ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2018

"ძველებისა" და "ახლების" დაპირისპირება "ოცნებაში"21-ე საუკუნის მეკობრეობაარის თუ არა "ქართულ ოცნებაში" სერიოზული განხეთქილება? ***

"ძველებისა" და "ახლების" დაპირისპირება "ოცნებაში"

"ქართული ოცნებიდან" გედევან ფოფხაძის დემარშით წასვლის გამო მმართველ პარტიაში დაწყებული დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის. ერთ მხარეს არიან ფოფხაძის თანამოაზრეები და მისი გუნდში დარჩენის შემხვეწებლები, მეორე მხარეს კი ე.წ. ახალი სახეები, რომლებმაც ფოფხაძე "თანაგუნდელების შეურაცხყოფაში" დაადანაშაულეს. უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ გუნდიდან წასულ თანამებრძოლს რელიგიური გრძნობების მანიპულაციაშიც დასდო ბრალი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით "ძველებისა" და "ახლების" დაპირისპირება "ოცნებაში" / "ფოფხაძე იყო საბაბი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაირკვეს, ვინ დომინირებს"

"ოცნების" კულუარებში გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ მმართველი პარტიის ახალი სახეების დირექტივები ძველი სახეებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი გახდა, ფოფხაძის სკანდალმა კი გუნდის ეს შიდა დაპირისპირება გარეთ გამოიტანა. საჯაროდ შიდა დაპირისპირებასა და ერთი მცირე ჯგუფის მიერ ყველაფრის მართვაზე საუბარი კი მხოლოდ "ოცნების" ერთმა დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა გაბედა. მისი თქმით, რამდენიმე ლიდერი მართავს პარლამენტს და რატომღაც გადაწყვეტილებები მიიღება ერთპიროვნულად, ამიტომაც არის განაწყენება. გედევან ფოფხაძის სკანდალი კი იყო დაგროვილი უკმაყოფილების გამომზეურება.ყველაფერი 4 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩეული ნინია კაკაბაძისათვის "ოცნებიდან" მიცემული რამდენიმე ხმის გამო ატყდა. გედევან ფოფხაძემ პარტია "ეკლესიის მაგინებელი კანდიდატის" არჩევის გამო ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა და გუნდის დატოვების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც მმართველ პარტიაში ვნებათაღელვა არა და არ ცხრება. მის ამ განცხადებას მოჰყვა ზოგიერთი დეპუტატის მობოდიშება კაკაბაძის არჩევის გამო. დაიწყო საუბარი შიდა განხეთქილებაზეც და იმაზეც, რომ შესაძლოა, ფოფხაძის მსგავსად სხვებმაც დატოვონ უმრავლესობის რიგები. მათ შორის ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ თუ საქმე ასე გაგრძელდა, შესაძლოა, სხვებიც წავიდნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მობოდიშებისა და შიდა პრობლემებზე მინიშნების შემდეგ განცხადებები აქტიურად "ოცნების" მეორე ჯგუფის, ე.წ. ახლების მხრიდანაც გაისმა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე". "ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება", - განაცხადა კობახიძემ და ისიც თქვა, რომ "სამმა-ოთხმა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს", მათ შორის არის ნუკრი ქანთარიაც, თუმცა "საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის". "თანაგუნდელების შეურაცხყოფაში" დაადანაშაულეს ფოფხაძე მამუკა მდინარაძემ და დავით მათიკაშვილმაც. საპასუხოდ ფოფხაძემ თქვა, რომ "ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს - აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ დაპირისპირების ფონზე პრემიერ-მინისტრი იმედს არ კარგავს, რომ ფოფხაძე გადაიფიქრებს და საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ის შეხვდა ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა. ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიის მაჩვენებელია და უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა არასასურველიც კია. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ძალიან სასაცილო და ტრაგიკომიკური თემაა, როდესაც თურმე ნინია კაკაბაძე უფრო დიდი პრობლემა ჰგონია "ქართულ ოცნებას", ვიდრე მურუსიძე და "ადეიშვილის ხელის ბიჭები", რომელნიც პარლამენტსა და სასამართლოში გვერდით უსხედან. ხუხაშვილის თქმით, ნინია კაკაბაძე არ არის მიზეზი, ეს საბაბია, რომ დაგროვილ პრობლემებს ამოეხეთქა. კაკაბაძე გახდა კატალიზატორი. ისე, ტრაგიკომიკური და სასაცილოა, კოლექტიური მურუსიძე გყავდეს ხელისუფლებასა და სასამართლოში, გვერდით გეჯდეს ადეიშვილის ხელის ბიჭები და ნინია კაკაბაძის გამო იყო აღშფოთებული. ნინია კაკაბაძეს მურუსიძეზე დიდ პრობლემად თუ მიიჩნევენ დეპუტატები, მაშინ ძალიან მძიმედ გვქონია საქმე. ამას კომიკური მომენტებიც შეემატა, თავზე ნაცრის დაყრის სახით და მობოდიშებით სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა, თუმცა ასევე ძალიან სიმპტომატურიც. მე ვფიქრობ, რომ ფოფხაძეში არ არის საქმე, ფოფხაძე გახდა კატალიზატორი იმ პრობლემებისა, რაც "ქართულ ოცნებაში" არის ე.წ. ძველებსა და ახლებს შორის. ეს არ არის იდეოლოგიური ომი და მიზეზიც არ არის ის, რის გარშემოც ეს ატყდა. ფოფხაძე იყო საბაბი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაირკვეს, ვინ დომინირებს. "ოცნებაში" არიან ე.წ. ძველები და ასევე ახლები, მცირერიცხოვანი ჯგუფი, მაგრამ საკმაოდ ამბიციურები, კობახიძის მეთაურობით, რომლებსაც, ფაქტობრივად, ლაჯებში აქვთ ამოდებული მთელი პარლამენტი და პრეტენზია აქვთ, ყველა გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ მაშინ, როდესაც ამის არც კომპეტენცია აქვთ და არც გამოცდილება. უბრალოდ, ამბიცია აქვთ, მართონ ყველაფერი“, - დასძენს გამოცემა.

"ხუხაშვილის თქმით, ბუნებრივია, ამას ადრე თუ გვიან მოჰყვებოდა წინააღმდეგობა, რასაც ვხედავთ დღეს ჩვენ, რომ ვიღაცებს გადამწიფებული თინეიჯერების ბოგინი არ მოსწონთ. ფოფხაძის თემა კი იმისთვის იქნა გამოყენებული, საბოლოოდ გაირკვეს, რა ხდება გუნდში - ამ ახალგაზრდა უმწიფარებმა უნდა მართონ ყველაფერი თუ სხვასაც ეთქმის რამე, მთელი ისტორია ესაა. ახლა მიდის ბრძოლა, ვის უფრო დიდი ბოსტანი ექნება. ამას გარკვეულად ამძაფრებს ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და ჯგუფებს ჰყავთ სხვადასხვა ფავორიტი", - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, ამას დაშლა არ მოჰყვება. ეს საქმე მივა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში, სადაც დიდი გარჩევა მოხდება და გაირკვევა თეთრი და შავი. მათი უზენაესი არბიტრი შეეცდება, ეს იწილო-ბიწილო ჩააცხროს და ამით დასრულდება ყველაფერი. ის, რომ ამ ყველაფერს დიდი დაპირისპირება ვერ მოჰყვება, ფაქტია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენენ", - წერს სტატიის ავტორი.

21-ე საუკუნის მეკობრეობა

"საოკუპაციო ზოლებიდან მოსახლეობის გატაცებამ მასობრივი ხასიათი მიიღო – თითქმის ყოველდღიურად "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ადამიანებს იტაცებენ. ამას დაერთო ოკუპირებულ რეგიონში მორიგი წვრთნა, რასაც პოლიტოლოგები რუსეთის ძალის დემონსტრირებად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ სოფელ აძვიდან ე. წ. მესაზღვრეების მიერ სამი დღის წინ გატაცებული 2 ადამიანი გუშინ გაათავისუფლეს. როგორც სუს-ში განმარტეს, დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, მათ შორის სუს-მა აამოქმედა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 21-ე საუკუნის მეკობრეობა.

"ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე. წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. ამასთან, როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა მორიგი მასობრივი წვრთნა დაიწყო. მოსკოვის შეიარაღებული ძალების 49-ე შენაერთისა და ე. წ. აფხაზური არმიის ერთობლივი მანევრირება სოხუმში 15 აპრილამდე გაგრძელდება. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ეს მოცემულობაა, რომელშიც ვცხოვრობთ და ეს რუსეთის პოლიტიკას არ უკავშირდება. არა მგონია, ეს პოლიტიკის ნაწილი იყოს. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ასეთი ფაქტები ზოგჯერ მოიმატებს, ზოგჯერ დაიკლებს, ზოგი ტრაგიკულად მთავრდება, ზოგჯერ გამოსავალი იძებნება. არა მგონია, რომ ეს სისტემური რუსული პოლიტიკის ნაწილი იყოს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი. ხუხაშვილის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის სერიოზული ესკალაცია მიმდინარეობს. ამ ფონზე რუსეთი თავისი აქტივების ინვენტარიზაციას იწყებს, ერთ-ერთ აქტივად კი მოიაზრება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთს როცა უტევენ, უფრო აგრესიული ხდება და ამ დარტყმის პირობებში რაღაც გარკვეული რისკი, შესაძლოა, საქართველოს მიმართულებითაც გაიზარდოს, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამხედრო საკითხებში ექსპერტ ამირან სალუქვაძის აზრით, "საოკუპაციო საზღვართან ჩვენი მოქალაქეების გატაცებას პერმანენტული ხასიათი აქვს აგვისტოს ომის დამთავრებიდან დღემდე. 2009 წელს 191 ადამიანი გაიტაცეს, 2010-შიც - ამდენივე, 2011-ში - 237 და ა. შ. ანუ, ყოველ სამ დღეში იტაცებდნენ 2 ადამიანს. სალუქვაძის თქმით, სწორი ანალიზი და შეფასებებია საჭირო და არა შიდაპოლიტიკური კინკლაობა სახელმწიფოს ყველაზე სერიოზული პრობლემის ირგვლივ. სანამ ამ პრობლემას სწორად არ აღვიქვამთ, სანამ ამ საკითხში პოლიტიკოსები, ექსპერტები და მედია ერთ პოზიციაზე არ ვიდგებით მთელ საზოგადოებასთან ერთად, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ესაა რუსეთის სასაუბრო ენა, ამით დანახარჯების გარეშე ეფექტიანად ახდენენ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენას. მეტიც, იქეთ გვახდევინებენ ფულს გამოსასყიდის სახით. ოკუპირებულ ზონაში 21-ე საუკუნის მეკობრეობაა საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობის ქვეშ. მსოფლიოს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ კი ერთმანეთს ვებრძვით“, - დასძენს გამოცემა.

"სალუქვაძის თქმით, რაც შეეხება რუსთის სწავლებას, მაგალითად, შარშან ორთავე ოკუპირებულ რეგიონში 100-მდე სწავლება ჩატარდა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ძალის დემონსტრირებაა, მაგრამ, ამავე დროს, გეგმური წვრთნებია. ჩვენ არმიაში აგვისტოს ომის შემდეგ (მანამდეც) ინტენსიური სწავლება არ მიმდინარეობს და სხვისი გვიკვირს. ასეთი ინტენსიური სწავლებით, პლუს გადაიარაღებით, რუსეთი დღეს საშიშ ძალად იქცა. არმია, რომელიც მუდმივი წვრთნის რეჟიმში არ ცხოვრობს, მკვდარი ორგანიზმია. რაღა ძალის დემონსტრირებაზეა საუბარი რუსეთის ლიდერის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, რომელიც სამხედრო მუქარით იყო გაჯერებული?!" - უთხრა "რეზონანსს" არმიის გენერალმა ამირან სალუქვაძემ“, - წერს სტატიის ავტორი

არის თუ არა "ქართულ ოცნებაში" სერიოზული განხეთქილება?

"უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, მათ შორისაა ნუკრი ქანთარიაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. "საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. მათ შორის არის ნუკრი ქანთარია. შესაბამისად, მასთანაც ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხზე. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი", - ამბობს კობახიძე. ნუკრი ქანთარიამ კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია, გედევან ფოფხაძის ანალოგიური გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ სხვა დეპუტატებმაც მიიღონ, უპასუხა: "თუ საქმე ასე გაგრძელდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს". შეგახსენებთ, რომ ფოფხაძემ, შესაძლოა, მმართველი პარტია დატოვოს. ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა როგორც ამბობს, "იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო". გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ შეიძლება ფოფხაძეს სხვა დეპუტატებმაც მიბაძონ და მმართველი პარტია დატოვონ", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, არის თუ არა "ქართულ ოცნებაში" სერიოზული განხეთქილება?

"ჩემი დაკვირვებით, მმართველი პარტია, როგორც ერთიანი, მონოლითური, ორგანიზებული და იდეური გუნდი, არასოდეს არ ყოფილა. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენდა და მომავალშიც მოახდენს. ალბათ შეიძლება, რომ დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა გუნდი დატოვოს, თუმცა ეს გადამწყვეტ როლს ვერ შუასრულებს", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"განხეთქილება ალბათ არსებობს, რადგან ამის რაღაც სიმპტომები არის. პაპუაშვილმა რაღაცები თქვა და მგონი, დიდი ჭკუა და გამჭრიახობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ყველაფერი ძალიან მშვიდად არ მიმდინარეობს. ითქვა, რომ ვიღაცები თურმე მთლიანობასა და იდილიას არღვევენ, ალბათ ასეცაა", - აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე.

"ამ შემთხვევაში ნინია კაკაბაძის პერსონის არჩევას კი არ ვაკვირდები, არამედ უფრო გამაკვირვა, რომ ჯერ აირჩიეს და შემდეგ ბოდიში მოიხადეს.

ეს ფაქტი, რომ შეიძლება ადამიანი აირჩიო, თან ლანძღო და მერე ბოდიში იხადო, მაფიქრებინებს, რომ, ზოგადად, პარტია არ არსებობს საერთო ღირებულებებით. "ქართულ ოცნებას", დღევანდელი მონაცემით, არანაირი ღირებულება არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კაკაბაძის პერსონა არ მაინტერესებს, უმრავლესობის ქმედებაა საინტერესო. აქ საინტერესო იყო უმრავლესობის მხრიდან ამ პერსონის ლანძღვა, მერე გაყვანა და შემდეგ ბოდიშის მოხდა. ღირებულებების არმქონე ადამიანები რაც უფრო მალე დაიშლებიან, საქართველოსთვის უკეთესი იქნება. ასეთი გუნდი ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტონს", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.