ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2018
"ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ"25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს"თორნიკე შარაშენიძე - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება" * * *
"ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ
"საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ისევ გადაიდო, ახლა უკვე მომავალი კვირისთვის და ეს არაერთგზის გადადება "ქართული ოცნების" ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს, ნაწილი - შეგნებულ გაჭიანურებაზე საუბრობს, ნაწილისთვის კი ეს მისაღებია. ექსპერტების პროგნოზით, ახლა გაცხარებული შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ როგორმე კულუარებში "მოაგვარონ" ეს დიდი დაპირისპირება, ისე, რომ არც ერთი მხარე არ გამოჩნდეს მაინცდამაინც წაგებული, თუ "ჩაჩოჩებული". ურთიერთბრალდებისა და ლანძღვის პროცესი კი, რომელიც უკვე ორი კვირაა გრძელდება, არა და რა ცხრება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.
ამ კონფლიქტში ყველაზე აქტიური და მოურიდებელი ბრალდებების ავტორი, ე.წ. ძველი სახეების წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე ამ გადადების მიზეზად ასახელებს იმას, რომ "კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა თამაში წააგეს", რადგან სხდომაზე სანქციებისა და დისციპლინის წესების შემოღება სურდათ და ეს არ გამოუვიდათ. ის ისევ აგრძელებს იმ თანაგუნდელების მწვავედ "შემკობას", ვინც მის პოზიციებს არ იზიარებენ. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამ დაპირისპირებაში ახლების გუნდს წარმოადგენს, აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით ერთგვარად არასწორი მოლოდინები შეიქმნა და მთავარი არა უმრავლესობის სხდომა, არამედ ამ დროისთვის მიმდინარე კონსულტაციებია. "ნუ იქნება ისეთი წარმოდგენა, რომ უმრავლესობის სხდომა იქნება ამ ყველა საკითხის პანაცეა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. უმრავლესობის სხდომა იქნება ერთგვარი შეჯამება იმ კონსულტაციების", - აცხადებს თალაკვაძე. თალაკვაძე ასევე ეხმიანება დავით ჭიჭინაძის მიერ თანაგუნდელების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს და ამბობს, რომ დეპუტატს მის "კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ", - ამბობს თალაკვაძე. რა კონსულტაციები მიდის კულუარულად, თალაკვაძე არ აკონკრეტებს, თუმცა დაპირისპირების მიზეზების საბოლოო გარკვევისათვის და კონფლიქტის ამოწურვისათვის სხდომის გამართვის გადადებას ბევრი არ იწონებს. ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია გაიმართება თუ არა უმრავლესობის სხდომა თუნდაც მომავალ კვირას და რაც უფრო ჭიანურდება შეხვედრა, მით უფრო მწვავდება დაპირისპირება გუნდში. მისივე თქმით, თუ შეხვედრა მიმდინარე კვირაში არ ჩატარდება, მაშინ ცნობილი გახდება, რომ მმართველი გუნდის ნაწილი შეხვედრას გაურბის", - განაგრძობს გამოცემა.
"მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, ვიღაც საქეიფოდ არის, ვიღაც უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია. ასე სად წავალთ?!. თუ რაღაც გარკვეული ხანი გავიდა და არსით ხმა, არსით ძახილი, ბუნებრივია, რომ უკვე ამას სახელი დაერქმევა და ეს ეჭვი აღარ იქნება. მაშინ ვიტყვით, რომ გაურბიან ამ საქმეს და ბუნებრივია, უკვე სხვა ზომები იქნება", - ამბობს ქანთარია. რა მოხდება უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ - არის შანსი, რომ დროებით მაინც დაზავდნენ დაპირისპირებული მხარეები, ან რომელ მხარეს მოუწევს კომპრომისი და უკან დახევა? პოლიტოლოგებს თავისი ვერსიები აქვთ. სოსო ცინცაძის თქმით, სხდომის შემდეგ ტემპერატურა დაიწევს და გარეგნული სიმშვიდე იქნება, მაგრამ მხოლოდ დროებით. გია ხუხაშვილი თვლის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მოარიგოს დაპირისპირებული მხარეები და ცოტა უკან ჩააჩოჩოს ახალი სახეები, რომლებიც დირექტივებს იძლევიან", -დასძენს გამოცემა.
"ეტყობა ივანიშვილმა ამ დღეებში ვერ მოიცალა და როგორც კი ის იტყვის, რომ მორჩით კინკლაობას, სირცხვილის გრძნობა უნდა გქონდეთო, შემდეგ შედგება სხდომა. ორივე მხარე გარკვეულ მასშტაბებში აღიარებს თავის გადაჭარბებულ ემოციებს, გამოვლენ და განაცხადებენ, რომ პრობლემა გადაჭრილია. ჭიჭინაძეც სხვა ნოტებზე ალაპარაკდება, უფრო მოუკლებს და შეარბილებს განცხადებებს. ასევე მეორე მხარეს მოუწევს ჩააჩოჩოს ზარდიაშვილი, რადგან მან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, თუნდაც ნეპოტიზმში ყურებამდე ჩაფვლის გამო. ეტყვიან, რომ ყველა საკითხზე ნუ აკეთებს კომენტარს და ნუ გამოდის ტელევიზიით. ეთიკის წესების შემოღება ან არ მოხდება, ან მოხდება მსუბუქი ფორმით - მაგალითად, აკრძალავს სხდომათა დარბაზში დედის გინებას. არც ერთი ფრთა არ გაძლიერდება. ყველას ეტყვიან, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ერთად უნდა მივიდნენ. ეს რომ იყოს დავა იდეოლოგიურ საკითხებზე, პრინციპებზე, შერიგება შეუძლებელი იქნებოდა. აქ კი წვრილმანობაა, რომ აი, ერთი ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს და სხვები საქმის კურსში არ ვართ. `ახლები~ `ძველებს~ თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებდნენ და ამის გამო რამდენიმე ამბიციური ადამიანი აჯანყდა. ამ ამბავს სერიოზულადაც არ ვუყურებ", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"ეს ყველაფერი ჰგავს სიტუაცია, როდესაც სკოლის გაკვეთილიდან მასწავლებელი არის გასული და მოსწავლეები ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამენ, მერხზე რაღაცეებს ჩხაპნიან. ამ სიტუაციაში გამოსავალი არის ის, რომ მასწავლებელი უნდა დაბრუნდეს კლასში. ისეთი არბიტრი უნდა გამოჩნდეს, ისეთი ავტორიტეტი, ძალის ცენტრი, რომლის სიტყვასაც ორივე მხარისთვის სერიოზული მნიშვნელობა ექნება. ასეთი ერთადერთი ადამიანი კი ვიცით ვინც არის. როგორც ჩანს, ივანიშვილი ამ პროცესში ჩარევისგან თავს იკავებს და ეს ქაოსი გაგრძელდება მანამ, სანამ ის რაღაცნაირად არ ჩააქრობს ამას. მხოლოდ მას შეუძლია ამ მმართველობითი სისტემის კრიზისის ჩაქრობა, ამიტომ მას ვთხოვ, რომ პროცესში ჩაერიოს", - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
"თუ ივანიშვილმა ჩარევაზე უარი განაცხადა, პერმანენტულ კრიზისს მივიღებთ. უკვე ფაქტია, რომ ახალგაზრდების დირექტივებით ხდება ყველაფერი და ეს ასე ვერ დარჩება. ისინი სერიოზულად რომ შეიფერთხებიან, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ფორმები და ზღვარი. შეიძლება ცოტათი შეიფერთხონ, ადგილზე მოსვან, ან შეიძლება ბევრად უფრო დრამატულად განვითარდეს მოვლენები, თუ არბიტრმა ეს ყველაფერი არ დააშოშმინა. მაგრამ ის ილუზია, რაც მათ შეექმნათ, რომ ქვეყანას მართავდნენ და ამის ამბიცია ჰქონდათ, ეს თავიდანვე ძალიან სასაცილო იყო და ბუნებრივია, ეს ისტორია დასრულდება. ალბათ დიაგნოზი იქნება, რომ ორივე მხარე რაღაცაში ტყუის და მოთხოვნა, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ვერ ერთი მხარე ვერ მიიღებს იმ მაქსიმუმს, რაც უნდა. ორივეს მოუწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა და უკან დახევა. ეს არის პრობლემის გადაწყვეტის ფორმულა", - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
"25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს"
"პანკისის მოსახლეობის განწყობები ცნობილია - ტრაგედიის დღიდან, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს ეხება, ხეობა ერთიანია და ერთიან პოზიციაზე დგას. ხეობის მოსახლეობის თხოვნა (ამ ეტაპზე, იმედია, მოთხოვნაში არ გადაიზრდება) არის ის, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და გამამართლებელი განაჩენი დადგეს ამ საქმეზე. ასევე, რაც მთავარია, ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ტერორისტების იარლიყის მიკერება - ეს არის ხეობის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. თემირლანს უნდა ჩამოშორდეს ტერორიზმის ბრალდება. ასევე იმ დაკავებულებსაც, რომლებიც ამავე ბრალდებით არიან, რადგან ჩვენი ინფორმაციით სახელმწიფოსაც კი არ ჰქონდა 2 თვის განმავლობაში ინფორმაცია, რომ ის ჩამოსულები ტერორისტები იყვნენ და ამ ადამიანებს საიდან ეცოდინებოდათ? ისინი მეგობრობდნენ იმ ადამიანებთან, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია რომ პანკისის მოსახლეობას არ დარჩეს ტერორისტის იარლიყი მიწებებული", - აცხადებს პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი გაზეთ "ახალი თაობისათვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს" / რა პრეტენზიები აქვს პანკისის მოსახლეობას".
"ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს, რა დასკვნას დადებს გამოძიება, ეს აინტერესებს მთელ პანკისის ხეობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლანის მიმართ დადგეს ობიექტურა განაჩენი - უკვე ნათელია, რომ არანაირო შემხებლობა ამ ახალგაზრდას ტერორიზმთან და ტეროროსტებთან არ ჰქონია. მალხან მაჩალიკაშვილისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია მისი შვილის სახელის გადარჩენა, რომ მოეხსნას ტერორიზმში თანამონაწოლეობის ბრალდება, თუმცა ბრალდება წაყენებული არც აქვს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მაგრამ ხეობის მოსახლეობის ყველაზე მთავარი პრეტენზია მაინც სპეცოპერაციის ფორმებსა და მეთოდებს უკავშირდება. არავინ ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს აქვს რეალური ინფორმაცია, მან ამაზე რეაგირება არ მოახდინოს. საუბარია ფორმებსა და მეთოდებზე, დამოკიდებულებაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.
"ხშირად ბრეივიკის მაგალითი მომყავს, რომელმაც 75 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. მას აქვს პრეტენზიები, უნივერსიტეტში სწავლა-განათლების მიღებას ითხოვს და სწავლობს კიდეც. თუნდაც ახლახან მომხდარი ფაქტი - 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს, ასეთი სისატიკის ჩამდენი პირი სრულიად უვნებელი აიყვანეს და უდანაშაულო 19 წლის ბავშვი, რომელიც საკუთარ ლოგინში იწვა, ასე როგორ გაიმეტეს, ასე როგორ გაუსწორდნენ, პირდაპირ შუბლში ესროლეს და დახვრიტეს. ამაზე გვაქვს პრეტენზიები, ამაზე გვაქვს მიუღებლობა. სპეცოპერაციის მეთოდები და ფორმები ჩვენთვის მიუღებელი იყო. სანამ არ მოხდება გამოძიება და გამოძიება არ დადებს ობიექტურ სურათს, მანამდე ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პანკისელი ახალგაზრდების, ყველას ერთად ტერორიზმში დადანაშაულება და ტერორისტად მოხსენიება ჩვენთვის მიუღებელია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ოჯახი ამდენი ხანია ელოდება შედეგს. ასევე ცნობილია, რომ სამხილები განადგურდა. ამან ყველაფერმა ძალიან დიდი უნდობლობა და უიმედობის განცდა გამოიწვია, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს აქცია არანაირად არ არის არამშვიდობიანი და კანონიერ ზღვარს გადასული. უბრალოდ, ადამიანები ამ ფორმით ცდილობენ თავიანთი სატკივრისა და სათქმელის ხელისუფლებამდე მიტანას... ხელისუფლების მაღალჩინოსანთან შეხვედრა, რასაკვირველია, ცუდი არ იქნებოდა - გააცნოს ოჯახს გამოძიების მიმდინარეობა, შედეგი. ოჯახი თმცა შეხვდა მთავარ პროკურორს, მაგრამ იქიდან არაფერი დამაიმედებელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი - ძალოვანის სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ხეონბაში არ ჩამოსულა... ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობდა, როგორც კი მათთვის საინტერესო თემა გახმოვანდა და როგორც კი ხეობის მოსახლეობამ ამაზა პროტესტი გამოთქვა, მაშინვე მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ ხეობაში, - დასძენ მექს ხანგოშვილი და შეკითხვაზე - "რას გულისხმობთ?" - პასუხობს:
"ინვესტორის ინტერესს ვგულისხმობ, რომლის წინააღმდეგაც ხეობის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა".
თორნიკე შარაშენიძე - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება"
"როგორც ჩანს, მართლაც ძალიან მიუშვა კონტროლი ივანიშვილმა და რადგან მიუშვა, შიგნით გაჩნდა კონკურენტი ჯგუფები. გამოიკვეთა ერთი ჯგუფი, რომელიც კალაძესთან არის ახლოს, იქ კიდევ სხვა ჯგუფებიც არის. განსაკუთრებული არაფერი ხდება - ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. კომიკურია ეს პროცესები, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი რა არის გასაყოფი, რომ ვეღარ გაიყვეს... საერთოდ, საპარლამენტო უმრავლესობა დიდი ინტელექტით ვერ გამოირჩევა, საოცერბებს გაიგონებ ხოლმე "ოცნების" რიგებიდან. მათი უმრავლესობა არის საქართველოს მოსახლეობის საშუალოზე დაბალი ინტელექტის, ეს სამწუხარო რეალობაა და ეს არის ძალიან ცუდი... ივანიშვილი ჯერჯერობით არ ერევა და ამ ეტაპზე არც უნდა ჩაერიოს რადგან პიკს მიღწია დაძაბულობამ, ასე ღიად გამოჩენა არ სურს, უნდა, რომ შორიდან დაალაგოს სიტუაცია - არა მგონია, მან ასე ღიად ვინმეს გაამარჯვებინოს", - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კალაძემ ახლა რომ დაიწყოს ჭიდაობა ივანიშვილთან, გაისრისება / თორნიკე შარაშენიძე: "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება".
"როგორც ჩანს, ივანიშვილს პენსიაზე გასვლა უნდა, აღარ სურს ერეოდეს მსგავს საკითხებში, "ოცნებისგან" აშკარად დაიღალა, თუმცა ისიც უნდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაზე მას ჰქონდეს ვეტოს უფლება. ამ პროცესს მნიშვნელოვნად არ მიIჩნევს და მსგავს კინკლაობაში არც ჩაერევა და შორიდან მიანიშნებს, რომ ერთმანეთში მონახონ კომპრომისი, მით უმეტეს პარლამენტში "ოცნებას" უმრავლესობა სჭირდება და ასე ვერ დაჭამენ ერთმანეთს, ზღვარი აქვს ყველაფერს. რა თქმა უნდა, არჩევნების წინ "ოცნება" არ დაიშლება - ივანიშვილის ჩარევა ძალიან მკაცრი სიგნალებით დასრულდება... დაპირისპირება უფრო უკავშირდება იმას, რომ ახლებს მეტი პრივილეგია აქვთ, მეტი გავლენა და ამით აიხსნება, ვიდრე მომდევნო არჩევნებზე დარდით", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ოცნების" წიაღში ოპოზიციური ძალის აღმოცენების პროცესი როგორ მიმდინარეობს?" - პასუხობს:
"კარგით რა, რა ძალებით ან ვის დაეყრდნობიან? ერთადერთი, შესაძლოა კალაძეს აქვს რაღაც შანსები, რომ დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს პროცესი ჯერ ძალიან ადრეა - მან ახლა რომ დაიწყოს ჭიდაობა ივანიშვილთან, უბრალოდ, გაისრისება, დანარჩენებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - კალაძეს რაღაც მონაცემი აქვს, დანარჩენებს არანაირი მონაცემები არა აქვთ საერთოდ".
"სანამ ჯერ კიდევ არსებობს "ოცნება", ის ოსტატურად ქმნის ბუას სააკაშვილისგან და სააკაშვილიც პრინციპში კმაყოფილია ამითი იმიტომ რომ მას თავისი ერთგული ამომრჩევლები ჰყავს და როცა მის დემონიზებას ცდილობენ ამით ხდება მობილიზება - როგორც "ოცნების" ჯერ კიდევ არსებული მხარდამჭერების, ასევე სააკაშვილის მხარდამჭერების. ეს ხდება მაშინვე, როგორც კი სააკაშვილი ხმას ამოიღებს და ამით ორივე მხარე ბედნიერია - რაც უნდა ლანძღონ ერთმანეთი, გამომდინარე სიტუაციიდან, ეს სტატუსკვო ორივეს აწყობს... ვნახოთ, რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებში - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "ოცნებას" ვიღაც კონკურენტი დაამარცხებს, მაგრამ შეიძლება მოხდეს რაღაც. რაც ამ ეტაპზე ასე მარტივად არ ჩანს, ეს არჩევნები ძალიან ბევრ რამე გამოაჩენს". - დაასკვნის ექპერტი.

























