ქართული პრესის მიმოხილვა 26.04.2018
სომხეთში ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა - რევოლუცია გრძელდება"ახალი" თუ "ძველი" "მეოცნებეები" პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატის გაყვანაზე იბრძვიან"ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატად, ის არჩევნებს მაინც მოიგებს?
* * *
სომხეთში ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა - რევოლუცია გრძელდება
"ერევანში დაუმორჩილებლობის აქცია გრძელდება. ოპოზიციურმა ფრაქცია "ელქმა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აქციის მთავარი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ოფიციალურად დაასახელა. პარალელურად სომხეთში მმართველი კოალიცია დაიშალა - პარტია "დაშნაკცუტუნმა", რომელსაც სომხეთის პარლამენტში 7 წევრი ჰყავს, კოალიციის დატოვების შესახებ განაცხადა. დემონსტრანტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პრემიერად პაშინიანის არჩევას ითხოვენ. ნიკოლ პაშინიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევას 53 ხმა სჭირდება. მისი ფრაქცია აცხადებს, რომ ამჟამად, "დაშნაკცუტუნის" გადაწყვეტილების შემდეგ, მათ 47 გარანტირებული ხმა ექნებათ. ასევე იმედი აქვთ, რომ მმართველი "რესპუბლიკური პარტიიდანაც" შეეცდებიან ხმების მოგროვებას. ცნობისათვის, სომხეთის პარლამენტში 105 დეპუტატია. ამათგან უმრავლესობა - 58 დეპუტატი ჰყავს "რესპუბლიკურ პარტიას", "დაშნაკცუტუნს" - 7, ნიკოლ პაშინიანის ფრაქცია "ელქს" - 9, ხოლო 31 ადგილი აქვს "წარუკიანის ბლოკს" და ამიტომაც პაშინიანი მხოლოდ ოპოზიციის ხმებით გამარჯვებას ვერ მოიპოვებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სომხეთში ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა - რევოლუცია გრძელდება.
"გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანის გადადგომის შესახებ, რაც მთავრობის კანცელარიაში არ დაადასტურეს. "რესპუბლიკური პარტიის" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი ვაჰრამ ბაღდასარიანი აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენენ. "ჩვენ გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ჩვენი ფრაქცია ერთიანია და საკუთარი კანდიდატი გვეყოლება", - აღნიშნავს ბაღდასარიანი. ერევნის ცენტრში დაუმორჩილებლობის მასშტაბური აქცია გუშინ ისევ განახლდა, მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკება გადადო. დემონსტრანტებმა ერევნის ცენტრალური ქუჩების შემდეგ ცოტა ხნის წინ აეროპორტის გზა და საქართველოსა და ირანისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს. ქუჩაში გამოსული ხალხი ბევრია, მაგრამ მღელვარება ნაკლებია, რადგან პოლიცია მათ ხელს არ უშლის, ძალას არ იყენებს და არც არავის აპატიმრებს. აქციები გაიმართა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც. პროტესტის განახლების გამო ერევანში რუსეთის საელჩომ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აქციების ორგანიზატორი პაშინიანი აპირებს, შეხვდეს რუსეთის ელჩს სომხეთში. იგი უკვე შეხვდა ევროკავშირის ელჩს და ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრასაც გეგმავს", - აღნიშნავს გამოცემა.
"დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მათი მოთხოვნაა, ხელისუფლებას მთლიანად ჩამოშორდეს "რესპუბლიკური პარტია" და სერჟ სარგსიანის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებელიც გადადგეს. პოლიციის გაძლიერებული შენაერთი იცავს მმართველი ძალის, "რესპუბლიკური პარტიის", ცენტრალურ ოფისს. ის მავთულხლართითაა გარშემორტყმული, იქვე დგას პოლიციის ჯავშანმანქანაც. გუშინ აქციას ჯერ მმართველი ძალის წარმომადგენელი, სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეუერთდა, შემდეგ - რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ბოლოს - ხელისუფლების კოალიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა "დაშნაკცუტუნიც". "მხედველობაში ვიღებთ არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ჩვენ ვტოვებთ პოლიტიკურ კოალიციას. ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრად ის კანდიდატი უნდა აირჩიოს, ვისაც ხალხი ენდობა", - განაცხადეს პარტიაში", - განაგრძობს გამოცემა.
"11-დღიანი აქციები სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა, თუმცა, როგორც პაშინიანი აცხადებს, მმართველმა პარტიამ სარგსიანის გადადგომის ფასად ხელისუფლებაში დარჩენა გადაწყვიტა, სწორედ ამიტომ საპროტესტო აქციები გრძელდება ხელისუფლების სრული ცვლილების მოთხოვნით. პაშინიანის თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ პრემიერობიდან გადამდგარმა სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს. "ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს - "რესპუბლიკური პარტიის" დაუყოვნებლივი კაპიტულაცია, ყოველგვარი პირობის გარეშე. "რესპუბლიკურო პარტიავ", წადი!" - განაცხადა პაშინიანმა სომხეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო მსვლელობისას. მანამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. თუმცა "რესპუბლიკური პარტიის" მიერ ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ გამოდიან მომიტინგეები და აქციის ლიდერი პაშინიანი. ოპოზიციონერი დეპუტატი "რესპუბლიკური პარტიის" მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მოსახლეობას ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებისკენ, ტოტალური დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდებს", - დასძენს გამოცემა.
"მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატის არჩევის წინააღმდეგია კარენ კარაპეტიანი. "რას ნიშნავს ხალხის კანდიდატი, ამიხსენით. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ხალხის კანდიდატს ასე მოედნებზე ირჩევენ. ამისთვის არსებობს არჩევნები. ვთავაზობთ, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუ ისინი გაიმარჯებენ, მაშინ დიახ. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ სუბიექტურად", - ამბობს კარაპეტიანი. სარგსიანის გადადგომის შემდეგ ახალი პრემიერის არჩევა უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს და ჯერ ისევ გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში", წერს სტატიის ავტორი.
"ახალი" თუ "ძველი" "მეოცნებეები" პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატის გაყვანაზე იბრძვიან
"ქართული ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის და ახლა დიდი შიდა ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, "ახლები" შეძლებენ საკუთარი ფავორიტი კანდიდატის გაყვანს, თუ "ძველები" და ამით გაირკვევა ისიც, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილის კარზე, რადგან კანდიდატურაზე საბოლოო ვერდიქტი სწორედ ექსპრემიერმა უნდა გამოიტანოს. მოლოდინია, რომ სავარაუდო კანდიდატების განხილვა-შეფასება დაიწყება უმრავლესობის სხდომაზე, რომლის ჩატარებას დიდი ხანია მოუთმენლად ელიან "ოცნების" დეპუტატები. ამ შეკრებაზე კანდიდატების საკითხის გარდა გუნდის შიგნით არსებული დიდი დაპირისპირებაც უნდა განიხილონ, თანაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ახალ და ძველ სახეებს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთ-ლანძღვა-გინების მიზეზი სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატზე დაწყებული დაპირისპირებაა. ბოლო დღეებია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატების ორი სავარაუდო გვარი განიხილება - უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ახალი" თუ "ძველი" "მეოცნებეები" პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატის გაყვანაზე იბრძვიან / ამით გაირკვევა ისიც, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილის კარზე.
"პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ ბახტაძე უშუალოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია და დიდია ალბათობაა, დაპირისპირებულ მხარეებს სწორედ მისი ფავორიტი შესთავაზოს და ამით არც ერთი ჯგუფუს გაძლიერება არ დაუშვას. ასევე ითქვა, რომ ივანიშვილმა კანდიდატობა შესთავაზა პოეტ დავით მაღრაძესაც, მაგრამ მისგან უარი მიიღო. რაც შეეხება თალაკვაძეს, ის ე.წ. ახალი სახეების ჯგუფის და თბილისის მერის, კახა კალაძის ფავორიტია. მის წინააღმდეგ გამოდიან "ოცნების" ძველი სახეები. საუბარია იმაზე, რომ სწორედ მისი კანდიდატურა გახდა "ოცნების" მწვავე შიდა დაპირისპირების მთავარი მიზეზიც. "ძველებს" კანდიდატად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სურთ, თუმცა მათ პრობლემა აქვთ, რადგან კვირიკაშვილი თავად უარზეა და ახლა ძველი სახეები, ერთის მხრივ, კვირიკაშვილის როგორმე დაყოლიებისთვის იბრძვიან, მეორეს მხრივ კი სხვა სავარაუდო შემცვლელს ეძებენ, რომ "ახლების" ფავორიტის დასახელება არ მოხდეს და ამით მათი გავლენა არ გაიზარდოს. ამ შიდა დაპირისპირებამდე მედიაში ითქვა, რომ "ოცნებაში" განიხილებოდა ქალი კანდიდატების შერჩევაც, როგორც მომგებიანი პოლიტიკური აქტი. კერძოდ საუბარი იყო ორ პიროვნებაზე - თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილზე. თუმცა ზურაბიშვილის დასახელება "ოცნებაში" ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ის პარტიის წევრი არ არის, ხოლო წულუკიანი, მისი სიხისტის გამო, ბევრმა მიიჩნია, რომ ის პრეზიდენტის, როგორც დამაბალანსებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს ვერ შეითავსებდა. თანაც, არც ერთი ეს ფიგურა არც ერთი ჯგუფის ფავორიტად არ მიიჩნეოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტობის კანდიდატების პარალელურად "ქართულ ოცნებაში" პრემიერ-მინისტრის შემცვლელზეც არის საუბარი. ითქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრად ახლად დანიშნული მაია ცქიტიშვილიც განიხილება. მომავალ პრემიერად ასევე მოიაზრებენ შს მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს, თუ, რა თქმა უნდა, ბახტაძე პრეზიდენტის კანდიდატად არ დასახელდება. სამივე ეს ფიგურა ექსპრემიერ ივანიშვილის უშუალო კადრად მიიჩნევა. მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის გამო დაწყებულ დიდ დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბრობს კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ანი მიროტაძე. ის ამბობს, რომ ინფორმაცია "ოცნების" ამჟამინდელი წევრებისგან აქვს და "ახლებისა" და "ძველი" სახეების ჯგუფები საკუთარი ფავორიტების ლობირებისთვის იბრძვიან. პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი თავადაც აქვს დაწყებული", განაგრძობს გამოცემა.
