ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2018

დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება - ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები"საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?! * * *

დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება - ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები"

"2-კვირიანი დიდი ურთიერთლანძღვისა და ბრალდებების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში გადამწყვეტი სხდომა დღეს საღამოს 9 საათზე ქუთაისში გაიმართება და იქ გაირკვევა საბოლოო პოლიტიკური განაჩენიც: ე.წ. ძველი სახეების დაჯგუფებიდან ამბოხებულ დეპუტატებს თითს დაუქნევენ და შინაგანაწესს დაუწესებენ თუ პირიქით, ირაკლი კობახიძის ე.წ. ახალი სახეების ჯგუფს მოუწევს უკან დახევა, ურჩი დეპუტატების სანქციებზე უარის თქმა და მობოდიშება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება / ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები".

"ძველების" ჯგუფიდან დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თუკი რამე წინაპირობა იქნება დაყენებული, მათ შორის - ქცევის კოდექსის შემოღებაზე, მორიგება არ მოხდება და საკითხი დადგება, რომ მმართველობიდან "კოლექტიური ზარდიაშვილები" ჩამოაცილონ და მართვა ხელში ძველმა სახეებმა აიღონ. "ახლების" ჯგუფიდან მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რესურსი არსებობს, რათა უმრავლესობა შეთანხმდეს თამაშის საერთო წესებზე და ყველაფერი დალაგდეს. ასევე ცალკეული დეპუტატების სურვილია, ამ სხდომას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს, რომ მან გადაწყვიტოს მტყუან-მართალი, თუმცა უცნობია, ივანიშვილი ჩავა თუ არა ქუთაისში მის მიერვე შექმნილი პარტიის წევრების შესარიგებლად თუ თითის დასაქნევად. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ ივანიშვილი დეპუტატების ნაწილს რიგრიგობით შეხვდა კიდეც, საუბარია ძველ სახეებზე - ეკა ბესელიაზე, დავით ჭიჭინაძეზე. შეხვდა თუ არა ივანიშვილი ახალ სახეებს და ამ დაპირისპირებაში ვის მხარეს იკავებს, ეს უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ხუთშაბათს გამართვაზე განცხადება გუშინ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. შეკრება ქუთაისში 21 საათზეა ჩანიშნული. განხილვის თემა "ოცნებაში" არსებული ბოლო 2-კვირიანი საჯარო დაპირისპირებაა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, ვინ ვისი ერთგულია - "იმედი მაქვს, რომ ყველა პრობლემაზე საქმიანი საუბარი იქნება და ამ განწყობით ვიკრიბებით ხვალ. მე ახლებსა და ძველებს არ ვყოფ, არსებობს პრობლემები, რომლებზეც ახლა არ ვისაუბრებთ. გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვის უფრო უყვარს, ძმანო, მამული. ეს იქნება ალბათ ძირითადი იდეა ამ შეხვედრისა", - აღნიშნავს ქანთარია. ამ დაპირისპირებაში ყველაზე ხმაურიანი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ახალი სახეები თავს გავიდნენ და ისინი კოლექტიური ზარდიაშვილები არიან. მისივე თქმით, საკითხი დადგება, რომ ძველებმა დაიბრუნონ ", - განაგრძობს გამოცემა.

"ისინი ჩვენ მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა ვიღაცებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაც წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ორი-სამი დღე მე არ ვახსენებდი ამას, მაგრამ ამ ადამიანების თავზე გასულობამ გამაკეთებინა ეს განცხადება და მე ამ განცხადებას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები არიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ ისინი, ვინც სახეები ვიყავით, ის ხალხი, ვინც 2012 წელს, "ქართული ოცნებიდან" დავდიოდით მოსახლეობასთან და პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა. ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ამ ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ", - აღნიშნავს ჭიჭინაძე. ცნობისათვის, დაპირისპირების ძირითადი თემა იყო ის, რომ ახლების მცირე დაჯგუფება: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი წყვეტენ ყველა საკითხს ისე, რომ ძველ სახეებს არაფერს ეკითხებიან და ეს მიუღებელია. ამიტომ "ძველები" თვლიან, რომ უმრავლესობის სხდომაზე ეს საკითხი უნდა მოგვარდე", - დასძენს გამოცემა.

"გედევან ფოფხაძე ითხოვს, რომ ყველა დეპუტატს პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება მიეცეს, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით, ეს არის სწორი ფორმა და ამაზე იქნება მსჯელობა, რა პროცედურებია საჭირო, ხოლო დისციპლინაზე საუბარი დომინანტი არ უნდა იყოს. კომენტარის გაკეთებას ახლების დაჯგუფებიდან გუშინ მეტწილად ერიდებოდნენ. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გარკვეული წევრები აკეთებენ განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ გუნდის შიგნით ნამდვილად არის იმის რესურსი, რომ ყველაფერი დალაგდეს და თამაშის საერთო წესებზე მოხდეს შეთანხმება", - წერს სტატიის ავტორი.

"შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ნუ ელოდებით ჩემგან ან გუნდის დანარჩენი წევრებისგან საპასუხო განცხადებებს, როგორი კითხვაც არ უნდა დამისვათ, ჩემი პასუხი არის იგივე, რომ ნამდვილად არის გუნდში რესურსი, რომ ჩვენ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ და გაცილებით მნიშვნელოვან თემებს მივაპყროთ ყურადღება. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ამაზე ვიმსჯელებთ არა მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე, არამედ ამაზე კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდებით თამაშის საერთო წესებზე და იქნება გუნდურობა. ყველაფერი დალაგდება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მუშაობას. მხარეები აქ არ არსებობენ, აქ არის გუნდი", - განაცხადა მდინარაძემ, რომლის თქმით, "გასაგებია, რომ გარკვეული წევრები აკეთებენ განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გუნდის შიგნით ნამდვილად არის იმის რესურსი, რომ ყველაფერი დალაგდეს", - დასძენს სტატიის ავტორი.

საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?

"საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთში სულ ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე, საბერძნეთში კი საქართველოს 23 მოქალაქეა დაკავებული. აღნიშნული ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელმა ერთობლივად ჩაატარა. საქართველოს შსს ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლსა და ევროპოლთან. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?

"პასუხი ცხადია, კრიმინალს ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარმა ფაქტებმა მოიმატა. კრიმინალური სამყარო მთელი თავისი გავლენით საზოგადოებაზე, ახალგაზრდებზე უნდა მოისპოს. ძალიან კარგია, რომ ეს ოპერაცია აღნიშნულ ქვეყნებში ჩატარდა და იმედი მაქვს, რომ ანარეკლი აქაც მოხდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"თუ მიზეზი არის, უნდა ჩატარდეს. კრიმინალთან ბრძოლა საჭირო და აუცილებელიც კია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ირგვლივ: თავაშვებულობა, დანაშაულის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება. შედეგი ყველასთვის ნათელია", - ამბობს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი.

"ნიშნები იმისა, რომ დიდი ორგანიზებული ჯგუფები მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე, ვფიქრობ, არ არის. თითქმის ყველა, ვინც ორგანიზებული კრიმინალისკენ არის მიდრეკილი, ჩვენს ტერიტორიაზე არ მოქმედებს. საბოლოო ჯამში, ჯობია, ის გაუხსნელი საქმეები გახსნან, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. როდესაც იყო ორგანიზებული დანაშაულის საშიშროება, ჩვენ ამას კარგად ვგრძნობით და ვხედავდით. დღეს ასეთი საშიშროება, ვფიქრობ, არ არსებობს. არის წვრილმანი ხულიგნობა, ინდივიდუალური დანაშაულები, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, მძიმე შედეგით სრულდება და არის შეკვეთილი მკვლელობები. ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებელი ნიშნები არ არსებობს, რადგან თითქმის ყველა მათგანი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფია. მე მომხრე ვარ, მათი ექსტრადირებაც არ ხდებოდეს და იქვე მოახდევინონ სასჯელი. საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია, რომ ქართველები სხვა ქვეყნებში სწორედ ამ სახელით "იჩენენ თავს", - მიიჩნევს ისტორიკოსი თედო დონდუა.

"თუ ამის საჭიროება არ არის, რატომ უნდა ჩატარდეს? ეს შეკითხვა ძალოვან უწყებებს უნდა დავუსვათ, რომელთაც აქვთ ზუსტი ინფორმაცია. საბერძნეთსა და საფრანგეთში ანტიკრიმინალური ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, არალეგალურად ჩასულების წინააღმდეგ ჩაატარეს. თუ ქართული მხარე თვლის, რომ აქაც არის ანტიკრიმინალური ოპერაციის საჭიროება, მაშინ უნდა ჩატარდეს, მაგრამ არა ქართველების, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ", - მიიჩნევს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?!

"ლომბარდები შესაძლოა, მკაცრი რეგულაციის ფარგლებში მოექცნენ და მათ კერძო საკუთრების გირაოში მიღების შესაძლებლობა შეეზღუდოთ. მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდების აკრძალვაზე ფინანსთა მინისტრი უკვე ალაპარაკდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა, ლომბარდებს საერთოდ აეკრძალოთ გარკვეული პროდუქტის შეთავაზება მოსახლეობისთვის, თუმცა ეს გადაწყვეტილება კერძო მევახშეების როლს გაზრდის, რაც ნამდვილად უკონტროლობამდე მიიყვანს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას - "თამაშის ახალი წესები ლომბარდებზეც გავრცელდება. ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, მიიღონ უძრავი ქონება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაუფარავად განაცხადა. მისი თქმით, "ახალი თამაშის წესები" ლომბარდებსაც შეეხება.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?! / "გარკვეული შეზღუდვა კერძო გამსესხებლების მიმართულებითაც იქნება".

"მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ თუ მოქალაქე ლომბარდში საკუთარ სახლს გარანტიის სახით მიიტანს და ფულს აიღებს, ამიტ შესაძლებლობა ექნება ბიზნესი დაიწყოს. რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლით მიღებული თანხა სასტარტო კაპიტალად გამოდგება? მსგავსი ტიპის ტრანზაქციები პრობლემურ საკიტხებს ემსახურება. ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული სექტორები, რომლებიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო სამსახურში. ეს მოძრავ ქონებასაც უნდა შეეხოს, მათ შორის ავტომობილებს. პრობლემას, რომელიც დღეს დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით, ობიექტური საფუძველი აქვს", - აღნიშნა მინისტრმა. ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების რეგულაციას ადასტურებს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი ემზადება ახალი რეგულაციებისთვის და შესაძლოა ცვლილებაბა არარეგულირებად საფინანსო სექტორსაც შეეხოს", განაგრძობს გამოცემა.

"ლომბარდში ადამიანი უკიდურესი შემთხვევის გარდა არ მიდის, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მისი მომხმარებელი არის საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი. ბინისა და მანქანის კომბარდში მაღალი პროცენტით ჩადება არც ღირს საერთოდ და სჯობს, რომ არც დაიწყონ ამ ფულით არანაირი საქმიანობა. რა იქნება მომავალში და როგორი რეგულაციის ჩარჩოში ჩასხდებიან არ ვიცი, თუმცა ვიცი რეგულაციები, რომლებსაც უკვე ეროვნული ბანკი ამზადებს და სულ მალე გახდება ყველასთვის ნათელი. შესაძლოა მათი ცვლილება არარეგულარებად საფინანსო სექტორსაც შეეხოს, ანუ მევახშეებს. არ მაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუ რას ამზადებენ კერძო გამსესხებლების შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ამ მიმართულებითაც იქნება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთულია არაფორმალური სექტორის დარეგულირება, თუმცა ვიცით, რომ ყველაზე დიდი რეგულაცია სწორედ ამ სექტორს სჭირდება" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კეპულაძე.

"ლომბარდების საქმიანობის შეზღუდვა წაახალისებს და გაზრდის კერძო მევახშეების საქმიანობას, რაც ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, კიდევ უფრო უკონტროლოს გახდის მდგომარეობას. როგორც მან აღნიშნა, თუ ლომბარდებისა და სხვა საფინანსო სექტორის დარეგულებას დააპირებენ, აუცილებელია ჰქონდეთ ალტერნატივა, თუ როგორ მოიქცევიან კერძო გამსესხებლების გააქტიურების შემთხვევაში", - დასძენს გამოცემა.

"ფინანსთა მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების დალომბარდების საკითხს შეეხო, ეს ნამდვილად კარჰი შემოთავაზებაა მისგან, მაგრამ საქართველო რომ ევროპის დონეზე იყოს, მაშინ მივესალმებოდი ამ ინიციატივას. ჩვენთვის ეს არის ცუდი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები, რომლებსაც ბანკი არ აძლევს სესხს მიდიან ან ლომბარდში ან მიკროსაფინანსოში. თუკი მათაც შევზღუდავთ, შემდეგ ისინი წავლენ კერძო მევახშეებთან, რაც უკონტროლო სიტუაციაში ჩააყენებს ყველასა და ყველაფერს. ბახტაძის ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ქვეყანაში არ იარსებებს კონტროლირებადი საფინანსო სექტორი, არამედ იქნებიან მევახშეები საკუთარი არალეგალური ბიზნესით. შესაბამისად, ამ მხრივ ლომბარდების შეზღუდვას რა შედეგი მოჰყვება, ისიც უნდა გაითვალისწინონ და ალტერნატიული გადაწყვეტილება შეაგებონ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბერძენაძე.