რამაზ საყვარელიძე - “ქართულ ოცნებაში“ შეთანხმების, დიალოგის დეფიციტმა იჩინა თავი კაკაბაძის ინციდენტში, მმართველ გუნდში კონფრონტაცია მხოლოდ დაშლას შეუწყობს ხელს

რამაზ საყვარელიძე - “ქართულ ოცნებაში“ შეთანხმების, დიალოგის დეფიციტმა იჩინა თავი კაკაბაძის ინციდენტში, მმართველ გუნდში კონფრონტაცია მხოლოდ დაშლას შეუწყობს ხელს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს ვანსა და ხონში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა და არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა იმ მოტივით, რომ საარჩევნო კოდექსი არაა სრულყოფილი და საარჩევნო გარემო არაა სამართლიანი.

„ნაციონალები“ „ევროპელ დემოკრატებს“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას საყვედურობენ. შუალედური არჩევნებისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის რეალურ მიზეზებზე საუბარი ჭირს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ყველა პარტია, ვისაც ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ვითარებაში, როცა ოპოზიციამ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო გარემო არ შეიცვლება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი?

- არჩევნები პარტიების ბევრ ინტერესს მოიცავს. არის, ბუნებრივია, პოლიტიკური ინტერესი ანუ სწრაფვა ხელისუფლებისკენ. ამავე დროს არსებობს ეკონომიკური ინტერესები - ბრძოლას სახსრები უნდა, რაც ბევრ პარტიას არ აქვს. იგივე ეკონომიკური ინტერესია წაგების შემთხვევაში პარტიამ ის ადგილი დაიკავოს, რომელზეც საბიუჯეტო დახმარება გამოეყოფა. ცნობილია, რომ დაახლოებით, ათი მილიონი უჯდება წელიწადში ბიუჯეტს წაგებული პარტიები. ალბათ, კიდევ ბევრი სხვა ინტერესით მოქმედებენ პარტიები.

პოლიტიკური პარტიების არათანმიმდევრულობას შედეგად მოაქვს მათივე პოლიტიკური რეიტინგების ვარდნა. ეს სამწუხაროა, რადგან პარტიების დაუფიქრებლობას საქართველო ერთპარტიულობისკენ მიჰყავს

სავარაუდოა, რომ შუალედური არჩევნები, რომელიც ხარჯს მოითხოვს, პარტიებისთვის დიდად საინტერესო არ არის. ხელისუფლებამდე ეს არჩევნები პარტიას ვერ მიიყვანს, ეკონომიკურ მდგომარეობას არ უუმჯობესებს. ხომ ვერ იტყოდნენ „არჩევნები არ გვაინტერესებსო“. ბოიკოტი გამოაცხადეს, პოლიტიკური მოტივია. საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ დაფიქრდნენ.

იქ ახალი ინტერესები ჩნდება და მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ალბათ ამის მიზეზი ცალკე ექნებათ მოსაფიქრებელი. რამეს იტყვიან, მაგრამ ასეთ არათანამიმდევრულობას, რაც თქვენც შეამჩნიეთ და ამჩნევს ამომრჩეველიც, შედეგად მოაქვს პოლიტიკური რეიტინგების ვარდნა. ეს სამწუხაროა, რადგან პარტიების დაუფიქრებლობას საქართველო ერთპარტიულობისკენ მიჰყავს.

- ექს-პრეზიდენტი მ. სააკაშვილი ევროპის პოლიტიკურ სცენაზე გააქტიურდა. მისივე თქმით, იგი და „ნაცმოძრაობა“ „ამზადებენ ევროპას საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებისთვის“ . „ქვეყანას არ ჰყავს არა მხოლოდ პატრონი, არ აქვს მომავალი. ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო“- აცხადებს იგი.

თქვენი დაკვირვებით, სავარუდოდ, როგორ აისახება ექს-პრეზიდენტ მ. სააკაშვილის გააქტიურება ევროპაში საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?

- არ ვიცი, რამდენად ჩაითვლება ევროპაში გააქტიურებად ის, რომ სააკაშვილი ჰოლანდიაში ლექციების წაკითხვას აპირებს. ისე, როდესაც სააკაშვილი აქტიურდება საქართველოს მიმართულებით, ქართველი ამომრჩეველიც აქტიურდება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ამ ტექსტებში გაუგებარია, რა შემზადება უნდა ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლება იცვლება არჩევნებით და ამისთვის შემზადება არაა საჭირო.

თუ „ნაციონალები“ აპირებენ ხელისუფლების რევოლუციურ შეცვლას ძალისმიერი მეთოდებით, ეს კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებას გააჩენს ხალხსა და „ნაციონალებს“ შორის - შეუძლებელია, ამას ვერ ხედავდეს სააკაშვილი

საქართველოს მეგობრების შემზადება სჭირდება იმ ვარიანტს, თუ „ნაციონალები“ აპირებენ ხელისუფლების რევოლუციურ შეცვლას ძალისმიერი მეთოდებით. ეს კიდევ უფრო მიუღებელი სცენარია, რაც კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებას გააჩენს ხალხსა და „ნაციონალებს“ შორის. შეუძლებელია, ამას ვერ ხედავდეს სააკაშვილი, მაგრამ ის თავის ამპლუას ვერ უღალატებს, ქართულ მედიაში ამბობს იმას, რასაც ადრე ამბობდა. შედეგიც, ალბათ, ისეთივე იქნება, როგორც ადრე.

- მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, მმართველ გუნდში რყევების დაწყების თემა მედიაში აქტიურად განიხილებოდა.

პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იგი გ.ფოფხაძეს უკვე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი უმრავლესობას არ დატოვებს.

ჩვენ ამ თემას კიდევ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველოს ტოლერანტულობის დიდი ტრადიცია აქვს, რაც ჩვენივე მართლმადიდებლობიდან მოდის.

მაგრამ საკმარისი იყო უმრავლესობის ნაწილს ოპოზიციის კვოტების მიმართ პატივისცემა დაედასტურებინა, რომ საზმაუს ბორდში „ევროპელი დემოკრატების“ კანდიდატის ნინია კაკაბაძის მიმართ აგრესიის ნიაღვარმა იფეთქა.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქართულ პოლიტიკაში ზოგადად და ამ შემთხვევაში კი მმართველ გუნდში ყოველგვარი განსხვავებული აზრის მიუღებლობა?

- განსხვავებული აზრის მიმართ მიუღებლობას მხოლოდ ქართულ პოლიტიკას ნუ დავაბრალებთ. დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ მის მიმართ მიუღებლობის ტალღა არ ცხრება. პოლიტიკა ბრძოლაა, ბრძოლას კი მიუღებლობა ახლავს.

ტოლერანტობასაც ნუ გავაიდეალებთ. ტიბეტის ტოლერანტობამ იმ ზომას მიაღწია, რომ ჯარზე თქვეს უარი. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ჩინეთი ტანკებით შევიდა ტიბეტში და მიუხედავად დალაი ლამას დაბეჯითებით თხოვნისა, ტოლერანტობის მოყვარულმა ევროპამ არც კი სცადა ტიბეტის გადარჩენა

ტოლერანტობასაც ნუ გავაიდეალებთ. ტიბეტის ტოლერანტობამ იმ ზომას მიაღწია, რომ ჯარზე თქვეს უარი. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ჩინეთი ტანკებით შევიდა ტიბეტში და მიუხედავად დალაი ლამას დაბეჯითებით თხოვნისა, ტოლერანტობის მოყვარულმა ევროპამ არც კი სცადა ტიბეტის გადარჩენა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზომიერი და დროული ყველაფერი საჭიროა - დაპირისპირებაც და ტოლერანტობაც. თუ რომელიმე მათგანი ზღვარს გადავიდა, დაწერილმა ან დაუწერელმა კანონმა უნდა მოაქციოს იგი ჩარჩოში. ჩვენ კი კანონებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა კვოტით ყალიბდება. კვოტა გულისხმობს, რომ კვოტით დანიშნული პიროვნება მსჯელობის და გადაწყვეტილების საგანი აღარ არის მათგან, ვინც ამ კვოტას არ განაგებს. პარლამენტში პარტიული კვოტით შედიან დეპუტატები და მათ „ჩაგდება“ არავის შეუძლია. ასევე, კანონს არ უნდა მიეცა უმრავლესობისთვის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატის ჩაგდების საშუალება ბორდის დაკომპლექტების დროს. ეს ნიშნავს, რომ კანონი არ ვარგა.

ჩვენ ადამიანებისგან ვითხოვთ იმას, რაც კანონისგან უნდა მოვითხოვოთ. როგორც ჩანს, კანონში იმდენად ბუნდოვანია მექანიზმი, რომ ზოგი იმასაც იძახდა კვოტა არ იყოო. მეორენი კვოტაზე ლაპარაკობენ. რადგან მკაფიოდ გაწერილი არაა მექანიზმი, უმრავლესობა მოიქცა თავისი შეხედულებისამებრ პირველ შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში უმრავლესობის ნაწილმა კვოტა გაიხსენა, რაც გაუგებარია - ეგ ფაქტორი პირველ კენჭისყრაზეც იყო და მარტო მეორე კენჭისყრის დროს რატომ გაახსენდათ, ძნელი სათქმელია.

ამ გაუგებრობების შედეგად გაჩნდა გედევან ფოფხაძის პროტესტი. ეს პროტესტი მიუთითებს, იმასაც, რომ კანონი არ ვარგა და იმასაც, რომ უმრავლესობაში სადავო საკითხების განხილვის მექანიზმი ხარვეზიანია. გადაწყვეტილების მიღების ხარვეზებია რეალური პრობლემა და არა - გედევან ფოფხაძე.

- პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა კი გამოთქვა იმედი, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობის რიგებს არ დატოვებდა, მაგრამ ამავე თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაძიძემ განაცხადა - „ფოფხაძემ მძიმე შეურაცყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულაციების ფონზე.“

ვითარებაში, როცა მმართველ გუნდში ღირებულებათა და მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა სულ უფრო შესამჩნევია, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს გედევან ფოფხაძე დარჩება თუ არა „ქართული ოცნების“ მმართველ ჯგუფში.

თუ წინა პარლამენტში მმართველი გუნდში ე.წ. რეტროგრადებად მხოლოდ მეჭიაური და თოფაძე მოიაზრებოდნენ, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ახლაც საკმაოდ არიან ე.წ. რეტროგრადები.

ოკუპანტებზე მეტად ნინია კაკაბაძეზე გაბრაზებული და მუშტებმოღებული არაერთი დეპუტატი კი ვიხილეთ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, წინა პარლამენტის მსგავსად რატომაა ისევ სულ მცირე ორსახოვანი „ქართული ოცნება“?

- მრავალსახოვნობა არც ერთ პარტიას არ აკლია. „ნაცმოძრაობაც“ არ აღმოჩნდა ერთსახიანი, სხვადასხვა პარტიებადაც კი დაიშალა. პოზიციების განსხვავება ბუნებრივი მოვლენაა ყველა ჯგუფში. თუ ჯგუფმა ვერ გამოიმუშავა განსხვავებული პოზიციების გამთლიანების მექანიზმები, ჯგუფი დაიშლება, ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს, თუ დიალოგი ვერ შეძლეს.

ფოფხაძის პროტესტი მიუთითებს იმასაც, რომ კანონი არ ვარგა და იმასაც, რომ უმრავლესობაში სადავო საკითხების განხილვის მექანიზმი ხარვეზიანია. გადაწყვეტილების მიღების ხარვეზებია რეალური პრობლემა და არა - გედევან ფოფხაძე

შეთანხმების, დიალოგის დეფიციტმა იჩინა თავი კაკაბაძის ინციდენტში. კონფრონტაცია მხოლოდ დაშლას შეუწყობს ხელს. რეტროგრადებად და რეფორმატორებად დაყოფა ისევ კონფრონტაციული დაყოფაა, რომელმაც ერთხელ უკვე მიგვიყვანა „ვარდების რევოლუციამდე“.

მე მგონი ახალი რევოლუციები საჭირო არაა. ვისურვებდი, რომ ევოლუციით განვითარდეს მოვლენები - უმრავლესობამ უნდა შეძლოს მუშაობის შინაგანწესის დადგენა, ლიდერებმა უნდა შეძლონ ჯგუფის გამაერთიანებელი იდეის დამკვიდრება და ყველა ადამიანისთვის ფუნქციის მოძებნა ამ იდეის ხორცშესხმაში.

- ტყიბულში 6 მეშახტის დაღუპვამ მაღაროებსა თუ მშენებლობებზე დაღუპულთა სავალალო სტატისტიკა შეგვახსენა.

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, შარშან საქართველოს პარლამენტმა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ გაამკაცრა, მაგრამ შრომის ინსპექციების ეფექტური მუშაობის აღსრულების ნაწილში ხარვეზები საკმაოდაა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებაზე 25 ადამანი ზრუნავს, მალე კიდევ 15 აიყვანენ სამუშაოდ, ასევე მალე ქვეყანას 90 შრომის ინსპექტორი ეყოლება. ფაქტია, რომ ამ სფეროში არსებულ ვითარებაზე 90 შრომის ინსპექტორის საქმიანობა ვერანაირად ვერ იმოქმედებს.

საქართველო არაერთ ევროპულ კონვენციასაა მიერთებული. მათ შორის იმ საკითხებში, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და დასაქმებულთა სოციალურ საკითხებს ეხება. რატომ არ დგამს ხელისუფლება უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებდა?

- ბოროტი ენები იძახიან, უსაფრთხობის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას უცხოელი ინვესტორების მოზიდვის სურვილი უშლის ხელსო. მართლაც, ეს ტენდენცია უფრო მკაფიო იყო მაშინ, როცა ეკონომიკას კახა ბენდუქიძე მართავდა, რომელიც მხოლოდ მესაკუთრეს იცავდა.

როგორც ჩანს, დასაქმებულთა ბრძოლის სხვადასხვა მკვეთრი ფორმები საქართველოშიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოებაში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები

ევროპული სტანდარტებიც თავისით არ შექმნილა, ისინი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია. როგორც ჩანს, დასაქმებულთა ბრძოლის სხვადასხვა მკვეთრი ფორმები საქართველოშიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოებაში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები.

- გასულ კვირას პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით „უკეთესი მომავლისათვის“ საინტერესო ინიციატივები გააღერა. მართლია, ჯერ მხოლოდ იდეების პაკეტზეა საუბარი, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის მიღებას, ასევე მცირე ბიზნების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლის რეალიზებისათვის ქართულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იქნება აუცილებელი.

ფაქტია, რომ თბილისის შეთავაზებაზე სოხუმისა და ცხინვალის პასუხები აშკარად იდეოლოგიზებული იყო.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სოხუმსა და ცხონვალში არ იციან როგორ უპასუხონ ქართულ ინიციატივებს, ან იციან, მათთვის სასარგებლო რამეებსაც ხედავენ, მაგრამ საჯაროდ ქართულ წინადადებაზე რამე კარგის თქმა უჭირთ.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი იქნება სოხუმისა და ცხინვალის პასუხი თბილისის ინიციატივებზე?

- პრინციპი, რომელიც ამ ინციატივებშია ჩადებული, ცნობილია კონფლიქტოლოგიაში - საერთო ინტერესების მიღწევაში თანამშრომლობა აგვარებს კონფლიქტს. ეს პრინციპი ჩვენ ტყავზეც გამოვცადეთ. ერგნეთის ბაზრობამ ქართველებსა და ოსებს დაავიწყა 90-იანების კონფლიქტი. იგივე პრინციპზე ააგო თავისუფალი ზონის მოდელი ლაშა ტუღუშმა და რამდენიმე წელი უწევდა პროპაგანდას.

პრემიერ კვირიკაშვილის პოზიცია ვარაუდის ადგილს არ ტოვებს, პირდაპირ იყო განცხადებული, რომ ინიციატივების მიზანია ნდობის აღდგენა ხალხებს შორის. ამის გარეშე ცვლილებების პერსპექტივა არ შეიქმნება

როგორც იქნა, გადაიდგა ეს ნაბიჯი - ძალზე გაბედული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. სოხუმის და ცხინვალის მმართველები, ალბათ, შეუქმნიან სირთულეებს თბილისის ინიციატივებს, მაგრამ დროებით. თუ ამ ინიციატივებმა ქმედითი სახე მიიღო, მოსახლეობას შეეცვლება დამოკიდებულება, საქართველო მათთვის აღარ იქნება საფრთხობელა. ვთვლი, რომ ეს შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ვითარებაში, როცა მოსკოვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნები რეალიზებული აქვს, ქართულ მხარეს სოხუმთან და ცხინვალთან არ აქვს რეალური და შედეგის მომტანი დღის წესრიგი, ფაქტია, რომ თბილისი ამგვარი დღის წესრიგის შექმნას ცდილობს.

შესაძლოა, ამისთვის დრო სწორადაც იყოს შერჩეული, ვინაიდან მოსკოვს სოხუმისა და ცხინვალისათვის ფული არც ახლა აქვს და კარგა ხანს არ ექნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმიცა და ცხინვალიც მოსკოვზე ზომაზე მეტადაცაა მიბმული, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შედეგზეა ორიენტირებული პრემიერ გ.კვირიკაშვილის ინიციატივები?

- პრემიერ კვირიკაშვილის პოზიცია ვარაუდის ადგილს არ ტოვებს, პირდაპირ იყო განცხადებული, რომ ინიციატივების მიზანია ნდობის აღდგენა ხალხებს შორის. ამის გარეშე ცვლილებების პერსპექტივა არ შეიქმნება. არადა, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია.

როგორც იქნა, გადაიდგა ეს ნაბიჯი - ძალზე გაბედული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. სოხუმის და ცხინვალის მმართველები, ალბათ, შეუქმნიან სირთულეებს თბილისის ინიციატივებს, მაგრამ დროებით

როგორც თქვენ შენიშნეთ, მოსკოვს ამ რეგიონებისთვის ფული არც ახლა აქვს და კარგა ხანს არც ექნება. მოსკოვი იძულებული იქნება უფრო მკაცრი გახდეს ამ რეგიონებთან დამოკიდებულებაში, რასაც რუსეთით იმედგაცრუება მოჰყვება ოკუპირებულ რეგიონებში. იმ პერიოდისთვის უნდა მომწიფდეს ქართული მხარის რეალური სურათი რუსეთის ალტერნატივების მაძიებელი აფხაზებისა და ოსებისთვის. დანარჩენს დრო აჩვენებს.

- პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ცნობილია, რომ ახლა ამ შეხვედრისათვის მხარეებს შორის დროისა და ადგილის შერჩევაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონმა კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები პუტინის გარემოცვის მიმართ.

9 აპრილს თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ბოლტონი, რომელიც რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციებით გამოირჩევა.

თქვენი დაკვირვებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა შედგა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს?

- რუსეთის და ამერიკის ურთიერთობაში ყოველდღე სადავო საკითხი ჩნდება, აგერ ახლა დადგა ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი. მათ შეფასებაში ტრამპი მკაცრ ტონს არ ცვლის. ტრამპი მკაცრი იყო სოლსბერის ინციდენტშიც. სანქციების ახალი რაუნდიც ამოქმედდა, რაც პუტინისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, რადგან პუტინთან დაპირისპირებისკენ უბიძგებს მის ელიტას.

ძნელია იმის თქმა, თუ რითი დამთავრდება აშშ-რუსეთის დაპირისპირება. ერთი რამ ცხადია - პუტინის და ტრამპის შეხვედრა კიდეც რომ შედგეს, არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს მიმდინარე პროცესში

ტრამპის დანიშვნებიც არ უნდა იყოს რუსეთისთვის სასიამოვნო. ამდენი პროცესი ურთიერთობის გაუარესებისკენაა მიმართული და სრულიად წარმოუდგენელია ერთმა შეხვედრამ ურთიერთობის გაუმჯობესება შეძლოს. მით უმეტეს, უკვე რუსებიც ამბობენ, რომ რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკას ტრამპი არც განსაზღვრავს, მას განსაზღვრავენ სამხედროებთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები.

რაც მთავარია, პუტინის რუსეთიც მუდმივ პროვოკაციებზე მიდის და ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს. ძნელია იმის თქმა, თუ რითი დამთავრდება აშშ-რუსეთის დაპირისპირება. ერთი რამ, მგონი, ცხადია, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრა არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს მიმდინარე პროცესში.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”