გია ხუხაშვილი - გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რაც ტრამპს რუსეთთან და პუტინთან კომუნიკაციაში აქვს, არ გამოვრიცხავ, რომ იგი ასეთი ექსტრავაგანტული ფორმით ამზადებდეს პუტინთან შეხვედრას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა - „ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს საბანკო სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა “. მეტიც, მისივე თქმით, „საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია“.
ეს რომ ასეა, სპეციალისტები კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა გადადგამს კი, ან რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება ეკონომიკის სფეროში ბანკების მონოპოლიური მდგომარეობის შესაზღუდად?
- პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ არ შეიძლება ამ გზავნილს არ დაეთანხმო. არ მინდა ისე გამიგონ, რომ ბანკები ცუდია. რა თქმა უნდა, საბანკო სისტემა ეკონომიკის მთლიან სხეულში სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია, მაგრამ სახელმწიფოებრივი ამოცანა მაინც არის ის, რომ ბანკები ახდენდნენ ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას.
საბანკო სექტორი ეკონომიკის სფეროში სერიოზული ლობირების რეჟიმში მუშაობს და სამწუხაროდ, არის სიმპტომები, რომ ეს არ ხდება შემთხვევით. ხელისუფლების გარკვეული წრეები პირდაპირ იქცნენ საბანკო სისტემის ლობისტებად და ფაქტობრივად ისინი გახადეს დომინანტი არა ფინასური ნაკადების მართვაში, არამედ ეკონომიკაში, რაც განვითარებისთვის დამღუპველია და ამის შედეგები უკვე აშკარად ჩანს
ნაცვლად ამისა, ჩვენ რა სურათს ვხედავთ? საპროცენტო განაკვეთები ეს არის ერთი პრობლემა და ისეთია, რომ რეალური სექტორის დაკრედიტება ფაქტობრივად არ ხდება, ვინაიდან მაღალი საპროცენტო გადაკვეთებით გრძელვადიანი საკრედიტო ვალდებულებების აღება წინასწარ განწირულია წარუმატებლობისთვის. გარდა ამისა, სამწუხაროდ, პრობლემაა ასევე ის, რომ ჩვენმა კანონმდებლობამ დაუშვა და ბანკები შესული არიან ფაქტობრივად ყველა ბიზნესში.
ეს საკმაოდ რთულ ვითარებას ქმნის სხვადასხვა ბაზრებზე. იგივე სამშენებლო ბაზარზე, სადაც ბანკი ხდება მოთამაშე ამ სფეროში. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში კონკურენციაზე არ არის საუბარი, ვინაიდან ბანკს აქვს აშკარა უპირატესობა ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ სუბიექტთან.
ამგვარი ინტერესთა კონფლიქტის მართვა, რაც ჩემი აზრით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით უმკაცრესად უნდა იყოს დარეგულირებული, არ ხდება. შესაბამისად, საბანკო სექტორი ეკონომიკის სფეროში სერიოზული ლობირების რეჟიმში მუშაობს და სამწუხაროდ, არის სიმპტომები, რომ ეს არ ხდება შემთხვევით. ხელისუფლების გარკვეული წრეები პირდაპირ იქცნენ საბანკო სისტემის ლობისტებად და ფაქტობრივად ისინი გახადეს დომინანტი არა ფინასური ნაკადების მართვაში, არამედ ეკონომიკაში, რაც განვითარებისთვის დამღუპველია და ამის შედეგები უკვე აშკარად ჩანს.
- რადგან მთავრობის ახალმა წევრმა და სახემ - ფინანსთა მინისტრმა ეს პრობლემა საჯარო სივრცეში გააჟღერა, რამდენად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს გადადგამს ამ სფეროში არსებული პრობლემების შესაბამისად, ანუ ეკონომიკის სფეროში საბანკო სისტემის შესაზღუდად?
- გასაგებია, რომ ადმინისტრაციული მეთოდებით ბანკებზე შეტევა არ შეიძლება და ბუნებრივია ბანკებს ჩვენ არ უნდა შევეხოთ ადმინისტრაციულად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი საგრძნობლად უნდა შეიზღუდონ სხვა საქმიანობის წარმოების მიმართულებით, რაც მათ ფაქტობრივად აიძულებს დააკრედიტონ სხვადასხვა სფეროები. თუ იგივე სამშენებლო ბიზნესიდან მოხდა მათი გაყვანა, ბანკები იძულებული იქნებიან სხვა ეკონომიკური სუბიექტები დააფინანსონ.
ხელისუფლებას შეუძლია გარკვეული კონკურენცია გაუწიოს ბანკებს. გამოყოს გარკვეული თანხები იმისათვის, რომ ბიზნესის სტიმულირება მოახდინოს... თუ ხელისუფლება სერიოზულ თანხებს გამოჰყობს სტარტაპებისთვის, ბანკებიც იძულებული იქნებიან თავისი მადა ცოტა მაინც მოთოკონ
გარდა ამისა, ხელისუფლებას შეუძლია გარკვეული კონკურენცია გაუწიოს ბანკებს. გამოყოს გარკვეული თანხები იმისათვის რომ ბიზნესის სტიმულირება მოახდინოს. რამდენადაც მე ვხდები ეს იყო ფინანსთა მინისტრის ინიციატივა. თუ ხელისუფლება სერიოზულ თანხებს გამოჰყოფს სტარტაპებისთვის, ბანკებიც იძულებული იქნებიან თავისი მადა ცოტა მაინც მოთოკონ.
ვფიქრობ, ხელიუსუფლების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც სტარტაპების დაფინანსებას უკავშირდება, არის აბსოლუტურად სწორი. ჩემი აზრით, ეკონომიკის განვითარების თემაზე საბანკო სექტორთან მიმართებით ფინანსთა მინისტრის განცხადებები საკმაოდ თავშეკავებული იყო, ვინაიდან ამ თემაზე მას გაცილებით მეტის თქმა შეეძლო. გასაგებია, რომ იგი როგორც მინისტრი თავის თავს ამის გაკეთების უფლებას ვერ მისცემდა. ჩვენ თავად უნდა ჩამოვყალობდეთ საით მიდის ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, ბანკები დომინირებენ ქართულ ეკონომიკაზე, რითაც არ აძლევენ მას განვითარების საშუალებას.
- „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესების თემა კვლავ აქტიურად განიხილება. ამაზე უკვე საკმაოდ ბევრიც კი ითქვა. ასევე აქტიურად მსჯელობენ Freedom House-ის ანგარიშზე.
გაკვირვება გამოითქვა იმის გამო, რომ Freedom House-ის წარმომადგენლებს შეუმჩნეველი დარჩათ ქვეყანაში გაუმჯობესებული ვითარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვა, ასევე გაუმჯობესებული მართლმსაჯულება, მედიის თავისუფლების ხარისხი და კიდევ ბევრი რამ. განსაკუთრებულად ესმება ხაზი ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობას.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება Freedom House-ის კვლევის შედეგები?
- Freedom House-ის დასკვნას მე მხოლოდ ნაწილობრივ გავითვალისწინებდი. კვლევაში მოყვანილ შედარებებს არ ვთვლი ობიექტურად. რაღაც კუთხით ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესებულია. იმის არ თქმა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საკუთრების დაცვის კუთხით ბევრად უფრო ჰუმანურია, ვიდრე წინა, აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს და ჩემი აზრით, არც შეიძლება იყოს საკამათო.
სხვა საკითხია თუ რატომაა იგი ჰუმანური - იმიტომ, რომ უარი თქვა ავტორიტარულ მმართველობაზე თუ იმიტომ, რომ ძალა არ ჰყოფნის თავად იყოს ავტორიტარული. ასეთი სიმპტომები, ანუ ავტორიტარული მიდგომები ამ ხელისუფლებაში აშკარად შეიმჩნევა. სხვა საკითხია, რომ საბედნიეროდ, მას ამის თავი არ აქვს.
სასამართლო სისტემაში დღეს რისკები შემცირებული კი არ არის, არამედ გაზრდილია, თან შესამჩნევადაც. ჯერჯერობით ისინი დღეისთვის არარეალიზებული რისკებია, მაგრამ მათმა არსებობამ შესაძლოა ძალიან ცუდადაც იჩინოს თავი
რაც შეეხება პრობლემებს, პრობლემები რა თქმა უნდა, არის. როდესაც საუბარია მართლმსაჯულებაზე, მე Freedom House-ის დასკვნას დავეთანხმებოდი. ამ სფეროში ვითარება არა თუ არ გაუმჯობესებულა, არამედ აშკარად გაუარესებულია. რატომ? იმიტომ რომ წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოებში პოლიტიკური დავალებების გუშინდელი შემსრულებლები დღეს დაწინაურებულები არიან. არავის არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, რომ გუშინდელი „ცუდი ბიჭები“ დღეს „კარგ ბიჭებად“ გადაიქცეოდნენ.
როდესაც მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ ქილერს მეტის გაკეთების უფლებას მისცემ, ვიდრე მას თუნდაც გუშინ ჰქონდა, არ უნდა გქონდეს იმედი, რომ იგი პოლიტიკურ ქილერობაზე უარს იტყვის. ფაქტია, რომ მათ თავიანთი წესებით აქვთ თამაში დაწყებული -ერთი მხრივ, ისინი ხელისუფლებას ეუბნებიან - მზად ვარ თქვენი პოლიტიკური დავალებები შევასრულო, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ინტერესები. ამიტომ, როცა ორ შენს დავალებას შევასრულებ, ერთს ჩემთვისაც „ვიჩალიჩებ“. სასამართლო სისტემაში დღეს რისკები შემცირებული კი არ არის, არამედ გაზრდილია თან შესამჩნევადაც. ჯერჯერობით ისინი დღეისთვის არარეალიზებული რისკებია, მაგრამ მათმა არსებობამ შესაძლოა ძალიან ცუდადაც იჩინოს თავი.
რაც შეეხება მედიას. ბუნებრივია, მედიაში დღეს პლურალიზმი გაცილებით მეტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეული მოთამაშეები არ არიან პროპაგანდის რეჟიმში გადასული. მე საკუთარ თავზე დიდი აზრის არ ვარ და სულაც არ ვთვლი რომ სრულ ჭეშმარიტებას ვღაღადებ, მეტიც, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს რომ მედიაში საკმაოდ მოთხოვნადი რესპოდენტი ვარ.
მედიაში დღეს პლურალიზმი გაცილებით მეტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეული მოთამაშეები არ არიან პროპაგანდის რეჟიმში გადასული... ტვ „იმედში“ არის გარკვეული შავი სია, სხვაგვარად არანაირად არ აიხსნება ის, რომ ამ ტელევიზიაში ორ წელზე მეტია ჩემზე მოთხოვნა არ ყოფილა
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტვ „იმედში“ არის გარკვეული შავი სია, სხვაგვარად არანაირად არ აიხსნება ის, რომ ამ ტელევიზიაში ორ წელზე მეტია ჩემზე მოთხოვნა არ ყოფილა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა მომენტი, როცა ჩემი აზრი მათთვის შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო. ფაქტია, რომ მე ტვ „იმედის“ შავ სიაში ვარ. „იმედის“ და ჩემი ურთიერთობა ტრაგიკომედიას უფრო ჰგავს. დღეს რომ „იმედის“ მფლობელები ის ადამიანები არიან, ვინც არიან, ამაში ჩემი დიდი დამსახურებაცაა.
რა თქმა უნდა, მე ამას ირონიით ვუყურებ, მაგრამ გული მწყდება საკმაოდ ბევრ ადამიანზე, რომლებიც დღეს „იმედში“ მუშაობენ, მე კარგად მიცნობენ, მაგრამ თამაშის ის წესები აქვთ მიღებული, დაემორჩილნენ იმ აკრძალვას, რომელიც ამ ტელევიზიაში ჩემს მიმართ და როგორც ჩანს, არა მარტო ჩემს მიმართ არსებობს. თუ ისინი გასცემენ პასუხს თუ რატომ ვარ მათთვის უინტერესო, მე სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს, მაგრამ შემდეგ მათ, ჩემი პასუხის მოსმენაც მოუწევთ.
- როგორც ჩანს, გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნებიდან“ გასვლა გადაიფიქრა. ბოლო დროს საკმაოდ ბევრი საუბარია იმაზე, თუ რა ხდება „ქართულ ოცნებაში“. ამ თემაზე სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „პარლამენტში ნამდვილად არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩემი საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი“.
გამოდის, გედევან ფოფხაძე ირაკლი კობახიძის ე.წ. „საყრდენ ჯგუფში“ არ შედიოდა და ამას მოჰყვა ამდენი ხმაური?
- ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისაგან უაზრო რიტორიკა მოვისმინეთ. „ქართულ ოცნებაში“ არსებული პრობლემა ბოლო ხანებში გასაჯაროვდა თუ არა, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველ გუნდში განხეთქილება ლაიტმოტივად გასდევს პარლამენტის საქმიანობას.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ჯგუფზე იმედს ვიღაც ამყარებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ისინი პარლამენტის ხელმძღვანელობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად მოვიდნენ. მათ არც პოლიტიკური წარსული ჰქონიათ, არც პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა და ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი.
თავიდანვე ვამბობდი, რომ გედი ფოფხაძის „ოცნებიდან“ გასვლა ილუზია იყო. „ქართულ ოცნებაში” არც ერთ ჯგუფს არ აქვს იმის რესურსი, რომ პოლიტიკაში საკუთარი დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს
დრომ აჩვენა, რომ ეს ექსპერიმენტი არ აღმოჩნდა მაინცდამაინც წარმატებული. ვინაიდან არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდათ, მათ დაიწყეს მათივე ხელში შემთხვევით აღმოჩენილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ბუნებრივია, ეს პარლამენტის უმრავლესობას არ მოეწონა, მაგრამ აქამდე ერიდებოდა ივანიშვილის გაღიზიანებას, რომლის სიტყვასაც მათთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ავტორიტეტი პროცესებს დისტანცირებულია და მათში არ მონაწილეობს, ამ დროს იწყება მმართველ გუნდში ალიაქოთი და ისევ და ისევ ავტორიტეტზე აპელირება, რომ იგი ვითარებაში ჩაერიოს და დაალაგოს ვითარება.
თავიდანვე ვამბობდი, რომ გედი ფოფხაძის „ოცნებიდან“ გასვლა ილუზია იყო. „ქართულ ოცნებაში” არც ერთ ჯგუფს არ აქვს იმის რესური, რომ პოლიტიკაში საკუთარი დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს. „ოცნებაში“ მოხვედრილ ახალგაზრდებს არაფრით გამაგრებული, მაგრამ ამგვარი ამბიცია აქვთ. ფაქტია, რომ მათი აქტიურობა ცუდ ფორმას იღებს. კობახიძემ ისეთ სურათი დახატა, თითქოს რამდენიმე დეპუტატი აუჯანყდა. სინამდვილეში, მას უმრავლესობის უმრავლესობა აუჯანყდა და ის დარჩა უმცირესობაში. Freedom House-ის კვლევის შედეგების კობახიძისეული აგრესიული შეფასებებით იგი ცდილობდა ერთი მხრივ უმრავლესობისთვის ეთქვა - არ გამწიროთ, თქვენიანი ვარო, ხოლო მეორე მხრივ ივანიშვილს შორიდან უმტკიცებდა ერთგულებას.
- ქართულ მედიაში აქტიურად განიხილება საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე რუსული მედია-ჰოლდინგ „გაზპრომ-მედიას“ ერთ-ერთი კომპანიის НТВ-плюс-ის შემოსვლის პერსპექტივა.
როგორც გაირკვა, „ნტვ +“-მა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წლის 12 სექტემბერს) და მიღებული აქვს ავტორიზაცია.
ახლა მან კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენილ დეკლარაციას უნდა დაურთოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის შემდეგაც გააგრძელებს საქართველოში საქმიანობას.
ოპოზიციის მტკიცებით, „ნტვ +“-ის საშუალებით გაძლიერდება საქართველოში რუსული პროპაგანდა, ვინაიდან „ნტვ +“-ს, როგორც ოპერატორს საშუალება ექნება საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს 90-მდე რუსული არხის მაუწყებლობა.
ვინაიდან კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ მიიღებდა, თქვენ როგორ შეაფასებდით „ნტვ +“- სთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას?
- ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ არის ერთიანი. ტატუნაშვილზე პარლამენტის გადაწყვეტილებაც ვიხილეთ, მაგრამ ასევე ვიხილეთ პრემიერის აბსოლუტურად ბრიყვული განცხადება რუსეთთან მიმართებაში, რაც ჟენევაში პრობლემად გვექცა. ფაქტია, რომ ხელისუფლებაში რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაში არ არიან დალაგებული და კარგად ჩანს, რომ ამ საკითხში სრული ქაოსია.
რაც შეეხება „ნტვ +“-ს. საერთოდ, მე წინააღმეგი ვარ აკრძალვების. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 21-ე საუკუნეში საინფორმაციო ნაკადების ბლოკირება, აკრძალვა, არ არის ეფექტური. უკურეაქციასაც იწვევს, ვინაიდან აკრძალური ხილი ყოველთვის გემრიელია. დღეს თუ ვინმეს უნდა ნტვ+-ის მიღება, სხვათა შორის, ამ პაკეტის შეძენა ინტერნეტით ბევრად უფრო იაფად შეიძლება, ვიდრე ჩვენი ოპერატორები ყიდიან.
კობახიძემ ისეთი სურათი დახატა, თითქოს რამდენიმე დეპუტატი აუჯანყდა. სინამდვილეში მას უმრავლესობის უმრავლესობა აუჯანყდა და ის დარჩა უმცირესობაში
ჩვენ რუსული პროპაგანდის აკრძალვის გზით კი არ უნდა წავიდეთ, არამედ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონტრპროპაგანდის სქემა, რომლითაც რუსულ პროპაგანდას აბსოლუტურად უაზროს გავხდით. დასავლეთშიც კარგად იციან, რომ “რაშა თუდეი“ რუსული სამთავრობო პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ იმავე დასავლეთში მის აკრძალვაზე არავინ საუბრობს.
- ინტერნეტის პაკეტის შეძება სხვაა, ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ოპონენტი ქვეყნის პროპაგანდისტული მანქანის შემოყვანა რომ ხდება, ეს კიდევ სხვაა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნტვ +“-ის ხელმძღვანელობა საქართველოში საქმიანობას არა კომერციულ, არამედ სოციალურ პროექტად განიხილავს, მათი საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე გამოჩენა ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს.
ოპოზიციის მტკიცებით, „ნტვ +“-ის საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე გამოჩენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. მათივე აზრით, „გაზპრომ-მედიას“ მფლობელი რუსეთის სახელმწიფო იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის შეძლებს ქართული საზოგადეობის განწყობებში რუსეთის სასარგებლოდ განწყობების შექმნას. რამდენად რეალურია ოპოზიციის მტკიცება?
- რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა მოახდენს გავლენას, ამ მხრივ ვითარება მარტივად ნამდვილად არა არის. მაგრამ, მეორე მხრივ, ოპოზიციის მტკიცება სუსტის ლოგიკას უფრო ჰგავს. ვგულისხმობ იმას, რომ ვაი და იმან გავლენა არ მოახდინოს. ჩვენ რომ რუსულ პროპაგანდაზე უკეთესის შექმნაზე ვიფიქროთ და ამ ბრძოლის მოგებაზე გვეზრუნა, ბევრად გონივრული იქნებოდა.
ამ თვალსაზრისით პროპაგანდაშიც კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ძლიერები თუნდაც პროპაგანდაში. ეს არის ერთადერთი სწორი და ჯანსაღი გზა. და არა ის, რომ ისინი ავკრძალოთ და ვიღაცებმა თეფშები მაინც დააყენონ და იმავე რუსულ არხებს უყურონ. ჩვენ უნდა შევქმნათ იმ ტიპის საინფორმაციო კონტენტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს რუსულ პროპაგანდას.
- აშშ-ს პრეზიდენტის მიერ "ტვიტერში" გაკეთებულმა განცხადებამ - “რუსეთო მოემზადე სირიაში ჭკვიანი რაკეტების მისაღებადო“, - მთელი მსოფლიო დაზაფრა. ამავე თემაზე მისი მეორე განცხადებაც უცნაურად ჟღერს - „არასოდეს მითქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე ან არც ისე მალე“.
ჯერ იყო, პუტინი შეეცადა შეეშინებინა მთელი მსოფლიო რუსეთის სამხედრო სიძლიერის დამადასტურებელი ანიმაციური კინოს დემონსტრირებით. ახლა აშშ-ს პრეზიდენტმა დააფრთხო მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდი ალბათობით.
რჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინის სამხედრო სიძლიერის ფეიკ-დემონსტრირებაზე ტრამპმა ასევე ძალის ფეიკ-დემონსტრირებით უპასუხა. სირიაში ვაშინგტონისა და მოსკოვის შეჯიბრს ადამიანი არაფრად ჩათვლიდა, მაგრამ ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს, შესაბამისად საქმე არც ისე სახუმაროდ უნდა იყოს.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რით დასრულდება სირიაში რუსულ-ამერიკული საქმის გარჩევა?
- ზუსტი პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ძირითადმა მოთამაშეებმა არ იციან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე კედელთანაა მიყენებული. პუტინის მდგომარეობაც გასაგებია, მას უკან დახევის რესურსი არა აქვს, ვინაიდან უკანდახევა მისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. შესაბამისად, რისკები ძალიან მაღალია.
ჩვენ რუსული პროპაგანდის აკრძალვის გზით კი არ უნდა წავიდეთ, არამედ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონტრპროპაგანდის სქემა, რომლითაც რუსულ პროპაგანდას აბსოლუტურად უაზროს გავხდით
ჩემი აზრით, სირიისგან აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა ერთგვარი პანდორას ყუთი, რომლის გახსნითაც იმუქრება ხან ერთი და ხან მეორე მხარე, რაც ძალიან სახიფათოა, ვინაიდან მას შეიძლება მოჰყვეს ჯაჭვური რეაქცია არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ სამყაროში. ეს მოვლენათა განვითარების საკმაოდ ცუდი სცენარია, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება.
მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმისტური სცენარია, რომ ტრამპი, როგორც ბიზნესმენი მაქსიმალურად ზევით წევს ფსონებს, რომ საბოლოო ჯამში მოილაპარაკოს. ჩვენ ამის პრეცედენტი ვიხილეთ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში. იქაც ყველა ელოდებოდა დიდი ომის დაწყებას. დღეის მდგომარეობით კი ვიცით, რომ მიმდინარეობს ტრამპსა და ინს შორის შეხვედრისთვის კონსულტაციები.
გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რაც ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში და კერძოდ, პუტინთან კომუნიკაციაში აქვს, არ გამოვრიცხავ, რომ იგი ასეთი ექსტრავაგანტული ფორმით ამზადებდეს პუტინთან შეხვედრას.
მან უკვე დაზაფრა მაქსიმალურად ის ადამიანები, ვინც მას რუსეთთან კავშირში სდებს ბრალს. ახლა სულაც არაა გამორიცხული, რომ მათ თავად სთხოვონ ტრამპს, დაელაპარაკოს პუტინს, ვინაიდან ომი არავის უნდა. ეს ოპტიმისტური სცენარია და გამოსარიცხი არ არის, თუმცა, რისკები არის ძალიან მაღალი.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ახლა მაღალი რისკის ზონაშია და უნდა ვფიქრობდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე
ჩვენთან, საქართველოსთან მიმართებაში სახიფათო ის გახლავთ, რომ რუსეთი ცნობილია ასიმეტრიული პასუხებით. გასაგებია, რომ მას არ ყოფნის რესურსები დაეჯახოს აშშ-ს, ვინაიდან ესმის, რომ ეს ბრძოლა მისთვის წარმატებულად არ დამთავრდება. მაგრამ, მას შეუძლია აშშ-ს „ცეცხლი გაუხსნას“ ასიმეტრიულად ისეთ ადგილებში, სადაც ამერიკას ხელი არ მიუწვდება. სამწუხაროდ, ასეთ ერთ-ერთ მიმართულებად შესაძლოა განხილული იყოს საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთი. ალბათ, ბალტიისპირეთი ნაკლებად, რადგან ბალტიის სამივე ქვეყანა ნატოს წევრია.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ახლა მაღალი რისკის ზონაშია და უნდა ვფიქრობდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. იგივე ამერიკელებს და ჩვენს სხვა პარტნიორებს უნდა ვუთითებდეთ, რომ რაღაცნაირად ჩვენც ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები ამ ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ საქმე გლობალურ დრამამდე არ მივა.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























