ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2018

ბიძინას ახალ პოლიტსაბჭოში ისევ "ახალი სახეები" ჭარბობენელოდებით თუ არა რაიმე პოზიტიურ სიახლეს "ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს მხრიდან?ლევან იზორია: "ტოტალური თავდაცვა საქართველოსთვის აქტუალურია" / პატრულის ერთიანი მომსახურების ცენტრი / თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლა / ცხოვრება ფრონტის ხაზზე / ქართული კორპუსი ბათუმისათვის ომში ***

ბიძინას ახალ პოლიტსაბჭოში ისევ "ახალი სახეები" ჭარბობენ

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 კაცამდე შემცირდა. ძველი შემადგენლობის ნახევარზე მეტი საბჭოდან გაუშვეს, მათ შორის - ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე, ახალ წევრებად კი საბჭოში შევიდნენ: ბიძინა ივანიშვილი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი სამხარაძე და ბიძინა გეგიძე. პოლიტსაბჭოს წევრად დარჩა დავით საგანელიძე, რომელიც ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მას წევრობის დათმობა სურდა. პარტიის ახალ თავმჯდომარესა და განახლებულ მმართველ ორგანოს 11 მაისს ყრილობაზე დაამტკიცებენ. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პარტიაში ოფიციალურად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი 11 მაისს ყრილობაზე გამოჩნდება საჯაროდ და მანამდე პრესკონფერენცია არ გაიმართება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბიძინას ახალ პოლიტსაბჭოში ისევ "ახალი სახეები" ჭარბობენ

"გუშინ დილიდან პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება და ახალი შემადგენლობაც დაასახელა. კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენას. პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში იქნება 7 ძველი და 8 ახალი წევრი: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერები - თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რიგითი დეპუტატები - დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მინისტრები - მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, ასევე - საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც კალაძემ განაცხადა, პარტიის მმართველი ორგანო მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა. ის სხდომას თავადაც დაესწრო. ეს გადაწყვეტილება "ოცნების" ლიდერებმა პოლიტსაბჭოს ეფექტურობის გაზრდით ახსნეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა დატოვეს: ეკა ბესელიამ, ირაკლი სესიაშვილმა, გედევან ფოფხაძემ, თემურ ჭკუასელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, დავით ბაქრაძემ, ნოდარ ხადურმა, დავით კოღუაშვილმა, ირინე ფრუიძემ, რომან კაკულიამ, სოფო კილაძემ, აკაკი ზოიძემ და ზვიად გონაძემ. შეკრების დასაწყისში პრემიერმა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია, "ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა და ახლა ივანიშვილის თავმჯდომარეობა პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სხდომის დასაწყისში განცხადება ასევე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძემაც გააკეთა და თქვა, რომ 2 წელზე მეტია, ფაქტობრივად პოლიტიკაში არ არის, არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება პირადად არ მიუღია და ასეც უნდა იყოს, ამიტომაც ის პოლიტსაბჭოს წევრობიდან წასვლას გეგმავდა. თუმცა ივანიშვილმა ის პოლიტსაბჭოში მაინც დატოვა, რის შემდეგაც საგანელიძემაც თქვა, რომ მას გადააფიქრებინეს, რადგან დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკური ცხოვრების და ამიტომ მისი დარჩენა წაადგება პარტიას“, - განაგრძობს გამოცემა.

"მოლოდინი იყო, რომ პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნებოდა გედევან ფოფხაძე, რადგან ის შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი აქტიური მხარე იყო და ეს მოლოდინი გამართლდა, ის საბჭოში აღარ იქნება. თავად ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ განახლებული ფორმატის მთავარი ღირსება ივანიშვილის დაბრუნებაა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძის ლიდერად ქცევა არ მოეწონა ივანიშვილს და რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას ეს ირიბად მიანიშნა კიდეც და ვარაუდი გაჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მდინარაძეც არ იქნებოდა მომავალ პოლიტსაბჭოში, მაგრამ ეს არ მოხდა. უფრო მეტიც, ე.წ. ახლების დაჯგუფებიდან ივანიშვილმა პოლიტსაბჭოში შეიყვანა არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი და ბიძინა გეგიძე. ძველი სახეებიდან ბესელია და სესიაშვილი, ფოფხაძის მსგავსად, პოლიტსაბჭოს მიღმა აღმოჩნდნენ. არის თუ არა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ე.წ. ძველი სახეების უკან წაწევა და მეორე, ახლების ჯგუფის ფავორიტად ქცევა? "ოცნებაში" ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის შიგნით არსებული დაპირისპირება უკვე ამოწურულია. "მართლაც იყო გარკვეული ლოკალური პრობლემები, თუმცა ამ ყველაფრის უტრირება მოხდა. ეს პრობლემა აბსოლუტურად ამოწურულია. ის არ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილმა რომელიმე შეხვედრაზე ვინმეს უსაყვედურა. ფაქტი, რომ ვინმეს კრიტიკული კითხვა დაუსვა ან უსაყვედურა, არც ერთ ჯერზე არ დაფიქსირებულა", - დასძენს გამოცემა.

"მდინარაძის თქმით, მოხდა პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გარკვეულ პრინციპზე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ახალ შემადგენლობაში კომიტეტის არც ერთი თავმჯდომარე არ მოხვდებოდა და პარლამენტიდან მაგალითად იქნებოდა სპიკერატი. პოლიტსაბჭოს შემცირება და ახალი შემადგენლობა მოიწონეს ძველმა წევრებმაც. აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არ ყოფილა დღეს და არც მომავალში იქნება. ეკა ბესელიას თქმით, "სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა, რომ რაოდენობა შემცირდა". რომან კაკულია ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის "ქართული ოცნების" წინაშე და კარგია, რომ საბჭოში მინისტრებიც არიან. ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა წარმოდგენილი კანდიდატი არის ღირსეული. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ივანიშვილმა გარკვეულწილად აქცენტი გადაიტანა და შედარებით ახალგაზრდა თაობა წასწია წინ. შედარებით ახალგაზრდა თაობა არის წინ ძველებთან მიმართებაში. რეალურად რომ გითხრათ, სვლა სწორი მიმართულებითაა, მაგრამ მარტო ასაკი და სიახლე ბევრს არაფერს განსაზღვრავს. უნდა ვნახოთ, ეს ახალი შემადგენლობა რამდენად იქნება ფუნქციონირებადი. მგონია, რომ "ოცნებაში" გადაჯგუფება არაფერს შეცვლის ქვეყნის მასშტაბით. ახალი და ძველი სახეები ერთად იქნებიან თუ გაიყოფიან, დიდ ცვლილებას ქვეყნის პოლიტიკაში არ გამოიწვევს. არადა, საქმე საკეთებელია. დარწმუნებული ვიყავი, რომ პარტიაში სიტუაცია დარეგულირდებოდა, თუმცა ეს არის პირველი ფაზა. მნიშვნელოვანი იქნება, შემდგომ რა ნაბიჯებს გადადგამს ბიძინა ივანიშვილი. ის, რომ ვიღაცები არ არიან პოლიტსაბჭოში, არაფერს ცვლის, ეს ადამიანები პარლამენტში არიან და ძალთა ბალანსი ზოგადად მაინც ისევ შენარჩუნებულია. როგორც ჩანს, 2020 წლისთვის დღევანდელი პოლიტსაბჭოს წევრები ისევ იქნებიან "ოცნების" სადეპუტატო რესურსი და ეს ის გუნდია, რომელიც დააკომპლექტებს "ოცნების" სადეპუტატო სიას", - წერს სტატიის ავტორი.

ელოდებით თუ არა რაიმე პოზიტიურ სიახლეს "ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს მხრიდან?

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დააკომპლექტა. საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა. ახალ საბჭოში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ელოდებით თუ არა რაიმე პოზიტიურ სიახლეს "ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს მხრიდან?

"იმედი მაინც მაქვს. ის კრიზისი, რაც მათ ჰქონდათ, პარტიული კრიზისი იყო და ქვეყნის. ამ კრიზისმა ტერიტორიები ხომ არ დაგვაკარგვინა? ხალხი ხომ არ დაგვიხოცა? იდეოლოგიური პრობლემები ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ამ საკითხებს დაალაგებს. მგონია, რომ "ქართული ოცნების" პრესტიჟი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ცოტათი დაიკლო, ახლა ისე თავის ადგილს დაიკავებს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გააგრძელებს", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნებიდან" პოზოტიური ნაბიჯების გადადგმას ვერ ველოდები. ექვსი წელი ჰქონდათ საშუალება, რომ სერიოზული პოზიტური ნაბიჯები გადაედგათ ქვეყნისთვისაც და თავიანთი პარტიისთვისაც, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, რადგან ძალიან მინდა, საქმე უკეთესობისკენ წავიდეს", - აცხადებს მსახიობი გია ბურჯანაძე.

"პოლიტსაბჭო, იმ წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილი წავიდა, ფაქტობრივად ნომინალურად არსებობდა. ამიტომ, ვფიქრობ პოლიტსაბჭოს როლი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ალბათ, საგრძნობლად გაძლიერდება, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყნის წაღმა შეტრიალება შეძლოს. ამიტომ დაბეჯითებით ვურჩევდი ბატონ ბიძინას, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიკავოს ან პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტის ადგილი. ხალხის მხარდაჭერაში მას შეუძლია, სრული იმედი ჰქონდეს. ასე რომ, ველოდები ბატონი ბიძინას ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას", - ამბობს მწერალი რეზო მიშველაძე.

"ალბათ, ისევ ძველი ძირითადი კურსი იქნება. მგონი, პოზიტიურია ის, რომ რაღაც განახლება და შემცირება მოხდა. ჯობია, შემადგენლობა მცირე იყოს, რადგან პასუხიმგებლობა უფრო მეტად გაიზრდება. დრო აჩვენებს, როგორი იქნება, მაგრამ რამე მკვეთრ ცვლილებას არ ველოდები", - დასძენს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

ლევან იზორია: "ტოტალური თავდაცვა საქართველოსთვის აქტუალურია" / პატრულის ერთიანი მომსახურების ცენტრი / თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლა / ცხოვრება ფრონტის ხაზზე / ქართული კორპუსი ბათუმისათვის ომში

"26 მაისის ზეიმზე ძირითადი ღონისძიებები, მათ შორის, ფიცის მიღების ცერემონიალი, თბილისში ჩატარდება. დიდი ალბათობით ქართველ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ნახოს ჩვენი ახალი ანტისატანკო სისტემები, ასევე განვიხილავთ საჰაერო სისტემების თემასაც. სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება რეგიონებშიც, სულ 6 დიდ ქალაქში. უკვე 6 წელია აღლუმებს არ ვატარებთ და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. გენშტაბსაც იგივე პოზიცია აქვს - აღლუმების დროს მძიმე საბრძოლო ტექნიკის ქუჩებში გავლა აფუჭებს დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" (N5, მაისი, 2018) მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან იზორია: "ტოტალური თავდაცვა საქართველოსთვის აქტუალურია" / თავდაცვის მინისტრის ხედვა და შეფასებები.

"შეკითხვაზე - "30 აპრილს ქართული არმია 27 წლის გახდა. ბოლო 21 თვეა თავდაცვის სამინისტროს თქვენი გუნდი უდგას სათავეში. რისი გაკეთება მოასწარით განვლილ პერიოდში? რა პრობლემები და გამოწვევებია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში?" - თავდაცვის მინისტრი პასუხობს:

"რაც თავდაცვის სამინიტროში ვართ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, პირველ რიგში, ოპტიმიზაციის ფარგლებში 32 მილიონი ლარი დაიზოგა. ადრე ხელფასებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე 67%-ს ვხარჯავდით, რაც 53%-მდე შევამცირეთ, ნატოს მოთხოვნით კი 55%-ია, ანუ ბიუჯეტის დიდი წილი შეიარაღებასა და თავდაცვით ფუნქციებზე მოდის, რაც დიდი მიღწევაა. თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებას ხმარდება, რაც მეორე მიღწევაცაა და ისტორიული მოვლენაც და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. საერთაშორისო ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ამერიკული "ჯაველინების" გადმოცემა მხოლოდ საქართველოს დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წარმატებულად შეფასების შემდეგ მოხდა, არადა, ბოლო ათი წელია ამას ვითხოვდით - დიახ, ეს წლებია გრძელდება, თუმცა ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯები, რაც ითვალისწინებდა ოპტიმიზაციას, მოდერნიზაციასა და ახალ ხედვებს და შესაბამისი აღიარებაც გვაქვს. დეკემბერში მივიღეთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმზ მეტისის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო იმ სანდო სახელმწიფოთა სიაშია, რომლებიც აშშ-ის განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებენ".

"რაც შეეხება, კიდევ ერთ მიღწევას, ჩვენ დავიწყეთ, თავდაცვის მზადყოფნისთვის მუშაობა, ანუ ძირითადი თანხები ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის არის განკუთვნილი; ვაზიანში შენდება საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ფარგლებში დაიწყება 9 ქვეითი ბატალიონის მომზადება. ისტორიული ფაქტია, რომ ისინი ტერიტორიული თავდაცვისთვის მოემზადებიან, რაც ნატოს შეკავების პოლიტიკასთან თანხვედრაშია. ასევე, ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, იწყება მნიშვნელოვანი წვრთნები და სწავლებები, რისთვისაც ინფრასტრუქტურით, ასევე აღჭურვილობით მზად ვართ; ანუ 9 ქვეითი ბატალიონი აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის FMF-ის თანხებით ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. თუმცა ინფრასტრუქტურა ჩვენი თანხებით ავაშენეთ და ამისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღჭურვა აშშ-ის საგარეო ფონდის დახმარებით მოხდა. 240 მლნ დოლარის საერთო ფინანსური დახმარების (რომლის მიღება აშშ-დან საქართველომ 1997 წლიდან დაიწყო) ნახევარი, 120 მილიონ დოლარამდე, ქართული არმიის ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით გადაიარაღებას მოხმარდა. 400 ტყვიამფრქვევი, 2 ათასზე მეტი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ღამით ხედვის საშუალებები და კიდევ სხვა დასახელების აღჭურვილობა გადმოგვცეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მიღწევა ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გახლავთ. ერთ-ერთი საშური საქმე წვევამდელთა ოღონდ განახლებული სისტემის აღდგენაა. ასევე, რეზერვის კონცეფცია, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა. უკვე გვაქვს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელსაც წელს ავამოქმედებთ, ისევე, როგორც უპრეცედენტო პროექტს სკოლებში "ჩვენი ჯარი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იზორია.

"ბრიტანელებმა გამოსცეს ახალი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს იმ მიდგომას, რასაც ტოტალური თავდაცვა ჰქვია, უბრალოდ, სხვა ტერმინით არის ფორმულირებული. კონცეპტუალურად ერთი და იგივეა და მნიშვნელოვანია იმ მცირე ერებისთვის, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, ასე რომ ტოტალური თავდაცვა საქართველოსთვის აქტუალურია. მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების ჩართულობას კი არა, სხვადასხვა უწყების თანამშრომლობას მოიცავს. ამასთან, ხაზს უსვამს არა მხოლოდ უწყებების, სამოქალაქო სექტორის, კერძო და თვითმმართველი ერთეულების, არამედ საზოგადოების, კონკრეტულად, ახალგაზრდების ფართო ჩართულობას. ამიტომაც აღვადგინეთ წვევამდელთა სისტემა. უწყებათაშორის თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური, საინფორმაციო უსაფრთხოება, ქვეყნის მდგრადობა, საყოველთაო აქტიურობა, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარება. ძალიან მახარებს ის, რომ წვევამდელთა დიდ რაოდენობას ძალიან უნდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში დარჩენა, რაც სერიოზული შედეგია", - ამბობს მინისტრი.

"მოსახლეობას სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ. ეს არის, აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვი იყოფა სამ ნაწილად - შეიარაღებული ძალები, ტერიტორიული და სპეციალისტთა რეზერვი. თუ პირს სურს აქტიურ რეზერვში ჩარიცხვა, შეუძლია კონტრაქტი გააფორმოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის საფუძველზეც ის აიღებს ანაზღაურებას; ანუ აქტიურ რეზერვში მოხვდებიან ისინი, ვისაც, წარსულში შეიარაღებულ ძალებში უმსახურია ოფიცრად, თუნდაც კონტრაქტით ან სულაც სავალდებულო სამსახური გაუვლია. თუ გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და კომისიას გაივლის, გააფორმებს კონტრაქტს და 5 წლის განმავლობაში თვეში 20%-იან ანაზღაურებას მიიღებს. მას მოეთხოვება წელიწადში 45 დღე იმყოფებოდეს კონკრეტულ საბრძოლო ქვედანაყოფში, რომელზეც წინასწარ იქნება მიწერილი წვრთნები იქ გაიაროს. რაც შეეხება, ტერიტორიულ რეზერვს, ამ შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, როგორც კი ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის მიხედვით რეზერვისტი გახდება, რიგითის წოდება მიენიჭება და მისი წოდების 20%-ს ყოველთვიურ ანაზღაურებად მიიღებს. სპეციალისტების ანაზღაურება იმავე პრინციპით ხდება - წოდების მინიჭების შემდეგ... უკვე დაწყებულია ორ რეგიონში რეზერვისტების მიღების ადგილისა და იქ არსებული ვითარების შესწავლა. თელავში იქნება საველე, ანუ მიღების ობიექტები. მათ პალდოს პოლიგონზე მოამზადებენ. დასავლეთის მიმართულებით, აჭარაში, იქნება მიღების პუნქტები, წვრთნები კი სენაკის პოლიგონზე ჩატარდება. სულ რეზერვში მივიღებთ 260 კაცს", - დასძენს ლევან იზორია.

"წელს ნატომ უნდა განაცხადოს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების შესახებ - ალიანსისთვის მთავარი გამოწვევაა, საფრთხეებზე რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღების გადაადგილება, ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ლოჯისტიკაზე. 2018 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ლოჯისტიკის წლად გამოვაცხადეთ, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს საკოორდინაციო ცენტრის სახით. ამ მხრივ ბოლო წლებში კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა, განსაკუთრებით გასული წლის საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ქართულ პოლიგონებზე ჩატარებით, მათ შორის ფოთის პორტიდან ვაზიანის პოლიგონამდე ამერიკული ჯავშანკოლონების გადაადგილების დროს. სპეციალური ოპერაციების ძალების, ქვეითი ბატალიონებისა და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები ისე უნდა მოქმედებდნენ, რომ საქართველოს გზებზე ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო ტექნიკის სწრაფი და ამასთან, უსაფრთხო გადასროლა უზრუნველყონ. ასევე, მნიშვნელოვანია შეიარაღების ტექნიკური საცავების საიდუმლო დაცულობა. თავად ლოჯისტიკის ძალები როგორც გადაადგილების, ისე მათი დაცულობისთვის ავტონომიურად უნდა მუშაობდნენ და რესურსებიც დაიზოგება. გვინდა შეიარაღების, ნივთებისა და ტექნიკის აღრიცხვა ავტომატიზებული სისტემის სახით ჩამოყალიბდეს, რაც აქამდე არ იყო. ჩვენ შევქმენით სამართლებრივი ბაზა, რაც გასულ წლებში არ არსებობდა. არადა, შეიარაღებულ ძალებში უვარგისი ტექნიკა დაგროვდა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ავსტრიასა და აშშ-თან ზოგიერთი ფეთქებადსაშიში მასალის გასაუვნებლად. ასე რომ, ამ მიმართულებით არსებობს სტრატეგიული ხედვები სრულ თანხვედრაშია ნატოს სტრატეგიასთან", - განმარტავს რესპონდენტი.

"დღემდე შსს-ს რეფორმა ძირითადად შეეხო საპატრულო პოლიციის "ფრონტ-ოფისს", ხოლო "ბექ-ოფისი" - ადმინისტრაციული საქმის წარმოება და სანებართვო საქმიანობა, ისევ ძველი სისტემით, "ქაღალდზე" მიმდინარეობდა. შსს-ს მიზანი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის შექმნა იყო, სადაც ყველა სერვისი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ერთ სივრცეში, "ერთი სარკმლის" პრინციპის დაცვით მიეწოდება. ცენტრი საპოლიციო სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომი მოდელია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო მომსახურების სივრცე იქნება. მის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხვედელიანი გვესაუბრება", - წერს ჟურნალის "არსენალი" სტატიაში სათაურით პატრულის ერთიანი მომსახურების ცენტრი / საპოლიციო სერვისი მოქალაქეებისთვის უკეთ ხელმისაწვდომი ხდება.

"საპატრულოს ცენტრი, რომელიც პირველ ეტაპზე თბილისში გაიხსნა ე.წ. "მეთორმეტე ოთახს~ შეცვლის და მოქალაქეებს 4 სხვადასხვა ლოკაციის ნაცვლად, ერთ ფიზიკურ სივრცეში, უფრო ხარისხიანად მოემსახურება, სასურველი სერვისის მიწოდების დროც შემცირდება. ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეები შეძლებენ საპატრულო პოლიციის ყველა და მომსახურების სააგენტოს გარკვეული (ძირითადად ცნობების გაცემა) სერვისების მიღებას. იმ მოქალაქეების ინტერესები და მოთხოვნილებები, რომლებიც საპოლიციო მომსახურებას ქუჩაში კი არა, საპატრულო პოლიციის სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში იღებდა, ყურადღების მიღმა რჩებოდა. სამართალდარღვევათა გამოვლენის გაუმჯობესებული საშუალებების შედეგად კი, მათი რაოდენობა გაიზარდა. ამიტომ ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტანდარტის შექმნა გადავწყვიტეთ. და ამ სტანდარტს ვამკვიდრებთ საპატრულო პოლიციაში, ცენტრის გახსნა კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ხვედელიანი.

"დღემდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კორესპონდენციის ადგილზე ჩაბარება ხორციელდებოდა მყარი (არა ელექტრონული) ფორმით, ამასთან, არ არსებობდა ერთსა და იმავე ტიპის მომსახურებაზე კორესპონდენციის სტანდარტიზებული ფორმა; არ არსებობდა ნაკადის მართვის სისტემა, დოკუმენტირებული ინსტრუქცია მომსახურების შესახებ, მომსახურების ხარისხის სტანდარტის დოკუმენტი, ელექტრონული საქმის წარმოების და ელექტრონული ხელმოწერის საკმარისად კარგი პრაქტიკა. მეტიც, არ არსებობდა საინფორმაციო ქოლ ცენტრი და ერთი უნივერსალური ელექტრონული ფოსტა. ეს ნაკლოვანებები, ერთიანი სისტემის შექმნით გამოსწორდება, რომელიც დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანობის ამაღლებისა და პროცესების ოპტიმიზაციით ხდება", - დასძენს რესპონდენტი.

"საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ძირითადი სერვისებია: 1. საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება/მონაცემთა ბაზაში კორექტირების შეტანა; 2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. გასაჩივრება, გადახედვის მოთხოვნა; 3. ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება; 4. სპეციალურ დაცულ (112-ის საჯარიმო) სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება; 5. ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის მიღება; 6. შსს საინფორმაციო ბაზაში ცვლილების/კორექტირების შეტანა; 7. დარჩენილი ქულებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება; 8. გზებზე სამუშაოების წარმოებისას საგზაო მოძრაობის სქემების (პროექტების) ჩაბარება; 9. არაგაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობაზე თანხმობის მიღება; 10. სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენება და ოპერატიული/სპეციალური სამსახურის ავტომობილებისთვის სპეციალური შეფერილობის დაყენების თანხმობის მირება; 11. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება; 12. რეაგირების ოქმის/შემაკავებელი ორდერის მიღება; 13. ვიდეო ჩანაწერის მიღება; 14. პატრულ-ინსპექტორის/მესაზღვრე-კონტროლიორის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესახებ განაცხადის გაკეთება; 15. ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრება; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთაA სამინისტროს შენობა კახეთის გზატკეცილზე (ნოე რამიშვილის 38-ში) საზოგადოებისთვის მხოლოდ გარე ფასადით აღიქმებოდა და მას ჩვენი მოქალაქეები ე.წ. `შუშებად~ მოიხსენიებდა. მისი რეალური ფუნქცია მოქალაქეებისთვის უცხო იყო. ერთიანი მომსახურების ცენტრით ყველა მოქალაქეს შეეძლება ისარგებლოს და საჭირო საპოლიციო სერვისი დაბრკოლებების გარეშე მიიღოს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად თანამედროვე სამხრე ვიდეო კამერებით აღიჭურვებიან. ახალი აღჭურვილობის შესახებ შემდეგ ნომერში, მკითხველს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უცხო ენის ცოდნის შესწავლა-გამყარებაა, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა უფრო ინტენსიურად და სრულფასოვნად შეძლონ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფუნქციონირებს ენობრივი მომზადების სკოლა, რომელიც სხვადასხვა კურსისა და პროგრამის მეშვეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს უცხო ენებს შეასწავლის. ენობრივი მომზადების სკოლა თავდაპირველად 1999 წელს თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების კათედრის ბაზაზე უცხო ენების სასწავლო ცენტრის სახით ჩამოყალიბდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა, ენების სასწავლო ცენტრი ენობრივი მომზადების სკოლად გადაკეთდა. ამჟამად სკოლაში ფუნქციონირებს ინგლისური, ფრანგული, თურქული, გერმანული და რუსული ენების პროგრამები. გარდა ამისა, მსმენელებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ სპარსული და არაბული ენები", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლა.

"ენობრივი მომზადების სკოლაში უცხო ენებს ეუფლებიან საზღვარგარეთ სხვადასხვა სასწავლო კურსზე წარსაგზავნად შერჩეული კანდიდატები, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირადი შემადგენლობა, ასევე ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც თანამდებობრივი კრიტერიუმებიდან გამომდინარე ესაჭიროებათ ენის ცოდნა", - ამბობს ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი, მაიორი კახაბერ ყავლაშვილი. სკოლის თითოეული პროგრამა უცხო ენის სწავლების აპრობირებული თანამედროვე მეთოდებს მოიცავს, მაგრამ, მაიორ ყავლაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი მომზადების სკოლაში შვიდი ენა ისწავლება, მსმენელთა 90% ინგლისური ენის კურსს ანიჭებს უპირატესობას. გარდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებისა, ენობრივი მომზადების სკოლაში უცხო ენებს ეუფლებიან საქართველოს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიისა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები. სკოლაში ასევე დაგეგმილია არსებული სასწავლო პროგრამების ნატოს აკრედიტაციისთვის მომზადება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სკოლაში უცხოელი მსმენელების მოზიდვას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამჟამად ენობრივი მომზადების სკოლაში ინგლისური ენის კურსს გადის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებული, უფროსი ლეიტენანტი ლევან კოდუა, რომელიც კურსის დასრულების შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. მისი თქმით, კურსი მთლიანადაა მორგებული ამერიკულ და ბრიტანულ სტანდარტებს, გათვალისწინებულია როგორც ზოგადი, ასევე სამხედრო საქმისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური საკითხები... უცხო ენების სწავლების თანამედროვე სტანდარტებთან მუდმივ თავსებადობაში ყოფნის მიზნით მიმდინარეობს მათი პროფესიული დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება. მასწავლებელთა გადამზადებისთვის აკადემია ეტაპობრივად ატარებს "ეფექტიანი სწავლების" ტრენინგებს. სკოლის მასწავლებლები რეგულარულად იგზავნებიან საზღვარგარეთ სხვადასხვა ტიპის საკვალიფიკაციო კურსისა და ტრენინგის გასავლელად, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის ენების ინსტიტუტში, კანადის ენების მომზადების სამხედრო სკოლაში, გერმანიის ჯორჯ მარშალის სახელობის პარტნიორი ქვეყნების ენების სწავლების ევროპულ ცენტრსა და სხვა საერთაშორისო უცხო ენების შემსწავლელ დაწესებულებებში", - განაგრძობს გამოცემა.

"ენობრივი მომზადების სკოლაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ცვლილება არის დაგეგმილი. ამჟამად სკოლა თბილისში მდებარეობს, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება მისი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზაში, ქალაქ გორში გადატანა. სკოლის განკარგულებაში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო შენობა, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესს. ამას გარდა, აკადემიისა და სკოლის ხელმძღვანელობა მუშაობენ დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების დანერგვაზე. დისტანციური სწავლების ელექტრონული პლატფორმის ამოქმედება სასწავლო მასალებით, ვიდეოგაკვეთილებითა და ელექტრონული ტესტებით თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს საშუალებას მისცემს დისტანციურად შეისწავლონ უცხო ენები, რაც გაზრდის შეიარაღებულ ძალებში უცხო ენების მცოდნე მოსამსახურეთა რაოდენობას", - დასძენს გამოცემა.

"2004 წელს ცხინვალის მისადგომებთან ჩემი მეგობარი, ლომაძე დაიღუპა და მაშინ დავიფიცე, რომ მის გზას მე გავაგრძელებდი. 2005-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს მოვაწერე ხელი და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე... ორი სამშვიდობო მისია ერაყში და ორიც ავღანეთში მქონდა - ბარემ გასამების სურვილიც მაქვს და ვნახოთ, თუ გამომივა", - აცხადებს 39 წლის თემური ჟურნალ "არსენალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ცხოვრება ფრონტის ხაზზე.

"2005 წელს ცხინვალის სამშვიდობო მისიაში ვიყავით, ჯერ ნიქოზში ვიდექით, შემდეგ კი თამარაშენში გადაგვიყვანეს. დღის განმავლობაში ხალხი ჩვეულებრივად, მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ მთელი ღამე ჭურვებით არა, მაგრამ ტყვიამფრქვევებსაც კი ისროდნენ და გათენებამდე ორმხრივი ცეცხლი იყო. როგორც კი გათენდებოდა, ჩვეულებრივი სიმშვიდე იყო. ჩვენს მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ მეორე მხარეს, ალბათ, დაღუპულებიც იყვნენ. მალევე, 113-ე ბატალიონ "შავნაბადასთან" ერთად ერაყის სამშვიდობო მისიაში წავედი, სადაც 6 თვე გავატარე. ძირითადად, პატრულირება გვიწევდა ამერიკელებთან ერთად - ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სასახლეში სამხედრო ბაზა იყო. ბაღდადში წასვლამდე ერთი თვე ქუვეითში გავატარე. ავღანეთშიც ხომ ნამყოფი ვარ, მაგრამ იქ ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ, ქუვეითში კი კარგად ცხოვრობდნენ. მშრომელი ხალხია, სულ ფუსფუსებდნენ. პირდაპირ ქვიშაზე აშენებდნენ სახლებს, ბაღნარებს... რამდენიმე დღის შემდეგ ერთსა და იმავე ქუჩაზე რომ გავივლიდი, ხომ არ შემეშალა-მეთქი, ვფიქრობდი. ყველა სახლს გალავანი აქვს შემორტყმული, მაგრამ მაინც ჩანდა, რა სამოთხე ჰქონდათ შიგნით. ქუვეითი თეთრ სილაზე აღმოცენებული მწვანე სამოთხეა. შემდეგ ბაღდადში გადაგვიყვანეს. ჩვენს იქ ყოფნაში დიდი ბრძოლები არ გამართულა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას რესპონდენტი თემური.

"შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი და სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წლის მიწურულს, 6 თვით წავედით. ჩვენამდე I-ლი ქვეითი ბრიგადა იყო წასული 1 წლით და ის შევცვალეთ. ერთხანს ვაჰიდის პროვინციაში ვიდექით. ერთი ქვეყანაა, მაგრამ ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან... ავღანეთში ერთხელ წავედი და გადაბმულად ორი მისია დავრჩი - 15 თვე მომიწია ყოფნამ. ვერ ვიტყვი, რომ არ გამიჭირდა, მაგრამ აზარტში შევედი, მთლიანად მისიაზე ვიყავი გადართული... თითქმის ყველა ბაზა მოვიარე - ლეზერნიკი, ქემერი, შუკვანი, ენგური, შირგაზი... ყველა ჰილმენდის პროვინციაში იყო. აქლემებით მოსეირნე ბედუინებიც ვნახე... იქ საკმარისია წამით გაგეფანტოს ყურადღება, რომ ეს საბედისწერო აღმოჩნდეს. უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც პატრულირებისას ან ჩეკპოინტის დროს თავს გვესხმოდნენ.. ასეთ დროს ვჩერდებით და უსაფრთხოებას ვიცავთ, უნდა დავადგინოთ, საიდან ისვრიან და შემდეგ ამას ყველა მანქანის ეკიპაჟს ვატყობინებთ. მაგალითად, საათის მიხედვით ვეუბნებით, ზუსტად რა დროა და რა დროს საიდან ისროლეს... შემდეგ კონვოის მანქანები იშლებიან და ყველა მათგანი 360-გრადუსიან უსაფრთხოებას იცავს, ანუ ზურგიდან ან სხვა ფლანგებიდან რომ არ გაგვიხსნან ცეცხლი. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რა დროს რას ვაკეთებთ. მაგალითად, ცეცხლის გახსნისა და თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისას მოქმედებები განსხვავებულია. ამას ყოველთვის ითვალისწინებს მეთაური, რომელიც ჩეკპოინტზე ან პატრულირებაზე გადის. როგორც წესი, 5 მანქანით გავდიოდით, მათგან ოთხი ქართული იყო და გადაწყვეტილებას ქართველი მეთაური იღებდა. ბრძანების თანამიმდევრული შესრულება აუცილებელი პირობაა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ძალიან ბევრი რამ ვნახე. თავიდან რომ ამბობდნენ, ყველაზე ფრთხილად ქვიშის ქარიშხლის დროს უნდა ვიყოთო, მიკვირდა, იმ დროს, რა უნდა გააკეთონ-მეთქი. წარმოიდგინეთ, რამდენიმე ასეულ მეტრზეა აღმართული ქვიშის მტვერი და იმ დროს ახერხებენ უამრავი ნაღმის ჩაწყობას, ისე, რომ თავად არ ზიანდებიან. ქარიშხალი შორიდან ჯერ ნისლივით მოდის, შემდეგ კი უცებ შიშინის ხმა ისმის და ყველაფერი შავ-წითელ მტვერში ეხვევა. როდესაც ჩადგება, ასე გგონია, სხვა სამყაროში ხარ. არაერთხელ მოვყოლილვართ ქვიშის ქარიშხალში მანქანით. ამ დროს არ უნდა დაიბნე, თორემ ეს ყველაზე კარგი ხაფანგია და თალიბები ამით სარგებლობენ. ზოგჯერ მეგონა, რომ არარეალური ადამიანები იყვნენ. შედარებითი სიმშვიდეა ყაყაჩოს მოსავლის აღებისას - ტყვიის ხმა არ გაგვიგონია, არც ერთი პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლი არ ყოფილა. მაშინ, როდესაც პატრულის გადაადგილებისას ყოველთვის ცეცხლს გვიხსნიდნენ. იმ დროს კი ქალიან-კაციან-ბავშვიანად პლანტაციაში არიან გასული, დასვენებისას კი სხედან და ეწევიან. არ ვიცი, იმ რაოდენობით და იმ ასაკის ნარკოდამოკიდებულები კიდევ რომელ ქვეყანაში შეიძლება იყვნენ. ბაზაზე ავღანელებიც მსახურობენ, მაგრამ მათი ნდობა არ შეიძლება."- თვლის თემური.

"სოფლებში რომ დავდიოდით და ხალხს რომ ველაპარაკებოდით, გვიყვებოდნენ, თქვენი წასვლის შემდეგ თალიბები მოდიან და გვეუბნებიან, რატომ უშვებთო, თან ემუქრებოდნენ, როდესაც ისინი ცეცხლს გაგვიხსნიან, დაგვმალეთ ან გაგვაპარეთ, თორემ ოჯახებს დაგიხოცავთო. თუ სოფელს გამწვანება ჰქონდა, ადვილად შეხვიდოდი, სხვაგვარად სახიფათო იყო. სოფლის მოსახლეობაში თითქმის ყოველთვის გარეული იყო ტერორისტი. ყველა სოფელს ტალახის გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელიც აქა-იქ გამონგრეული იყო, თითქოს შემთხვევით... არადა, პატრულირებისას იქიდან გვესროდნენ, თან შიგნიდან იმ ადგილს ასველებდნენ, მტვერი რომ არ დამდგარიყო და სროლის მიმართულება ვერ განგვესაზღვრა... აპარატები ისეთი გვქონდა, რომლითაც ადამიანებს ვამოწმებდით და თუკი სადმე იყო დაფიქსირებული, მაშინვე ამოაგდებდა. აპარატი დაკავშირებულია თანამგზავრთან და ადამიანის თვალსა და თითის ანაბეჭდზე რეაგირებს... ყველანაირად ვცდილობდით, მათი აგრესია არ გამოგვეწვია, ყოველთვის თავაზიანად ვექცეოდით. ვეუბნებოდით, რომ შემოწმება მათი უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი. ამასთან, პატივს ვცემდით მათ კულტურასა და რელიგიას, მეგობრულად ვესაუბრებოდით. არაერთხელ ჩვენთვის განკუთვნილი მშრალი ულუფა და ტკბილეული მიგვიცია, ოღონდ გახსნილად, რადგან შეფუთვა შესაძლო იყო თვითნაკეთი ნაღმებისთვის გამოეყენებინათ. აფასებდნენ ამას, მაგრამ მათი ნდობა მაინც არ შეიძლება", - მიიჩნევს ინკოგნიტო რესპონდენტი.

"ტერორისტებს, ძირითადად, რუსული შეიარაღება, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჩინური რაკეტები აქვთ, რომელთაც თვითნაკეთი დანადგარებიდან უშვებენ. მათთვის ჩვეულებრივი იარაღი წერაქვია, რომელიც სულ თან აქვთ, ქვიშას 5 წუთში გათხრიან და ნაღმს დამალავენ. ძირითადად, მოტოციკლებით დადიან და სამოსის ქვეშ მალავენ იარაღს. სოფელს ფარად იყენებენ. ჩვენ კი, იქ სამშვიდობო მისიით ვართ წასული და სოფლისთვის ცეცხლის გახსნის უფლება არა გვაქვს. ისედაც, თუ მოწინააღმდეგეს არ ხედავ, არ უნდა ესროლო, რადგან შეიძლება ქალი ან ბავშვი დაიღუპოს. ამიტომ ვმანევრირებდით - ამ დროს გვერდიდან ან უკნიდან უნდა მიეპარო... ბაზიდან 48 საათით გავდიოდით - დილით გასული, მესამე დილით ვბრუნდებოდით. შესვენებისას მანქანებს წრეზე ვაჩერებდით და სახურავებზე უსაფრთხოების მიზნით მეტყვიამფრქვევეები სხდებოდნენ. ვჩერდებოდით სოფლიდან, გზებიდან და გზაჯვარედინებიდან შორს. ღამღამობიYთ ღამით ხედვის ხელსაწყოებს ვიყენებდით. ერთხელ სოფლის ახლოს მოგვიწია გავლამ და ცეცხლი გაგვიხსნეს. დაახლოებით ერთი საათი ვიგერიებდით. როგორც გითხარით, საპასუხო ცეცხლს ბრმად ვერ გავხსნიდით, მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაზარალებულიყო. მოსახლეობა სიღატაკის ზღვარზეა, საცოდავად ცხოვრობენ. განათლება, პრაქტიკულად არა აქვთ. რასაც სოფლის მოლა იტყვის, ის არის მათთვის კანონი. ქალი, როგორც ნივთი, ისე ჰყავთ. მამა მას საქონელზე ყიდის", - ამბობს თემური.

"25 წლის ავღანელი გოგო ატირებული მოვარდა ბაზის შემოსასვლელთან, ქმარი მოუკლეს და მის 80 წელს მიღწეულ ძმაზე ანუ მაზლზე ათხოვებდნენ და შველას ითხოვდა, მაგრამ ამერიკელები არასდროს ერევიან მათ ტრადიციებში - უფლება არა აქვთ, მით უფრო, თუ დიდი სოფელია, რადგან შეიძლება დიდ საფრთხედ იქცეს... ერთი სიტყვით, დავინახეთ, როგორ ჩასვეს მუხლებამდე ამოთხრილ ორმოში და ჩაქოლეს. ძალიან მძიმე სანახავი იყო. უამრავი სიკვდილი ვნახე, მაგრამ ქალზე ასეთმა სასტიკმა ძალადობამ შემძრა... მდიდარია ის ოჯახი და სოფელი, რომელსაც ჭაბურღილი აქვს. იქ წყლის გამო ერთმანეთს ხოცავენ. თალიბები ამა თუ იმ სოფელს იმის გამო იპყრობდნენ, რომ მათ ჭაბურღილი ჰქონდათ. ერაყში თუ ძალიან უყვართ რბილი ავეჯი, ავღანეთი არც ამ მხრივ გამოირჩევა, ძირითადად, აუცილებელი ნივთები აქვთ, ჭურჭელი და კარადები...", - დასძენს რესპონდენტი.

"1917 წელს რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილებში დისციპლინა მოიშალა, ჯარისკაცებს ომის გაგრძელება აღარ სურდათ, მეთაურების ბრძანებებს არ ასრულებდნენ და ფრონტის თვითნებურ მიტოვებასაც არ ერიდებოდნენ... კავკასიაში ფრონტის ხაზის შენარჩუნებას კავკასიური ფორმირებების შექმნის გზით რუსეთის სათავეში მოსული დროებითი მთავრობა თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ფრონტზე ვითარების გამწვავების გამო, 1917 წლის 19 სექტემბერს (2 ოქტომბერი), გამოვიდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი დუხონინის ბრძანება N929 ქართული და სომხური კორპუსების მმართველობის ჩამოყალიბებაზე. ქართული კორპუსი აერთიანებდა 3 მსროლელ დივიზიას, თითოეულს ოთხი მსროლელი პოლკის შემადგენლობით, 2 სამთო-საარტილერიო ბრიგადას, ცხენოსან სამთო-საარტილერიო ბატარეას, ცხენოსანთა ბრიგადას სამი ცხენოსანი პოლკით, საინჟინრო ბატალიონს, მორტირების დივიზიონს, სათადარიგო პოლკს, სათადარიგო ესკადრონსა და საეტაპო ბატალიონს. გადაწყვეტილი იყო აგრეთვე რუსული, პოლონური, უკრაინული, ბერძნული, მუსლიმანური, ასირიული, ოსური შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბება", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ქართული კორპუსი ბათუმისათვის ომში.

"აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის სომხეთს კავკასიის ფრონტზე ორი მსროლელი ბრიგადა უკვე ჰყავდა სამ-სამი პოლკის შემადგენლობით, ქართული ნაწილების მდგომარეობა ბევრად რთული იყო. უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსის ბრძანებით, 1915 წლის ნოემბერში, სპარსეთში აზერბაიჯან-ვანის რაზმის შემადგენლობაში მყოფი ტიფლისისა და ქუთაისის რაზმები დაიშალა. სანაცვლოდ სამხედრო ვალდებული ქართველებით ქართული მსროლელი ბატალიონი ცხენოსანთა ასეულთან ერთად ჩამოყალიბდა. 1916 წლის პირველ ნახევარში ბატალიონი გადაკეთდა 1-ელ ქართულ მსროლელ პოლკად, რომელიც 4 ბატალიონისგან შედგებოდა და მისი მეთაური პოლკოვნიკი კვინიხიძე იყო. 1916 წელს სპარსეთში ქართველ ცხენოსანთა პოლკი შეიქმნა, ხოლო 1917 წლის ივნისში სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მე-5 ქვეით დივიზიაში ქართული პარტიზანული რაზმის ჩამოყალიბებაზე ბრძანება გამოვიდა. შტატით პარტიზანული რაზმი 420 კაცზე იყო გათვლილი. ქართული კორპუსის ფორმირება საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის, ქართველ მხედართა კავშირისა და სხვა ორგანიზაციების აქტიურობით ფრონტზე მყოფი ნაწილების საფუძველზე, მაგრამ მძიმედ მიმდინარეობდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"კორპუსის მთავარსარდალი, პოლკოვნიკი სტეფანე ახმეტელაშვილი 1917 წლის 16 (29) დეკემბერს კავკასიის ფრონტის ჯარების მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტირმაისტერს ატყობინებდა: - "1-ლი ქართული მსროლელი პოლკი სპარსეთის ფრონტზე ორწლიანი ყოფნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და სამი ბატალიონით ქუთაისშია. სჭირდება დასვენება, დიდი დაკომპლექტება და ისეთ მდგომარეობაშია, რომ ფრონტზე გაგზავნა არ შეიძლება; მე-4 ქართული მსროლელი პოლკის ერთი ბატალიონი (400-მდე ხიშტი) გორშია; მე-5 ქართული მსროლელი პოლკი 10 ასეულისგან შედგება და დაახლოებით 2 ათასამდე ხიშტს (კაცს) ითვლის. ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და თბილისის დაცვის ფუნქციებს ასრულებს; მე-7 ქართული მსროლელი პოლკის ერთი ბატალიონი (400-მდე ხიშტი) ავჭალაშია განთავსებული; 1-ლი ქართული ცხენოსანი პოლკი 4 ესკადრონის შემადგენლობით სპარსეთიდან თბილისისკენ მოემართება; ქართულ ცხენოსან სამთო ბატარეას 4 სამთო ქვემეხი აქვს და მარიენფილდში (სართიჭალის მახლობლად) ყალიბდება. აკლია 100 ცხენი; დასავლეთის ფრონტიდან ჩამოსული ქართული პარტიზანული რაზმი 250 ხიშტს ითვლის და თბილისშია; კორპუსის შტაბები და მმართველობა ჩამოყალიბებულია, ოფიცერთა შემადგენლობა სახეზეა, იარაღი და ქონება ხუთ პოლკზე მთლიანად მიღებულია. პრობლემას ჯარისკაცები ქმნიან, რადგან სათადარიგო და ზურგის ნაწილებიდან მისაღები შევსება შემცირდა და მთელი თვის მანძილზე კორპუსს მხოლოდ 1000-მდე კაცი დაემატა". პოლკოვნიკ ახმეტელაშვილის აზრით, ამის მიზეზები ადამიანების გადაადგილებით გამოწვეულ ტექნიკურ სირთულეებთან ერთად ნაწილების სამეთაურო შემადგენლობისა და უფრო ხშირად ადამიანების გამგზავრებაზე საპოლკო კომიტეტების გაცემული ბრძანებების შეუსრულებლობა იყო.", - განაგრძობს გამოცემა.

"ბევრ ნაწილში ასეთი განკარგულების შესახებ არაფერი იცოდნენ ან ქართველი ჯარისკაცებისგან მალავდნენ. ის მოითხოვდა სასწრაფო ღონისძიებების გატარებას, რათა ქართველი ჯარისკაცები ზურგისა და ფრონტის ნაწილებიდან, მათ შორის მოლაშქრეთა გუნდებიდან გამოეგზავნათ. კორპუსის მთავარსარდალი მიიჩნევდა, რომ სწრაფად დაკომპლექტების შემთხვევაში მზადყოფნაში არანაკლებ 6 პოლკი იქნებოდა. იყო სხვა პრობლემებიც - ჯარების ცუდი მართვა, ცუდი კვება, ზურგის სამსახურის გაუმართავი მუშაობა, ომით გამოწვეული დაღლა და სახლში დაბრუნების დიდი სურვილი, რაც ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე მაინცდამაინც არ განაწყობდა. ქართველი ოფიცრის პროგნოზით, ჯარისკაცების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოხერხდებოდა ჩამოყალიბებული ნაწილების ფრონტზე გაგზავნა და კორპუსის სრულ მზადყოფნას 1918 წლის თებერვლის ბოლოსYთვის იმედოვნებდა. მთავარ საფრთხეს ქმნიდა ბათუმისკენ დაძრული თურქეთის არმია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროთი წინ შეუფერხებლად მოიწევდა. კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის საიდუმლო ბრძანებითა და საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებული სამხედრო სექციის გადაწყვეტილებით, ბათუმის დასაცავად 1-ლი და მე-4 მსროლელი პოლკები, საარტილერიო ბატარეა და ცხენოსანთა მე-3 პოლკი გამოიყო", - დასძენს გამოცემა.

"ბათუმის დაცვაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მიხეილის სიმაგრეებს, მაგრამ პრობლემები არც მის გარნიზონს აკლდა. სიმაგრეების კომენდანტი 1918 წლის 2 (15) თებერვალს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსს სწერდა, რომ მიხეილის სიმაგრეების გარნიზონი 310 არტილერისტის, მე-2 ქართული პოლკის 500 და მესანგრეთა ასეულის 55 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შედგებოდა. სახმელეთო ფორტების ბატარეები, შორეული სიმაგრეები სრულად მოშიშვლებული იყო და მოწინააღმდეგე წინააღმდეგობის გარეშე დაიკავებდა. მაშინდელი პრესის ინფორმაციით, ბათუმი თავდაცვისათვის გაფაციცებით ემზადებოდა. გამოცხადდა 40 წლამდე მამაკაცების მობილიზაცია. მოსახლეობაში დიდი აღფრთოვანება იგრძნობოდა, ხოლო დამცველთა რიგებს სულ ახალ-ახალი რაზმები ემატებოდა. ზოგიერთი ავტორის მონაცემით, ბათუმის დასაცავად დაახლოებით 10-12 ათასი კაცი და 70-100 ქვემეხი იყო თავმოყრილი. მათ რიცხვში შედის როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს რაიონებიდან და ქალაქებიდან ჩასულ მოხალისეთა რაზმები, მაგრამ ბრძოლისუნარიანი ნაწილები, შეკრული სამხედრო კოლექტივებით, ქართულ კორპუსს თითზე ჩამოსათვლელი თუ ეყოლებოდა. ქალაქის დამცველთა დასახმარებლად 6 (19) მარტს თბილისში კავკასიის ფრონტის მოხალისეთა საბრძოლო საავიაციო ჯგუფიც კი ჩამოყალიბდა. ჯგუფს 5 თვითმფრინავი ჰყავდა და მისი მეთაური კავკასიის III საავიაციო რაზმის კაპიტანი ზაბოლოცკი იყო", - წერს სტატიის ავტორი.

"ბათუმის დაცვას ხელმძღვანელობდნენ: ქალაქის სამხედრო კომენდანტი, გენერალ-მაიორი ზაქარია მდივანი, მიხეილის სიმაგრეების კომენდანტი, გენერალ-მაიორი ალექსანდრე გედევანიშვილი და 1-ლი ქართული დივიზიის უფროსი, გენერალ-მაიორი დავით ართმელაძე. ქალაქის ასაღებად თურქეთის არმიის მე-2 კავკასიური კორპუსის 37-ე ქვეითი დივიზიის დაახლოებით 4 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი ემზადებოდა. თურქებს ადგილობრივების შეიარაღებული რაზმებიც ეხმარებოდნენ და მათი რიცხოვნობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა. ძალები თავდაცვისთვის საკმარისი იყო, მაგრამ იმდენად ცუდად ორგანიზებული აღმოჩნდა, რომ ყოველგვარი უპირატესობა დაიკარგა და თურქებმა ბათუმი აიღეს. ბრძოლების მონაწილე ერთ-ერთი მოხალისე შემდეგ იხსენებდა: "ის, რაც ბათუმში ხდებოდა, პირდაპირ აუწერელია. ასეთ უთაობას, ასეთ შეუგნებლობას იშვიათად თუ ვინმე გამოიჩენს. ვინ უფროსობს, ვინ განაგებს - ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობსო, სწორედ ეს იყო". გენერალ გიორგი კვინიტაძის აზრით, ბათუმის დაკარგვის მიზეზი უდისციპლინობა, დეზერტირობა, ჯარისკაცების დაუმორჩილებლობა იყო და ამის გამო "ბათუმი თურქების პირველი შემოტევისთანავე დაეცა". თურქებს უბრძოლველად ჩაჰბარდა ფორტი "კახაბერი", ერგეს მთა, რომელსაც მე-4 პოლკი იცავდა და სხვა პოზიციები, მაგრამ იყო თავდადებისა და ვაჟკაცობის მაგალითებიც. მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ფორტმა "ანარიამ", სადაც ქართველმა ოფიცრებმა, შტაბს-კაპიტანმა კაპიტანმა სიმონ შავგულიძემ, შტაბს-კაპიტანმა ზაქარია დოლიძემ, პორუჩიკმა აბესალომ ხარაიძემ და პრაპორშჩიკმა დავით ვანიძემ 50-მდე მებრძოლით ბოლომდე იბრძოლეს და თავი გაწირეს", - დასძენს სტატიის ავტორი.