ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2018

ივანიშვილი საკადრო წმენდას "ოცნების" პოლიტსაბჭოდან იწყებსროგორ აფასებთ ივანიშვილის ოფიციალურ დაბრუნებს პოლიტიკაში? ***

ივანიშვილი საკადრო წმენდას "ოცნების" პოლიტსაბჭოდან იწყებს

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა - ის "ქართული ოცნების" მართვას კულისების ნაცვლად უკვე პარტიის თავმჯდომარის სტატუსით გააგრძელებს. როგორც პოლიტოლოგები და ოპონენტები აცხადებენ, ივანიშვილმა ამით აღიარა, რომ სიტუაცია კრიტიკულია და მისი პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა არის "ოცნების" ბოლო და მთავარი კოზირი, რომ პარტიის შიდა დაპირისპირებისა და ხელისუფლების უუნარობის გამო იმედგაცრუებული მხარდამჭერები როგორმე შეინარჩუნონ. უკვე დაანონსდა პარტიის პოლიტსაბჭოს შეცვლა. ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტიული თანამდებობები კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემაც დატოვონ, თუმცა ამას თავად ადრესატები კატეგორიულად გამორიცხავენ. "ოცნების" ლიდერებმა გამორიცხეს სამთავრობო კაბინეტის შეცვლაც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ივანიშვილი საკადრო წმენდას "ოცნების" პოლიტსაბჭოდან იწყებს.

"რა ხდება "ოცნებაში" და რამდენად კრიტიკულია სიტუაცია, რადგან ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ ყოველთვის საჯაროდ ამბობდა, რომ "რაღაც უბედურება თუ მოხდება" და "სიტუაცია თუ ცუდად დატრიალდება", მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდებოდა იძულებული, ისევ დაბრუნებულიყო. "განმიცხადებია ხშირად და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც... ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს პოლიტიკური... რაღაც უბედურება თუ მოხდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. მე ვერ ვხედავ დღეს ამის ნიშნებს. მე ვერ ვხედავ დღეს, საბედნიეროდ, ამის ნიშნებს," - აცხადებდა ივანიშვილი სამი წლის წინ. ოპოზიცია ამბობს, რომ, როგორც ჩანს, "უბედურება მოხდა" და ამიტომ ივანიშვილი კულისებიდან გამოვიდა. "ოცნებაში" ამგვარ დრამატიზმს ყველა კატეგორიულად უარყოფს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ცვლილებები საჭიროა და იქნება კიდეც“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ივანიშვილის "დაბრუნებით" ყველაზე მეტად გახარებული ე.წ. ძველების ჯგუფის დეპუტატები არიან და ელიან, რომ ცვლილებები იქნება არა მხოლოდ პოლიტსაბჭოში, არამედ საპარლამენტო თანამდებობებზეც. ახალი სახეების ჯგუფის დეპუტატები ცვლილებებს კატეგორიულად გამორიცხავენ პარლამენტშიც და მთავრობის კაბინეტშიც, თუმცა იმას აღიარებენ, რომ პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნება ცვლილებებს მოასწავებს. გუშინ "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრის შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება. მისი თქმით, უახლოეს დღეებში "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, შემდეგ - ყრილობა და ივანიშვილს კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, პარტიის სათავეში მისი დაბრუნება კი პოზიტიურად აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი გუნდისთვის და პირადად მისთვისაც."მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩასდგომოდა პარტიას და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა ამასთან დაკავშირებით," - აღნიშნა კვირიკაშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ოცნების" წევრების გუშინდელი განცხადებების მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ივანიშვილის დაბრუნება პარტიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. პარლამენტის თავმჯდომარემ და "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას. კონკრეტულად რა რეფორმებია მოსალოდნელი, არ დაუკონკრეტებია. თქვა მხოლოდ ის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების ცვლილება მოსალოდნელი არ არის, პარტიაში ცვლილებები კი არ გამორიცხა. სამთავრობო ცვლილებები გამორიცხა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც. კალაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი, შესაძლოა, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს და აღნიშნა, რომ ექსპრემიერი მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბრუნდება. მისივე თქმით, ასევე, გამორიცხულია პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან გადააყენონ ირაკლი კობახიძე. ძველი სახეების განცხადებების მიხედვით კი, "ქართულმა ოცნებამ" ბუნებრივი სახე დაიბრუნა. როგორც დავით ჭიჭინაძემ თქვა, პარტიაში პრობლემა იმის გამო წარმოიშვა, რომ ე.წ. ახლები პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებების რევიზიას ახდენდნენ, ივანიშვილის თავმჯდომარეობისას კი ამას ვერავინ გაბედავს. მოხდება თუ არა ცვლილებები პარტიულ თანამდებობებზე, ეს პარტიის ყრილობაზე გამოჩნდება. ყრილობა მაისის დასაწყისში უნდა ჩატარდეს და უკვე დაანონსებულია, რომ ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევენ“, - დასძენს გამოცემა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დაბრუნების მიზეზი მმართველ პარტიაში არსებული დიდი შიდა დაპირისპირება გახდა, რომლის მოგვარებაც კულისებიდან გართულდა. "ჩვენ გვაქვს მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი. ინსტიტუციური წესრიგი სრულიად მორღვეულია, გადაწყვეტილების ფორმირების, მიღებისა და შემდგომ მისი იმპლემენტაციის სისტემა აბსოლუტურად გაუგებარია და საბოლოოდ ეს პოლიტიკური ქაოსი ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი რისკების შემცველია."შიდა დაპირისპირება არ იქნებოდა არანაირი პრობლემა, საქმე მმართველ პარტიას რომ არ ეხებოდეს, რომელსაც ქვეყანა აბარია. აქ სახელმწიფოებრივი რისკები იყო გაზრდილი და ეს იყო პრობლემა," - ამბობს ხუხაშვილი. გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მუდმივად ხდებოდა აპელირება ჩრდილოვან მმართველობაზე, რაც, ბუნებრივია, ქვეყანას ინსტიტუციურად აზიანებდა, რადგან ამით ხელისუფლება სარგებლობდა, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებდა და ყველაფერი ივანიშვილის ბრალდებოდა. "მორღვეული ინსტიტუციური წესრიგი ხრავდა სახელმწიფოებრიობას და ეჭვქვეშ აყენებდა ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას. მიზეზები კომპლექსურია, რის გამოც დაბრუნდა ივანიშვილი," - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"პოლიტოლოგი თანამდებობებზე მცირე ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ივანიშვილი პრემიერის ან პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ივანიშვილს დაბრუნება რამდენიმე პრობლემამ აიძულა. ერთი, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში ვითარება თანდათან იძაბება და პროცესების ცუდი მიმართულებით წასვლის ალბათობა მაღალია. გარდა ამისა, როგორც იგი ამბობს, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, არც "ოცნების" სახეებს გააჩნიათ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი, ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ ივანიშვილს შემორჩა ძველი პოლიტიკური რესურსი და როგორც ჩანს, ამ ფაქტორებმა აიძულეს ის, პოლიტიკურ მზის სინათლეზე გამოსულიყო. ძაბირაძის თქმით, საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა ძალიან რთული ვითარებაა და ერთჯერადი წმენდა, მხოლოდ საკადრო ცვლილებები არაფრის მომტანი არ არის. ფიგურების გადაადგილება ივანიშვილს კულისებიდანაც შეეძლო და ამას ადრეც აკეთებდა. "ოცნებამ" სრულიად ახალი მიდგომა უნდა შეიმუშაოს, ვგულისხმობ პოლიტიკას და არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას, ან რომელიმე დარგში ინვესტიციების ჩადებას. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დაბრუნებამ რაღაც იმედი ქართულ საზოგადოებაში ისევ გააღვიძა და ამ იმედს გამოკვება უნდა. ბევრი საქმეა საკეთებელი და პარტიის თავმჯდომარის სავარძლიდან ეს არ კეთდება, ის პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს," - მიიჩნევს ძაბირაძე. მისი თქმით, თუკი ივანიშვილის დაბრუნება მხოლოდ გარეგნული ცვლილებაა იმისთვის, რომ ამომრჩეველი არ დაკარგოს, მაშინ ის არა მარტო დაკარგავს ამ ხალხს, არამედ - დაიპირისპირებს. "ქართული ოცნების" ბოლო კოზირი იყო ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს ივანიშვილისთვისაც ბოლო შანსია. პოლიტიკაში არ ხდება ასე - მინდა და დავბრუნდი. მგონი, მან გაიაზრა, რომ ქვეყანაში საქმე კარგად ვერ მიდის, ამიტომ გადაწყვიტა, გავლენა იქონიოს პროცესებზე და არა ის, რომ ფიგურები, თუნდაც აღმასრულებელი მდივანი, მოხსნას," - წერს სტატიის ავტორი

როგორ აფასებთ ივანიშვილის ოფიციალურ დაბრუნებს პოლიტიკაში?

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ხდება. უახლოეს დღეებში - პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი ყრილობა გაიმართება, სადაც დელეგატები პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას "ქართულ ოცნებაში" შექმნილი კრიზისით ხსნის და ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით,

როგორ აფასებთ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას?

"ადამიანმა დაინახა, რეალურად რაც ხდება, "ოცნება", ფაქტობრივად, გაჩერებულია. ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ პრობლემების შექმნის შემთხვევაში აუცილებლად დაბრუნდებოდა. პარტიაში ყველაფერი დაშლილი იყო, არაღიარების მიუხედავად. ივანიშვილი კი მოდის, რათა სიტუაცია გამოასწოროს. რა გამოვა აქედან, ვერ გეტყვით", - აღნიშნავს კინორეჟისორი გოგი თორაძე

"თავიდან, როდესაც ივანიშვილი მოვიდა, იმედით აავსო ხალხი, მაგრამ ეს იმედი მოსახლეობას გაუცრუვდა. არ მგონია, მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ რაიმე სასიკეთოდ შეცვალოს ქვეყნისათვის", - აცხადებს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი

"დადებითად ვაფასებ. ჯობია, ის ღიად იყოს პოლიტიკაში. პარტია მისი შექმნილია და გარკვეულწილად სწორედ მას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე. ვფიქრობ, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შედეგიანი იქნება, რადგან რესურსი არსებობს", - ამბობს პროფესორი თემურ ნანეიშვილი

"არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, თითქოს დავმშვიდდი. ივანიშვილის დაბრუნება, ვფიქრობ, შედეგიანი იქნება. გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე