ვალერიან გორგილაძე - ქვეყანაში შექმნილია ვითარება, რომელიც არ არის კრიზისული, მაგრამ ტოვებს გარკვეული უმართაობის, გაურკვევლობის განცდას

ვალერიან გორგილაძე - ქვეყანაში შექმნილია ვითარება, რომელიც არ არის კრიზისული, მაგრამ ტოვებს გარკვეული უმართაობის, გაურკვევლობის განცდას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, რეგიონებში აშკარად არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ვანსა და ხონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას მიერ მიღებული ხმები იმაზე მიუთითებს, რომ რეგიონებში მმართველი გუნდის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და მას პოლიტიკურ ველზე კონკურენტებიც ჰყავს.

ვანსა და ხონში შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ზოგადად, როგორია ამ არჩევნების გაკვეთილები ქართული საშინაო პოლიტიკისთვის?

- მოდით, ობიექტურად შევაფასოთ ვანსა და ხონში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები. „ქართული ოცნების“ კანდიდატი, როგორც თქვენ თავად შეაფასეთ, დამაჯერლად ამარცხებს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს და იღებს უბნებზე მისული ამომრჩევლების 58%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ვანი-ხონის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობდა ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური ხასიათის მქონე ფაქტორი, „ოცნება“ „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ ელექტორალურ დაპირისპირებაში კვლავ ინარჩუნებს მისთვის სახარბიელო სტატუს კვოს

იმის გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავა წარმოადგენს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა თბილისის მერის პოსტს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში წარმოადგენდა „ნაცმოძრაობის” მმართველი რეჟიმის ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, რომლის ირგვლივაც მის მხარდასაჭერად გაერთიანდა ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, იგი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილმა გივი ჭიჭინაძემ დაამარცხა.

ასე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ გივი ჭიჭინაძე არ მიეკუთვნება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და გულწრფელად რომ ვთქვათ, მე პირადად მიჭირს ჭიჭინაძის აღქმა პოლიტიკოსად. ყოველივე ამის მიუხედავად მან პირველივე ტურში დაამარცხა გიგი უგულავა, რომელმაც, ჩემი დაკვირვებით ვანსა და ხონში ჰიპერაქტიური საარჩევნო კამპანიას ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ვანი-ხონის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობდა ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური ხასიათის მქონე ფაქტორი, „ოცნება“ „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ ელექტორალურ დაპირისპირებაში კვლავ ინარჩუნებს მისთვის სახარბიელო სტატუს კვოს.

- ამ არჩევნებში რომ „ევროპელ დემოკრატებს“ გაემარჯვათ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მათ გარკვეული უპირატესობა ექნებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. არც „ნაცებისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ბრალდება აღმოჩნდა საფუძვლიანი, რომელთა მტკიცებითაც „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ გარიგებულნი არიან.

დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გიგი უგულავას რომ გაემარჯვა, ოპოზიციურ სპექტრში სწორედ ეს აზრი იქნებოდა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი. თუ „ევროპული საქართველო“ უგულავას თავის საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებდა, ახლა უკვე ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უგულავას მონაწილეობის შემთხვევაში მას გამარჯვების იმედი არ შეიძლება ჰქონდეს.

თქვენი დაკვირვებით, ამ არჩევნების შედეგებით რა შედეგი დადგა „ევროპული საქართველოსთვის“ და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

- რაც შეეხება ჭორებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდებოდა ვანსა და ხონში წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და რომლის თანახმადაც „ქართული ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის თითქოსდა შედგა ფარული გარიგება გიგი უგულავას კანდიდატურის სასარგებლოდ.

ვანის და ხონის არჩევნებმა პოლიტიკურ ძალებს შორის სტატუს კვოს ურყევობა აჩვენა. მოკლე თუ საშუალო დროის პერსპექტივაში პრინციპულ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში, „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ვერ დაამარცხებენ „ქართული ოცნების“ აუტსაიდერებსაც კი

საინტერესო ისაა, რომ ეს ჭორი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ და სხვა ე.წ პატრიოტული ძალებისთვის. ჩემი აზრით, ამ ჭორის გავრცელება „ევროპული საქართველოსთვის“ პიარტექნოლოგიის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომლის მეშვეობითაც ისინი შეეცადნენ დამატებითი ელექტორალური რესურსების მოზიდვას.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს და ოპოზიციის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებზე - შემიძლია დარწმუნებულად ვთქვა, რომ ვერც „ნაცმოძრაობის“ და ვერც „ევროპული საქართველოს“ ცალკე აღებული კანდიდატები და ვერც ერთიანი კანდიდატის ირგვლივ მათი გაერთიანება ვერ შეცვლის არსებულ სტატუს კვოს მათ ელექტორალურ დაპირისპირებაში „ოცნებასთან“.

ვანის და ხონის არჩევნებმა პოლიტიკურ ძალებს შორის სტატუს კვოს ურყევობა აჩვენა. მოკლე თუ საშუალო დროის პერსპექტივაში პრინციპულ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში, „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ვერ დაამარცხებენ „ქართული ოცნების“ აუტსაიდერებსაც კი.

- “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საკმაოდ ბევრი, ზოგი კვალიფიციური, ზოგიც ზომაზე მეტად არაკვალიფიციური მოსაზრება უკვე გამოითქვა.

დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა ანუ მისთვის არაკომფორტულ გარემოში აღმოჩენა არ უნდოდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამ მოუწია. ფაქტია, რომ ივანიშვილი მმართველ გუნდში ვითარების დასალაგებლად და პარტიაში აშკარად ჩამოყალიბებული კრიზისის დასაძლევად დაბრუნდა.

ამ ისტორიაში უცნაური მხოლოდ ისაა, რომ მისი ამ ნაბიჯით „ქართული ოცნების“ ყველა ფრთა კმაყოფილებას გამოთქვამს. ასეთ ვითარებაში ალბათ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა კითხვის ასე დასმა - თქვენი აზრით, „ქართულ ოცნებაში” თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ რომელ ფრთას დაუჭერს მხარს ივანიშვილი - ვინც პარტიაში ბუნტი და ჯანყი მოაწყო თუ იმათ, ვისაც აუჯანყდნენ?

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ახალი ლეგიტიმაციით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შედეგებისა და შემდგომი პროცესების განვითარებას გვპირდება, ვიდრე ბანალურ მხარდაჭერას „ოცნების“ რომელიმე შიდაფრაქციული ძალის მიმართ. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ნიშნავს შემდეგს:

ა) „ოცნება“ დარწმუნდა, რომ ივანიშვილის ფორმალური სტატუსის გარეშე მათ არ შეუძლიათ ან უძნელდებათ პარტიული ცხოვრების სათანადოდ ორგანიზება, პარტიული აღმშენებლობის პროცესის ეფექტიანი უზრუნველყოფა და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია.

ქვეყანაში შექმნილია ვითარება, რომელიც არ არის კრიზისული, მაგრამ ტოვებს გარკვეული უმართაობის, გაურკვევლობის განცდას... ივანიშვილის ახალი ლეგიტიმაცია შეიძლება ასევე იყოს პასუხი გარკვეულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და საფრთხეებზე

ბ) ამაში თავადვე დარწმუნდა თვითონ ბიძინა ივანიშვილიც - სხვა შემთხვევაში ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ამასთან ერთად, ქვეყანაში შექმნილია ვითარება, რომელიც არ არის კრიზისული, მაგრამ ტოვებს გარკვეული უმართაობის, გაურკვევლობის განცდას.

ჩემი აზრით, მოსახლეობის საკმაო ნაწილის განწყობაში არასაკმარისად შეიმჩნევა ხვალინდელი დღის რწმენა, იმის განცდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი.

ივანიშვილის ახალი ლეგიტიმაცია შეიძლება ასევე იყოს პასუხი გარკვეულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და საფრთხეებზე. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მოსახლეობის ფსიქოლოგიური განწყობისთვის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ამ თვალსაზრისითაც უდავოდ პოზიტიური მოვლენაა.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ვითარების დასალაგებლად მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს, ვინაიდან შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია და მმართველ გუნდს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად მისი მართლაც ეკლექტიკური ამომრჩევლის მობილიზება აუცილებლად დასჭირდება.

ვინაიდან, ახლა „ქართულ ოცნებაში“ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის თემა ყველაზე აქტუალური საკითხია, თქვენი დაკვირვებით, ჩამოყალიბებულ რეალობაში სავარაუდოდ, როგორი იქნება ივანიშვილის არამკვეთრი, მაგრამ პარტიის კონსოლიდაციისათვის აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯები?

- ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინაშე დადგება შემდეგი ამოცანების გადაწყვეტის აუცილებლობა: 1. "ქართული ოცნების" “გადატვირთვა”. აქ იგულისხმება პოლიტიკური საბჭოს და სხვა პარტიული სტრუქტურების რეორგანიზაცია, საკადრო გადახალისება, 2. "ქართულ ოცნებაში" ახალი ადამიანური რესურსის მოზიდვა და სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოებისთვის საკადრო რეზერვის მომზადება,

3. პარტიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

- დრომ დაგვანახა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში სტაიერს უფრო ჰგავს, ვიდრე სპრინტერს. შესაბამისად, წესით მისი „ქართულ ოცნებაში“ თავმჯდომარედ დაბრუნება არ უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ პარტიაში ვითარების დალაგებასა და საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას.

თუ იგი დღევანდელი მმართველი გუნდის პოლიტიკურ პერსპექტივაზე ფიქრობს, ახლა მას ეკისრება პასუხისმგებლობა რომ გამოსწორდეს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური, შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები, წერტილი დაესვას ქვეყანაში ბანკების დომინინანტურ მდგომარეობას ეკონომიკაში.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებით ივანიშვილს სწორედ ამგვარი ამბიციები შეიძლება ჰქონდეს?

- ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ახალი ლეგიტიმაციით ნიშნავს 2020 წლისთვის ახალი პოლიტიკური ციკლისთვის მზაობის გამოცხადებას. ამ თვალსაზრისითაც ივანიშვილის ეს ნაბიჯი დროულია. ივანიშვილის მოსვლით პარტიაში „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის შეინიშნება გარკვეული ეიფორია, ახალი იმედების გაჩენა, რომელიც უკავშირდება ივანიშვილის დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტივი. მეორე მხრივ, ეს არის გარკვეული გამოწვევაც, რომელიც მათ შორის უკავშირდება შესაძლო იმედგაცრუებას, რომელიც თან სდევს გადაჭარბებულ მოლოდინებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას მედიაში და მის ინტენსიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან.

ბიძინა ივანიშვილი მოახდენს სტრატეგიული შეტყობინებების ტრანსლირებას ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ჩვენ მოვისმენთ ასევე ოპონენტების მძაფრ კრიტიკას და ვფიქრობ, არანაკლები სიმწვავით გამორჩეულ კრიტიკას მმართველი გუნდის ცალკეული წევრების მიმართ.

"ოცნებას" მოუწევს ახალი პოლიტიკური კრედოს განსაზღვრა. ახალი მისიის, და ახალი ნარატივის შექმნა საქართველოს განვითარების პერსპექტივასთან და ქვეყნის ფუნქციასთან დაკავშირებით.

"ოცნებას" მოუწევს ახალი პოლიტიკური კრედოს განსაზღვრა. ახალი მისიის და ახალი ნარატივის შექმნა საქართველოს განვითარების პერსპექტივასთან და ქვეყნის ფუნქციასთან დაკავშირებით

ამასთან ერთად, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ოცნება" ჩამოაყალიბებს საკუთარ ღირებულებით სისტემას, მკვეთრად მოახდენს იდეოლოგიური ვექტორების განსაზღვრას. ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა რეფორმატორების ძალისხმევას პროგრესული, ახალი ხედვის მქონე სოციალურ-ეკონომიკური და შესაბამისად იდეოლოგიური პოლიტიკის განხორცილებაში.

ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იმსახურებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის რეფორმათა პაკეტი და მის მიერ გახმოვანებული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ საბანკო სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის განვითარების მუხრუჭს, რომ ყველა ნიჭიერ და ინიციატივის მქონე მოქალაქეს უნდა გააჩნდეს თავისი შემოქმედებითი უნარების და ენერგიის განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული მოქალაქეების არსებულ ქონებრივ მდგომარეობაზე და მატერიალურ შესაძლებლობაზე.

ყველა მოქალაქეს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა წამოიწყოს ბიზნესი ხელსაყრელ პირობებში და ბიზნესის დაწყება არ უნდა წარმოადგენდეს სტრეს-ფაქტორს, როდესაც ახალი დამწყები ბიზნესმენი, სტარტაპერი იძულებულია იღებდეს კაბალურ საბანკო კრედიტებს და წარუმატებლობის შემთხვევაში კარგავდეს ბიზნესს, ქონებას და ხშირად საცხოვრისაც კი. ეს არის ყოვლად არანორმალური და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის შემაფერხებელი და დამაზიანებელი ვითარება.

- თუ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების ალბათობა მაღალია, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იქნება?

- მე არ დავიწყებ მარჩიელობას „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ „ოცნებას“ გააჩნია გარკვეული არჩევანი, რომლის ელექტორალური პერსპექტივაც საკმაოდ დამაჯერებლად შეიძლება გამოიყურებოდეს.

რეიტინგული თვალსაზრისით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება შეუძლია გიორგი კვირიკაშვილს, კახი კალაძეს, მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოს, გიორგი გახარიას და ოცნების ლიდერშიპის სხვა წევრებსაც.

არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევანი გააკეთოს კანდიდატზე, რომელიც არ იქნება მმართველი პარტიის წევრი

თუმცა, ჩემი აზრით, არც ერთი ზემოჩამოთვლილი ლიდერი არ მიილტვის საპრეზიდენტო სავარძლის მიმართულებით, რაც აიხსება საპრეზიდენტო პოსტის რიტუალურობით, ინსტიტუციურად დეტერმინირებური რეალური ძალაუფლების არქონით.

ამ თვალსაზრისითაც არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევანი გააკეთოს კანდიდატზე, რომელიც არ იქნება მმართველი პარტიის წევრი. თუმცა ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი კანდიდატის აფილირების ხარისხი „ოცნებასთან“ იქნება მეტად მაღალი, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.

- ამსტერდამში რიგმა პარტიებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დაყენებაზე კონსულტაციები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გაიარეს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაწყებული კონსულტაციები?

მედიცინისთვის უცნობია შემთხვევა, როდესაც თავად მძიმედ დაავადებული იღებს მონაწილეობას კონსილიუმში და თავადვე უნიშნავს საკუთარ თავს მკურნალობის კურსს

- ამსტერდამის კონსულტაციები მე უფრო მაგონებენ კონსილიუმს, რომელიც შეიკრიბა მძიმე ავაადმყოფის გადასარჩენად. თუმცა, მედიცინისთვის უცნობია შემთხვევა როდესაც თავად მძიმედ დაავადებული იღებს მონაწილეობას კონსილიუმში და თავადვე უნიშნავს საკუთარ თავს მკურნალობის კურსს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”