ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2018

ნიკა ჩიტაძე - ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირების გამო არ დაბრუნებულა"ოცნება" "შატალოს" ვერ ელევაუნდა გადაერქვას თუ არა სახელი ვარდების მოედანს? * * *

ნიკა ჩიტაძე - ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირების გამო არ დაბრუნებულა

"ჩემი აზრით, ივანიშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი არ გახლავთ პარტიაში არსებული დაპირისპირება. ამ პრობლემის მოგვარება გარკვეულ წილად შესაძლებელი იყო კულუარული გზით. მაგალითად, მასმედიის წამომადგენლების გარეშე შეეძლო სხდომა ჩაეტარებინა "ქართული ოცნების" ოფისში ან სადმე სხვაგან და ეს დაპირისპირება გაენეიტრალებინა. ივანიშვილის პოლიტიკაში დე იურე დაბრუნების მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად გაისმის კრიტიკა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ეს ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნულის შესახებ საუბარი იყო როგორც ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებში, ისე "ფრიდომ ჰაუსის" და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც. თუ "ფრიდომ ჰაუსის" კრიტიკა მმართველ ძალას შეეძლო, სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას "ქართული ოცნება" უკვე ვერ უპასუხებდა ანალოგიურით", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გაზეთ "რეზონანსის" ონლაინ-ვერსიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჩიტაძე: ივანიშვილი "ოცნებაში" არსებული დაპირისპირების გამო არ დაბრუნებულა.

"ამიტომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება - იმის გასაქარწყლებლად, რომ ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა. ამ შემთხვევაში არც ოპონენტებს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ ექნება არგუმენტები არაფორმალური მმართველობაზე, რადგან ივანიშვილი ახლა უკვე პარტიულ თანამდებობას იკავებს... ივანიშვილი კი დაბრუნდა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აქტიური იქნება ის პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, შედარებით ნაკლებად და ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, რადგან მოსახლეობის წინაშე ზედმეტ პასუხისმგებლობა არ აიღებს. ის იქნება პარტიულ პოსტზე, მაგრამ შესაძლებელია, ზოგჯერ "ქართული ოცნების" სხდომებსაც არ დაესწროს. ჩემი აზრით, მისი დაბრუნებით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პარლამენტის სტრუქტურაში ფიზიკურად ვერაფერი შეიცვლება, რადგან, თუ პარტიიდან ვინმე გარიცხეს, ფაქტია, პარლამენტიდანაც ვერ გარიცხავენ. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ცვლილებებს, არც ამას უნდა ველოდოთ, რადგან ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,4 %-დან 3.2%-მდე შემცირდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

"დემოკრატიის მხრივად პროგრესს არ ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 53 გამგეობაში ვიცით, რომ ძალისმიერი გზით მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლა (როდესაც გამგეობებში შეჭრა მოხდა). მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რომ პარლამენტის შეცვლა არ ნიშნავს ადგილობრივ გამგეობებში ცვლილებასო. თუმცა, თუ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, პოლიციას ხომ უნდა მიეღო შესაბამისი ზომები?! ასევე, სიტყვის თავისუფლებაზეც იყო ზეწოლა. კერძოდ, გვახსოვს, ივანიშვილმა დაიბარა ექსპერტები და პირდაპირ ეთერში 4 საათის განმავლობაში აკრიტიკებდა მათ. განსაკუთრებით იმათ, ვინც შედარებით ლოიალურად ითვლებოდა ივანიშვილის მიმართ, რადგან ის თვლიდა, რომ გაცემული გრანტებისა თუ ფინანსური დახმარების გამო, ისინი დავალებული იყვნენ ივანიშვილის წინაშე. შემდგომში დაიბარა მედიის წამომადგენლები და ე.წ. მიჭირხვნის პოლიტიკა გაატარა იმის გამო, თუ რატომ დაიწერა ესა თუ ის სტატია და რატომ გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ივანიშვილის დაბრუნებით დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ უახლოესი პერიოდის გამოცდილება არ მაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას", - დააკვნის რესპონდენტი.

" რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას - ყველა კარგად მოეხსენება, რომ დაპირისპირება მარგველაშვილისა და ივანიშვილის უთანხმოებას უკავშირდება და ეს დღეს არ დაწყებულა. შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლა და საპარლამენტო დებატების არარსებობა სწორედ ამის შედეგი იყო. დეპუტატები ცდილობდნენ კიდევ უფრო რადიკალურები ყოფილიყვნენ პრეზიდენტის მიმართ. მათ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკული შენიშვნების მოსმენაც არ სურდათ, იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სხვა საკითხებზე. თუმცა, მე ვფიქრობ, მარგველაშვილმაც თავი შეიკავა ზოგიერთ საკითხში კრიტიკისგან. მე ვფიქრობ, ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს. პიროვნებებს შორის დავას ჰქონდა ადგილი და არა საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი განვითრების შესახებ კრიტიკას. ამიტომ, დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება ჯანსაღი დებატები ესმინათ და გაერჩით მტყუან-მართალი", - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

"ოცნება" "შატალოს" ვერ ელევა

"ოჯახური მდგომარეობის" მომიზეზებით დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომების გაცდენა უკვე მუდმივ პრობლემად იქცა, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კვორუმისთვის საჭირო 76 დეპუტატიც არ ესწრება სხდომას, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ იმუქრება, რომ "შატალოს" მოყვარული ურჩი დეპუტატების კანონით დასჯა შემოიღებს. კანონპროექტი უკვე ინიცირებულიცაა, თუმცა სწორედ მმართველ პარტიაში დიდი წინააღმდეგობის გამო მისი განხილვა არა და არ იწყება. გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა დასწრების თვალსაზისით ვითარება არ შეცვლილა, რის გამოც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები უახლოეს მომავალში განიხილება", - წერს გაზეთ "რეზონანსის" ონლაინ-ვერსია სტატიაში სათაურით "ოცნება" "შატალოს" ვერ ელევა.

"გუშინ კვორუმის არარსებობის გამო დეპუტატებმა სხდომის გახსნა მხოლოდ მესამე რეგისტრაციის შემდეგ შეძლეს და პარლამენტის სპიკერის განცხადებაც ამ ფაქტს მოჰყვა. თანაც, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც 76 დეპუტატის შეკრება რის ვაი-ვაგლახით ხდება. თანაც იმ დროს, როდესაც მარტო უმრავლესობას 116 დეპუტატი ჰყავს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ "ოცნების" დეპუტატების მესამედი სხდომებს რეგულარულად აცდენს. თანაც, ამას ისე აფორმებენ, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალოთ, რადგანაც "შატალოს" მოყვარული დეპუტატები ძალიან ხშირად მიმართავენ მარტივ ხერხს - წინასწარ წერენ-ხოლმე განცხადებას, სადაც მიუთითებენ, რომ პარლამენტში "ოჯახური მდგომარეობის გამო" ვერ მივლენ და კაციშვილმა არ იცის, რა იგულისხმება "ოჯახური მდგომარეობაში". განცხადების ასე დაწერა უკვე გაცდენის საპატიო მიზეზია და მასზე არანაირი სანქცია არ მოქმედებს. ასეთი განცხადება კი შესაძლოა დაწერონ 10-ჯერ, 20-ჯერ და 30-ჯერაც კი. პარლამენტში უკვე დიდი ხანია შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალიდან "ოჯახური მდგომარეობის" შესახებ ჩანაწერს ამოიღებენ. მის ნაცვლად საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, როგორიცაა პარლამენტის წევრის ავადმყოფობა და სამსახურებრივი მივლინება, ემატება - ოჯახის წევრის გარდაცვალება, ოჯახის წევრის დაბადება და ავადმყოფობა, რაც საავადმყოფო ფურცლით უნდა იყოს დადასტურებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"პროექტით კონკრეტდება, თუ ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში, ესენი არიან - მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა. გარდა ამისა, ახალი რეგულაციით, გამცდენი დეპუტატების სია ყოველთვიურად მომზადდება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამასთან, პროექტით, ახლებურად ყალიბდება ხელფასის დაკავების საკითხიც. თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხელფასის 5% დაუკავდება, მაგრამ ეს დღის განმავლობაში 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ საპატიო მიზეზებით გაცდენის შეზღუდვის მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტსაც ჰქონდა. მომზადდა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები, თუმცა, პროექტი განხილვის პროცესში გაჩერდა და მოხდება თუ არა ამჯერად მაინც სანქციების დაწესებაზე შეთანხმება, უცნობია. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მიერ მე-8 მოწვევის პარლამენტის 4-წლიანი საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ პრობლემად სწორედ დეპუტატების მიერ სესიებისა და სხდომების ხშირი გაცდენებია დასახელებულ", - განაგრძობს გამოცემა.

"კვლევაში საუბარია, რომ "საპატიო მიზეზით" პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება - 855, ავადმყოფობა - 417, პოლიტიკური მოსაზრების გამო - 541, ხოლო ყველაზე ხშირი - 69% - იყო ოჯახური მდგომარეობის გამო - ჯამში 4100 გაცდენა. არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა კი იყო - 983. რაც შეეხება კომიტეტის სხდომებს, საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა იყო - 4700. იგივე გრძელდება მე-9 მოწვევის პარლამენტშიც, რადგან საკმაოდ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც დეპუტატების არყოფნის გამო ქვორუმისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობა, 76 დეპუტატი ვერ გროვდებოდა. გაცდენების მოყვარული დეპუტატების ხელფასი კი საკმაოდ შთამბეჭდავია. რიგითი დეპუტატის ანაზღაურება, თუკი ფრაქციის თუ კომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობა არ უჭირავს, თვეში 2000 ლარია. ამას ემატება სახელფასო დანამატი და თანამდებობის გარეშე მყოფი რიგითი დეპუტატის სახელფასო დანამატის მინიმალური რაოდენობა არის 2623 ლარი. ჯამში გამოდის, რომ რიგითი დეპუტატი თვეში 4600-ზე მეტს იღებს", - დასძენს გამოცემა.

"ბევრად მეტია თანამდებობის პირი დეპუტატების ხელფასი და დანამატი. მაგალითად, პარლამენტის სპიკერის ხელფასი 3905 ლარია, სახელფასო დანამატი გასულ წელს თვეში შეადგენდა 4738 ლარს. ჯამში პარლამენტის თავმჯდომარე 9000-მდე ლარს იღებს. ცოტა ნაკლებია სხვა თანამდებობის პირი დეპუტატების ხელფასი. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ეს გაცდენები სამარცხვინო მოვლენაა და მიზეზი ისაა, რომ პარლამენტში ძალიან ცოტა პოლიტიკოსია და ამიტომაა, დეპუტატებს არც კანონშემოქმედება რომ არ აინტერესებთ და არც პოლიტიკა. მისი თქმით, ჩვენი პარლამენტი დღეს პოლიტიკური კორუფციის ბუნაგად იქცა. დეპუტატების პარლამენტში მოსახვედრად თავს იმისთვის იკლავენ, რომ მატერიალური სარგებელი და გავლენები მიიღონ. გარდა ამისა, თვლის, რომ როდესაც პარლამენტში ოფიციალურად 40 მილიონერია და არაოფიციალურად ალბათ ბევრად მეტი, მათთვის ჯარიმები არაფერს ნიშნავს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ ჰგონია, რომ არდასწრებაზე ჯარიმების გაზრდის კანონს მხარი დაუჭირონ", - წერს სტატიის ავტორი.

"სხდომებს ძირითადად მაჟორიტარები აცდენენ და ეს ადამიანები პარლამენტში სხვა მიზნებისთვის არიან მისული - საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის. არ მგონია, რომ ამ პრობლემას რამე ეშველოს, სანამ სიების შექმნის მექანიზმი არ გამოსწორდება და სიებში პოლიტიკოსებს შეიყვანენ და არა ბიზნესმენებს, სპორტსმენებს და მსახიობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტიის ნახევარზე მეტს საერთოდ წაკითხული არ აქვს ის კანონები, რაც თითის დაჭერით თავად მიიღო. ამიტომ პესიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოგვარდეს", - ამბობს გამოცემასთავ საუბრისას სოსო ცინცაძე.

უნდა გადაერქვას თუ არა სახელი ვარდების მოედანს?

"ვარდების რევოლუციის მოედანს" შესაძლოა, სახელი გადაერქვას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელობის ეწოდოს. ინიციატივა თბილისი საკრებულოს ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. აზრთა სხვადასხვაობაა თავად "ქართულ ოცნებაშიც". პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური მოედნისთვის სახელის შეცვლის წინააღმდეგია. როგორც ძიძიგური აღნიშნავს, ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, ისტორიული ფაქტი, რომელიც ქვეყანაში მოხდა და მისთვის სახელის გადარქმევა არ იქნება სწორი - "არ ვარ ამის მომხრე. ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელიც მოხდა ამ ქვეყანაში და რომელიც არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი. მე თუ მკითხავ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თვითმართველობები წყვეტს ამას, მაგრამ, მიმაჩნია, რომ სწორი კონცეფცია ის კონცეფციაა, რომელიც აქვთ გერმანიაში. მაგალითად, ბერლინის შუაგულში ცენტრში დგას რუსი ჯარისკაცი ძეგლი, რომელსაც გერმანელი გოგონა უკავია ხელში და მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა გამარჯვების შემდეგ გაძარცვეს მთელი გერმანია, გადაუარეს მოსახლეობას გერმანელებმა ხელი არ მოჰკიდეს ამ ძეგლს - ისინი თვლიან რომ ეს არის ისტორია", - , - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ზვიად ძიძიგურმა, რომლის თქმით "ის, რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია, უნდა შევინარჩუნოთ", - გაზეთ "რეზონანსის" ონლაინ-ვერსია საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - უნდა გადაერქვას თუ არა სახელი ვარდების მოედანს?

"ნამდვილად არა. ამ მოედანს ვარდების სახელი ეწოდება არა რომელიმე პარტიის ან კერძო პირის სახელის გამო, არამედ იმ მოვლენის აღსანიშნად, რაშიც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა, ანუ ვარდების რევოლუციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი რესპუბლიკა, მაგრამ თბილისში არის სხვა მოედნები, რომლებსაც თამამად შეიძლება ეწოდეს ეს სახელი. ეს არის ჩვენი ისტორიიის ერთი ფურცლის წაშლა და ისტორიას ვერავინ ვერ წაშლის, ადამიანის მეხსიერება, საბედნიეროდ, მას ინახავს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩვენთვის არც ვარდების რევოლუციაა რამის მთქმელი და არც პირველი რესპუბლიკა. ჯობია საქმეს მიხედონ, ვიდრე მოედნებს სახელები უცვალონ", თვლის მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

"პირველი რესპუბლიკის მოედანი საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს. ვარდების მოედანს დაერქმევა თუ სხვას, ეს უკვე ცალკე საკითხია. თუმცა, მაინც მომხრე ვარ, რომ ისეთ ადგილს, როგორც ცენტრალური მოედანია, შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული სახე ჩვენი ისტორიული მეხსირებიდან გამომდინარე. ალბათ ჯობია, რომ იყოს პირველი რესპუბლიკის მოედანი", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"სახელს დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ სხვა სახელს მოიგონებენ. საქართველოს ისტორია ბევრ სახელოვან ადამინს იცნობს. საზოგადოებას გამოკითხონ და ისინი მათ აზრს მიაწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რას ფიქრობს ამ საკითხზე დედაქალაქის მოსახლეობა", - დასძენს იურისტი ქეთი ბექაური.