ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2018

რამაზ საყვარელიძე - "არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?შეტაკებები ერევანში - დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება * * *

რამაზ საყვარელიძე - "არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"

"რასაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ვხედავთ, ასეთი დაძაბულობის წარმოშობისა და კონფლიქტამდე მიყვანის მიზეზები აუცილებლად მართვის პრობლემაშია საძიებელი. სწორედ ის უშვებს შეცდომებს, ვინც მართავს პროცესებს, უფრო სწორად, ევალება, მაგრამ სწორად მართვას თავს ვერ ართმევს. იმდენად მრავალფეროვანი მენტალიტეტისა და მისწრაფებების ადამიანებმა მოიყარეს თავი "ქართულ ოცნებაში", მათი პოზიციების დაახლოება რთული იყო ადრეც და რთულია ახლაც, თუმცა მაინც მგონია, რომ ჯერ არ არის ისეთი პრობლემა შექმნილი, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. მთავარია, მონაწილე მხარეებმა, უპირველესად პარლამენტის ხელმძღვანელობამ, შეძლოს დათმობა და მართვაში რაღაც მნიშვნელოვნად შეცვალოს", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მივიღეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი აუტისტური პოლიტიკური პროცესი" / "ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, საჯაროდ დაყო "ქართული ოცნება" თავისიანებად და სხვისიანებად, აღიარა პარტიაში გარკვეული დაჯგუფებების არსებობა, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ / "სააკაშვილის დროს ციხე ჯოჯოხეთად იყო გადაქცეული. ამათ სცადეს ამ სისტემაში ჰუმანურობა დაებრუნებინათ, თუმცა ჰუმანურობასაც აქვს საზღვარი, რომ შემდგომ ბოროტმოქმედებად არ იქცეს. ამდენი ვეღარ გაითვალისწინეს და კრიმინალებმა როგორც კი თავისუფლება იგრძნეს, აქტიურად ამოქმედდნენ".

"როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას ჰყავს თავისი დასაყრდენი საპარლამენტო უმრავლესობაში, ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, საჯაროდ დაყო `ქართული ოცნება~ თავისიანებად და სხვისიანებად, აღიარა პარტიაში გარკვეული დაჯგუფებების არსებობა, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთ დეპუტატს დასაყრდენად განიხილავს, პრობლემა ამის საჯაროდ აღიარება და გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობაა. ყველა გადაწყვეტილებაში ვერ იქნება ყველას აზრი გათვალისწინებული, მაგრამ აუცილებელია განხილვაში მეტ-ნაკლებად ჩაერთოს ყველა დაინტერესებული დეპუტატი. ისე უნდა მოხერხდეს, რომ ადამიანი კმაყოფილი დარჩეს იმით, რომ მისი აზრიც მოისმინეს. ასეთ შემთხვევაში პროტესტი აღარ გაუჩნდება. ადამიანს პროტესტი უჩნდება მაშინ, როდესაც მას მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერად მიიჩნევენ და დირექტივებს აძლევენ, რაზეც "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი დაუფარავად ამბობს კიდეც... ამ ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელების პოლიტიკური გამოცდილება, კულტურა, ალღო. ვიმეორებ, ყველას აზრი ვერ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამ აზრის პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"წინა პარლამენტი გავიხსენოთ, სადაც გაცილებით დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასეთი პრობლემები არ გაჩენილა - დავით უსუფაშვილი ახერხებდა ვითარების დაბალანსებას, ის ყველას პატივისცემით ექცეოდა და მის მიმართაც ასეთივე განწყობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ირაკლი კობახიძის მიმართ. აშკარაა, რომ ის გუნდში ავტორიტეტად ვერ ჩამოყალიბდა. სანქციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებაზე ფიქრს, მგონი, სჯობს, ურთიერთობის უმარტივესი ხერხები გამოიყენონ და ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის აზრის მოსმენა დაიწყონ. ეს უფრო მოიტანს შედეგს... სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი იშვიათად ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის გრძნობს ქვეყანაში არსებული პრობლემების სიმწვავეს. შესაბამისად, საზოგადოებაში მისი აღქმა კარგა ხანია უმნიშვნელოა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც მოქმედებენ არა მოსახლეობის, არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით, თუმცა მმართველი გუნდი რეიტინგს მაინც ინარჩუნებს, ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციური ძალები წარსული ცოდვების გამო მასზე უარესად აღიქმება საზოგადოებაში. ოპოზიცია რომ ხედავდეს საზოგადოების პრობლემებს, ამაზე ლაპარაკობდეს, "ქართული ოცნებაც" იძულებული გახდებოდა სწორედ ამ პრობლემატიკისთვის მიეხედა, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება. შედეგად მივიღეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი აუტისტური პოლიტიკური პროცესი, სწორედ ამიტომ ხდება, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩევლის რიცხვი იკლებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძალიანაც არ უნდა, მაგრამ უნდა ჩაერთოს - ეს აუცილებლად მოუწევს, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს გუნდის მთლიანობა. მისი ჩარევა განმუხტავს სიტუაციას, თუმცა თუ მართვის სტილი არ შეიცვალა, სავარაუდოდ, პრობლემები არსად გაქრება და უფრო მძაფრად იჩენს თავს. ივანიშვილს ბოლო ხანს ასეთი პოზიცია უკავია - მე გავედი პოლიტიკიდან და თქვენ მოუარეთ ახლა ქვეყანასო. თუმცა აშკარაა, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღება `ქართულ ოცნებაში~ ძალიან უჭირთ და ისევ ივანიშვილის მითითებას ელოდებიან. ვფიქრობ, ახლაც ასეა. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ივანიშვილი თუ არ ჩაერთო, მაშინ უმრავლესობა შეიძლება მართლაც დაიშალოს", - დასძენს ექსპერტი.

"რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალებული პატიმრის მიერ ჩადენილი საზარელ მკვლელობას, ჩვენში ხშირად ჯოხი ტყდება ხოლმე ერთ პირზე - ახლაც იგივე მოხდა, ლამის პრეზიდენტი გამოიყვანეს დამნაშავე, არადა, სწორედ სისტემაა გასამართი. ვინ და რამდენი ადამიანი იქნება შეწყალების პროცესში ჩართული, ეს სისტემამ უნდა დაარეგულიროს. გადაწყვეტილებას იღებენ ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ ისინი, ძირითადად, ძალიან შორს არიან იმ პრობლემებისგან, რასაც პენიტენციარული სისტემა წარმოშობს. ფსიქოლოგიის მთელი დარგია პენიტენციარული ფსიქოლოგია, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ იმას, როგორ უნდა მოექცე სასჯელმისჯილებს ციხეში, არამედ იმასაც, ვინ უნდა გაათავისუფლო დროზე ადრე და ვინ - არა. ვფიქრობ, არაკომპეტენტურად არის აწყობილი სისტემა და სწორედ ეს უნდა გადაიხედოს. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩემი აზრით, პირველი რეაქცია, რაც ჰქონდა პრეზიდენტს, და გადაწყვეტილება მძიმე დანაშაულში გასამართლებულების შეწყალების დროებით შეჩერების თაობაზე, იყო სრულიად სწორი, სამართლიანი და დეპოლიტიზებული გადაწყვეტილება, რაც საქმის კეთებისკენ უბიძგებს პროცესში ჩართულ პირებს. როგორც ვიცი, ის შეხვდა მინისტრ კახი კახიშვილსაც და დაიწყო შეწყალების კომისიის რეფორმირებაზეც ლაპარაკი", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

"თუმცა განსხვავებულად მოიქცნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებებიც აშკარად შეუსაბამო იყო. ის, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად უტევს პრეზიდენტს, ვიცით. ამჯერადაც ეს მოხდა, ოღონდ აბაშიშვილმა და ჩიხრაძემ თავიანთი კომენტარებით აშკარად გადააჭარბეს. პრეზიდენტს ეს არ სჭირდებოდა. რა შუაში იყო პარლამენტში ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებაზე თითიდან გამოწოვილი ლაპარაკი, რამაც საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. ჩიხრაძემ და აბაშიშვილმა პრეზიდენტს მხოლოდ ცუდი სამსახური გაუწიეს, ისე გამოვიდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" თანამშრომლობის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ვერსიას იზიარებს. ისე გამოიყვანეს, რომ შეწყალების პრობლემა არ არსებობდა და ამას ვინმე იგონებდა, რაც ძალიან არასწორია", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ბოლო დროს ქვეყანაში კრიმინალური ვითარება აშკარად გაუარესდა, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს..." - პასუხობს:

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, სააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ემოქმედა და ის რეპრესიული კანონმდებლობა, რაც არსებობდა, მეტ-ნაკლებად ლოიალური გაეხადა. შეიცვალა ნორმები, რომელთა ნაწილის ისევ გამკაცრების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდა "ქართულ ოცნებასაც". მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს ციხე ჯოჯოხეთად იყო გადაქცეული. ამათ სცადეს ამ სისტემაში ჰუმანურობა დაებრუნებინათ, თუმცა ჰუმანურობასაც აქვს საზღვარი, რომ შემდგომ ბოროტმოქმედებად არ იქცეს. ამდენი ვეღარ გაითვალისწინეს და კრიმინალებმა როგორც კი თავისუფლება იგრძნეს, აქტიურად ამოქმედდნენ. ერთიც არის, ყველა ქვეყანა თავისი ხასიათის, სტერეოტიპების მიხედვით ადგენს კანონებს, ხშირად ამ კანონების სხვისგან გადმოწერა არ ამართლებს. კრიმინალებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება ევროპის რიგ პატარა ქვეყნებში ნამდვილად არის ადამიანის ჰუმანიზაციის საფუძველი, თუმცა აშშ-ში ეს სულაც არ არის გარანტია, რომ მკვლელს ჰუმანურად თუ მოექცევიან, ის მეორედ დანაშაულს არ ჩაიდენს. მოკლედ, ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვარგეთ ჩვენს მენტალიტეტსა და ხასიათს კანონები. ვფიქრობ, კანონის ამა თუ იმ ნორმის შექმნასა თუ შეცვლაში უფრო ფართო სპექტრით უნდა მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები".

"გარდა ამისა, ბოლო წლებში ქართველი კრიმინალები ქვეყნის გარეთ გააქტიურდნენ. ამ რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციები ჩატარდა საფრანგეთსა და საბერძნეთში, სადაც კრიმინალთა დაჯგუფებები დააკავეს. კარგია, რომ ჩვენი სამართალდამცავები ასე კარგად თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ჩვენს მენტალიტეტშიც არის პრობლემა. არანაირი ციხე არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის. ამის შეცვლას, კანონების გამკაცრებასთან ერთად, სჭირდება სწორად დაგეგმილი საგანმანათლებლო პოლიტიკა. მოკლედ, ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც მიდგომაც კომპლექსური სჭირდება, მარტო კანონის ერთი ნორმის გამკაცრება არ უშველის საქმეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. თუ დამნაშავე ადეკვატურად არ ისჯება, ეს დანაშაულს უფრო ახალისებს. კიდევ ერთი პრობლემაა კრიმინალის გაშუქების საკითხი. არ ვიცი, სად უნდა გაევლოს კრიმინალის გაშუქების შეზღუდვასა და სიტყვის თავისუფლებას შორის საზღვარი. ჩვენი საინფორმაციო სივრცე კრიმინალურ ქრონიკად არის გადაქცეული. ასე პედალირებული დანაშაული შეიძლება კრიმინალური მისწრაფების ადამიანისთვის ბიძგის მიმცემად იქცეს. ამას რამენაირად უნდა მოევლოს, ოღონდ ისე, რომ სიტყვის თავისუფლებას არაფერი დაემუქროს. კრიმინალის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ უნდა წახალისდეს თუ არა ეს ინტერესი უფრო მეტად?! ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაზე ცუდ გავლენას რომ ახდენს, ამაზე არაერთი კვლევის შედეგი მეტყველებს. ინფორმაციის გავრცელება არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ასეთი შემთხვევების გაშუქების მასშტაბი ცოტათი მაინც უნდა შემცირდეს", - დაასკვნის ექსპერტი.

უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

"პანკისის ხეობის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ პარასკევს თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეკრებილმა პანკისელებმა განაცხადეს. ისინი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ოჯახისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეების დასჯაა. "ჩვენ ვითხოვდით გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა კი ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებით დაინტერესებას. პრემიერს ვთავაზობთ აქ, ხეობაში ჩამოსვლას. თუ სხვა თემებზე მარტივად ჩამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, დროა ჩვენი მოთხოვნაც გაითვალისწინონ და შეხვედრა ხეობაში შედგეს. ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლანის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, თემირლანს მიენიჭოს უდანაშაულოს სტატუსი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი", - განაცხადა სალაფიტური თემის წარმომადგენელმა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი ხელისუფლებას მისცემენ დროს, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში გადმონაცვლებას და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას აპირებენ", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

"ვერ გეტყვით ამ სიტუაციაში როგორი ფორმატი უნდა იყოს დაცული, ბატონი პრემიერი ჩავა პანკისში თუ პანკისელები ჩამოვლენ აქ. მაგრამ შეხვედრა უნდა შედგეს. პანკისის მოსახლობა ანგარიშგასაწევი ძალაა და ამ ხალხის აზრი მთავრობის პირველმა პირებმა უნდა მოისმინონ. კითხვები აქვთ, რომელზეც პასუხს ითხოვენ და პასუხი, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეთ. ახლანდელი ხელისუფლება წინასგან იმით განსხვავდება, რომ რაც კითხვები არსებობს, პასუხის გაცემა არ ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იურისტი ქეთი ბექაური.

"ჩემი აზრით, ჩასვლა აუცილებელი არ არის. შესაბამისი ზომები თბილისშია მისაღები. რატომ უნდა წავიდეს პრემიერი პანკისში, როდესაც შეუძლია აქ ტელეფონი აიღოს, დარეკოს სადაც საჭიროა და გამოავლინოს ვინმე თუ არის დამნაშავე?! საბოლოოდ უნდა გაირკვეს ეს საქმე - როგორ მოხდა გასროლა, ეს შემთხვევითი იყო, თუ შეგნებულად გაკეთებული; დროებით ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ხალხი გადადგეს, სანამ კვლევა არ ჩატარდება. თუ არიან კონკრეტული შემსრულებლები, ვინც გაისროლა, გამოძების დამთავრებამდე თანამდებობას უნდა ჩამოცილდნენ. ეს ადრე რომ გაკეთებულიყო, პანკისის ხეობის მოსახლება კვირიკაშვილის იქ ჩასვლას არ მოითხოვდა. აუცილებელია პროაქტიური რეაგირება. არ უნდა დაველოდოთ ყოველთვის ურემი რომ გადაბრუნდეს, არამედ გზა უნდა გავმართოთ, რომელზედაც ურემი კი არა, ჩვენი საზოგადოება ასე მძიმედ მოძრაობს", - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია და მის ადამიანობას და ღირსებას იქ ჩასვლით არაფერი დააკლდება. უმჯობესია პანკისში ჩავიდეს და იმ ადამიანებს დაელაპარაკოს, რადგან სერიოზული ტკივილი მიადგათ. იმიტომ კი არა, რომ თემირლანი აბსოლუტურად მართალი იყო, უბრალოდ ის ბავშვი ვიღაცეებმა გააბრიყვეს. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, მათ თემირლანი შემოაკვდათ. ისინი იქ თემირლანის მოსაკლავად ხომ არ იყვნენ, არამედ მის დასაჭერად. ჩვენ ხომ ზუსტად ყველაფერი არ ვიცით, პრემიერ-მინისტრს ჩვენზე ბევრად მეტი ცნობები ექნება. ამიტომ ჩავიდეს და დაელაპარაკოს, ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, ჩვენი ძალიან კარგი თანამოძმეები", - მიიჩნევს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

"ამ ეტაპზე მოთხოვნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, პრემიერ-მინისტრის იქ ჩავიდეს, სწორად და გამართლებულად არ მიმაჩნია. მაგრამ იმ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, მხედველობაში მყავს სუს-ი, შსს და სხვა, შესაძლებელია მათი ჩასვლა. გარკვეული ჯგუფის იქ ჩასვლა და ერთმანეთის აზრების ურთიერთგაზიარება. პრემიერ-მინისტრი იქ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩავიდეს, როდესაც ქვემდებარე სტრუქტურებთან შეხვედრა უშედეგო იქნება. ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია. მის გუნდში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომლებიც გადაწყვეტენ არის თუ არა პრემიერის იქ ჩასვლა საჭირო", - დასძენს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

შეტაკებები ერევანში - დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება

"სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ერევანში საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ნიკოლ პაშინიანს შორის კვირა დილით უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სარგსიანმა ოპოზიცია შანტაჟში დაადანაშაულა და სპეცრაზმმა აქციის ძალისმიერი დარბევა დაიწყო. პოლიციასთან შეტაკებამ მასშტაბური სახე მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, დროებით დააკავეს 300-მდე ადამიანი, 7-მა დემონსტრანტმა კი შეტაკებისას ტრავმები მიიღო. ამ ფონზე სომხური საზოგადოების ნაწილში ხელისუფლებით უკმაყოფილება იზრდება. გუშინ ცნობილმა მსახიობებმა მკრტიჩ არზუმანიანმა და ერნა იუზბაშიანმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ სომხეთის საპატიო არტისტის წოდებაზე. საგანგებო განცხადებით გმოვიდა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი. ვითარების განსამუხტავად და ქუჩის დაპირისპირების პოლიტიკურ დიალოგში გადასაყვანად იგი მზადაა, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შეტაკებები ერევანში: დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება.

"ეს არ არის პოლიტიკური მოწოდება. მოგმართავთ როგორც მშობელი, როგორც მეგობარი და როგორც სომეხი. მე ყველას მოგოწოდებთ, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ, მკაცრად მიჰყვეთ კანონის მოთხოვნებს, არ გამოხვიდეთ სომხეთის მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების ჩარჩოდან, თქვენი ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებიდან, - აცხადებს არმენ სარქისიანი. დააკავეს ოპოზიციონერი დეპუტატი პაშინიანიც, ასევე, კიდევ 2 ოპოზიციონერი დეპუტატი, თუმცა ისინი მალევე გამოუშვეს. დარბევა-დაკავების მიუხედავად, დემონსტრანტები აქციებს არ წყვეტენ და არც სახლში წასვლას გეგმავენ. არის შეძახილები, რომ არ დატოვონ მთავარი ქუჩები და სარგსიანის ულტიმატუმს დაშლის შესახებ არ დაემორჩილონ. საგულისხმოა, რომ კვირა დილით სარგსიანსა და პაშინიანს შორის შეხვედრა შედგა ჟურნალისტების თანდასწრებით, თუმცა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ ორივე მხარის მიერ ულტიმატუმების წაყენებით შემოიფარგლა - ნიკოლ პაშინიანმა სერჟ სარგსიანს აუწყა, რომ აქციის მონაწილეები მის გადადგომას ითხოვენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყდება პროტესტი, სარგსიანმა კი ამ მოთხოვნას შანტაჟი უწოდა. მან პაშინიანს განუცხადა, რომ მას ხალხის სახელით საუბრის უფლება არ აქვს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრებოდა. სარგსიანის თქმით, ის პოსტიდან მას შემდეგ გადადგება, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს, მათ შორის უმთავრესად კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება დაასახელა. სარგსიანმა შეხვედრა დემონსტრაციულად, უკომენტაროდ მალევე დატოვა, ხოლო პაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ხალხის ხელში გადავიდა და სომხეთის მთავრობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებას აპროტესტებდნენ. პროტესტის მიუხედავად, იგი პრემიერად 17 აპრილს მაინც აირჩიეს და აქციებიც ამის შემდეგ უფრო გამწვავდა. როგორც დემონსტრანტები ამბობენ, არჩევნებამდე სარგსიანმა თავად დადო პირობა, რომ ის არც ერთ თანამდებობაზე არ იქნებოდა, თუმცა მოიტყუა, ამიტომაც ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს. აქციები იმართება ერევნის მთავარ მოედნებსა და ქუჩებზე, პოლიცია ყოველდღიურად აკავებს დემონსტრანტებს, დიდი ძალისმიერი დარბევა კი კვირა დილით, სარგსიან-პაშინიანის შეხვედრის შემდეგ დაიწყო. სომხეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციას დემონსტრაციის დაშლისა და ძალის გამოყენების კანონიერი უფლება აქვს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მოთხოვნას. სამართალდამცველები კი ამბობენ, რომ ისინი დემონსტრანტებს არ აკავებენ, მხოლოდ აქციის ადგილიდან გაჰყავთ, რათა "აქტივისტების უკანონო შეკრება შეწყდეს" და სწორედ გაყვანის მიზნით დროებით დააკავეს პაშინიანი და რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან", - დასძენს გამოცემა.

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, "ხავერდოვანი რევოლუცია" თუ სომხური მაიდანი ვერ შედგა და ამის მთავარი მიზეზი ოპოზიციის სხვა ლიდერების პასიურობაა - "ამაზე დიდი გამოსვლები იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ლევონ ტერ-პეტროსიანმა გამოიყვანა ხალხი და მაშინ 10 კაცი დაიღუპა. პაშინიანი ტერ-პეტროსიანის პრესსამსახურის უფროსი იყო, ციხეშიც იჯდა პოლიტიკის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოსვლებით გამოჩნდა, საზოგადოება მზადყოფნა სარგსიანის ხანგრძლივი ხელმძღვანელობისგან გათავისუფლდეს და გზა სხვა ძალას გაუხსნას, ეს დღეს მაინც ვერ მოხდა", - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით, მთელი სომხეთი უკმაყოფილოა სარგსიანით, ფაქტობრივად, ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალა და ე.წ. ყარაბაღის კლანის კორუფციული მმართველობით უკმაყოფილო ბევრია", - წერს სტატიის ავტორი.

"სარგსიანი და მისი "რესპუბლიკური პარტია" სომხეთის ხელისუფლებაში 1998 წლიდანაა და თანაც სამთავრობო გადატრიალების შედეგად. ეს არის ე.წ. ყარაბაღის კლანი და მათი დამარცხება ახლა შესაძლებელი გახდებოდა, თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი აქციებს შეუერთებოდა, მაგრამ პაშინიანი მარტო დარჩა, ამიტომაც ეს აქციები შედეგს ვერ მოიტანს... რუსეთი, რომელიც მთელ სომხურ ეკონომიკას, პოლიტიკასა და სამხედრო სფეროს აკონტროლებს სარგსიანის მომხრეა. მოსკოვს უკვე მიჩვეული სარგსიანის ხელისუფლება ბევრად აძლევს ხელს, ვიდრე ვინმე ახლის მოსვლა. თუკი რუსეთი დაინახავდა, რომ დიდი ეროვნული დაუმორჩილებლობა დაიწყებოდა, შესაძლებელია დამდგარიყო კიდეც ოპოზიციის მხარეს. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სწორედ შიდა დიდი მუხტის აწევა", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"წარუკიანის" პარტია, რომელიც ოლიგარქიული პოლიტიკური წარმონაქმნია, მზად იყო, პაშინიანისთვის დაეჭირა მხარი, მაგრამ ოპოზიციის საერთო კონსენსუსი არ შედგა. "წარუკიანი" და "დაშნაკ ცუტიუნი" რომ შეერთებოდნენ პაშინიანის პარტია "ელკს" ამ აქციებში, სარგსიანის გადაყენება შესაძლებელი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციებს დასავლეთიც ვერ დაეხმარებოდა, რუსეთი ამის საშუალებას არ მისცემდა - სანამ არსებობს მთიანი ყარაბაღის პრობლემა, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ეკონომიკური სანქციების პრობლემა, რუსეთმა იცის, რომ სომხეთი რუსული მარწუხებისგან ვერ გათავისუფლდება და ნებისმიერი პოლიტიკოსი იძულებული იქნება, რუსული პარტია ითამაშოს. ამიტომაც, ვინ იქნება მმართველი, კრემლისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია", - დაასკვნის მაისაია.