ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2018

"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდესფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა?"საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით სრული მარაზმია"!რუსული მედიაშეტევა - "გაზპრომმედია" საქართველოში "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდით შემოდის * * *

"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს

"მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები", - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს უკვე ღიად ემუქრება. საპასუხოდ რუსეთიც აცხადებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც მათი გაშვება მოხდება. როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, აქ უკვე "ნერვების თამაში" მიდის, რაც შესაძლოა, კაცობრიობას ძვირად დაუჯდეს, რადგან ორივე სახელმწიფოს ლიდერმა უკან დასახევი გზა თავადვე მოიჭრა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პირველი მუქარა 9 აპრილს გაახმოვანა - რომ სირიაში, ქალაქ დუმაში, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. ოფიციალური დამასკო და მოსკოვი კი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" / ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.

"გუშინ ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გაშვებული. როგორც ცნობილია, სირიის ქალაქ ლატაკიაში, სადაც რუსული ბაზაა განთავსებული, სუ-34 გამოჩნდა. ამის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარი გვერდის საშუალებით რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - წერს დონალდ ტრამპი. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი მსოფლიოს ნომერ პირველი გიგანტი სახელმწიფოს პრეზიდენტია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახის შენარჩუნება და, სავარაუდოდ, სირიას უახლოეს საათებში დაარტყამენ. პოლიტოლოგის თქმით, ამაზე რუსეთის პასუხი რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ სახის შენარჩუნებას პუტინიც რომ შეეცდება, ცხადია", - აღნიშნავს გამოცემა

"ტრამპი ადრე დაიმუქრა, სირიას, ირანსა და რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდებათ ქიმიური იარაღის გამოყენებაო. შემდეგაც დაიმუქრა და ახლა უკვე მესამედაც დაიმუქრა. ამით მან უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრა და როგორც ჩანს, აშშ-ის მხრიდან რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებენ, დარტყმა ყოველ წუთს მოსალოდნელია. როგორც თავად ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, ეს დარტყმა გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე შარშანდელი. ორივე მხარე კუთხეშია მიმწყვდეული. ტრამპს არ შეუძლია, უპასუხოდ დატოვოს ის, რასაც რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადი აკეთებს და პუტინსაც არ შეუძლია, გადაყლაპოს ის, რასაც მის მთავარ მოკავშირეს უპირებს ტრამპი. სწორედ ეს ვითარებაა საშიში. აქ უკვე ნერვების თამაშზე მიდის საქმე. ორივე ამაყი, თავდაჯერებული, ყოყლოჩინა ლიდერია, არც ერთი მათგანი არ არის მიჩვეული საჯაროდ უკან დახევას, ამიტომ თოკის აქეთ-იქით გადაწევა შეიძლება კაცობრიობას ძვირად დაუჯდეს, თუმცა მე მხედველობაში არ მაქვს ბირთვული მესამე მსოფლიო ომი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ვინცაძე.

"საბოლოო ჯამში კი, ისევ ცივი ომი იქნება გამალებული შეიარაღებით - მართალია, პუტინი საჯაროდ აცხადებს, მე სულელი არ ვარ, რომ გამალებულ შეიარაღებაში ჩავებაო, რადგან მან იცის, ეს რითიც დასრულდება, თუმცა თუ სხვა გამოსავალი არ დარჩა, პუტინიც წავა ამაზე. მით უმეტეს, როდესაც მის ირგვლივ სულ უფრო და უფრო იკვრება წრე და იზოლაცია კიდევ უფრო მტკივნეული ხდება რუსეთისთვის. ყოველი მხრიდან პრობლემებში ჩაფლული პუტინი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს რთულად პროგნოზირებადია, რადგან, პრაქტიკულად, მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ერთი რამ ცხადია, საერთაშორისო ურთიერთობა ძალიან სახიფათო სისწრაფით ეშვება არასასურველი შედეგებისაკენ", - დაასკვნის ცინცაძე. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთის განცხადება ძალის დემონსტრირებას ემსახურება და, ამასთანავე, ცხადყოფს რუსეთის ინტერესებს სირიაში - რომ მან სამხედრო ოპერაცია არა ტერორიზმთან საბრძოლველად, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად დაიწყო", - წერს სტატიის ავტორი.

