ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2018

მამუკა არეშიძე - "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"უნდა შეიცვალოს თუ არა პატიმართა შეწყალების წესი? * * *

მამუკა არეშიძე - "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

"ვიდრე აშშ და მისი მოკავშირეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რიტორიკა ისეთი აგრესიული იყო, რომ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე ალაპარაკდა, თუმცა ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მინიმალურია. ეს აჩვენა ამ ავიადარტყმამაც. ახლა დასავლური კოალიცია მაქსიმალურად ეცდება, რუსეთის გავლენა არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ მსოფლიოში შეასუსტოს და ყველას აჩვენოს თავისი ძალა. სირია არის მხოლოდ სადემონსტრაციო პოლიგონი", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს" / "რუსული სპეცსამსახურების გარდა, ჩვენში მოქმედებს არაერთი სხვა ქვეყნის აგენტურაც და მათი მოქმედების ხერხებიც თითქმის რუსეთის ანალოგიურია".

"აშშ-ში მიიჩნევენ, რომ დღეს, რუსეთის გარდა, უნდა დაისაჯოს ირანი და გარკვეულწილად, ჭკუაზე მოიყვანონ გაურჩებული თურქეთიც. როგორც ჩანს, თურქეთის ჭკუაზე მოყვანა უკვე დაწყებულია - ერდოღანის განცხადება, რომ სირიის მთავრობამ ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ წასვლა იყო. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის გავლენებისთვის ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს - ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე არ მოხდება სამხედრო კონფრონტაცია. დარწმუნებული ვარ, დასავლეთი და რუსეთი მაქსიმალურად შეეცდებიან, ერთმანეთს პირისპირ, ღიად არ შეეჯახონ, მაგრამ დაიწყებენ ერთმანეთის მოკავშირეების უკიდურესად შევიწროებას. მოკლედ, მესამე მსოფლიო ომს არ ვვარაუდობ, მაგრამ ველი კონფლიქტების ესკალაციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალები მაქსიმალურად იყო მოშორებული კოალიციის დარტყმის ობიექტებს, რაც აჩვენებს, რომ დასავლეთიც და რუსეთიც პირდაპირ კონფრონტაციას მოერიდნენ. რუსი ჩინოვნიკების განცხადებები, რომ თურმე სირიამ რაკეტები ჩამოყარა და კოალიციის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა - შიდა მოხმარების პროპაგანდაა. პუტინის ხელისუფლება იძულებულია ქვეყანაში ძალაუფლება "გამარჯვებულის" იმიჯის შექმნით შეინარჩუნოს - ყველა სხვა სფეროში დღეს კატასტროფული მდგომარეობაა. ერთადერთი დარჩათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ილუზორული გამარჯვება გამოიგონონ და თავისი მოსახლეობა დააჯერონ - ისეთი იდეოლოგია ჩამოუყალიბეს რუსეთის მოქალაქეს, რომ მან ყველა უბედურებას უნდა გაუძლოს, ოღონდ კი რუსეთი აღზევდეს. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება უპასუხოს რუსეთმა დასავლეთს, ვფიქრობ, კონკრეტული პასუხი არ იქნება, რაც პუტინის განცხადებაშიც გამოჩნდა. მან მხოლოდ ტრაფარეტული ფრაზებით დაგმო ეს ავიადარტყმა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რუსეთი დღეს რთულ ვითარებაშია. ის სანქციები, რაც ნელ-ნელა ზვავის ეფექტს იღებს, ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანს რუსეთის ეკონომიკას, შესაძლოა, კოლაფსურ მდგომარეობამდეც კი... მით უფრო, რომ სანქციების რიცხვი და მასშტაბი იზრდება. რუსეთში ეს მშვენივრად ესმით და ამიტომაც ფრთხილობენ - დროდადრო კი იმუქრებიან, მაგრამ ასევე ცდილობენ, კულუარული თანამშრომლობის რეჟიმი შექმნან... ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეცვლის თავის პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, ის კვლავაც გააგრძელებს აგრესიულ საგარეო კურსს. ერთიც არის - აშშ-ის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ სახე შეინარჩუნოს, რათა დაჭრილი დათვის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რადგან იციან, რა სახიფათო შეიძლება გახდეს ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ცოტა ხნის წინ ვახსენე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელი ლოკალური ომები. არ არის გამორიცხული, ასეთი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაშიც წარმოიშვას. დასავლეთისთვის, განსაკუთრებით - აშშ-ისთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტრიუმვირატის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თემატური შეკრება და ისტორიულად ეს სამი ქვეყანა ერთმანეთის მოწინააღმდეგეა", - განმარტავს ექსპერტი.

"ამ ტრიუმვირატის დაშლის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთია ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, რა შემთხვევაშიც თურქეთი აზერბაიჯანის, რუსეთი კი სომხეთის მხარეს დაიჭერს და მათი მეკავშირეობაც დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა მთავარი ვერსია, რაც ნამდვილად განიხილება. მიაქციეთ ყურადღება - 12 მაისს ბაქოში დაგეგმილია მრავალათასიანი მიტინგი, ერთადერთი მოთხოვნით: "დავიბრუნოთ ყარაბაღი!" თუ სიტუაციამ მოითხოვა, არ არის გამორიცხული, ალიევის ხელისუფლებამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადოს, რომ ხალხი მათგან ქმედით ზომებს ითხოვს და დასავლეთისგან კულუარულად მხარდაჭერილმა დაიწყოს შეტევა ყარაბაღის მიმართულებით. ეს ჩვენთვისაც სახიფათოა, რადგან პირდაპირ თუ ირიბად ამ პროცესში ჩათრეული აღმოვჩნდებით. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სამხედრო ტვირთების გადატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით.... თუ მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება გაცილებით მასშტაბური კონფლიქტი, ვიდრე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, შედეგად კი რეგიონში გაუარესდება საინვესტიციო გარემო. ვითარება შეიძლება გართულდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც, თუმცა არ ველი, რომ რუსეთი საქართველოს თავს პირდაპირ დაესხმება.", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

"ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიში ღია დოკუმენტია, ამიტომაც პოლიტიკური კონიუნქტურის ელფერი დაჰკრავს, ანუ აშკარად არის ლაპარაკი იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების თვალსაზრისითაც ძირითად გამოწვევად მიიჩნევა. დარწმუნებული ვარ, ანგარიშის დახურული ვარიანტიც არსებობს, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების გარდა, სხვა ქვეყნების ინტერესებზეც იქნება ლაპარაკი. რუსული სპეცსამსახურების გარდა, ჩვენში მოქმედებს არაერთი სხვა ქვეყნის აგენტურაც და მათი მოქმედების ხერხებიც თითქმის რუსეთის ანალოგიურია, რა თქმა უნდა, სამხედრო კომპონენტის გამორიცხვით - ეს ქვეყნებიც ჰიბრიდული ომის ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი გავლენა გააძლიერონ... ანგარიშში ასევე ლაპარაკია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ რუსული აქტივების მიმართ რბილ მიდგომას ამჟღავნებს, რასაც იმით ვხსნი, რომ სამომავლოდ სავაჭრო ჰქონდეს რუსეთთან. იმედი მაქვს, ეს მართლაც ასეა და გაუაზრებლად არ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, ზოგჯერ დასავლეთის დიდი ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ერიდებიან რუსეთთან ხიდების ბოლომდე დაწვას", - დაასკვნის რესპონდენტი.

"რაღა დაგიმალოთ და, გამაოცა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშმა, განსაკუთრებით კი პენიტენციარულ სისტემაზე გაკეთებულმა ჩანაწერებმა. გაუგებარი და აუხსნელია შეფასებები. იმდენად გამაოცა ამ დოკუმენტის პათოსმა, გადავწყვიტე, ჩემს დასავლელ კოლეგებში მისი ავტორების ამბავი მომეკითხა. სამწუხაროდ, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია მომაწოდეს. როგორც ჩემმა შვეიცარიელმა კოლეგებმა მითხრეს, დიდი ფულია აღებული, რომ სწორედ ამ შინაარსის ანგარიში დაწერილიყო. რასაკვირველია, ამისთვის გამოიყენეს აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების გაგზავნილი ტენდენციური მასალები და მათ გადასამოწმებლად ხელი არავინ გაანძრია. ამის გარდა, გარკვეული მონაკვეთების გასამძაფრებლად საკუთარი ფანტაზიაც მოიშველიეს. შეიძლება იქიდან, რაც იქ წერია, ბევრი რამ მართალიც არის - რად გვინდა სხვისი დასკვნა, განა ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს?! მაგრამ ანგარიშში ჩაწერილი სხვა ტყუილები სამართლიან კრიტიკასაც ფასს უკარგავს... როდესაც ეს ინფორმაცია მომაწოდეს, მეც ეს შეკითხვა დავსვი, _ ვინ გადაიხადა ფული? მიმანიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ლიდერებზე. ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა ლოგიკურად ასე ჩანს", - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - "პარლამენტის თავმჯდომარე პარტიული დისციპლინის გამკაცრებასა და ურჩი თანაპარტიელების მიმართ სანქციების შემოღებაზეც კი ალაპარაკდა..." - პასუხობს:

"არ ვიცი, სანქციების შემოღება რას უშველის შექმნილ ვითარებას. შეიძლება ამას კონტრპროდუქტიული შედეგიც კი მოჰყვეს. უაღრესად უარყოფითად ვაფასებ იმას, რაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ხდება. ამ გამწვავებული გეოპოლიტიკური პროცესების ჟამს რა დროს ერთმანეთთან დაპირისპირებაა?! პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობაა, ასეთი პროცესები აღკვეთოს. ირაკლი კობახიძე ზურა ჟვანია არ არის და მეეჭვება, ოდესმე გახდეს. ჟვანიას შეეძლო, შეექმნა ასეთი ვითარება და თვითონ ისე ემართა, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანებულიყო. როგორ მოახერხებს ამ ხანძრის ჩაქრობას კობახიძე, არ ვიცი. ისე კი, რაც მალე მოახერხებენ, უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ვითარებაში უნდა გაერკვეს პარტიის ხელმძღვანელობაც. ეს პროცესები სავარაუდო იყო, რადგან პარლამენტში უაღრესად ეკლექტიკური საზოგადოება შეიყარა... იგივე ვითარებაა თბილისის საკრებულოშიც..."

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა

"მისია შესრულებულია!" - დონალდ ტრამპმა მუქარა შეასრულა და სირიაში ქიმიური შეტევის საპასუხოდ აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ 100-ზე მეტი რაკეტით დაიბომბა ბაშარ ასადის სამხედრო და ქიმიური ობიექტები. ახლა ჯერი რუსეთზეა, რომელიც ასევე იმუქრებოდა, რომ სირიაში რაკეტების გაშვების შემთხვევაში იქნებოდა საპასუხო დაბომბვა, მაგრამ ჯერ მხოლოდ აღშფოთებული განცხადებებია და საუბარი იმაზე, რომ მოსკოვი დამასკოს "ეს-300"-ებს გადასცემს. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის არმიის გენშტაბი იმუქრებოდა, რომ ამერიკულ რაკეტებსაც ჩამოაგდებდა და მათი გაშვების წერტილებსაც გაანადგურებდა. თუმცა, 14 აპრილის ღამეს რუსებს მსგავსი არაფერი მოუმოქმედებიათ. გენშტაბში განაცხადეს, რომ არც ერთი რაკეტა არ შესულა მათი პასუხისმგებლობის ზონაში და შესაბამისად, არც მათი ჩამოგდება უცდიათ. ხოლო ამ რაკეტების გაშვების წერტილების დაბომბვის მუქარა ავიაიერიშის შემდეგ რუსებს არც გახსენებიათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა / "რუსეთს მოკავშირე დაუბომბეს და აშშ უკვე მეორედ ახდენს ასეთ დარტყმას, რაც რუსეთისთვის სახეში გალაწუნებაა".

"ის, რომ სირიაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების დარტყმას ფართომასშტაბიანი ომი არ მოჰყვებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს იყო დასავლეთის მხრიდან რუსეთის ბოლო გაფრთხილება და ძალის დემონსტრაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროსთან სულ უფრო იზრდება ამერიკული სამხედრო ფლოტის კონცენტრაცია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ავიადარტყმის შემდეგაც დასავლეთი სირიაში არაფრის დათმობას არ აპირებს და რუსეთი შესაძლოა იძულებული გახდეს შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერა. ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი ამ საჰაერო იერიშის შემდეგ კვლავ ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე საუბრობს, რადგან მოლოდინია, რომ რუსეთისთვის პრესტიჟის საკითხია საპასუხო ნაბიჯის გადადგმა. ექსპერტების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რუსეთი ამ სირცხვილის ლაქის ჩამოსარეცხად ვერანაირ ქმედით ნაბიჯს ვერ გადადგამს და ეს უკვე მეორე სილის გაწნაა აშშ-ისგან, რადგან ჯერ კიდევ თებერვალში ამერიკულმა სამხედრო გამანადგურებლებმა დაბომბეს რუსული დაქირავებული მებრძოლები, ახლა კი უშუალოდ მისი მოკავშირე - ბაშარ ასადის პოზიციებიც", - აღნიშნავს გამოცემა.

"საერთაშორისო კოალიციამ - აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის სამთავრობო პოზიციები ზღვიდან და ჰაერიდან 14 აპრილს გამთენიისას დაბომბეს. 50 წუთის განმავლობაში ასადის რეჟიმის ქიმიური ობიექტების მიმართულებით 105 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. სამიზნე სირიის ქიმიური იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული კონკრეტული ობიექტი გახდა. დამასკოს მახლობლად მდებარე ქიმიური იარაღის მწარმოებელი სამეცნიერო ცენტრი 76 რაკეტით, მათ შორის 57 ტომაჰავკით გაანადგურეს. პენტაგონის მტკიცებით, წარმატებული იყო იერიშები ჰომსის რაიონში მდებარე ქიმიური იარაღის ორ საწყობსა და სამეთაურო პუნქტებზეც. ასევე დაიბომბა აეროპორტები დამასკოსა და აღმოსავლეთ გუტაში. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, ობიექტის შერჩევა ისე მიმდინარეობდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. პენტაგონის განცხადებით, "რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოეული შერჩეული სამიზნე". მოკავშირეების თქმით, ეს იყო პასუხი სირიის ხელისუფლების ქმედებაზე, რომელიც 7 აპრილს მშვიდობიან მოსახლეობას ქიმიური იარაღით თავს დაესხა და ათობით ადამიანი დახოცა. სხვადასხვა მონაცემი სახელდება სირიის თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული რაკეტების შესახებ. დასავლეთის მონიტორინგის სამსახურები საუბრობენ 16, ხოლო რუსული და სირიული მონაცემებით 71 ჩამოგდებულ რაკეტაზე. ოპერაციის დაწყების ბრძანება დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვის დროს გასცა. ოპერაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო "იდეალურად შესრულებული დარტყმა" და მადლობა გადაუხადა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს "სიბრძნისა და სამხედრო ძლიერებისათვის"", განაგრძობს გამოცემა.

"უკეთესი შედეგი არც შეიძლება, ყოფილიყო. მისია შესრულებულია!" - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობა "სწორი და კანონიერი" იყო და დამასკოს ეჭვი არ უნდა შეეპაროს დიდი ბრიტანეთის მტკიცე პასუხში ქიმიური იარაღით ახალი შეტევების შემთხვევაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, ვინაიდან დასახული მიზანი მიღწეულია - სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგი წარმოადგენდა. საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ იერიშს მხარდაჭერა გამოუცხადეს ნატო-მ, ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, თურქეთმა, გერმანიამ, კანადამ. აღშფოთებული განცხადებები ისმის სირიიდან, ირანიდან და რუსეთიდან. თავად ასადის რეჟიმი დასავლეთს სირიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ შეტევის დროს გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჰაერშივე გაანადგურეს. ოფიციალური დამასკოს პოზიციას იზიარებს მოსკოვიც", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის ელჩმა აშშ-ში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედებები სირიაში უპასუხოდ არ დარჩება და რომ რუსეთის პრეზიდენტის ასეთი შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც სპეციალური ბრიფინგიც კი გამართა 71 ჩამოგდებულ ამერიკულ და ბრიტანულ რაკეტებზე, საპასუხო ნაბიჯზე არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, განაცხადა, რომ კოალიციის რაკეტები რუსული ბაზების მიმართულებით არ გაშვებულა და ამიტომაც რუსეთს თავდაცვის სისტემები არ გამოუყენებია. ამით მათ ერთგვარად მიანიშნეს, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში, დიდი ალბათობით, ჩართული არ იქნება. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, დასავლეთმა ვლადიმირ პუტინს გეოპოლიტიკური დარტყმა მიაყენა და ეს ავიაიერიში იყო სილის გალაწუნება რუსეთისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

"შემდეგ არაფერი არ იქნება. თუ ასადის რეჟიმი კიდევ არ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს და არ მოახდენს პროვოცირებას დემოკრატიული ძალების, კოალიციის ძალების, ამ დიდი შეტევით ეს ფაზა ამოწურულია და ამის იქით არაფერი არ მოხდება. ეს იყო ფსიქოლოგიური, გეოპოლიტიკური დარტყმა, შეიძლება ვთქვათ, გეოფსიქოლოგიური დარტყმა რუსეთისადმი. აშშ-მა მოსკოვს დაანახვა, რომ ის სიტყვას ასრულებს, როდესაც დაიმუქრა, რომ გაანადგურებდა იმ წერტილებს, საიდანაც მოხდა ქიმიური შეტევა და ამით გეოპოლიტიკური დარტყმა მიაყენა და მოუგო მოსკოვს. მართალია, აქ ერთი ნიუანსია - რუსული გავლენის ზონებში არ მოხდა რაკეტების გაშვება, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთს მოკავშირე დაუბომბეს და აშშ უკვე მეორედ ახდენს ასეთ დარტყმას, რაც რუსეთისთვის სახეში გალაწუნებაა. სამხედრო კუთხით არავითარი ზარალი არ ყოფილა, სამაგიეროდ გეოპოლიტიკური კუთხით ამას ჰქონდა ძალიან დიდი მორალური დარტყმის ეფექტი რუსეთის ფედერაციის მიმართ", - განმარტავს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"

არასაბანკო სექტორისთვის, შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებს სესხს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ მისცემს. დოკუმენტზე ეროვნული ბანკი მუშაობს. ამგვარ რეგულაციას აუცილებელს უწოდებს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გათვალოს თანამდევი რისკებიც - როგორ მოიქცევიან ის ადამიანები, ვისაც დადასტურებული შემოსავალი არ აქვს და სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციისგან სესხს ხშირად იღებენ? არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი ბერძენაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრებას თან ბევრი რისკიც ახლავს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები" / ახალი რეგულაციები ე.წ. შავ ფინანსურ ბაზარს წაახალისებს?!

"ერთი შეხედვით კარგი ინიციატივაა, რადგან შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა არ შეიძლება. კომპანიებიც დაინტერესებული უნდა იყვნენ, რომ სესხის აღების შემდეგ მოქალაქე გადახდისუუნარო არ გახდეს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, მზად იქნება თუ არა მოსახლეობა ამ ცვლილებისთვის. როგორ მოიქცევიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი და ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა სესხს? არსებობს დიდი რისკი, რომ ამ ტიპის მომხმარებელმა ე.წ. შავ ფინანსურ ბაზარს მიაკითხოს ფულის სასესხებლად. მოდი, ვნახოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციები გაამკაცრა და საპროცენტო სარგებელზე 100%-იანი ზღვარი დააწესა - ბოლო ერთ წელიწადში ამ ორგანიზაციების დაახლოებით 60% ბაზრიდან გავიდა, რამდენიმემ კი სტატუსი შეიცვალა და მიკროსაფინანსო გახდა. სამაგიეროდ, ეს სეგმენტი წარმატებით აითვისეს კომერციულმა ბანკებმა. მათ დაიწყეს ონლაინკრედიტების გაცემა მაღალი საპროცენტო განაკვეთით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბერძენაძე.

"კრედიტინფო საქართველოს" ინფორმაციით, 2016 წელს 46 ონლაინსასესხო კომპანია იყენებდა მათ სერვისს კონკრეტულ მსესხებლებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, 2017 წელს კი მათი რიცხვი 22-მდე შემცირდა. საგულისხმოა ამ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების გაფორმებული სასესხო კონტრაქტებიც. 2016 წელს 4 მილიონი ერთეული ონლაინსესხის ჩანაწერი აიტვირთა "კრედიტინფოს" ბაზაში, რაც 100%-იანი ზრდა იყო 2015 წელთან შედარებით. 2017 წელს უკვე 5 მილიონი ასეთი სესხი გაიცა. როგორც ვხედავთ, ონლაინსაკრედიტო კომპანიების განახევრების მიუხედავად, მათი გაცემული სესხების რაოდენობა 1 მილიონით მაინც გაიზარდა, ანუ ამ ტიპის სესხებზე მოთხოვნა იზრდება და თუ ეს კომპანიები ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მომსახურებას ვეღარ შეძლებენ, გამოჩნდება ვიღაც სხვა, ვინც მოთხოვნას დააკმაყოფილებს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბაზრიდან გასვლა დარჩენილ­ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებსაც მოუწევთ, რადგან ისინი, ძირითადად, შემოსავლის დადასტურების გარეშე გასცემენ სესხებს და სწორედ ამ ტიპის მომხმარებელი ჰყავთ. ამდენად, კომერციული ბანკების მოქმედების არეალი უფრო გაფართოვდება", - განმარტავს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი.

"ონლაინსაკრედიტო კომპანიების მსგავსად, სწრაფ, მოკლევადიან და ძვირად ღირებულ სესხებს შემოსავლის დადასტურების გარეშე გასცემენ შპს-ები, რომლებიც, ძირითადად, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეებისთვის მუშაობენ. ახალი რეგულაციის ამოქმედებით, საქმიანობა მათაც შეეზღუდებათ. და სად წავა, ვის მიადგება ეს ხალხი ფულის სასესხებლად? ალბათ, იმ კატეგორიას, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს - კერძო მევახშეებს. მათ ეს რეგულაცია, ფაქტობრივად, არ და ვერ შეეხებათ, რადგან არსად არიან რეგისტრირებული და სახელმწიფოს არც მათი აღრიცხვის მექანიზმი აქვს. რეგულაციების გამკაცრებამდე კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ კერძო მევახშეების იდენტიფიცირება, ვინც, ფაქტობრივად, იატაკქვეშეთში საქმიანობს, - თვლის რესპონდენტი.

"კიდევ ერთი მაგალითი, რომ მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ: 2017 წელს მეწარმე სუბიექტებს აეკრძალათ ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით ფულადი სახსრების სესხება, თუ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. ეს 100 000-ლარიანი შეზღუდვა არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტის მიერ 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისგან მოზიდულ სახსრებზე. შეზღუდვა ასევე არ ეხება კომერციულ ბანკებს, საკრედიტო კავშირებს, საბროკერო კომპანიებსა და საჯარო შეთავაზების გზით ფასიანი ქაღალდების ემისიას. მესმის, რომ უნდა იყოს მკაცრი რეგულირება, მით უფრო, რომ უამრავი ადამიანი დაზარალდა, როცა საკუთარი დანაზოგი ე.წ. ფინანსურ კომპანიებს ანდო, თუმცა, სად წავიდა ის თანხა, რომელსაც რეგულაციების გამო ეს კომპანიები ფიზიკური პირებისგან ვეღარ იღებენ? ბანკებში დეპოზიტებზე განაკვეთები ძალიან დაბალია და იმ ხალხს, ვისაც თავისუფალი ფულადი სახსრები აქვს და მათი გასესხებით შოულობს ფულს, ბანკში ამ თანხის შეტანა ხელს არ აძლევს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს თანხა კერძო მევახშეების ხელში გადავიდა. ანუ ამ ხალხმა ფული ასესხა კერძო მევახშეებს, რომლებიც შემდეგ მას უფრო ძვირად გაასესხებენ", - დაასკვნის ბერძენაძე.

"ანუ რეგულაციის გამკაცრებით კი გადავწყვიტეთ ე.წ. ფინანსური პირამიდების პრობლემა, მაგრამ მივიღეთ სხვა პრობლემა, რადგან ამ ფულმა უკონტროლო სივრცეში გადაინაცვლა. ეს დასაფიქრებელია, რადგან ამ სფეროში ხშირად ფულის ამოღების კრიმინალური მეთოდები მოქმედებს. მოკლედ, ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა". მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და კერძო მევახშეები. ის, ვისაც შემოსავალი ოფიციალურად ერიცხება, სესხისთვის ბანკს მიმართავს, ვისაც არა - კერძო მევახშეებს. გამოვა, რომ რეგულაციების ამოქმედებით ფინანსური ბაზრის მოთამაშეების ნაწილი გაქრა, თუმცა მათი ადგილი სხვამ დაიკავა, საქართველოს მოსახლეობა კი ჭარბი ვალებით მსოფლიო რეკორდებს ხსნის", - დასძენს რესპონდენტი.

უნდა შეიცვალოს თუ არა პატიმართა შეწყალების წესი?

"თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი შარშან პრეზიდენტმა შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ ბრიფინგს მარგველაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს. 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი ორი შვილის თანდასწრებით გამოჭრეს. ბრალდებული ყოფილი მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძეა, რომელიც მარგველაშვილმა გასულ წელს შეიწყალა. მოკლული გოგონას დედის განცხადებით, ყოფილი მეუღლე შვილის მოკვლით გამუდმებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, საქმეზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. ბოლო წლებში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ციხიდან შეწყალებით გამოსული პირი მძიმე დანაშაულს სჩადის. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ საზოგადოების ნაწილში უფრო აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ პატიმართა შეწყალების წესი შესაცვლელია", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა შეიცვალოს თუ არა შეწყალების წესი და როგორ?

"ეს რაც მოხდა, აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელი კი არ არის, არამედ საშინელი უბედურებაა, რომლის მიზეზი პრინციპში ეს გარემოებაა. მიმაჩნია, რომ ამას კანონი შეცვლა არ უნდა და არც ბატონ გიორგის შენიშვნას არ ვუკეთებ, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. ათი ათასჯერ უნდა დაფიქრდეს კომისია, სიის გამომტანი ხელმომწერიც და ბატონი პრეზიდენტიც, რადგან ღმერთი არავინ არ არის. დამნაშავის პატიება მხოლოდ მამა ღმერთს და მაცხოვარს შეეძლო, ისიც არ ვიცი ყოველთვის გამართლებული რამდენად იყო. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი დაფიქრება და ყველას თვითკონტროლი სჭირდება. არ ვიცი, არ მინდა ვაწყენინო და ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ უცებ 10 წელ მისჯილი დამნაშავეების 2 და 3 წელიწადში გამოშვება არაჯანმრთელ ეჭვებს იწვევს. ფაქტია, რომ იქიდან გამოსული ყველა კარგი არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მომღერალი ირმა სოხაძე.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტს კი არა, სოლომონ ბრძენსაც გაუჭირდებოდა წინასწარ მიხვერდა იმისა, მის მიერ შეწყალებული მსჯავრდადებული პირი ჩაიდენს თუ არა დანაშაულს. ამის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ შეწყალებულთა უმეტესობა დანაშაულს არ სჩადის, ალბათ იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნა აწუხებთ. ხოლო ვინც დანაშაულს სჩადის, რა თქმა უნდა, მათი ფსიქიკური მდგომარეობას ეჭვის ქვეშ დგას. ამიტომ, წესი შეწყალებისა უნდა გამკაცრდეს. ჯერ ერთი, დანაშაული სიდიდე უნდა იქნას გასიგრძეგანებული, მერე - ფსიქიკური და პიროვნული შესწავლა მსჯავრდადებულისა, ვისი შეწყალებაც დგას დღის წესრიგში. კომისია უნდა მუშაობდეს მთელი წლის განმავლობაში და იგი უნდა იყოს შედგენილი არა საზოგადოებრივად "ცნობილი სახეებისგან", არამედ პროფესიონალი იურისტებისა და ფსიქოლოგებისგან. არ შეიძლება კამპანიურად - მე პრეზიდენტი ვარ და 170 კაცს ერთბაშად ვიწყალებ, დამინახეთ რა კეთილი ძია ვარო. შეწყალების ასეთი ფორმა ჩემთვის მიუღებელია. საერთოდ კი ხომ ცნობილია, რომ პრეზიდენტი არაერთ შეცდომას უშვებს, ჩვენდა სამწუხაროდ", - აღნიშნავს მწერალი რეზო მიშველაძე.

"ზოგადად, შეწყალების უფლება კარგი და კეთილშობილური უფლებაა. ჩვენ კონკრეტულად ერთ ადამიანის მივახტებით ხოლმე. აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტამდე რა დამუშავებით მიდის შეწყალების სია, როგორ წარუდგენენ პრეზიდენტს ადამიანებს, რომ ვინ არის და ვის იწყალებს. ასევე, პრეზიდენტამდე ვინ განიხილავს პერსონებს და რა ინფორმაცია მიდის და რა წერია იქ. ამიტომ ხელაღებით ვერ ვიტყვი და ერთ ადამიანს ვერ დავეტაკები. თუ პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი საშიში ყაჩაღი და ბანდიტი იყო და მან მაინც შეიწყალა, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება. მაგრამ თუ პრეზიდენტამდე ძალიან შერბილებული ინფორმაციაა მისული, რასაც ხშირად კომისია კი არა, ქართული საზოგადოება აკეთებს, მაშინ ასე ხელაღებით პრეზიდენტზე ვერაფერს ვიტყვი", - მიიჩნევს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

"უკვე მეორე მომხდარი ფაქტია შეწყალებასთან დაკაშირებით, რომ ვიღაცამ რაიმე დააშავა. რბილად რომ ვთქვა, ცოტა გაკვირვებული ვარ - როგორ იწყალებს ასეთ ადამიანის, ან ის ადამიანი როგორ სჩადის კიდევ დანაშაულს. თან ისეთი დანაშაული როგორიცაა ადამიანის მკვლელობა და მეორე შემთხვევაში სასწრაფოს მანქანით ნარკოტიკის გადმოტანა. არ მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტს ეშლება, მაგრამ ფაქტია - ასეა", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.