მიხეილ სოხაძე - ეზოში ცხოველის დაკვლა საფრთხის მატარებელია ადამიანისთვის, შესაბამისად ცხოველი უნდა დაიკლას მხოლოდ სასაკლაოზე

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO - 2016 წლიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციაში ეხმარება. პროგრამის ფარგლებში, ცხოველებს ორივე ყურზე უმაგრდებათ საყურე ნიშნები და უტარდებათ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული სავალდებულო ვაქცინაცია. ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამის (NAITS) იმპლემენტაციისთვის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო. მის მიზანს, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შემცირება წარმოადგენს.
ცხოველსა და ადამიანს დაავადებების 70% საერთო აქვთ. ხშირად, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები, ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში, ქრონიკულ ხასიათს იღებს, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა შედეგი ლეტალურია. ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებებზე (ზოონოზები) და მათ პრევენციაზე, „ინტერპრესნიუსი“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO „ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის“ (NAIST) ხელმძღვანელს - მიხეილ სოხაძეს ესაუბრა.
- ბატონო მიხეილ, იქნებ მკითხველს ავუხსნათ რა არის ზოონოზური დაავადებები და როგორია მათი გადადების გზები?
- ზოონოზური, ეწოდება ისეთ დაავადებებს, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ასეთია მაგალითად, ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი და მრავალი სხვა. ზოონოზური დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა დაავადებულ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტი, შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ უვლიან პირუტყვს, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. დაავადებები შეიძლება ჰაერ-წვეთოვანი, ან დაზიანებული კანიდანაც მოხვდეს ორგანიზმში. ისეთი დაავადება, როგორიცაა ბრუცელოზი, ადამიანს შესაძლოა რძის მოწველის დროსაც გადაედოს. აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზი ხშირად, ადამიანში ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომებით ვითარდება და შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში. ბრუცელოზი, განსაკუთრებით მამაკაცებში, იწვევს ისეთ მძიმე შედეგს, როგორიცაა უშვილობა.
შესაძლებელია თუ არა ზოონოზური დაავადება ადამიანის ორგანიზმში ცხოველთან პირდაპირი კავშირის გარეშე მოხვდეს?
რა თქმა უნდა, არსებობს არაერთი არაპირდაპირი გზა. მაგალითად ჯილეხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, ადამიანს შესაძლოა გადაედოს, ხორცის დამუშავების ან არასათანადოს მომზადებული ხორციანი საკვების მიღების შემდეგ. დაავადება ჯილეხს გააჩნია სამი ძირითადი ფორმა, ესენია: კანის, ნაწლავური და ფილტვების ფორმები. კანის ფორმა თვალსაჩინოდაა გამოხატული და შესაბამისად, ჯილეხის კანის ფორმის იდენტიფიცირება შედარებით მარტივია, განსხვავებით სხვა ფორმებისგან, რომელთა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯილეხის სპორა, ძალიან სიცოცხლისუნარიანია, მას შეუძლია საკუთარ დამცავ კაფსულაში ხელსაყრელი პირობების მოლოდინში, 100 წელზე მეტიც კი გაძლოს. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეზოში ცხოველის დაკვლა განსაკუთრებით საფრთხის მატარებელია ადამიანისთვის, შესაბამისად ცხოველი უნდა დაიკლას მხოლოდ სასაკლაოზე.
- ბატონო მიხეილ, როგორ უნდა მოხდეს ზოონოზური დაავადებების პრევენცია?
- იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამა, რომლის იმპლემენტაციაში FAO- აქტიურად ეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ზოონოზური დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ფარგლებში, ცხოველებს ყურზე უმაგრდებათ საყურე ნიშნები და უტარდებათ ვაქცინაცია, არამხოლოდ ჯილეხზე, ბრუცელოზზე, არამედ ბევრ სხვა დაავადებაზე, რომელთაც არანაკლები ზიანის მიყენება შეუძლიათ, როგორც ცხოველის ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ ფერმერებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ცხოველების და მათი სადგომების ჰიგიენას და მუდმივად ჰქონდეთ კავშირი ვეტერინართან.კონკრეტულად რას გულისხმობთ ჰიგიენაში?
ჰიგიენა გულისხმობს, სადგომების მინიმუმ წელიწადში რამდენჯერმე შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას, ცხოველის დაბანას, დამუშავებას ენდო და ექტო პარაზიტებზე, ყოველი მოწველის წინ ცურების გასუფთავება/ჩამობანას. ვაქცინაცია, უზრუნველყოფს ცხოველთა დაცვას კონკრეტული დაავადებების მიმართ, თუმცა ის მინიმალური ჰიგიენური ფაქტორები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.
- მომხმარებლებს რა რეკომენდაციებს მისცემდით?
- უპირველეს ყოვლისა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიძინეთ ისეთ ადგილებში სადაც მათი შენახვის პირობები დაცულია. გახსოვდეთ, საქათველოში უკვე ამოქმედებულია კანონი, რომელიც ავალდებულებს ხორცის რეალიზატორებს, საქონელი დაკლან მხოლოდ სასაკლაოზე და თანაც მხოლოდ საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებული საქონლის დაკვლაა ნებადართული. ხორცის დამუშავებისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და საეჭვო ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
