"აქ კარგად ჩანს, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, იგი სინამდვილეში არ იყო მიმართული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. რეალურად, მოსკოვი ასადის რეჟიმს იცავდა ზომიერი ოპოზიციისგან, ბომბავდა რა სირიის ზომიერი ოპოზიციის პოზიციებს, თუმცა ოფიციალურად აცხადებდა, რომ თითქოს ებრძოდა "ისლამურ სახელმწიფოს". სინამდვილეში, რუსეთი დაინტერებულიც კი იყო სირიის ტერიტორიაზე მათი არსებობით, რადგან "ისლამური სახელმწიფო" დამატებით თავის ტკივილს უჩენდა დასავლეთს. მეორე მხრივ, ამით რუსეთი აიძულებდა დასავლეთს, რომ შეედარებინა ასადის რეჟიმი და "ისლამური სახელმწიფო". დღევანდელი ვითარებაც ამის დადასტურებაა, თუმცა რუსეთის განცხადება ძალის დემონსტრირებას უფრო ჰგავს, რადგან ამერიკამ სირიის სამხედრო ბაზას დაახლოებით 1 წლის წინაც მიაყენა სარაკეტო დარტყმა, მაგრამ რუსეთის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლაც იგივე მოხდება", - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა?

"პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა, არათუ შეცდომაშია შეყვანილი, არამედ სიღრმისეულად ვერ აფასებს მდგომარეობას. მისი თქმით, მმართველ გუნდში რეალურად დაპირისპირება არ არსებობს, არის მხოლოდ დაშვებები, რასაც მუშაობა სჭირდება. გუნდს კი დიდი რესურსი აქვს, რომ მოლაპარაკება შედგეს და წარმატებით დასრულდეს. ისეთი საკითხები, როგორებიცაა, გადადგომა, დაპირისპირება თუ გარიცხვა, დღის წესრიგიდან მოიხსნება. დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 116 ადამიანია, ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება, ყველას ერთი და იგივე შეხედულება ვერ ექნება. "ეს არის შეკრული გუნდი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც ერთი და იმავე მიზნების მატარებელი არიან. ადამიანები, რომლებიც კრიტიკას გამოთქვამენ ან პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, უცებ, იმ წუთშივე მოიაზრებიან, როგორც რომელიმე გუნდის წევრები, თუმცა ერთიანობა ისაა, რაც დეკლარირებულია", - აღნიშნა ვოლსკიმ", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა?

"ვფიქრობ, ეს ფაქტი არ არის საშიში ხელისუფლებისთვის. პოლიტიკურ დაჯგუფებაში არის დაპირისპირებები, სხვადასხვა აზრი, მოტივიც, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება პარტიის გაძლიერება გამოიწვიოს. არავინ იცის, საქმე როგორ წარიმართება, მაგრამ არ მგონია, ამ პროცესმა ძირფესვიანად შეცვალოს ქართული პოლიტიკური რეალობა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

"უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენები ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას უქმნის. ჩემი აზრით, მათ თავიანთი როლი ამ ქვეყანაში გააზრებული არა აქვთ. რასაკვირველია, გავლენის მოსაპოვებლადაა ეს ბრძოლა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებაა", - თვლის ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"მგონია, რომ სწორედ გავლენის მოსაპოვებლადაა ეს უთანხმოება. ახალგაზრდებმა მთლიანად აიღეს ხელში სადავეები და ძველ დეპუტატებს ანგარიშს არ უწევენ", - მიიჩნევს პროფესორი თემურ ნანეიშვილი.

"ერთი შეხედვით, ნამდვილად რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი გავლენის გადასანაწილებლად იბრძვიან. რეალურად რა ხდება, ამას ვერ ვიტყვით, სანამ ფსკერზე არ დაილექება. უმრავლესობა ალბათ ეცდება, ერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას დამოუკიდებლად, არ ვიცი. რაც შეეხება სიტუაციას, ეს საზოგადოებისთვის ცუდი სანახავია", - დასძენს იურისტი ქეთი ბექაური.

"საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით სრული მარაზმია"!

"ჩინოვნიკების მიერ წარმოუდგენლად მაღალი ხელფასების მიღების მასშტაბებმა გაუგონარ დონეს მიაღწია. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები განვითარდნენ და ფინანსურად უფრო მომგებიანი გახდნენ, მილიონობით ლარი რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობას ხმარდება. ცხადია, ეს ხდება ათასობით უბრალო ადამიანის შრომის ხარჯზე, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებულნი არიან, მიზერულ ანაზღაურებას დასჯერდნენ. ფაქტია, რომ ჩინოვნიკების მხრიდან ანაზღაურების გაცემის წესი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, პრემია-დანამატებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვისაც როგორ უნდა და რამდენიც უნდა, იმდენ ხელფასს იწერს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ მდგომარეობას არაფერი ეშველება, სანამ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საკითხი არ დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხაობა კიდევ გაგრძელდება და უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს საჯარო სექტორში" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით სრული მარაზმია"! / ზოგი ჩინოვნიკი თვეში ორჯერ იღებს ხელფასს, უმრავლესობა კი ათეულობით ათას ლარს იჯიბავს.

"რაც ამჟამად ხდება, ეს უკვე აღმაშფოთებელია. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხელმძღვანელ სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს. ეს საჯარო სექტორში "რეკორდული" მაჩვენებელია. სულხან ზუმბურიძეს სააქციო საზოგადოების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2007 წლის დეკემბრიდან უკავია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს 326 603 ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 335 656 ლარს, 2014 წელს - 263 374 ლარს, 2013 წელს კი - 218 329 ლარი იყო. მისი მეუღლე ქეთი რეხვიაშვილი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მთავარი სპეციალისტია, სადაც მან 2017 წელს მიიღო 92 848 ლარის ოდენობის ხელფასი, ანუ, საშუალოდ, თვეში 7 737 ლარი. შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 (თვეში 6670 ლარი), პრემიერ-მინისტრის შრომის ანაზღაურება კი 2017 წელს 51 000 ლარი, ანუ თვეში 4250 ლარი იყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"სრული გაურკვევლობაა ანაზღაურების გაცემის წესში. მაგალითად, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა ივლისში ხელფასი ორჯერ აიღეს. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ხოლო ხელფასის დარიცხვა და გაცემა აისახება დარიცხვისა და გაცემის შესაბამისი თვის ბუღალტრულ ანგარიშგებაში. მიუხედავად ამისა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე ივლისის თვეში გაიცა არა მარტო ივლისის, არამედ აგვისტოს თვის ხელფასიც. გაერთიანებულ პროფკავშირებში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს საკანონმდებლო ნორმა საჯარო მოხელის ხელფასთან დაკავშირებით და არსებობს ზედა ზღვარი, რომლის დაცვაც დასაქმებულებს მოეთხოვებათ. საშუალო ხელფასის დადგენა ტოპმენეჯერისა და ქვედა რგოლის თანამშრომლის ხელფასის გათვლით ხდება", - განაგრძობს გამოცემა.

"როცა მაღალი რანგის მოხელე ათეულათასობით ლარს იღებს და რიგით დასაქმებულებს 150 ლარის მეტს არ უხდიან, უამრავი ასეთი შემთხვევა გვაქვს, ამის ფონზე ჩანს, რომ თურმე რა კარგი საშუალო ხელფასია საქართველოში. ეს არის სირცხვილი! ვინმეს მართლა შეიძლება ეგონოს, რომ ცხოვრება თურმე "კარგი" და "ლამაზია" ამ საცოდავი ადამიანებისთვის, მაგრამ სინამდვილეში არის ჯოჯოხეთი და უსამართლობა. ევროპასა და ამერიკაში დაწესებულია საჯარო მოხელის ხელფასის ოდენობის ნორმა. ევროპაში ეს არის, მაქსიმუმ, 1/15-თან, ამაზე მეტი არ შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოში 1/300-სს აღწევს, რაც გაუგონარია. აუცილებელია, დაწესდეს საჯარო მოხელის ხელფასის ზედა ზღვარი. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" არ არის კერძო ორგანიზაცია. ის სახელმწიფოს ექვემდებარება ისევე, როგორც საქართველოს რკინიგზა, ფოსტა, მარეგულირებელი კომისია და სხვა, სადაც ასევე კოლოსალურ ხელფასებს იღებენ ათასობით დასაქმებულის ხარჯზე. კერძო ბიზნესი რომ იყოს, არაფერს ვიტყოდით. მაგალითად, "კოკა-კოლას" პრეზიდენტს ხელფასს ვერ დავუთვლით, არც გვაქვს ამის უფლება, მაგრამ შეგვიძლია, ვედავოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მუშებს ღირსეული შრომის ანაზღაურება ჰქონდეთ. რაც საჯარო სექტორში ხდება, სრული მარაზმია და უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აუცილებელია მკაცრი ზომები და თუ ამას კანონი არ დაარეგულირებს, სამართლიანობის აღდგენას ხალხი სულ სხვა ფორმით შეეცდება", - აცხადებს აგამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი პეტრიაშვილი.

"ანალოგიური პოზიცია აქვს საგადასახადო სფეროს სპეციალისტ ირაკლი შავიშვილსაც, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში ჩინოვნიკების ანაზღაურების მავნე ტენდენციაა, რასაც ბოლო უნდა მოეღოს - "საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასის მოცულობის შეზღუდვაზე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცხადია, კერძო სექტორზე ეს ვერ გავრცელდება. საშინელი ტენდენციაა, როცა საჯარო სამსახურში ათობით ათასი ლარის ხელფასს იღებენ. ჩვენი გადასახადები ჩინოვნიკების ხელფასებზე არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ძირითადად სწორედ ასე ხდება და მანკიერ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. ერთხელ და საბოლოოდ ამ მავნე ტენდენციას ბოლო უნდა მოეღოს", - მიიჩნევს შავიშვილი. ცალკე საკითხია პრემია-დანამატები, რომელსაც საჯარო სექტორი ვერაფრით ელევა. სახელების გადარქმევით, ათასი მანიპულაციითა და ხერხით გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე პრემიებში მილიონობით ლარი იფლანგება. ახალი კანონი ისე მოირგეს, რომ პრემია-დანამატების მიმღები პირები კატეგორიებად დაყვეს და სტრუქტურები, რომელთა წარმომადგენლები ისედაც იღებდნენ პრემიებს, ამ უპირატესობით მომავალშიც ისარგებლებენ", - დასძენს გამოცემა.

რუსული მედიაშეტევა - "გაზპრომმედია" საქართველოში "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდით შემოდის

"საქართველოში რუსული პროპაგანდა ფეხს თანდათანობით აქტიურად იკიდებს - რადიოსადგურ "სპუტნიკის" შემდეგ მაუწყებლობას "გაზპრომის" მიერ დაფინანსებული ტელევიზია "ენ-ტე-ვე პლუსი" იწყებს. ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან საქართველოში რბილი ძალის გააქტიურება სხვადასხვა მედიასაშუალებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიმჩნევა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული მედიაჰოლდინგი "გაზპრომმედია", რომელსაც "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. რუსულმა ტელემაუწყებელმა ლიცენზია უკვე მიიღო, წლის ბოლომდე კი კომპანია 30 ათასი აბონენტის მოზიდვას ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსული მედიაშეტევა - "მიზანია ქართულ ოჯახებზე გავლენის მოხდენა" / "გაზპრომმედია" საქართველოში "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდით შემოდის.

"გაზპრომმედიას" უკვე აქვს თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ქართულ კომპანია "მედია ჯგუფთან", რომელიც ჰოლდინგის 20-ზე მეტი ტელეარხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. საზღვარგარეთ ჩვენს მედიაკონტენტზე არსებული დიდი მოთხოვნა ამ პარტნიორობის პოტენციალზე მიუთითებს", - განაცხადა "გაზპრომმედიის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჩერნიშენკომ. კომპანია "მედია ჯგუფის" გენერალური დირექტორის - დავით ნაკაშიძის განცხადებით, "ენ-ტე-ვე პლუსი" ძლიერი და ცნობილი ბრენდია, რომელიც ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის. საქართველოში რუსულ არხებსა და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნა არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოში აბონენტებს დააინტერესებს", - განაცხადა დავით ნაკაშიძემ. ანალიტიკოსებმა რუსული არხის შემოსვლა ქართულ ბაზარზე რუსეთის პროპაგანდის ნაწილად უკვე აღიქვეს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ეს მოსახლეობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, საქართველოში "გაზპრომის" გააქტიურება კარგი ცხოვრების გამო არ ხდება, თუმცა "ენ-ტე-ვე პლუსი" დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთს ჩვენში მეხუთე კოლონა არ ჰყავს. ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი ნოდარ ტანგიაშვილიც", - აღნიშნავს გამოცემა.

"რასაკვირველია, ეს პროპაგანდაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კარგი ცხოვრების გამო ხომ არ ხდება. მით უმეტეს ენერგეტიკის სფერო გაცილებით გაუმჭვირვალეა ჩვენთან, ვიდრე მთლიანად საგარეო პოლიტიკა. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ვიცით მხოლოდ ის, რომ სააკაშვილის დროსთან შედარებით ცოტა გაგრილდა ეს ურთიერთობა, ლიდერების ხშირი მისვლა-მოსვლა აღარ არის. "გაზპრომი" რუსეთის ყველაზე ქმედითი იარაღია, უფრო ქმედითი, ვიდრე მისი რაკეტები ან ბირთვული წყალქვეშა ნავები. თუმცა არა მგონია, "ენ-ტე-ვე პლუსმა" რაღაც გადამწყვეტი გავლენა იქონიოს, ვინაიდან ჩვენთან რუსეთს ე.წ მოძმე რესპუბლიკებისგან განსხვავებით საქართველოში მეხუთე კოლონა არასოდეს არ ჰყოლია. მაგალითად, ბალტიისპირეთში ჰყავს. რუსული მოსახლეობა ანტიქართული განწყობილებით არასოდეს გამოირჩეოდა. დღეს საზოგადოება ნიგერიელებისადმი უფრო აგრესიულად არის განწყობილი, ვიდრე აქ მცხოვრები რუსებისადმი. ამიტომ არა მგონია, ამან რაღაც დიდი გავლენა იქონიოს, თუმცა, რასაკვირველია, ჯობია, რომ "გაზპრომთან" არანაირი ურთიერთობა არ გვქონდეს", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ნებისმიერი რუსული არხი, მით უმეტეს კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის შემოსვლა საქართველოში არის დამატებითი საშუალება რუსეთის რბილი ძალისა. რამდენადაც ვიცი, სამიზნე ჯგუფი იქნება საკმაოდ დიდი - მიზანია ქართულ ოჯახებზე გავლენის მოხდენა და ცხადია, რომ ეს არის პროპაგანდის საშუალება. რუსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია. ყველა არხი, მით უმეტეს "გაზპრომის" მიერ დაფინანსებული, ატარებს მხოლოდ კრემლისტურ პოლიტიკას. მსოფლიო პოლიტიკაზე, საქართველოზე ისე გააშუქებენ მოვლენებს, როგორც კრემლს სურს. თუ მხოლოდ რუსულ ენაზე აპირებენ მაუწყებლობას, იმდენად დიდი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც აქვს ქართულენოვან მედიას. საქართველოში არ გვყავს მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ამიტომ ქართულ მედიასთან შედარებით დიდი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ მაინც ექნება, ცხადია", - დასძენს ნოდარ ტანგიაშვილი.