ქართული პრესის მიმოხილვა 04.04.2018

რუსულ-აფხაზური ორკვირიანი ერთობლივი წვრთნები მშვიდობიანი მოსახლეობის მონაწილეობითრამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაპირება, რომ საქართველოში წელსვე ჩამოვა?საყვარელიძე: სააკაშვილის გამოსვლა ხელს უწყობს "ნაციონალების" დამარცხებას ***

რუსულ-აფხაზური ორკვირიანი ერთობლივი წვრთნები მშვიდობიანი მოსახლეობის მონაწილეობით

"ძალის დემონსტრირება თუ მზადება სამხედრო ოპერაციისთვის - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა მორიგი მასობრივი წვრთნები დაიწყო. მოსკოვის შეიარაღებული ძალების 49-ე შენაერთისა და ე.წ. აფხაზური არმიის ერთობლივი მანევრირება სოხუმში 15 აპრილამდე გაგრძელდება. ეს წვრთნები იმითაა განსაკუთრებული, რომ მასში მშვიდობიანი მოსახლეობაც მონაწილეობს. რაიონების, ქალაქებისა და სოფლების დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს უკვე დაეგზავნათ შესაბამისი ინსტრუქციები."ეს წვრთნა არის ერთობლივი მზადების ერთ-ერთი ეტაპი, რომლის დროსაც პრაქტიკულად განხორციელდება სტრატეგიული პარტნიორობის შეთახმების ცალკეული შემადგენელი საკითხები", - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსულ-აფხაზური ორკვირიანი ერთობლივი წვრთნები მშვიდობიანი მოსახლეობის მონაწილეობით

"წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დე ფაქტო შსს, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური და საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტრო. გალის ტერიტორიაზე წვრთნები ამ ეტაპზე კი მხოლოდ სოფელ პრიმორსკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. თუმცა, როგორც "რეზონანსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მორიგი საწვრთნელი ცენტრი რუსებმა შეიძლება, სოფელ ფიჩორშიც გახსნან. ყოველ შემთხვევაში, მათი თქმით, ამაზე ადრე იყო საუბარი და ჯერჯერობით არ დაწყებულა შესაბამისი მოქმედებები. გალის ტერიტორიაზე წვრთნები ამ ეტაპზე მხოლოდ პრიმორსკის ტერიტორიაზეა. ეს არის ზღვისპირა სოფელი, რომელიც სპეციალურად წვრთნებისთვის შეირჩა და ასე გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სისტემატურად აღწევს პრიმორსკიდან ხმაური გალის ქვედა სოფლებამდე. ადრე დაზაფრული იყო ხალხი, ჰქონდათ შიში, მაგრამ შეეჩვივნენ ამ სიტუაციას და ქვემეხების გრუხუნი უკვე არავის აშინებს. საუბარი ჰქონდათ რუსებს, რომ სოფელ ფიჩორშიც გახსნიდნენ ასეთივე საწვრთნელ ტერიტორიას, მაგრამ ბოლო დროს ამაზე არავინ საუბრობს და არც სამუშაოები დაუწყიათ. ეს რაც შეეხება გალს. თუმცა, პრიმორსკის ანალოგიურად, საწვრთნელი ადგილები არის ოჩამჩირეშიც. ამისთვის სპეციალურად აქვთ შერჩეული ისეთი სოფლები, რომლებიც მოსახლეობისგან დაცლილია. თავის დროზე პრიმორსკი ძალიან დიდი და მრავალკომლიანი სოფელი იყო, მაგრამ ომის შემდეგ ძალიან ცოტა დაბრუნდა. ბევრმა საბოლოოდ მაინც დატოვა ეს ტერიტორია სწორედ სამხედრო წვრთნების გამო", - აღნიშნავს გამოცემა.

"აფხაზეთში მორიგი მასობრივი წვრთნების დაწყება არ გაკვირვებია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას. მისი თქმით, ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ასეთი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა ახალი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას არ ვარაუდობს. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც რუსეთი პოზიციების გაძლიერების მიზნით ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში. ფაქტობრივად, ეს არის პირველი წვრთნები მას შემდეგ, რაც შეიქმნა ე.წ. კოალიციური შეიარღებული ძალების დაჯგუფება აფხაზეთსა და რუსეთს შორის. როგორც ჩანს, ამას მიემატება რუსეთის როსგვარდიის შენაერთები. არ მგონია, ამას რაღაც პროვოკაცია ან გართულება მოჰყვეს. ისინი შიგნით ცდილობენ თავიანთი შენაერთების მწყობრში მოყვანას. ასეთ წვრთნებს რომ შეიძლება მოჰყვეს მცოცავი ოკუპაცია და სხვა, ამის გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ სამხედრო დაპირისპირებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე", - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, რუსეთში ახლა მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მოსკოვს არ აწყობს ვითარების დაძაბვა არც ერთ ქვეყანასთან. ბრიტანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ყურადღების მიქცევა ასეთ რაღაცებზე აუცილებელია. მაგრამ არ მგონია, რუსეთი წამოვიდეს სამხედრო პროვოკაციაზე იმის გათვალისწინებით, რომ მანდ მსოფლიო ჩემპინატი ახლოვდება. ჩემპიონატის დაწყების წინ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა არ აწყობს. ასე რომ, ეს არის ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლებიც უკავშირდება ე.წ. კოალიციურ ხელშეკრულებას აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. როგორც ჩანს, ამის ერთგვარი ტესტირება ხდება", - დასძენს გამოცემა.

"მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის ძალის დემონსტრირება და არა სამხედრო ოპერაცია. თუმცა, აქვე დასძენს, რომ რუსეთი ემზადება "ხვალინდელი დღისთვის" და სწორედ ამას უკავშირდება რუსეთის მთელი რიგი სამხედრო აქტივობები. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და ადგილობრივების ჩართვით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჯარისკაცები და ოფიცრები ასეთ წვრთნებში დიდი ხანია, რაც ჩართული არიან. თუმცა, თავისთვად ეს წვრთნები უკვე პროვოკაციაა, მაგრამ იმას, რომ სამხედრო აქტივობა დაიწყოს რუსეთმა, ჯერჯერობით არ ვვარაუდობ. ეს უფრო ძალის დემონსტრირებაა, ვიდრე სამხედრო ოპერაციის დასაწყისი. სანამ რუსეთში მსოფლიო ჩემპინატი არ ჩამთავრდება, არავითარ სამხედრო აქტივობას სამხრეთ კავკასიაში არ ვვარაუდობ. რუსეთი უზარმაზარ იმედს ამყარებს ამ მსოფლიო ჩემპინატზე. მას უნდა წარმოჩინდეს მაქსიმალურად მთელი მსოფლიოს წინაშე და უნდა აჩვენოს, რომ სანქციური პოლიტიკა მის მიმართ არაეფექტურია. ამიტომ მთელი რესურსი გადასროლია იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს მაღალ დონეზე და, მეორე მხრივ, სირიაში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნოს; ასევე უკრაინაში არ დაუშვას შეიარაღებული ძალების რევანში დონეცკისა და ლუგანკსის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წინააღმდეგ. სხვა დანარჩენი არის დემონსტრირება და მეტი არაფერი. ეს არის მომზადება ხვალინდელი, ზეგინდელი დღისათვის. ამის ნიშანია სამხედრო პოტენციალის გაზრდა კავკასიაში, 58-ე არმიის გაძლიერება, წვრთნები, რომლებიც მიმდინარეობს ცხინვალსა და აფხაზეთში. ის, რომ კასპიის სამხედრო დევიზია გადმოისროლეს სავაუდოდ ნატო-ს გავრცელების არეალში, ანუ ასტრახანდან გადმოიყვანეს მახაჩყალაში, არის ზეგინდელი დღისთვის მომზადება და არა - დღევანდელი", - წერს სტატიის ავტორი.

რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაპირება, რომ საქართველოში წელსვე ჩამოვა?

"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "საქართველო წარსულს, მით უფრო, ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება დაავიწყდა, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. "ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის "ბანკების მაფიის თარეშის" დასრულებასა და ხელფასების ზრდას გეგმავს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაპირება, რომ საქართველოში წელსვე ჩამოვა?

"სააკაშვილის თემა ალბათ კიდევ დიდხანს იტრიალებს ქართულ პოლიტიკასა და მედიაშია. ყოველივე ამის მიზეზი ორი რამ არის: ერთი ის, რომ სააკაშვილს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი მომხრე ჰქავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მსოფლიო მასშტაბით გაშიფრული პოლიტიკოსია, გაშიფრული როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა გვყავს, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს წინასაარჩევნო ზოგიერთ დანაპირებს, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ხოლო ილუზიას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის არჩევნებზე გაირკვევა, "ქართული ოცნება" დარჩება თუ ქვეყნის სათავეში "ნაცმოძრაობა" მოვა, ჩემთვის ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულია. მამაჩემს აქვს ცხონება, თავს ნუ იტყუებენ მიშისტები და საქართველოსაც ნუ ატყუებენ", - აღნიშნავს მწერალი რეზო მიშველაძე.

"არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს. შეიძლება ეს განცხადება იყო განცხადებისთვის. სხვას ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

"არ ვიცი, დაბრუნებას რამდენად შეძლებს. ვგულისხმობ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. რამდენად გარისკავს დაბრუნებას, არ ვიცი. ესენი ისე დებილურად იქცევიან, რომ ამათი გაქნილი პროფესიული თაღლითიზმის ფონზე ყველაფერი შესაძლებელია. მით უმეტეს ბევრად უფრო სტაბილური ელექტორატი ჰყავს სააკაშვილს. ვინმე ყირაზე რომ დადგეს, ის ელექტორატი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მუდმივად აძველვს ხმას, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. ესენი გზადაზგა ისე კარგავენ ავტორიტეტს, რომ რა გითხრათ... ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, რომ გაჭირვებული რას მიეხეთქოს, აღარ იცის და ამ გაჭირვებულთა რაოდენობამ ისე იმატა, რომ ამის ფონზე საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება, გარისკოს კიდეც. სამართლებრივად შესაძლებელი რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ მორალურად შეიძლება, შეძლოს კიდეც", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

საყვარელიძე: სააკაშვილის გამოსვლა ხელს უწყობს "ნაციონალების" დამარცხებას

"სააკაშვილს ძალიან ხშირად აქვს ისეთი განცხადებები, რომლებიც სავარაუდოა, რომ არ აქვს გათვლილი. უკრაინაში იმდენი რამ გააკეთა ისეთი, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ ძალიან ცუდად შეტრიალდა, თუნდა ვივარაუდოთ, რომ არც ეს ჰქონდა გათვლილი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. სააკაშვილის ვიდეომიმართვასა და პრემიერის განცხადებაზე "რეზონანსი" რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, საყვარელიძე: სააკაშვილის გამოსვლა ხელს უწყობს "ნაციონალების" დამარცხებას

“საყვარელიძის თქმით, საინტერესო ვიდეომიმართვა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ადრე სააკაშვილს ბანკებზე შეტევა არასდროს განუხორციელებია, ახლა კი განახორციელა. არ მგონია, რომ ეს კარგი იყოს იმ სტრატეგიის თვალსაზრისით, თუ უნდა, რომ მისმა გუნდმა მოიგოს. ბანკები საკმაოდ ძლიერი სტრუქტურაა საქართველოში და თუ იგრძნეს "ნაციონალებისგან" საფრთხე, თვითონაც დაუპირისპირდებიან და არ მგონია, რომ ამით "ნაციონალებმა" მეტი ხმა მიიღონ და არ მგონია, რომ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. მეორე ასპექტი ამ განცხადებისა არის ის, რომ მისი გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს აფერმკრთალებს. სააკაშვილმა "ნაციონალების" მოსვლის საფრთხე გახადა ცოტა უფრო არარეალური, ვიდრე ადრე იყო. მისი გამოსვლა ხელს უწყობს "ნაციონალების" დამარცხებას. რატომ დასჭირდა ეს სააკაშვილს, არ ვიცი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ მუშაობს სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" ჩაძირვასა და მისი განაყოფი პარტიების გაძლიერებაზე, საყვარელიძის აზრით, ეს ორი მომენტი, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა, ამ კითხვას აჩენს. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ორივე "ნაციონალური მოძრაობის" მოგებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ რატომ - არ ვიცი. შეიძლება, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის გამყარებას უწყობდეს ხელს. ამ განცხადებებმა "ევროპული საქართველოს" გაძლიერებას შეწუყოს ხელი. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, არ ნიშნავს "ევროპული საქართველოს" გაძლიერებას“, - განაგრძობს გამოცემა.

"სააკაშვილს ძალიან ხშირად აქვს ისეთი განცხადებები, რომლებიც სავარაუდოა, რომ არ აქვს გათვლილი. უკრაინაში იმდენი რამე გააკეთა ისეთი, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ ძალიან ცუდად შეტრიალდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ეს ჰქონდა გათვლილი. ასე რომ, სააკაშვილი ძალიან თამამი და თავდაჯერებულია განცხადებების კეთებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გათვლილი აქვს. თქვენ თუ ეკონომიკა განვითარებული არ გექნებათ, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვერ მოაბრუნებთ. ქვეყანა უნდა გახდეს მიმზიდველი, რომ ადამიანებმა ჩვენკენ აიღონ გეზი და ბევრი რამ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მოგვარდება. ამის მაგალითად მოჰყავთ გერმანიის ამბავი. ამიტომ ჩვენთან ჯერჯერობით პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი. ამის მერე საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და სხვა ქვეყნისკენ თვალი არ გაექცევა არც ქართველს, არც აფხაზსა და არც ოსს“, - დასძენს გამოცემა.

"რესპონდენტის კიტხვაზე, რმდენადაა შესაძლებელი , რომ პრეზიდენტის ინიციატივა - საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართონ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან განხორციელდეს. საყვარელიძის აზრით, ამერიკის მხრიდან მხარდამჭერი აქტის მიღება პირველ რიგში დამოკიდებულია აშშ-ზე. რუსული თემა როგორ სახეს მიიღებს ამერიკისთვის, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია. ყოველ წუთს იცვლება ვითარება. რუსული თემის გარშემო ექიშპებიან ერთმანეთს ტრამპი და მისი გარემოცვა. შესაბამისად, თუკი მხარდამჭერი აქტი ამერიკის მხრიდან იქნება, ალბათ განსხვავებული პოზიცია ექნებათ აქტის მიმართ რუსეთთან რბილი დამოკიდებულების მომხრეებსა და ტრამპის იმ გარემოცვას შორის, რომელიც შეურიგებელი პოზიციის მომხრეა რუსეთთან. ასე რომ, საქართველოში ლაპარაკი, რომ ეს გაკეთდეს, არ ნიშნავს, რომ ასეთი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან გადაიდგმება. ისე კი, ბატონო, ეს საკითხი მოსამზადებელი არის. პრემიერი არ ამბობს ხოლმე შეხვედრაზე უარს. პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა უფრო კრიტიკულია, ვიდრე პრემიერი. მაგრამ ასეთ შეხვედრას თავისი დრო და ლოგიკური გამართლება უნდა. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ლოგიკას, რომ ასეთი შეხვედრა იდგეს დღის წესრიგში“, - წერს სტატიის ავტორი.