საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ინიციატივით, განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ცენტრში ავტორიზაცია გაიარა სამთო საქმის სამმა პროგრამამ, რომელიც განხორციელდება ტყიბულში არსებული კოლეჯის „სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ და შპს “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ბაზაზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სწავლება განხორციელდება უახლესი - მოდულარული მეთოდით, რაც გულისხმობს, რომ პროგრამის 50%-ზე მეტი უშუალოდ წარმოების პროცესში განხორციელდება და კურსდამთავრებულებს ექნებათ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.
სტუდენტები დაეუფლებიან „სამთო მექანიკოსისა“ და „მყარი წიაღისეულის გამდიდრების“ პროფესიებს და დასაქმდნენ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში“ ამ სპეციალობებით.
„სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება სულ მალე დაიწყება. ვიმედოვნებთ, ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სამომავლოდ კი კვალიფიციურ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში“,- განაცხადა „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა. მისივე თქმით, საწარმომ უკვე იზრუნა კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ინვეტარის უზრუნველყოფაზე.
კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ინიციატივაა, მილევადი პროფესიებისადმი ინტერესისა და ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების შესაბამისი კადრების გადამზადება.
ახალ პროგრამებზე და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე „ჯი-აი-ჯი“ განათლების სამინისტროსთან ერთად ერთი წელი მუშაობდა და ხარისხის მართვის ცენტრში საქმის სამმა პროგრამამ აკრედიტაცია 2018 წლის 20 მარტს მიიღო.