ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2018

გია ხუხაშვილი - "ივანიშვილი ვიღაცას "სკოლიდან გარიცხავს", ვიღაცას "კუთხეში დააყენებს"გახდება თუ არა ივანიშვილი პრემიერი ან პრეზიდენტიბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას დაეტყობა თუ არა? * * *

გია ხუხაშვილი - "ივანიშვილი ვიღაცას "სკოლიდან გარიცხავს", ვიღაცას "კუთხეში დააყენებს"

"მთავარი, რამაც ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, მმართველობითი სისტემის კრიზისია. ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი დარღვეულია, ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები აცდენილია ერთმანეთს. დღემდე ყველაფერი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე იდგა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა, ფაქტობრივად, ქმედუუნაროა - იმის შიშით, რომ რამე არ გაეფუჭებინათ, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ამ პოლიტიკურ გუნდს იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა კი არ აერთიანებს, არამედ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. ამ ყველაფერმა უკვე ისეთ სახიფათო ზღვარს მიაღწია, რომ შეიძლებოდა მალე პროცესი შეუქცევადი გამხდარიყო. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს" / "გველოდა არა მხოლოდ მმართველობითი სისტემის გარდაუვალი კრიზისი, არამედ ჩნდებოდა სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის საფრთხეც" / "საბოლოოდ ყველაფერი მაინც ყოფილ პრემიერს ჰბრალდებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა - გააჩაღეს სახლობანა და საკუთარი ბოსტნების შემოღობვა..."

"დარწმუნებული ვარ დაბრუნება ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო - არანაკლებ მძიმე, ვიდრე 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში გამოჩნდა. მე ადრეც მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. დიახ, ის დაალაგებს შიდაპარტიულ ქაოსს, მაგრამ აქ ვერ გაჩერდება - დაბრუნებით მან კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა და სერიოზული რეფორმის ჩასატარებლად მას სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. პირდაპირ ვთქვათ - ამ მიმართულებით ბევრი კითხვაა. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მას საზოგადოება ისე აღარ ენდობა, მაგრამ ამის გარკვევის ერთადერთი გზა არჩევნებია. თუ ის საარჩევნო გზით ლეგიტიმაციას მიიღებდა, ეს უფრო გააძლიერებდა და რეფორმების გატარების მეტ ბერკეტსაც მისცემდა, მაგრამ ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა ალბათ შეარჩევს კანდიდატურას, რომელსაც გამარჯვება სწორედ ივანიშვილის ფაქტორით ექნება გარანტირებული - მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მისი პარტიის თავმჯდომარეობაც იკმარებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად და არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკიც დასრულდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"გეთანხმებით, რომ მას ჩრდილიდან ბევრი საკითხის გადაწყვეტაში უწევდა მონაწილეობა -ის აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რადგან ეს პოლიტიკური ელიტა ვერ გაიზარდა, ვერ განვითარდა, ვერ ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ივანიშვილი გამუდმებით ცდილობდა ძალაუფლების დათმობას, მაგრამ პოლიტიკური ელიტა ამ ძალაუფლებას ისევ და ისევ უკან უგდებდა. ეს ჩრდილოვანი მართვა აზიანებდა ქვეყანასაც... საბოლოოდ ყველაფერი მაინც ყოფილ პრემიერს ჰბრალდებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა - გააჩაღეს სახლობანა და საკუთარი ბოსტნების შემოღობვა...", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ე.წ. ახლების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო კობახიძე-კალაძესთან, უპირისპირდებოდა ე.წ. ძველების ჯგუფს, რომლის უკანაც პრემიერი კვირიკაშვილი მოიაზრებოდა..." - პასუხობს:

"ვიღაც შეიძლება ცდილობდა, ეს ვითარება წარმოეჩინა, როგორც "ბნელებისა" და "პროგრესულების" დაპირისპირება, თუმცა ასე არ არის - ეს ახალგაზრდებიც, ჩემი აზრით, პროგრესისგან კარგა შორს არიან... ეს ე.წ. ახლები განსაკუთრებით აგრესიული ავტორიტარული განწყობით გამოირჩეოდნენ და ეს პარლამენტის მართვასაც ეტყობოდა. უმრავლესობის ნაწილის პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მათ არაფერს ეკითხებოდნენ და ერთპიროვნულად ცდილობდნენ გადაწყვეტილებების მიღებას. ვერც იმას ვიტყვი, რომ ის ნაწილი, ვინც ბოლო ხანს პროტესტს გამოთქვამდა, მაინცდამაინც კვირიკაშვილთან ასოცირდებოდა. კვირიკაშვილი ხომ ლიდერი არ არის - ის პოლიტიკური ხალიჩის ქვეშ პოლიტიკურ თამაშებში ცდილობდა ეს დაპირისპირება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოეყენებინა და ე.წ. ძველების ჯგუფს მიტმასნოდა. იგრძნობოდა, რომ მას შეიძლებოდა სამომავლოდ პრობლემები ჰქონოდა, ამიტომ შეეცადა, დეპუტატების ნაწილი საკუთარ მხარდამჭერად გაეფორმებინა. ჩვენ ვხედავდით ორივე დაპირისპირებული მხარის დაბალი დონის პოლიტიკურ თამაშებს, რაც საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლით, ტრაგიკომედიად გამოჩნდა".

"უკვე ვთქვი, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. ვერ გაიზარდნენ, ვერაფერი ისწავლეს და როგორც კი მასწავლებელი ცოტა ხანს კლასიდან გავიდა, სკოლა დაიმხვეს თავზე. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა ის იყო, რომ ეგონა, შეკრიბა ვუნდერკინდები, რომლებიც სწრაფად ისწავლიდნენ ყველაფერს და დაიწყებდნენ მუშაობას, მაგრამ სინამდვილეში ხელში ძნელად აღსაზრდელთა ჯგუფი შერჩა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაა... ახლა ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს, ზოგიერთს მკაცრად დასჯის, თუმცა შეიძლება ვიღაც შეაქოს კიდეც... ის დაალაგებს ვითარებას და კიდევ ერთხელ ეცდება, ამ ახალგაზრდებს სკოლა როგორმე დაამთავრებინოს", - ამბობს ექსპერტი.

"საჭიროა რეფორმატორთა გუნდი, რომელშიც ადამიანები ერთი მსოფლმხედველობის, ერთიანი გეგმისა და სტრატეგიის ირგვლივ იქნებიან გაერთიანებული... ვფიქრობ, ამისთვის რესურსი მცირეა, თუმცა ბოლო პერიოდში რეფორმატორული პოტენციალი გამოჩნდა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბოსტნის შემოღობვას არ ცდილობდნენ და ამ იწილო-ბიწილოში არ იყვნენ გარეული. ვფიქრობ, ივანიშვილს დასჭირდება შევსება გარედანაც. ბიძინა ივანიშვილს და ყველას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბევრი დრო არ აქვთ. საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება. საზოგადოების იმედგაცრუება დიდია, თანაც ივანიშვილს შეცდომის უფლება აღარ აქვს - პირველივე შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მისთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც". ვფიქრობ, მთავრობაშიც არის რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის საყრდენად შეიძლება მივიჩნიოთ... თუ ივანიშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სწორად გადაალაგებს და იქ თავს მოიყრიან ქვეყნის მართვისთვის საჭირო ადამიანები, მმართველობის პრობლემაც გადაიჭრება... თუ ე.წ. ახლებს პარტიაში საკუთარი გავლენის დომინირების ილუზიები ჰქონდათ, ჩემი აზრით, ეს უნდა დაივიწყონ. მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი, რის შანსსაც, ვფიქრობ, ივანიშვილი მისცემს... ", - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

"გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციაც ძალიან უიმედოდ გამოიყურება. ეს დაკნინების პროცესი მთელ პოლიტიკურ ელიტას შეეხება, როგორც მმართველს, ისე ოპოზიციურს. "ქართული ოცნების" გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ თავიანთი ფავორიტების გამოკვეთას და მათ ლობირებას. ივანიშვილის პოლიტიკაში ხელახლა მოსვლა არის კოშმარი მთელი პოლიტიკური ელიტისთვის, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც... ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უხარიათ, მაგრამ სინამდვილეში მათთვის ეს კოშმარია, რადგან მათ პოლიტიკურ გეგმებს, ბოსტნებისა და გავლენების გაფართოების სურვილს ბოლო მოეღო... ოპოზიციაც ამ დღეშია - იმედი ჰქონდათ, რომ "ქართული ოცნების" დასუსტების ხარჯზე რაღაცას მოახერხებდნენ, მაგრამ მათი იმედიც დასამარდა. სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, რომ ისევ ორი პოლიტიკური ცენტრი შეგვრჩება ხელთ, არადა, საზოგადოებაში აშკარად ჩანს ახალი, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების სურვილი, ოპოზიცია კი ამ დაკვეთას ვერ ასრულებს. ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა ამის პოტენციალიც და შანსიც, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა", - დასძენს ხუხაშვილი.

გახდება თუ არა ივანიშვილი პრემიერი ან პრეზიდენტი

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კულისებიდან სცენაზე დაბრუნების და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის ისევ დაკავების განაცხადის შემდეგ გაჩნდა კითხვები - რა იქნება შემდგომ და რას ცვლის ივანიშვილის ამ ფორმით - თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება. ვარაუდია, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და შესაძლოა, ის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატადაც დასახელდეს, რასაც "ოცნების" ლიდერები არ ადასტურებენ, თუმცა ე.წ. ძველი სახეების ჯგუფის დეპუტატები აცხადებენ, რომ გამორიცხული არაფერია. ასევე, ითქვა, რომ სწორი იქნება, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს, რადგან მხოლოდ პრემიერის რანგში მისი ყოფნით არის შესაძლებელი, დასავლეთში არაფორმალური მმართველობის შესახებ არსებული ეჭვები თუ კრიტიკა დღის წესრიგიდან მოიხსნას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გახდება თუ არა ივანიშვილი პრემიერი ან პრეზიდენტი.

"მოსალოდნელია თუ არა, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებული ექსპრემიერი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდეს? ანალიტიკოსების დიდი უმეტესობა ამბობს, რომ დღეს ეს შეუძლებელია, რადგან კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავს როგორც გაპრეზიდენტებას, ისე პრემიერობას, ივანიშვილი კი საფრანგეთის მოქალაქეა და მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის შემთხვევაში შეიძლება ეს საკითხი დაისვას. ცნობისათვის, "ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე განხილვა უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ შერჩეული არავინაა, რასაც თავად პარტიის ლიდერებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არჩევნებამდე დიდი დროა და კანდიდატი საჯაროდ დასახელდება ზაფხულში. კულუარებში საუბარია იმაზეც, რომ "ოცნებამ" კანდიდატობა რამდენიმე ადამიანს შესთავაზა და ჯერ ვერავინ დაითანხმა, ამიტომაც არ ჰყავს პარტიას რჩეული. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 26 აპრილს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც გადაწყდა ივანიშვილის ოფიციალურად პოლიტიკაში დაბრუნება, პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევასაც შეეხო საუბარი. სხდომაზე ივანიშვილმა "ოცნების" წევრებს განუცხადა, რომ მან პრეზიდენტობის კანდიდატობა ოთხ ადამიანს შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით ამ 4 ადამიანს შორის იყო პოეტი დავით მაღრაძეც" - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ პირადად ექსპრემიერსაც, რის გამოც მას ყველაზე მეტად პოლიტიკური იმუნიტეტი სჭირდება, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ივანიშვილი იყოს. იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერი ივანიშვილი პრეზიდენტის ან პრემიერის პოსტს ვერ დაიკავებს, რადგან ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მოქმედი კონსტიტუციის 29-ე მუხლით და ახალი კონსტიტუციის 25-ე მუხლით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ თანამდებობების დაკავება ეკრძალება", - განაგრძობს გამოცემა.

"2012-ში სპეციალურად მისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, დაუშვეს ერთჯერადი გამონაკლისი კონსტიტუციაში. მისი გადადგომის შემდეგ ის წესი აღარ მოქმედებს. აკრძალვა შენარჩუნებულია ახალ, ერთპარტიულ კონსტიტუციაშიც, შემოდგომაზე რომ ამოქმედდება. საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში შეზღუდვა იხსნება. ნაკლებად სავარაუდოა, მან უარი თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე. 2012-ში უარის თქმის პროცედურები დაწყებული ჰქონდა, საელჩოს მიმართა, თუმცა მერე გააუქმა და საფრანგეთის მოქალაქეობაც დაიტოვა", - ამბობს ალაფიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტობა ან პრემიერ-მინისტრობა რომ ყოფილიყო ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის სტრატეგია, მოქალაქეობაზე გადაწყვეტილებას უკვე მიიღებდა. ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება კი მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის არაფორმალურ მმართველობაზე არსებულ კითხვებს, რადგან პარტიას მინისტრების ცვლა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ რომელიღაც დარგი არ არის ჯეროვნად მიხედილი და თანამდებობის პირი, როგორც პარტიის წევრი, მაგალითად, გაირიცხოს პარტიიდან", - დასძენს გამოცემა.

"ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე დასავლეთში კითხვები ბოლომდე ვერ მოიხსნება, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მისი დაბრუნება ფორმალიზებულია, მაგრამ კულუარულიც აღარ იქნება. ეს არის სვლა არაფორმალურიდან ფორმალურისკენ. რადგან თანამდებობის პირები პარტიულები არიან, შესაბამისად, მათზე, როგორც პარტიის წევრებზე, გავლენის საშუალება ექნება ივანიშვილს", - მიიჩნევს ალაფიშვილი. კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება და ისე გააგრძელებს ხელისუფლების მართვას, ამით "დალოცვილ" საბჭოთა მმართველობას ვუბრუნდებით", - წერს სტატიის ავტორი.

"კარგი იქნება, თუ პარტიის თავმჯდომარის სტატუსის ნაცვლად გენერალური მდივანი იქნება და ამით ყველაფერი დალაგდება, როგორც "დალოცვილი" საბჭოეთის დროს იყო, როდესაც პარტია მართავდა, მაგრამ პასუხისმგებლობა არ ჰქონდა. იქნება პოლიტბიურო, სადაც გადაწყდება ყველაფერი. კონსტიტუციით, პარტიის თავმჯდომარე არც არავინ არ არის, ამიტომ ვლაპარაკობ, რომ საბჭოეთი იქნება და როგორც საბჭოეთში, პარტიიდან წავა მინისტრი და, შესაბამისად, დატოვებს თანამდებობასაც. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი სქემა მოუვიდეთ თავში და ასეთი რამ გააკეთონ. ეს არც ქვეყანას წაადგება და არც სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასე მივიღებთ ანალოგიურ სისტემას, ოღონდ კომუნისტური პარტიის ნაცვლად ერქმევა "ქართული ოცნება". აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ იქნება. როგორც წესი, გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკებში ხდება პრემიერი. ეს არის მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული სქემა და თუ ჩვენ ისევ საბჭოეთში ვბრუნდებით, ეს პრობლემაა", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"სწორი იქნება, თუ ივანიშვილს ახლა აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ, გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ გახდება პრემიერი - ასე არის სწორი, გამართული და მისაღებიც. ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა კი ადვილად მოიხსნება, ან უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ან ისევ შეიტანენ შესწორებას კონსტიტუციაში, ამისთვის საკმარისი ხმები აქვთ. ეს უკვე ტექნიკური მხარეა, ხოლო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ უნდა მართოს ქვეყანა ირიბად, საბჭოეთია. რაც შეეხება პრეზიდენტად მის წარდგენას, მაშინ საერთოდ არ მესმის ამ ხალხის, რადგან ასეთ შემთხვევაშიც ცუდი ვითარებაა. პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი, რომელიც შეცვლის ხოლმე მთავრობას, გვაბრუნებს საბჭოეთში, ხოლო პრეზიდენტი ივანიშვილი, რომელიც ასევე განკარგავს მთავრობას, გვაბრუნებს საპრეზიდენტო მმართველობაში და არაფორმალურად ვიქნებით საპრეზიდენტო რესპუბლიკაში", - ამბობს ძაბირაძე.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას დაეტყობა თუ არა?

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მისი დაბრუნების შემდეგ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს წასვლა მოუწევს. ვინ შევა საბჭოში და ვინ დარჩება მის მიღმა, ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ცნობილია, რომ "ოცნება" 16-კაციანი საბჭოს შემადგენლობას ამცირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის შემდეგ პარტიული თანამდებობა, შესაძლოა, დატოვოს ირაკლი კობახიძემ. ასევე, შემცირებულ შემადგენლობაში ალბათ ვეღარ მოხვდებიან აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი და მერაბიშვილ-უგულავაზე სკანდალური განცხადების ავტორი დავით კოღუაშვილი, თემურ ჭკუასელი და ე.წ. ახლების გუნდის წევრი დეპუტატები - მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, სოფო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე. საბჭოს დატოვებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას დაეტყობა თუ არა?

"ჩემთვის დაუჯერებელი და საწყენი იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. მაშინ მე ვერაფრით ვერ ავხსენი მისი დემარში. რამდენადაც მაშინ მეწყინა მისი წასვლა იმიტომ, რომ მისი ერთგული მხარდამჭერი ვიყავი და ახლაც ვარ, იმდენად სასიხარულოა ჩემთვის ივანიშვილის დაბრუნება. ერთადერთი რამის მეშინია, გვიან ხომ არ დაბრუნდა ბატონი ბიძინა? ქართულ პოლიტიკაში წყალი ისე აიმღვრა, ისეთი უცოდინარობა გამოიჩინეს მის კვალზე მოსულმა ყმაწვილებმა, ივანიშვილს ახლა დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ საქმე საწარმართოდ წაიყვანოს. მაგრამ მისი მჯერა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მწერალი რეზო მიშველაძე.

"რა თქმა უნდა, დაეტყობა. ბოლომდე იმას ვერ ვიტყვი, რომ გადავკეთდებით, მაგრამ რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, სიტუაცია გამოსწორებისკენ წავა. ეს გამოსწორება როდის დამთავრდება, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდება. ძალიან დიდ მოლოდინში ვარ", თვლის მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.

"რა თქმა უნდა, დაეტყობა. სახელმწიფოს მმართველობა იმ დონეზე არ არის, რაშიც მე პირადად ვმონაწილეობდი 2012 წლის არჩევნების წინ. მაშინ "ქართული ოცნების" მოსვლას მხარს ვუჭერდი და რასაც ხალხს ვპირდებოდით, ის უნდა გაკეთდეს. მიზანი ეს უნდა იყოს. ზოგიერთ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, რა დაპირებებს ვაძლევდით ხალხს", - ამბობს ფიზიოლოგი თემურ ნანეიშვილი.

"შეცვლის ამ თავზეხელაღებულ ადამიანებს მინისტრთა კაბინეტში? შეცვლის პროკურატურაში არსებულ სიტუაციას? მანანა ბერიკაშვილის ფენომენთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს სიტუაციას შეცვლის? ჩვენ სააკაშვილთან პრეტენზია იმ აღვირახსნილ სიტუაციაზე გვქონდა, რაც ძალოვან სტრუქტურებში იყო. მაშინ გარდამტეხი გახდა სანდრო გირგვლიანის ამბავი, საიდანაც ყოფილი ხელისუფლების რღვევა დაიწყო. ვფიქრობ, ამას "ნაციონალური მოძრაობის" ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები აღიარებენ. 2012 წლის მერე პროკურორის მოადგილედ მივიღეთ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც "პირველ არხზე" იწვევენ, როგორც "კომპეტენტურს"... იმ შემთხვევაში, თუ ამ სიტუაციას გამოცვლის და რაიმე სიახლეს შემოიტანს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, უკვე პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, მას დაეკისრება. ადრე თუ ვინმე ამბობდა, არაფორმალური მმართველიაო, ახლა ხელაღებით დაადებენ ხელს. ოპოზიციისთვის ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მისკენ უფრო იოლად გაიშვერენ ხელს. ალბათ მას ეს პასუხისმგებლობა გათვალისწინებული ექნება", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.