ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2018

"ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენთქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა? ***

"ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენ

“ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ დაანონსებული უმრავლესობის სხდომა გადაიდო ისე, რომ მისი ჩატარების დრო ჯერ გაურკვეველია. როგორც ე.წ. "ოცნების" ძველი სახეები "რეზონანსთან" კულუარულად ამბობენ, კობახიძის ე.წ. ახალი სახეების ჯგუფმა უკან დაიხია. ისინი მიხვდნენ, რომ სხდომაზე ვერც შინაგანაწესსა და ვერც სანქციების დაწესების წინაპირობას ვერ დააყენებდნენ, ამიტომაც მათთვის აზრი დაკარგა ამ შეკრებამ და სწორედ ამის გამო თავადვე ჩაშალეს თუ გადადეს სხდომა.ოფიციალურად სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა ის, რომ ქუთაისში, სადაც პარლამენტის სხდომები იმართება და წესით მას ყველა დეპუტატი უნდა ესწრებოდეს, თურმე ჩასვლას ყველა პარლამენტარი ვერ ახერხებს, ამ შიდა დაპირისპირების გარჩევაში მონაწილეობის მიღება კი ყველას სურს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენ

"როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს, სხდომის გადადების მიზეზი ხალხის უკმარისობა არ ყოფილა, უბრალოდ, "კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა თამაში წააგეს" და მომავალში შედგება თუ არა ეს შეხვედრა, ამას უკვე დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, დეპუტატებს ვერავინ აიძულებს, გაჩუმდნენ და კრიტიკული მოსაზრება არ დააფიქსირონ. ამ გადადებაში თუ "ახლების" უკან დახევაში მიუძღვის თუ არა წვლილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს. თუმცა ასევე კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ე.წ. ძველებიდან რამდენიმე დეპუტატს შეხვდა და ამ დაპირისპირებაში მათი მხარე დაიჭირა, რის გამოც მოუწია, "ახლებს" სანქციებსა და შინაგანაწესზე წინაპირობები უკან წაეღოთ“, - აღნიშნავს გამოცემა

"დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თავად ის ივანიშვილს არ შეხვედრია, თუმცა ფაქტია, რომ "კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა" უკან დაიხიეს. ჩვენ არ ვწყვეტთ უმრავლესობის სხდომის მოწვევას და არც გადადებას. პატარა ხალხი ვართ. ეს დანიშნა კობახიძემ, თანამდებობრივადაც მას ეკუთვნოდა და თავადვე გადადო. როგორც ისინი იძახიან, არ ვართ უმრავლესობა, ვართ 3-4 კაცი. ამიტომ ჩვენ ხელს ვერ შევუშლით ვერც შეკრებას და ვერც არშეკრებას. თუ არ ჩაატარებენ უმრავლესობის შეხვედრას, ე.ი. ის საკითხები, რომლებიც მათ მანამდე ჰქონდათ დაყენებული, სანქციები და დისციპლინა, ეს მოხსნილია. მათ ეს შეკრება სწორედ სანქციების შემოღებისთვის სურდათ. ჭიჭინაძის თქმით, ძალიან კარგია, თუ მიხვდნენ, რომ სანქციებსა და დასჯაზე საუბარს თავი უნდა დაანებონ, რადგან დეპუტატები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ დათანხმდებიან“, - აცხადებს გამოცემა.

"ჭიჭინაძის თქმით, ეს სანქციები ხომ მარტო ჩემზე არ იქნებოდა? თუ დეპუტატს საქმიანობაში ზღუდავ, შენ ზღუდავ მის ამომრჩეველს, ეს კი კანონის დარღვევაა და ამორალურია. როდესაც ვიღაცას ჰგონია, რომ შენი ზემდგომია და მას უნდა შენი შეზღუდვა რაღაც შიდა წესებით, დიდ შეცდომას უშვებს და ასეთი ხალხი პოლიტიკაში დიდხანს ვერ ჩერდება. უმრავლესობაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც კობახიძე-ზარდიაშვილის მითითებებით მოქცევა არ უნდა. ღირსების მატარებელი ადამიანი, ლიდერი ადამიანები არიან მაჟორიტარები და გინდაც სხვა დეპუტატები და შინაგანად წინააღმდეგნი არიან, ისინი ვიღაცამ შეზღუდოს". ცნობისათვის, უკვე 2 კვირაზე მეტია, საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი ურთიერთბრალდებები და ლანძღვა ისმის და ორივე დაპირისპირებული მხარის დეპუტატები საქმის გასარჩევად უმრავლესობის სხდომის გამართვას ითხოვს. მათ შორის ყველაზე აქტიური ამ მოთხოვნაში "ახლები" იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პარტიული დისციპლინის წესები უნდა შემოიღონ, "ძველებიდან" ყველაზე აქტიური დავით ჭიჭინაძე კი აანონსებდა, რომ ასეთი წინაპირობა მიუღებელია და პირიქით, ამ შეკრებაზე დადგება საკითხი, "ძველმა სახეებმა" დაიბრუნონ უფლებები და მმართველობა აიღონ ხელში, ხოლო "კოლექტიური ზარდიაშვილები" (რომლებშიც ახალ სახეებს გულისხმობს) მმართველობასა და დირექტივების გაცემას უნდა ჩამოშორდნენ. ოთხშაბათს პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ უმრავლესობის სხდომა ხუთშაბათს ღამის 9 საათზე გაიმართებოდა, სადაც 2-კვირიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ საბოლოო პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოტანილიყო: ე.წ. ძველი სახეების დაჯგუფებიდან ამბოხებულ დეპუტატებს შინაგანაწესს დაუწესებდნენ თუ პირიქით, ირაკლი კობახიძის ე.წ. ახალი სახეების ჯგუფს მოუწევდა ურჩი დეპუტატების სანქციებზე უარის თქმა და ამით უკან დახევა“, - განაგრძობს გამოცემა.

"უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეკრების გადადების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ყველა დეპუტატს არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა და ამბობს, რომ სხდომა აუცილებლად ჩატარდება. ეს იყო სტრესტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ ჩვენი გუნდის "ქართული ოცნების" გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ, შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დეპუტატებმა წამოჭრეს. გუშინაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა სპიკერატს, შეხვდა ფრაქციების თავმჯდომარეებსა და კომიტეტებს და უახლოეს მომავალში გაიმართება უმრავლესობის სხდომა იმ პირობებში, როდესაც ყველა დეპუტატს ექნება მასში მონაწილეობის საშუალება", - განაცხადა თალაკვაძემ. მომავალი სხდომის სავარაუდო დროდ შაბათი დასახელდა და ითქვა ისიც, რომ სხდომა ქუთაისის ნაცვლად თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება. "ძველებიდან" ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ყველა კითხვას, რომლებიც პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და სხდომის ჩატარების დიდი ხნით გადაწევა პროცესებზე უარყოფითად აისახება. "ერთი დღე იქით-აქეთ, ეს არაფერი, მაგრამ ეს რომ ჩვენ გადავიტანოთ მარადიულობაში, ეს არის ძალიან ცუდი", - დასძენს გამოცემა.

"გადადების შემდეგ ბრალდებების სერია და ხმაურიანი განცხადებები გააგრძელა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ამ დაპირისპირებაში ყველაზე უფრო მწვავე გამოსვლებით გამოირჩევა. მან გუშინ გია ვოლსკი და გუგული მაღრაძეც კი გააკრიტიკა. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს", - ამბობს ჭიჭინაძე. ასევე ჭიჭინაძეს არ მოეწონა გუგული მაღრაძის მიერ ნათქვამი, რომ ეთიკის კოდექსის შემუშავება და რაღაც წესებზე შეთანხება გუნდში აუცილებელია. ჭიჭინაძემ პასუხად თქვა, რომ მაღრაძე ისეთ ასაკშია, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქოდეს და რაღა დროს კიდექსებით ცხოვრებაა. მაღრაძემ ამ რეპლიკის გამო კოლეგა ასაკობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ჭიჭინაძემ ასევე ისევ გააკრიტიკა ვანო ზარდიაშვილი და "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა. "ქართული ოცნება" ამ სენისგან, რასაც ზარდიაშვილი ჰქვია, უნდა გათავისუფლდეს", - ამბობს ის და ზარდიაშვილი 2012 წლის არჩევნებისას ამომრჩევლებზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა: "გაიარეთ, გამოკითხეთ მეზობლები", - წერს სტატიის ავტორი.

თქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა?

"პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თქვა, კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის ძალიან კარგია.

"მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდს შორის არის ძალიან კარგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა, რათა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ჩვენგან მიდის პარლამენტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს და ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციისა", - აღნიშნა პრემიერმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, თქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა?

"მიმაჩნია, რომ ეკონომიკის გუნდის მუშაობა წარმატებული არ არის. მუშაობის წარმატება შედეგში გამოიხატება და მე ამ შედეგს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში ვერ ვხედავ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ფუნქციას არ ან ვერ არსულებენ, რა თქმა უნდა, მადლობას არ იმსახურებენ. მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მოვალენი არიან და არ აკეთებენ. შესაბამისად, ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ განცხადებაში ვერ დავეთანხმები", - აღნიშნავს კინომცოდნე ლელა ოჩიაური

"ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილმა მათ მადლობა წინსწრებით გადაუხადა. ეტყობა, წაახალისა და მისცა შანსი, რომ მართლა იმ დონის გახდნენ, რა დონეზეც უთხრა, რომ წარმატებულები არიან. ანუ კვირიკაშვილი ის კაცია, რომელიც სიტუაციას წინ უსწრებს, მოვლენებს წინ უწრებს და ეკომონიკურ გუნდს ეუბნება, თქვენ შეიძლება დღეს ისე ვერ ხართ, როგორც საჭიროა, მაგრამ აუცილებლად იქნებითო", - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე

"ამ შემთხვევაში, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ვიტყვი, რომ ეკონომიკურ წარამეტებას ვერ ვგრძნობ და მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე