იგორ კვესელავა - თუ პოლიტიკაში ივანიშვილის გააქტიურებით ბევრი არაფერი შეიცვალება, ხალხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდება და თავის სათქმელს იტყვის

იგორ კვესელავა - თუ პოლიტიკაში ივანიშვილის გააქტიურებით ბევრი არაფერი შეიცვალება, ხალხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდება და თავის სათქმელს იტყვის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ იგორ კვესელავას ესაუბრა.

- ბატონო იგორ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით კორუფციაში დაადანაშაულა, პრეზიდენტმა მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაძაბული ურთიერთოებების თემა არახალია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დაპირისპირებამ ახლა პიკს მიაღწია. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებამ მკვეთრად უარყოფითი შედეგები მოუტანა ქვეყანას. ფაქტობრივად, ჩვენ საქმე გვაქვს ოპოზიციონერ პრეზიდენტთან, რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა ძველი თუ ახალი ოპოზიციონერები.

მისი მიდგომები ქართული პოლიტიკისადმი, „ქართული ოცნების“ ძირითადი დებულებებისადმი, იმ გზავნილებისადმი, რომელიც ივანიშვილს ჯერ კიდევ 2011 წელს ჰქონდა, შემდეგ 2016 წელს, მიმაჩნია ანტიეროვნულად და მეტიც, ანტისახელმწიფოებრივად.

პრეზიდენტის შეცდომაში იოლად შეყვანა შეუძლებელი უნდა იყოს. მას უნდა ჰყავდეს ისეთი გარემოცვა, რომელიც გაუგებრობებს თავზე კი არ მოახვევდა, არამედ პირიქით, თავიდან ააცილებდა

რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, საზოგადოებას ათასობით შეწყალებულების თემაზე მასთან აქვს კითხვები და მან კეთილი უნდა ინებოს და მათზე გასცეს პასუხები.

- თუ პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ გუნდს ჰქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი შეწყალების თემებთან დაკავშირებით კორუფციაში მონაწილეობდა, მათ ამ თემაზე განცხადებები კი არ უნდა გაეკეთებინად, არამედ პროკურატურისთვის მიემართათ განცხადებით სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ, მაგრამ ახლა გამოძიების დაწყებას პრეზიდენტი ითხოვს. თქვენი აზრით, რატომ არ მიმართა პარლამენტმა განცხადებით პროკურატურას?

- ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა შესაძლოა ეს ნაბიჯიც გადადგას. არა ვარ დარწმუნებული, რომ შეწყალების აქტებზე მუშაობისას მაინცდამაინც კორუფციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ამ საქმეში უარყოფითი როლი პრეზიდენტის გარემოცვაში გარკვეული პირებს ექნებათ შესრულებული.

არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი არაერთხელ იქნა შეცდომაში შეყვანილი. ჩემი აზრით, პრეზიდენტის შეცდომაში იოლად შეყვანა შეუძლებელი უნდა იყოს. მას უნდა ჰყავდეს ისეთი გარემოცვა, რომელიც გაუგებრობებს თავზე კი არ მოახვევდა, არამედ პირიქით, თავიდან ააცილებდა.

- ბრძანეთ, პრეზიდენტი ხელისუფლების ოპოზიციად ჩამოყალიბდა. ჩვენი კონსტიტუციით მას მხარეებს შორის მომრიგებლის ფუნქცია ეკისრება, შესაბამისად, იგი სულ მმართველი გუნდის მხარეს ვერ იქნებოდა, ან რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი?

- დიახ, პრეზიდენტი არბიტრი უნდა იყოს. ჩვენ მხოლოდ ახლა გადავდივართ მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. ჩვენ ჯერ ამ მოდელის ჩამოყალიბების გზაში ვართ.

ამ წლებში ჩვენ პრეზიდენტისგან შუამავლობა ვერ დავინახეთ, ჩვენ მასში დავინახეთ ტენდენციურობა. სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგველაშვილი ვერ გამოდგა იმ მომრიგებლად და არბიტრად, როგორადაც ყოფნას მას მოქმედი კონსტიტუცია ავალდებულებდა

ახლა ამ თემაზე კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას - იყო კი ამ წლებში პრეზიდენტი მხარეებს შორის ობიექტური მომრიგებელი? ჩემი აზრით, არა, ვინაიდან იგი აშკარად ხან ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ხან მეორე ჯგუფის, ხანაც კი თავის ინტერესებს უფრო იცავდა. მას ხშირად ავიწყდებოდა, რომ იგი საზოგადოების საერთო ნების გამომხატველი უნდა ყოფილიყო.

ამ წლებში ჩვენ პრეზიდენტისგან შუამავლობა ვერ დავინახეთ, ჩვენ მასში დავინახეთ ტენდენციურობა. სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგველაშვილი ვერ გამოდგა იმ მომრიგებელად და არბიტრად, როგორადაც ყოფნას მას მოქმედი კონსტიტუცია ავალდებულებდა.

- მას შემდეგ რაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა, გახშირდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა.

გასაგებია, რომ მძიმეწონოსანი ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურად მეორედ გამოსვლა გარკვეულ კორექტივებს შეიტანდა საშინაო პოლიტიკაში ძალთა ბალანსზე.

მაგრამ, თუ მაინც ახალი რეალობის თემას დავუბრუნდებით, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება საშინაო პოლიტიკაში ის ახალი რეალობა, რომელიც საჯარო პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებამ გამოიწვია?

- საქმე ისაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში სრულფასოვნად ჯერჯერობით, არ დაბრუნებულა. აქამდე იგი შორიდან ადევნებდა თვალს ხელისუფლებაში მის მიერ მოყვანილი „ქართულ ოცნების“ მთავრობას. ახლა კი გაცხადდა, რომ ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ ყრილობაც არ გამართულა. ამავე ყრილობაზე მას საპროგრამო სიტყვა არ წარმოუთქვამს იმ გეგმებსა და ხედვებზე, რაც მას აქტიურ პოლიტიკაში არყოფნისა და შორიდან ყურების პროცესში დაუგროვდა და ახალი ხედვები გაუჩნდა.

ჩვენ კი ვხედავთ ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმებზე თავად მას ჯერ არაფერი უთქვამს თუ რის გაკეთებას აპირებს იგი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ

ჩვენ კი ვხედავთ ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმებზე თავად მას ჯერ არაფერი უთქვამს თუ რის გაკეთებას აპირებს იგი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ. ეს მის პირველ საჯარო გამოსვლებში გამოჩნდება. იმედია, ამგვარი განცხადებების გასაკეთებლად ის „ქართული ოცნების“ ყრილობის ტრიბუნას გამოიყენებს. ასე რომ დაველოდოთ „ქართული ოცნების“ ყრილობას.

ვიდრე ივანიშვილს თავისი საპროგრამო სიტყვა არ უთქვამს, მე ახლა ვიტყვი იმას, რაც არაერთხელ მითქვამს - მან მთავრობაში უნდა განახორციელოს საკადრო ცვლილებები. კადრები წყვეტს ყველაფერს - შესაბამისად, მას გადასახედი აქვს მმართველ გუნდში საკადრო პოლიტიკა.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, „ოცნების“ პოლიტსაბჭოში განხორციელებული ცვლილებით დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მმართველ გუნდს აღარც თავის გადარჩენა შეუძლია და არც ქვეყნის.

თუ თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ხელისუფლების საქმიანობაში სერიოზული კორექტივები მოხდება, სავარაუდოდ, რას შეიძლება შეეხოს ეს ცვლილებები?

- თუ ივანიშვილი მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე იქნება ეჭვი მაქვს, რომ იგი შეძლებს ქვეყანაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას. ვისურვებდი, რომ ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას ჩადგომოდა სათავეში. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხომ დაკავშირებულია საზოგადოებაში გაჩენილ უიმედობასთან, აპათიასთან, დეპრესიასთან, მთავრობის უთავბოლობასთან, ელიტარული კორუფციის ნიშნების გაჩენასთან, მთავრობასა და პარლამენტში მილიონერების გაჩენასთან, საქართველოს სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ასევე სუსტ საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ფაქტობრივად, ამის გამო დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ჩამოყალიბებულ რეალობასა და ვითარებაში მას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. მან ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხიმგებლობა 2012 წელს აიღო და როგორც პასუხიმგებლობის მქონე ადამიანი ამ პასუხიმგებლობას ის არც 2018 წელს გაექცა.

ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი კვლავაც მოთმინეთ ელოდება ხელისუფლებისაგან სერიოზულ ცვლილებებს ძალიან ბევრ სფეროებში. ვნახოთ, რა სამოქმედო გეგმებს შესთავაზებს ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას

ჩვენ როცა მთავრობისა და ხელისუფლების მოვალეობებზე ვსაუბრობთ, ჩვენ არც საზოგადოებისა და მოქალაქეების ვალდებულებები არ უნდა დავივიწყოთ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი კვლავაც მოთმინეთ ელოდება ხელისუფლებისაგან სერიოზულ ცვლილებებს ძალიან ბევრ სფეროებში. ვნახოთ, რა სამოქმედო გეგმებს შესთავაზებს ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას.

- დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებით მმართველი გუნდი ცდილობს ქვეყანაში დამძიმებული სოციალური ფონის გადაფარვას. ხოლო პრეზიდენტის წინააღმდეგ გააქტიურებით იმას, რომ საპრეზიდენტო მარათონში არ ჩაერთოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?

- გულახდილად გეტყვით, რომ ამგვარ მტკიცებას თავისი საფუძველი ნამდვილად აქვს. ქვეყანაში განვითარებულმა ეკონომიკურმა, სოციალურმა, გნებავთ პოლიტიკურმა საშინაო და საგარეო პრობლემებმა, რომლებიც, სამწუხაროდ, საკმაოზე მეტად დაგროვდა, საზოგადოების დიდ ნაწილს მისცა სწორედ ამგვარი აზრის გამოთქმის საშუალება.

ზოგი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, ზოგი კი უკმაყოფილებას აშკარად გამოხატავს. ამის კარგი მაგალითი კი ისაა, რომ არჩევნებში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ მონაწილეობს. ჩემი აზრით, არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის მხარეს არმდგომი გაბრაზებული საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ეს ხალხი ოპოზიციის მხარეს არ იხრება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის გეგმები აქვს, არამედ იმიტომ, რომ მასში მისი პრობლემების მომგვარებელს ვერ ხედავენ.

ეს ხალხი იმიტომაა ხელისუფლებაზე გაბრაზებული, რომ ღარიბაშვილის პრემიერობიდან მოყოლებული მთავრობის საქმიანობას ხალხისთვის კეთილდღეობა და წინსვლა არ მოუტანი, რისი მოლოდინი მათ ჰქონდათ.

ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის პრეტენზიები საფუძვლიანიცაა და სამართლიანიც, მაგრამ ისინი კარგ მოლოდინს ისევ ივანიშვილს უკავშირებენ

ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის პრეტენზიები საფუძვლიანიცაა და სამართლიანიც, მაგრამ ისინი კარგ მოლოდინს ისევ ივანიშვილს უკავშირებენ. თუ პოლიტიკაში ივანიშვილის გააქტიურებით ბევრი არც არაფერი შეიცვალა, ხალხს სხვა არაფერი დარჩება, თუ არა ის, რომ დაელოდოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც ის არჩევნებზე თავის სათქმელს იტყვის.

- ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ „ჩვენში „პოლიტიკა და დემოკრატია ლიკვიდირებულია, ვინაიდან საშინაო პოლიტიკა მკვდარია.“ თუ საშინაო პოლიტიკას დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ქვეყანაში თუ სრულყოფილი დემოკრატია არ გვაქვს, მეტი პლურალიზმი ნამდვილად გვაქვს. საშინაო პოლიტიკაში კი აშკარად შეიმჩნევა დუღილი. მეტიც, საპრეზიდენტო არჩევნების გამო ოპოზიციურ ფლანგზე დუღილის ტემპერატურა აშკარად მომატებულია.

ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ოპოზიციური ჯგუფები ბრძოლის ტაქტიკაში კორექტივების შეტანას ცდილობენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ფლანგი დემორალიზებულს უფრო ჰგავს, ვინაიდან ისინი ვერ ხედავენ საშუალებას, რომლითაც მათ შეეძლებათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება მოახერხონ. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ?

- საქართველოში 200-ზე მეტი პარტია არსებობს, მათი უმრავლესობა 1-2 კაციანი პარტიებია, ამიტომ, რეალურად ქართულ სინამდვილეში ოპოზიცია არ არსებობს. მე ოპოზიციად არ ვთვლი არც „ნაცმოძრაობასა“ და არც „ევროპულ საქართველოს“. მით უმეტეს იმ პატარ-პატარა პარტიულ ჯგუფებს, რომლებსაც ამსტერდამში შეხვედრა ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან.

ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ ჩვენში კლასიკური გაგებით ოპოზიციული პოლიტიკური ძალები არ არსებობენ. ქვეყანაში არც ოპოზიციური ერთობა არსებობს, რომელსაც თავისი ერთიანი ხედვა, იდეა და ხელისუფლებისაგან მკაფიოდ განსხვავებული ქვეყნის განვითარების თავისი გეგმა აქვს. ეს რომ ასეა, ამაზე სოციოლოგიურ გამოკითხვებში პარტიების დღევანდელი რეიტინგებიც ადასტურებს.

ქართული პოლიტიკის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ ჩვენში კლასიკური გაგებით ოპოზიციული პოლიტიკური ძალები არ არსებობენ. ქვეყანაში არც ოპოზიციური ერთობა არსებობს, რომელსაც თავისი ერთიანი ხედვა, იდეა და ხელისუფლებისაგან მკაფიოდ განსხვავებული ქვეყნის განვითარების თავისი გეგმა აქვს

ესაა მიზეზი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიბმულია ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“. ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმედებს სწორედ მმართველ ძალას უკავშირებს. ხალხს დღეს მხსნელი ისევ ივანიშვილი ჰგონია.

- ივანიშვილისადმი ხალხის ინერციული დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ თუ ყურადღებას მაინც ოპოზიციის ფლანგზე გავამახვილებთ, იქ როგორი სურათია?

- ფაქტია, რომ ოპოზიციური ფლანგის დაბნეულობის, სხვადასხვაგვარობისა და ამავე ფლანგზე არსებული ვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ფაქტორი სააკაშვილს უკავშირდება.

ფაქტია ისიც, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. პატარ-პატარა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერი ჯგუფები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხთან აქვს კავშირი, ხალხის მხარდაჭერა და ანგარიშგასაწევია ოპოზიციური ძალაა, სამწუხაროდ, ჩვენში არ არსებობს.

ოპოზიციური ძალების საკმაოდ დიდ ნაწილს საზოგადოებასთან მისასვლელი პირი არც აქვს, ვინაიდან ისინი მუდმივად რუსეთის კრიტიკაზე არიან ორიენტირებულები. ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთ სერიოზული შეცდომა ისაა, რომ უშვებენ აზრს, თითქოს მთელი მსოფლიო საქართველოზე არა მარტო უნდა ფიქრობდეს, არამედ უნდა არჩინოს საქართველო და იხსნას ქვეყანა რუსეთის ბრჭყალებისაგან. მათი ეს არასწორი გზავნილი ხალხს გარდა იმისა, რომ მოწყინდა, აღარც აინტერესებს.

- რუსეთის თემა ქართულ პოლიტიკაში ძალიან რთული და იმავდროულად მგრძნობიარე თემაა და ჩვენ გვექნება საშუალება მასზე შემდგომ და უფრო საგნობრივად ვისაუბროთ.

ევროპის რიგ ქვეყნებში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა, ასევე აშშ-ში გამართულმა არჩევნებმაც გვანახა, რომ რუსეთი სხვადასხვა საშუალებებით აქტიურად ერეოდა ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის არჩევნებში. ასეთ ვითარებაში ძნელი დასაჯერებელია, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი ფავორიტი არ ჰყავდეს.

თქვენი დაკვირვებით, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთან შემოდგომისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის ფავორიტი?

- ჩვენთან ოპოზიცია და შესაბამისად, ოპოზიციური აზრი დაახლოებით ასეა დაყოფილი - მედასავლეთეები, რუსული ორიენტაციის მომხრეები და ე.წ. ქართული ორიენტაციის, რომლებსაც არც დასავლეთი უნდათ, არც ამერიკა და არც რუსეთი.

თუ პრორუსულად მიჩნეული ოპოზიცია გაერთიანდება, ისინი შესაძლოა საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა აღმოჩნდნენ. აშკარაა, რომ ამ ფლანგზე ყველაზე გამორჩეული ფიგურა ნინო ბურჯანაძეა

თუ პრორუსულად მიჩნეული ოპოზიცია გაერთიანდება, ისინი შესაძლოა, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა აღმოჩნდნენ. აშკარაა, რომ ამ ფლანგზე ყველაზე გამორჩეული ფიგურა ნინო ბურჯანაძეა. მიუხედავად წარსულში დაშვებული შეცდომებისა, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი აქვს. თუ მის ირგვლივ გაერთიანდა პრორუსულად განწყობილი ხალხი, მას აქვს შანსი არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვას.

- ანუ შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის იქნება კრემლის ფავორიტი?

- ძნელია თქმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მაინცდამაინც ბურჯანაძე იქნება კრემლის ფავორიტი. ფაქტია, რომ სხვებთან შედარებით ბურჯანაძეს მეტი შანსები აქვს, რომ მას კრემლმა მხარი დაუჭიროს.

საქართველო პატარა ქვეყანაა და არ ვიცი რა ფორმით შეიძლება რუსეთი ჩვენს არჩევნებში ჩაერიოს. რუსეთი სხვა ქვეყნის არჩევნებში თუ ერევა, იმ ქვეყნებში მათივე სიდიდის გამო საკმაოდ იოლია ჩარევა. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ჩვენთან შეიძლება იმდენად ჩაეროს, რომ მისმა ჩარევამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. არც იმას ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძე იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს. მთავარია, ის არ იყოს დანიშნული და იყოს ხალხის მიერ არჩეული

იმის გამო, რომ ხალხში ივანიშვილს ისევ აქვს ავტორიტეტი, საპრეზიდენტო არჩევნებში მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს. ნამდვილად არ მინდა, რომ ქვეყანას დანიშნული პრეზიდენტი ჰყავდეს. მან ერთელ დანიშნა პრეზიდენტი და თავად გააკეთა არასწორი არჩევანი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ივანიშვილის „აქილევსის ქუსლი“ სწორედაც რომ საკადრო პოლიტიკაა. ახლა კი ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს. მთავარია, ის არ იყოს დანიშნული და იყოს ხალხის მიერ არჩეული.

- ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილს ოპოზიციონერობას საყვედურობდით და ახლა კი გამოთქვამთ სურვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს...

- სამწუხაროდ, მარგველაშვილმა თავად მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია. იგი გახდა ადამიანი, რომელმაც მიზნად გაიხადა ვეტოების დადება. გასაგებია, რომ მან თავიდანვე დაიწყო საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ზრუნვა, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა ეფიქრა, რომ მის ვეტოებს მმართველი გუნდი იოლად დაძლევდა.

- როგორ გგონიათ, მარგველაშილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას?

- არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მან დააყენოს თავისი კანდიდატურა. მარგველაშვილს სამი არჩევანი აქვს - ან დაბრუნდეს ჯიპაში, სადაც რექტორი იყო, ან წავიდეს დუშეთის აგარაკზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაისვენოს, ან მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტის რანგში მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ მას უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში თავისი განსხვავებული მოსაზრებებითა და ხედვებით. მას უნდა, რომ იყოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა. პარლამენტიდან წასვლით მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას დაწყებული აქვს საკუთარი პოლიტიკური თამაში.

მარგველაშვილს სამი არჩევანი აქვს - ან დაბრუნდეს ჯიპაში, სადაც რექტორი იყო, ან წავიდეს დუშეთის აგარაკზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაისვენოს, ან მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში

პოლიტიკურ პენსიაზე წასვლა მისი მხრიდან ვაჟკაცური ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატურაზე შეჩერდეს და მან საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რამდენადაც ვიცი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ალბათ, თავისი კანდიდატი ეყოლებათ „ევროპელ დემოკრატებს”. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ახლა ყველა იმაზე ფიქრობს, თუ ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. და ეს მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი რეალურად უუფლებოა. იგი რჩება უჯარო მთავარსარდლად, მისი ფუნქცია-მოვალეობები მნიშვნელოვნად შეკვეცილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეა, საზოგადოების მთელი ყურადღება და ენერგია მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეა გადატანილი.

ვიმეორებ, აუცილებლად უნდა შეიცვალოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. ამ სამოქმედო პროგრამით უნდა ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი. მან აქტიურად უნდა გამოიყენოს იმ მეცნიერთა და ექპერტთა შესაძლებლობები, რომლებიც, საბედნიეროდ ქვეყანას საკმაოდ ბევრი ჰყავს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”