სოსო ცისკარიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ თანაპარტიელთა აღვირახსნილი შოუ ვნებს არა მხოლოდ ზეაქტიურ პარლამენტარებს, არამედ თავად ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სულ ახლახანს ჯერ Freedom House-ის ანგარიში იყო საკმაოდ კრიტიკული შეფასებები, შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება. ორივეში შეფასებებში საუბარი ნამდვილად იყო სასიკეთო ტენდენციებზეც, მაგრამ მათზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქცია და შეფასებებიც აშკარად განსხვავებული რომ იყო, ფაქტია. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თავის საქმიანობაში ნაკლს ვერ ხედავს, ოპოზიცია კი თვლის, რომ იგი მუდამ მართალია და მხოლოდ ქვეყნის ნაკლოვანებებს ამჩნევს. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე Freedom House-ისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებმა?

- მას შემდეგ, რაც საქართველომ ფრთები გაშალა და დედამიწის ერთ მეექვსედ საბჭოთა სივრცეს გასცდა, ჩვენთვის უცხო ხილი აღარ არის ჩვენდამი კეთილგანწყობილი, წარმატებული პარტნიორებისგან მსგავსი ობიექტური შეფასებებიც, შენიშვნებიც.

დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ მმართველ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნდა და არც ამჟამად გააჩნია საჯარო თვითკრიტიკის უნარი. ასეთი თვითკმაყოფილების სინდრომი კი, როგორც წესი, აჩენს საზოგადოების მრავალწლიან უნდობლობას ხელისუფლების მიმართ

ჩვენთვის არც ის არის სიახლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ მმართველ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნდა და არც ამჟამად გააჩნია საჯარო თვითკრიტიკის უნარი. ასეთი თვითკმაყოფილების სინდრომი კი, როგორც წესი, აჩენს საზოგადოების მრავალწლიან უნდობლობას ხელისუფლების მიმართ.

ამჟამადაც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში წარმოდგენილი ჩვენთვის შერჩეული სხვადასხვა შეფასება კი საამური მოსასმენიც არის, ხოლო ზოგი სხვა შეფასება იწვევს თავის ტკივილს საკუთარი უუნარობით... ამჟამად, საქართველოს მთავრობამ დროულად განაცხადა მზაობა, რომ იგი უსათუოდ გაითვალისწინებს ამ დოკუმენტში არსებულ რჩევებს.

რაც შეეხება Freedom House-ის ანგარიშს, მასში სჭარბობს ჩვენთან არსებული რეალობის ობიექტური ხედვა, მაგრამ ამ ანგარიშის არცთუ მცირე ნაწილი, ნამდვილად იწვევს არგუმენტირებული კამათის სურვილს, თუნდაც მათი ინფორმაციის წყაროების შესახებ...

- რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - „ილუზიებში არ ვართ, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშეა“. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ბრძანა - „რუსეთის რევანშისტული პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის“. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ადეკვატურ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ გრძნობს თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- ვერ დავიჯერებ, რომ უმაღლესი თანამდებობების მქონე პირებს სამშობლოსთვის მთავარ საფრთხედ ფაროსანას არმიების შემოსევა მიაჩნდეს. დაბეჯითებით მიმაჩნია, რომ როგორც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უპირველეს ყოვლისა, სწორედ ერთი და იმავე უმთავრეს გამოწვევაზე მიგვითითებენ, რასაც ჰქვია „რუსეთის რევანშისტული პოლიტიკა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის“.

ის, რომ „ფეისბუკსა“ და მობილურ ტელეფონებში ჩაძირული ჩვენი „ულტრაცნობისმოყვარე“ საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული ქვეყნის საიდუმლო საქმიანობის დეტალებზე, მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციის წარმატებაზე მიგვანიშნებს

ის, რომ „ფეისბუკსა“ და მობილურ ტელეფონებში ჩაძირული ჩვენი „ულტრაცნობისმოყვარე“ საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული ქვეყნის საიდუმლო საქმიანობის დეტალებზე, მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციის წარმატებაზე მიგვანიშნებს.

- „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ ბევრი კი ითქვა, მაგრამ თემა აქტუალობას არ კარგავს. მას შემდეგ რაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არ უნდა იქნას დავიწყებული იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ, გაურკვეველი დარჩა მმართველ გუნდში უთანხმოება უფრო პიროვნულ ხასიათს ატარებს თუ პოლიტიკურს. არადა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებს აშკარად განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე მეექვსე წელია, რჩება შთაბეჭდილება, რომ გაუგებარია, თუ ვინაა მმართველი გუნდის ლიდერშიფი. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს უკავშირდება?

- თავი და თავი ამ გაუგებრობისა ის გახლავთ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართული ოცნება“ არ არის შესაბამისად გამიჯნული განსხვავებული ფუნქციების რეალიზაციისთვის. სახეზეა სრული პარტიული კოლაფსი.

დროა პოლიტიკური კულისებიდან სცენაზე გადაინაცვლოს „ქართული ოცნების“ მამა-მარჩენალმა, რომელმაც მარტივად შეძლო ევროპული დემოკრატიის ნაცვლად ქვეყანაში იმერული ბიძინოკრატია დაემკვიდრებინა

პარტია „ქართულ ოცნებაში“ არსებული ქაოსი და მოშლილი პარტიული დისციპლინა ხშირად იჩენს თავს პარლამენტის დარბაზებში. „ქართულ ოცნებაში“ თანაპარტიელთა მრავალი აღვირახსნილი შოუ ვნებს არა მხოლოდ ზეაქტიურ პარლამენტარებს, არამედ თავად ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტს.

დროა, პოლიტიკური კულისებიდან სცენაზე გადაინაცვლოს „ქართული ოცნების“ მამა-მარჩენალმა, რომელმაც მარტივად შეძლო ევროპული დემოკრატიის ნაცვლად ქვეყანაში დაემკვიდრებინა იმერული ბიძინოკრატია

- საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე სულ უფრო აქტუალურია თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის“ საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. მედიაში გამოითქმის ვარაუდები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ან პრემიერი კვირიკაშვილი ან სპიკერი ირაკლი კობახიძე იქნება. ამ ვარაუდებს ისიც ამყარებს, რომ გახშირდა საუბრები ბახტაძის ანაც გახარიას სავარაუდო გაპრემიერებაზე. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ ვინ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?

- არ არის საჭირო იყო ვანგა, რომ ზუსტად გამოიცნო ვინ წარმოადგენს “ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც წინმსწრებად ექნება დადებული ფიცი ქვეყნის კადრებთუხუცესის წინაშე, რათა არასოდეს გაივლოს აზრი, რომ განლაგდეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში და ბედნიერად ჩათვლიდა საკუთარ თავს თუ იგი გრიგოლ ორბელიანის სახლში მაინც დაიდებდა ბინას...

დემოკრატიულ საქართველოში დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა გიორგი მარგველაშვილის, დავით უსუფაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, სალომე ზურაბიშვილის აქტიურობით. როგორი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები ბიძინაკრატიის საქართველოში, ამას მხოლოდ შემოდგომაზე გავიგებთ

დემოკრატიულ საქართველოში დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა გიორგი მარგველაშვილის, დავით უსუფაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, სალომე ზურაბიშვილის აქტიურობით. როგორი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები ბიძინაკრატიის საქართველოში, ამას მხოლოდ შემოდგომაზე გავიგებთ,

- იმ ფონზე, თუ რა განწყობები არსებობს და დამოკიდებულებებია ჩამოყალიბებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს შორის, საუბარები იმაზე, რომ შესაძლოა, ოპოზიციას ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეს, არარეალისტურად გამოიყურება. მოძრაობა „შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ამ თემაზე საზოგადობასა და მთელ პოლიტიკურ სპექტრს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაზე მსჯელობა შესთავაზა იმაზე, თუ როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას - „ქართული ოცნების“ გამმაგრებელი, არსებული ხელისუფლების მიმართ რევანშისტულად განწყობილი, თუ ხელისუფლების შტოებს შორის დამბალანსებელი. თქვენი აზრით, დღევანდელ ვითარებაში საქართველოს უფრო როგორი პრეზიდენტი სჭირდება - „ქართული ოცნების“ გამმაგრებელი, ხელისუფლების მიმართ რევანშისტულად განწყობილი თუ ხელისუფლების შტოებს შორის დამბალანსებელი?

- სამწუხაროდ, ჯერ შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ, რომ დავით უსუფაშვილის გონის და იდეების დამფასებელნი საქართველოშიც გამრავლებულიყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა“... ჯერჯერობით, კი მისი დამფასებლები ცივილიზებულ სივრცეში სჭარბობენ...

- ამ დღეებში ვანისა და ხონის რაიონებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ზოგმა მას ბოიკოტიც კი გამოუცხადა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხონსა და ვანში დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ იგი თავის კონკურენტს, მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატს, იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს დაამარცხებს.

ვანი-ხონის არჩევნების შედეგები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე იქნება არჩევნების დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე ქალბატონი, რომელსაც საჩივრების იგნორირებისა და სამართლიანობის მიჭირხვნის დიდი გამოცდილება გააჩნია

თქვენ როგორ შეაფასებდით მოახლოებულ არჩევნებში ქართული ოცნებისა“ და ევროპული საქართველოს შანსებს?

- ვანში და ხონში ამომრჩევლებს საკუთარი ხმის მიცემისთვის დიდი დრო არ დასჭირდებათ, რადგან კანდიდატები დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკოსები არიან და მათგან ერთის ამორჩევა იოლია..

ვანი-ხონის არჩევნების შედეგები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე იქნება არჩევნების დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე ქალბატონი, რომელსაც საჩივრების იგნორირებისა და სამართლიანობის მიჭირხვნის დიდი გამოცდილება გააჩნია.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა