ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2018

ბოლო 12 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 1200 ადამიანი დაიღუპაგამოიწვევს თუ არა ეს ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მიდგომის შეცვლას? ***

ბოლო 12 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 1200 ადამიანი დაიღუპა

“შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ქვეყანაში ადამიანები გამუდმებით იღუპებიან, დამსაქმებლის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი კი არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა. მარტო ბოლო ორთვენახევარში 19 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას: 8 მშენებლობებზე, 1 - მეტალურგიაში და დანარჩენი - შახტებში მუშაობის დროს. 2006 წლიდან დღემდე კი სამუშაო ადგილებზე 1200-მდე ადამიანია გარდაცვლილი. მინდელის შახტში სულ ახლახან მომხდარი ტრაგედიის მიზეზად "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი სამთო დარტყმას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი პრევენცია შეუძლებელია, თუმცა მისი აცილება შესაძლებელი იყო თუ არა, პასუხს გამოძიება გასცემს. ხალხი ელოდება, რომ პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ბოლო 12 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 1200 ადამიანი დაიღუპა / დამსაქმებლების პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა

"ასეთი მოლოდინი იყო 2017 წლის 9 მაისსაც, როცა ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა. მეშახტეები დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლოა, გასააქტიურებელი იყოს. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", - თქვა მაშინ პრემიერმა. "გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება", - აცხადებდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ერთი შეხედვით პრინციპული განცხადებების მიუხედავად, ტრაგედიასთან დაკავშირებით არავინ დასჯილა. გაერთიანებულ პროფკავშირებში ადასტურებენ, რომ დამსაქმებლების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დასმულა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში საქმე (ისიც ძალიან მცირე ნაწილი) მიდის სასამართლომდე და ეს პროცესი მთავრდება მხოლოდ დაღუპულის ოჯახის მიმართ კომპენსაციის დაწესების ვალდებულებით. ამ დროს პრობლემაა აბსოლუტურად ყველგან, მაღაროებში თუ სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე, სადაც ადამიანები ხშირად დამსაქმებელთა დაუდევრობით იღუპებიან. პროფკავშირების ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას 1200-მე ადამიანია გარდაცვლილი, ბოლო ორთვენახევარში კი 19 ადამიანი დაიღუპა. აქედან 8 - მშენებლობებზე, 1 - მეტალურგიაში, დანარჩენი კი შახტებში მუშაობის დროს“, - განაგრძობს გამოცემა.

"გიორგაძის თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი პარლამენტში მიღებულია და აგვისტოში ამოქმედდება. მანამდე რეალურად არაფერი შეიცვლება. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებელი პირი უნდა მკაცრად დაისაჯოს, მაგრამ ასეთი ჯერ არც ერთი ფაქტი არ ყოფილა. შრომის ინსპექციამ უნდა მოახდინოს პრევენცია, რათა მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. მშრომელი ხალხი გვეღუპება და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. რისკი არის დიდი და თუ გვინდა, არ მოხდეს მსგავსი ფაქტი, რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ეს არ არის პრევენცია, რადგან შედეგი მხოლოდ შრომის ინსპექციის გამართულ მუშაობას შეიძლება მოჰყვეს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის შემთხვევების მხოლოდ ნაწილი მიდის სასამართლომდე და ეს პროცესიც წლობით იწელება. უკეთეს შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა ხდება გარდაცვლილი მუშების ოჯახებზე და ამის იქით არაფერი იცვლება. ამჯერად მაინც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და დამნაშავე დაისაჯოს. მანამდე 4 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არც მაშინ დამდგარა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ახლა მაინც უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება, რათა დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოება მაღალ დონეზე იქნეს დაცული. ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ", - დასძენს გამოცემა.

"იურისტები იმედოვნებენ, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლა მოხდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაც ტრაგედიის მიმართ არსებობს. სამართლის სფეროს სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, უნდა დადგინდეს, რამდენად იყო სამთო დარტყმის პრევენცია შესაძლებელი. ქართველ მეშახტეებს გაუგონარ პირობებში უწევთ მუშაობა (მათ შორის მიწის ქვეშ). სამართლებრივად ყველაფერი უნდა გაირკვეს, ჩატარდეს გამოძიება და არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი. ეს აუცილებელია. სავარაუდოდ, არის გარკვეული საფრთხე, რაც ბუნებრივად ხდება, მაგრამ რამდენად იყო ამის არიდება შესაძლებელი, ეს უნდა გაირკვეს პირველ რიგში. ტრაგედია მთელი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოძიებული. ცხადია, ასეთი საფრთხის მქონე ობიექტებთან მიმართებით, როგორიც მაღაროებია, საკანონმდებლო რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ რეგლამენტირებული ზედამხედველობა განხორციელდეს", - აცხადებს ჩარგეიშვილი. მისი თქმით, სისტემურად უნდა მოწმდებოდეს ტერიტორია ტექნიკური და შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ნებისმიერი მიჩქმალული საკითხი იწვევს უდიდეს ტრაგედიას, რისი მოწმეც სულ ახლახან გავხდით. სრულყოფილი გამოძიებისთვის ნებისმიერი დეტალია შესასწავლი. თუკი პრევენცია შესაძლებელი იყო და არ მოხდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ ადამიანური დანაკარგი გამოირიცხოს და უფრო მეტად იყოს უსაფრთხოება დაცული", - წერს სტატიის ავტორი.

გამოიწვევს თუ არა ეს ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მიდგომის შეცვლას?

"ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კონტაქტურები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მგდარი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სპეციალისტების თქმით, ეს იყო სამთო დარტყმა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ ადგილას ჩამოიშალა ქანები, რამაც გამოიწვია ჰაერის ტალღა, რასაც მოჰყვა ეს უბედური შემთხვევა. "საქნახშირის" დირექტორ ჯამბულ ჯაყელის მტკიცებით, შახტში მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ გამხდარა. პროფკავშირის წარმომადგენლები მომხდარის გამოძიებაში ჩართვას ითხოვენ. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ "კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით გამოიწვევს თუ არა ეს ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მიდგომის შეცვლას?

"აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოსგან შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიდგომის შეცვლა, რადგან, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულში ოღონდ ინვესტორი გამოჩენილიყო და დასაქმებული ადამიანების მინიმალური უსაფრთხოების საკითხიც კი არ იყო დაცული. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მოხდება ისეთი რამ, რაც ჩვენთან ხდება. თუ გვინდა, რომ რაღაცას ვგავდეთ და ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყოს განსაზღვრული და დარეგულირებული", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

"რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოიწვიოს. ასეთი ეპიზოდების ერთმანეთზე მიყრა რა უბედურებაა. ძალიან ცუდი ამბებია, მაგრამ ამ საქმეს რაღაცით უნდა ვუშველოთ. კანონმდებლობით იქნება თუ ვიღაცის დაჭერით ან მოხსნით, ამას ყველა ვარიანტში უნდა ეშველოს", - აცხადებს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

"შრომის უსაფრთხოების პრობლემა, არ მახსოვს რომელიმე ათწლეული ჩემი სიყმაწვილიდან დღემდე, რომ საქართველოში არათუ გადაწყვეტილი, არამედ თითქმის მინიმალურად გადაჭრილი ყოფილიყო. სრულიად ბუნებრივია, რომ ახლაც ასეა. საწარმო, კერძო პირის ხელშია თუ სახელმწიფო პირისა, ყოველთვის ამ დიდი პრობლემის წინაშე დგას. ამის შედეგია ისიც, რომ თბილისში მაღლივი სახლი არ არსებობს, საიდანაც მშენებლობის პროცესში მუშა არ გადმოვარდნილიყოს და ახლაც ეს საშინელი ტრაგედია ტყიბულში. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი პარლამენტი პარლამენტია და მართლა პარლამენტობს, პირველ რიგში, ეს საკითხი უნდა დააყენოს თავის სესიაზე და სათანადო კანონით უზრუნველყოს. მაგრამ მე, როგორც პარლამენტს ძველმა წევრმა, ერთი რამ ვიცი, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც არ შესრულდება, რადგან სათანადო პოლიტიკური ნება არ არის ადამიანის დაცვისა", - დასძენს მწერალი რეზო მიშველაძე