლად გადაიხედება. თუ გაზის დანაკარგს 3-5%-მდე ჩამოიყვანენ, ეს მოითხოვს დიდ ხარჯს. სამაგიეროდ, შემცირდება დანაკარგი. ამ პროცესების შედეგად თუ კომპანია დაზარალდება ფინანსურად, ესეც თავისთავად ასახვას ტარიფში ჰპოვებს“, - აღნიშნავს გამოცემა.
"არაბიძის თქმით, პრინციპში, ასეთი რეალობაა: ბევრი ფულია ჩასადები, რომ დანაკარგთან დაკავშირებული ვითარება მოგვარდეს. პარალელურად ვალები გადასახდელია, ქსელი კი მოსაწესრიგებელია. გახსოვთ ალბათ ოდორანტთან დაკავშირებული ამბავი, როცა ქალაქში დატრიალებულმა "გაზის სუნმა" აშკარად დაგვანახა ამის საჭიროება. დანაკარგის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია. ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ "ყაზტრანსგაზმა" 3%-მდე შეიძლება შეამციროს დანაკარგი, მაგრამ რეალური ახლაც 10%-ზე მეტია. ცვლილებას ველოდები გადასახადთან დაკავშირებით და ამას მომდევნო ზამთარში მოსახლეობა უსათუოდ იგრძნობს, თუმცა გადასახადი არ იქნება იმაზე მეტი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში იყო, როცა ტარიფი 50 თეთრს შეადგენდა. რეაბილიტაცია მოითხოვს გარკვეულ კაპიტალდაბანდებას და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება ვალთან დაკავშირებულ დავას, როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, საკითხი სახელმწიფოს კონტროლზეა და ამ მიმართულებით რაიმე საშიშროებას არ უნდა ველოდოთ“, - განაგრძობს გამოცემა.
"არაბიძის თქმით, 180 მილიონ დოლარზეა საუბარი. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და დავა ამ ეტაპზეც გრძელდება. სახელმწიფო ძალიან იმედიანადაა განწყობილი. მით უფრო, რომ თვითონ "ყაზტრანსგაზს" დაგროვილი აქვს ბევრი შეუსრულებელი პირობა ჩვენი მთავრობის მიმართაც, რაც მიმდინარე დავის მოგების შანსს გვაძლევს. სიმართლე გითხრათ, მე უფრო გაზის დანაკარგის საკითხი მაფიქრებს, რადგან იგი სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოსახლეობის გადასახდელია. ადრე თუ გვიან სემეკი იტყვის, რომ ტარიფში მხოლოდ დანაკარგს გაითვალისწინებს და ამ საკითხის მოგვარებას მოითხოვს, რაც ქსელის მოწესრიგების შედეგად უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია, რამდენად მართებულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ჩადებული ინვესტიცია ტარიფში ასახოს, ესეც მომავალში გამოჩნდება", - დასძინა ენერგეტიკოსმა. გია არაბიძე ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გაზის ტარიფის გაძვირება სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს. "საქართველოს მოსახლეობისთვის გადასახადის ზრდა მსუბუქი ტვირთი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება, თუმცა სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა იგრძნობს", - წერს სტატიის ავტორი.
ეთანხმებით თუ არა ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ "ბახალას" დამცველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი?
"საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს, ბოდიში აქვს მოსახდელი. სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი დაუმსახურებლად ესროლეს. "შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა, დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდა საქართველოში. სამწუხაროა, ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში," - განაცხადა ზარდიაშვილმა", მიმართავს საზოგადოების წარმომადგენებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ეთანხმებით თუ არა ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ "ბახალას" დამცველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი?
"საზოგადოებამ ვის უნდა მოუხადოს ბოდიში, მსგავსი რამ არც გამიგია. საზოგადოება ქვეყნის მოქალაქეთა ერთობლიობაა, ქვეყანაც საზოგადოებისაა და ბოდიში ვის უნდა მოუხადოს? საზოგადოებას, შესაძლოა, ბოდიში მოუხადონ, მაგრამ პირიქით? ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მოხდეს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
"სანამ გამოძიება საბოლოოდ არ დაადგენს მტყუან-მართალს, ამ შემთხვევაში საუბარია ბრალის დამძიმებაზე, მანამდე ბოდიშის მოხდაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად. გამოძიების საბოლოო ვერდიქტს რომ დაველოდოთ-ხოლმე, უმჯობესია, ვიდრე ემოციურად გამოვიდეთ რაიმე განცხადებებით", - აცხადებს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.
"ზარდიაშვილს არ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხადოს ბოდიში 6-წლიანი სტაგნაციისთვის? რაც შეეხება "ბახალას" დაცვას, ხალხის უნდობლობა იმ ორგანიზაციის ბრალია, რომელიც წლების განმავლობაში კარგავს რეპუტაციას. ასე რომ, ზარდიაშვილმა ის უნდა იკითხოს, რატომ დაკარგა ხალხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობა. ჩვენ მიერ დაქირავებელი წარმომადგენელი მსგავსად არ უნდა გამოდიოდეს და უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი ამბიციური განცხადებები მოსახლეობის მიმართ ძალიან უხერხულია, მეტიც, სამარცხვინოა. მთელი საქართველო იცავდა "ბახალას", ხალხი დაბნეული, ნდობადაკარგულია", - ამბობს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"ძალიან მიჭირს ამაზე კომენტარი, საკითხავია, რამდენად სანდოა ის წყაროები, რითაც ბრალი დამძიმდა. საზოგადოებას უფლება აქვს, თუნდაც საკუთარი მცდარი აზრი გამოთქვას. ჩვენ თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, საზოგადოება პიროვნებას ყოველთვის უჭერს მხარს, მით უმეტეს, როცა ის იჩაგრება", - დასძენს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

