"კონკრეტულად რომელი გვარი იქნება, ამაზე არ არის საქმე, არამედ საუბარია იმაზე, რომელი გუნდის წარმომადგენელი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, ე.წ. ახლების თუ ე.წ. ძველების. დაპირისპირების ძირითადი საფუძველი არის ეს", - ამბობს მიროტაძე. მისივე თქმით, საბოლოოდ კანდიდატად ვინმეს დასახელებას როცა გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, უმთავრესი გარანტია უნდა იყოს ის, რომ მას "არ მოუშალოს ნერვები", განსხვავებით გიორგი მარგველაშვილისგან. თავად "ქართულ ოცნებაში" არ ადასტურებენ დასახელებული კანდიდატების განხილვას და არც იმას, რომ კანდიდატების გამო არსებობს შიდა დაპირისპირება. არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ მისი კანდიდატურაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა და ინფორმაცია ტყუილია. გიორგი კვირიკაშვილმა ერთი თვის წინ თქვა, რომ ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ აპირებს. დავით მაღრაძემაც უარყო, რომ შეთავაზება ჰქონდა. მამუკა ბახტაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დიდი ალბათობით არც ის დაადასტურებს ამ საკითხზე კონსულტაციებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად ამბობს, რომ "ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს აგვისტომდე არ დაასახელებს და ამიტომ სიჩქარე არ სჭირდებათ", - წერს სტატიის ავტორი.
"კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე", - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ვინც არ უნდა დაასახელოს "ოცნებამ" კანდიდატად, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. "რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში", - დასძენს პარლამენტის სპიკერი. გარდა ამისა, კობახიძემ ილაპარაკა უმრავლესობის სხდომის გამართვაზეც. თქვა, რომ შეხვედრის თარიღი შესაძლოა ხვალ, ხუთშაბათს გახდეს ცნობილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია კონსულტაციები, რის შემდეგაც უმრავლესობის შეხვედრა ჩაინიშნება და ამ სხდომაზე განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის როგორც შიდა დაპირისპირების თემა, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხიც", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატად, ის არჩევნებს მაინც მოიგებს?
"ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის - "კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ვინც არ უნდა დაასახელოს "ოცნებამ" კანდიდატად, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. "რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატად, ის არჩევნებს მაინც მოიგებს?
"რეალობიდან გამომდინარე, ამაში არის მარცვალი სიმართლისა, მაგრამ ფორმა ზედმეტად სინთეზირებულია. შესაძლოა, გამოთქვა სურვილი, რწმენა იმისა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ "ალბათ"-ის გარეშე ამის მტკიცება ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. გამოდის, ჩვენ საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია და რასაც მმართველი პარტია გვეტყვის, ისე უნდა მოხდეს. ფორმას გააჩნია, მას რომ ეთქვა, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ისეთ კანდიდატს წარადგენს, მოსახლეობის უმრავლესობა მას აუცილებლად აირჩევსო, შესაძლოა, დავთანხმებოდი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მომღერალი ირმა სოხაძე.
"რა თქმა უნდა, მოიგებენ, რესურსი მაგათია. ხალხი გაანადგურეს, ღირსება დააკარგვინეს, რასაც შეუკვეთავენ, იმას მიიღებენ. თავდაჯერება ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ამის საფუძველიც არსებობს - მთელი რესურსი მაგათია. ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანეს, ხალხი მონად აქციეს. მათ სწორედ ღირსებადაკარგული ხალხის იმედი აქვთ", - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე.
"მსგავსი განცხადება ნაადრევია. ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ ამის წინასწარ განცხადება უპატივცემულობაა პოლიტიკური კოლეგების მიმართ", - ამბობს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
"ვფიქრობ, ასეთი თავდაჯერებული არ უნდა იყოს იმ პარტიის წარმომადგენელი და იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც, პრაქტიკულად, არაფერი შეასრულა. მეექვსე წელია, "ქართული ოცნება" ქვეყანას მართავს და არა მგონია, ხალხი კმაყოფილი იყოს. ჩემი აზრით, ამ თავდაჯერებას არანაირი საფუძველი არ აქვს. იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს ეს პარტია, თუ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი უკეთ გამოხატავს ხალხის ინტერესებს, მაგრამ არა მგონია, "ქართულ ოცნებას" ასეთი კანდიდატი ჰყავდეს", - დასძენს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

























