ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2018

პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიანეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს * * *

პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან

"აშშ-ის კოალიციური ძალების მხრიდან სირიაში განმეორებითი დარტყმების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ მსოფლიო ურთიერთობას ქაოსში გაახვევს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთის ლიდერის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ მან კოალიციური ძალების სარაკეტო შეტევას ვერაფრით უპასუხა. ამიტომ ახლა იგი შეეცდება, საინფორმაციო ომის გააქტიურებით დასავლეთს გარკვეული პრობლემები შეუქმნას, კრემლის საპასუხო ნაბიჯებს კი კავკასიის მიმართულებით ელოდებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან.

"როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, რუსეთისა და ირანის ლიდერებმა შეხვედრისას სირიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ "ეს უკანონო ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს სირიაში პოლიტიკური პროცესების მოგვარების პერსპექტივას". კერძოდ, პუტინმა განაცხადა, რომ თუ ასეთი მოქმედება გაგრძელდება, "ამას აუცილებლად მოჰყვება ქაოსი საერთაშორისო ურთიერთობაში". ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავს. გაეროში აშშ-ის ელჩ ნიკი ჰეილის განცხადებით, ახალი სანქციები რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას უკავშირდება. სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია ქიმიურ იარაღთან, ან მის გამოყენებასთან და სირიისთვის დანადგარებისა და აღჭურვილობის მიწოდებასთან. "ამ ყველაფერმა რუსეთს უნდა გააგებინოს, რომ ისინი არასწორად იქცევიან", - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთის იზოლირება სურს საერთაშორისო არენაზე და ეს არის სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი", - აღნიშნავს გამოცემა.

"თუ ადრე გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინის გამო ხდება ჩვენი დასჯა, ახლა ფორმულირება კარდინალურად შეიცვალა. ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ საერთაშორისო არენაზე ვართ", - განაცხადა მარია ზახაროვამ. რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საერთაშორისო ურთიერთობაში ქაოსის შესატანად? - პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ იგი ჰიბრიდული ომის ელემენტებს გაააქტიურებს. "რუსეთს, უკვე დიდი ხანია, მსოფლიო წესრიგში ქაოსი შეაქვს. იგი დაარსების პირველივე დღიდან იმპერიაა, ამბიცია ჰქონდა მსოფლიო ბატონობაზე და მისი ყოველი ქმედება აქედან გამომდინარეობდა. მეორე მხრივ, რუსეთის სუსტი წერტილი ყოველთვის იყო ეკონომიკა და მთავარ აქცენტი გადაჰქონდა სამხედრო ძალაზე. ამიტომ რუსეთი, როგორც დასავლური სახელმწიფოების კონკურენტი, ვერც განიხილება. შესაბამისად, მისი გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება ძალის გამოყენება და ჰიბრიდული ომი, რომელსაც იგი მიმართავს. ახლაც ის ამ მიმართულებით შეეცდება გააქტიურებას. რუსეთი მოქმედებს პრინციპით, "ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მეგობარია". ამის შედეგად კი მისი მეგობრები აღმოჩნდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც რადიკალიზმითა და ფუნდამენტალიზმით გამოირჩევიან", - აცხადებს ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი. მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოს ახალს ვერაფერს შესთავაზებს, გარდა ბრძოლის დესტრუქციული მეთოდებისა და საინფორმაციო ომისა", - დასძენს გამოცემა.

"ის მსოფლიოს ახალს ვერაფერს შესთავაზებს, გარდა დესტრუქციისა და იმ სახელმწიფოების მხარდაჭერისა, რომლებიც ებრძვიან ცივილურ სამყაროს. რომ არა რუსეთი, ტერორიზმი ისეთ მძლავრ მოქმედებას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, დღეს რუსეთი გააგრძელებს ე.წ ჰიბრიდულ ომს, რაშიც, პირველ რიგში, იგულისხმება საინფორმაციო კამპანია. ამ გზას რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან, დიდი ხანია, მიმართავს. სამწუხაროდ, ჩვენთანაც უკვე უამრავი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი და თუ ის ოკუპანტია, ისეთივე ოკუპანტია თურქეთი და ა.შ. ცდილობენ ორიენტირების აღრევას, რაც გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში ძალიან ცუდად ილექება. ეს საკმაოდ სახიფათო ბრძოლის მეთოდია. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთი მას აუცილებლად აიძულებს უკან დახევას", - აცხადებს ირაკლი კიკიანი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პუტინის მუქარის მიზანი დასავლეთზე ზეგავლენაა, რადგან ის ახლა გაღიზიანებულია, სარაკეტო დარტყმებზე ვერანაირი რეაგირება რომ ვერ შეძლო", - წერს სტატიის ავტორი.

"ჩემი აზრით, პუტინის ძირითადი მიზანია გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენა დასავლეთზე. ის გაღიზიანებულია იმით, რომ რუსეთმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია კოალიციური ძალების მხრიდან სირიის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებას. ამიტომ ახლა წინასწარ იჭერს თადარიგს, რომ თუ მომავალში აშშ მოკავშირეებთან ერთად სარაკეტო დარტყმას კვლავ დააპირებს, მისმა ასეთმა რადიკალურმა განცხადებებმა გაჭრას და დასავლეთმა თავი აარიდოს სამხედრო ძალის გამოყენებას... არ არის გამორიცხული, მაგალითად, გარკვეული დივერსიული აქტების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც, თუმცა ვინმეს მიმართ პირდაპირი შეტევა განახორციელოს, არარეალური მგონია", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან, შესაძლოა, "ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში წააგოს. "პირდაპირ გეუბნებით, რომ პირველი ტური კი არა, შეიძლება საერთოდ წავაგოთ. პრემიერს ბევრად მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ზარდიაშვილს, მდინარაძეს, კობახიძესა და თალაკვაძეს ერთად აღებულს. "ამათ "ქართული ოცნების" ახალ სახეებს ვეღარ დავარქმევ, ეგენი არ არიან ახლები, ჩვენ გვყავს ახალი სახეები, იგივე თამარ ჩუგოშვილი, კახა კუჭავა, სოფო ქაცარავა და ა.შ," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ეთანხმებით თუ არა უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ თუ "ქართული ოცნების" ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები, "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?

"არ ვეთანხმები, არჩევნებში წაგების მიზეზი მხოლოდ ეგ არ იქნება, საუბარი იმ პროგრამის შესრულებაზეა, რომელიც 2013 წელსა და მომდევნო არჩევნებში შემოგვთავაზეს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს წაგების მიზეზი და არა ის, ახალი თუ ძველი თაობის წარმომადგენლები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი თანმხლები პირები", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

"მმართველ გუნდს საზოგადოებაში რეპუტაცია არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, თანმხლები პირები ახალგაზრდა თუ ძველი წარმომადგენლები იქნებიან, "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდება, თუ კანდიდატად ივანიშვილი არ იქნება წარდგენილი", - აცხადებს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე

"დავით ჭიჭინაძე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კვირიკაშვილის გუნდშია. ეს განცხადება, ბუნებრივია, ბადებს შეკითხვებს. "ქართული ოცნება" და კვირიკაშვილი ერთი გუნდია, კვირიკაშვილი კი პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება, თუ მისი მხარდამჭერები ახალგაზრდები იქნებიან, ჭიჭინაძის ლოგიკით, მან არჩევნებში უნდა წააგოს, რაც არ მგონია, მოხდეს. თუმცა გააჩნია იმასაც, ვინ იქნება მეორე მხარეს", - დასძენს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა

შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს

“პრეზიდენტის შეწყალების კონსტიტუციური უფლება, შესაძლოა, გადაიხედოს. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უმრავლესობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა და პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს

"არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამის სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული სარფთხის მატარებელია იმიტომ, რომ ბოროტად ამის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს. ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თავად უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. მათ ეს სტანდარტები უნდა დაადგინონ და გაასაჯაროონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ. საგულისხმოა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკა უმრავლესობის მხრიდან პირველი არ არის. უფრო მეტიც, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტი შეწყალების გამო სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვია. როგორც გაირკვა, საკუთარი გერის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა, რის გამოც 2 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა არ შეწყვეტილა. პრეზიდენტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტოს. კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილებისა, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. მარგველაშვილის თქმით, ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არამარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში", - განაგრძობს გამოცემა.

"იურისტ ამირან გიგუაშვილის თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით ტექნიკური ნაწილი უნდა გადაიხედოს. ზოგადად კი, შეწყალება, როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, უნდა არსებობდეს. გიგუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შეწყალების უფლება აქვთ როგორც პრეზიდენტს ფედერალურ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტული შტატის გუბერნატორებს იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ფედერალური ხასიათი არ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ეს უფლება გარკვეულწილად ემსახურება მართლმსაჯულების ხარვეზის აღმოფხვრას. სხვა საკითხია შესწავლის და უფლების გამოყენების ხარისხი. პრეზიდენტს ეს უფლება, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვიდავოთ იმაზე, რამდენად კვალიფიციურად და ხარისხიანად ხდება კონკრეტული საკითხების შესწავლა. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. შეიძლება შეწყალებული ადამიანი სამართლებრივად დასაბუთებულად იყოს გამოშვებული, მაგრამ მან მაინც ჩაიდინოს იმავე ტიპის დანაშაული. ამისგან დაზღვეული არავინაა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შეწყალების პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ობამამ 5 ათასზე მეტი განცხადებიდან, რომლებიც შეწყალებას ეხებოდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიწყალა მაშინ, როდესაც ჩვენთან მიმართვის დაახლოებით 12-13%-ია პრეზიდენტის დადებითი გადაწყვეტილების მაჩვენებელი, არასრულწლოვნებთან მიმართებით კი 67%-ია. ასე რომ, ეს არის ექსკლუზიური უფლება და არა სტანდარტული. პროცედურები ტექნიკური ნაწილია და ალბათ ეს არის გადასახედი მეტი კონტროლისა და ბიუროკრატიული მექანიზმების გამკაცრების თვალსაზრისით", - დასძენს გამოცემა.

"შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის - ელენე თევდორაძის განცხადებით კი, არ არის აუცილებელი, შეწყალების კომისიამ იმ მუხლით გასამართლებული ყველა ადამიანი შეიწყალოს, ვისზეც რეკომენდაციას პრეზიდენტი იძლევა. შეწყალების შესახებ არანაირი კანონი არ არსებობს, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. ამ შემთხვევაში, რაც ახლახან მოხდა, ჩემი აზრით, შეცდომა იქნა დაშვებული. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები არ უნდა შეიწყალონ. ჩემი მუშაობის დროს ძალადობაზე დაკავებული პატიმრისთვის არც ერთხელ თანხმობა არ მიგვიცია - ეს იყო ჩვენი კომისიის მკაცრი პოზიცია. იყო რამდენიმე მუხლი დანაშაულისა და წინასწარი მოლაპარაკებით ამ ტიპის დანაშაულში მსჯავრდებულებს არ ვიწყალებდით. მათ შორის იყო ძალადობა, გაუპატიურება, დანაშაულში არასრულწლოვნის ჩართვა და სხვა. ამ მუხლების მიმართ ყოველთვის მკაცრები ვიყავით. არ არის აუცილებელი, რომ ყველა მუხლი, რაზედაც ამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას, იყოს გაწერილი. შენ ხარ კომისიის წევრი და შენზეა დამოკიდებული, ვის მისცემ რეკომენდაციას. ვფიქრობ, კომისიაში უნდა იყოს საერთო მოლაპარაკება", - წერს სტატიის ავტორი