ავთანდილ წულაძე - პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადაში რუსეთი საქართველოში პროპაგანდისა და „რბილი ძალის“ გამოყენებით კიდევ უფრო გააქტიურდება

სავარაუდოდ, თუ როგორი იქნება პუტინის მეოთხეჯერ გაპრეზიდენტების შემდეგ კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ”ინტერპრესნიუსი” მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მკვლევარს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა და პუტინი უკვე მეოთხეჯერ ოფიციალურად შეუდგა ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ ცერემონიის ინაუგურაციაზე მაინც ღირს ყურადღების გამახვილება.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა უბრალო მოქალაქეებისა და მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების გარეშე პუტინის პომპეზურმა ინაუგურაციამ?
- პომპეზურობა რუსეთისთვის ტრადიციული რამ გახლავთ, ამიტომ ინაუგურაციის პომპეზურობა გასაკვირი არ უნდა იყოს.
პუტინს ცვლილებების შიში ნამდვილად აქვს, მას პრემიერად მედვედევის ნაცვლად სხვა ვინმე რომ დაესახელებინა, ამას შესაძლოა, მოჰყოლოდა პოლიტიკურ ელიტაში არსებული ბალანსის დარღვევა
რუსეთში იმას, რომ ინაუგურაციას უცხოეთიდან სტუმრები არ დასწრებიან, მინუსად არ მიიჩნევენ, ვინაიდან რუსეთი დასავლეთთან დიდი ხანია ცუდ ურთიერთობაშია და შესაბამისად, ინაუგურაციაზე მათი არყოფნა, არავის გაკვირვებია. რუსეთში თვლიან, რომ რუსეთი დასავლეთის მხარდაჭერის გარეშეც თავისთავად ზესახელმწიფოა.- ინაუგურაციის დასრულებისთანავე მთავრობა გადადგა და პრეზიდენტმა პუტინმა პრემიერ-მინისტრად კვლავ მედვედევი დაასახელა. გარდა ამისა, მან მშენებლობის დარგში ვიცე-პრემიერად სპორტის ყოფილი მინიტრი ვიტალი მუტკო დანიშნა, რომლის სახელი დოპინგების სკანდალს უკავშირდებოდა. ვიცე-პრემიერად მუტკოს დასახელებას „ედინაია როსიას“ აქტივში სიცილიც კი მოჰყვა.
თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერად მედვედევის, ხოლო ერთ-ერთ ვიცე- პრემიერად იგივე მუტკოს დანიშვნა?
- პუტინის საკადრო პოლიტიკაზე საუბრისას პირველი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ მას ცვლილებების შიში ნამდვილად აქვს. პუტინს პრემიერად მედვედევის ნაცვლად სხვა ვინმე რომ დაესახელებინა, ამას შესაძლოა, მოჰყოლოდა პოლიტიკურ ელიტაში არსებული ბალანსის დარღვევა.
მეორე მომენტი გახლავთ ის, რომ პუტინს აშკარად აქვს კადრების დეფიციტი. ასეთ ვითარებაში მან მის ხელთ არსებული კარტები აურია. ანუ, სპორტის მინისტრი მშენებლობის დარგში ვიცე-პრემიერი გახდა.
პუტინი მუტკოს პეტერბურგში საქმიანობის პერიოდიდან იცნობს, მიუხედავად სკანდალებისა, პუტინმა იგი არა თუ არ გადააყენა, დააწინაურა კიდეც. მუტკოს ვიცე-პრემიერად დანიშვნით პუტინმა ყველას ანახა, რომ მის საკადრო პოლიტიკაში ძველი გვარდიის წარმომადგენლები წამყვან პოზიციებზე დარჩებიან.
- ბრძანეთ, რომ პუტინისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ელიტაში ძალთა ბალანსი არ დაირღვეს და შენარჩუნდეს. კრემლის ელიტის ზედა ეშალონებში გარკვეული ტიპის უკმაყოფილებებზე ბევრი კი იწერება, მაგრამ რამდენად რეალისტურად გამოიყურება მტკიცება, რომ ელიტაში პუტინით უკმაყოფილება იზრდება და ეს პროცესი პროგრესირებადია? რასაც რუსეთის ელიტა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მოგების სახით კარგავს, ისინი ამ დანაკარგს მოსახლეობის ხარჯზე ინაზღაურებენ. ეს გადასახადების გაზრდისა და სხვადასხვა სახის ჯარიმების შემოღებით ხდება
- რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის საკმაოდ მტკივნეულია. რუსეთის ეკონომიკა ექსპორტზეა ორიენტირებული და იგი საკმაოდაა დამოკიდებული უცხოელ ინვესტორებსა და ინვესტიციებზე. ამ ტიპის ეკონომიკისთვის სანქციების რეჟიმის ქვეშ ყოფნა საკმაოდ მტკივნეული რამაა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რესურსების ექსპორტით და უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობით მხოლოდ კრემლის ელიტაა დაკავებული, ცხადია, რომ ყველაზე მეტად სანქციებით ისინი ზარალდებიან.
ეს ესმის პუტინსაც. ამიტომ ფაქტობრივად ასეთი ვითარებაა ჩამოყალიბებული - რასაც რუსეთის ელიტა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მოგების სახით კარგავს, ისინი ამ დანაკარგს მოსახლეობის ხარჯზე ინაზღაურებენ. ეს გადასახადების გაზრდისა და სხვადასხვა სახის ჯარიმების შემოღებით ხდება. ეკონომიკური სანქციების მთელი ტვირთი მოსახლეობაზეა გადატანილი. ჯერჯერობით ამას ხალხში პროტესტი იმის გამო არ გამოუწვევია, რომ ხალხი მას ჯერ ვერ გრძნობს.
- ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში პუტინი შეძლებს ოლიგარქების ინტერესების ისე დაცვას, რომ ხალხის ინტერესები მნიშვნელოვნად იყოს გათვალისწინებული?
- გრძელვადიან პერსპექტივაში ოლიგარქებისა და ხალხის ინტერესების ერთდროულად დაკმაყოფილება შეუძლებელია. ჯერჯერობით ამგვარი ბალანსის შენარჩუნება ხერხდება. პუტინის მეოთხე ვადით პრეზიდენტობა მხოლოდ ახლა დაიწყო. წინ კი კიდევ 6 წელიწადია.
იმის იმედად ყოფნა, რომ დასავლეთი რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას შეცვლის და კორექტივებს შეიტანს, შეუძლებელია, ვინაიდან დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრია.
არც უკრაინისა და სირიის საკითხებში რუსეთი თავისი პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. ასე რომ სანქციები დარჩება და შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაძლიერდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ოლიგარქებისა და ხალხის ინტერესების ერთდროულად დაკმაყოფილება შეუძლებელია... პუტინს კი უნდა, რომ მგლებიც მაძღარი ჰყავდეს და ცხვრებიც ცოცხალი, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა, არც გამოუვიდეს
პუტინს კი უნდა, რომ მგლებიც მაძღარი ჰყავდეს და ცხვრებიც ცოცხალი, მაგრამ მას ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა, არც გამოუვიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინის ბალანსის პოლიტიკას არაფერი ემუქრება და იგი შეძლებს პოლიტიკურ ელიტაში ბალანსის შენარჩუნებას. ასე შეიძლება გაგრძელდეს 1-2 წელი.
მაგრამ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი. უნდა ითქვას, რომ ახლა ნავთობის ფასი საკმაოდ მაღალია. ამან აშკარად შეუწყო ხელი რუსეთში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ვითარების მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებას.
- გასაგებია, რომ რუსეთში საპროტესტო მუხტი დიდი არაა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ 5 მაისს გამართულ აქციებზე, რომლის ლოზუნგი იყო - პუტინი ჩვენი მეფე არაა!, ხელისუფლება იძულებული იყო საზოგადოების ერთი ნაწილი კაზაკები და როსგვარდია მეორესთვის დაეპირისპირებიდა და შემდეგ 1200 პროტესტანტი მოქალაქე დაეკავებინა, საკმაოდ ბევრ რამეზე მიუთითებს...
- საზოგადოებაში ანტისახელისუფლებო განწყობა არ არის. ხელისუფლება რუსეთში აქტიური უმცირესობის აქტიურობას დასავლეთს უკავშირებს. ხელისუფლება მათ დასავლეთის აგენტებად მოიხსენიებს, რომლებიც პატრიოტულ უმრავლესობას უპირისპირდებიან.
დაკავებულების რიცხვის დიდი რაოდენობით ხელისუფლებას მოსახლეობისთვის უნდოდა ეთქვა - რუსეთის ხელისუფლება ძლიერია, დასავლეთის აგენტების მას არ ეშინია.
- ქსენია სობჩაკმა განაცხადა - „5 მაისის აქციებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება მზადაა პროტესტანტებს ესროლოს.“ ამ მოვლენებამდე რამოდენიმე დღით ადრე უფლებადამცველმა ლევ პონომარიოვმა კი თქვა - „თავს უშველთ ვისაც შეგიძლიათ, ეფ-ეს-ბე შეტევაზე გადადის“.
რუსეთის ხელისუფლებას ისედაც მაქსიმალურად აქვს მოჭერილი ჭანჭიკები, მაგრამ მომხდარი იმასაც ხომ არ ნიშნავს, რომ პუტინის მეოთხე ვადით პრეზიდენტობის პერიოდი ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო?
- დიახ. სწორედ ამას ნიშნავს. ხელისუფლება სხვა მეთოდებს გამოიყენებს. ეს რომ ასე იქნება, ისიც მიუთითებს, თუ რა ხდებოდა სულ ახლხანს მესენჯერ „ტელეგრაფთან“ დაკავშირებით.
ხელისუფლებამ უკვე შეუმუშავა სუვერენული ინტერნეტის კონცეფცია. უკვე ითქვა, რომ სუვერენული ინტერნეტის საქმიანობას კურირებას გაუწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელსაც ექსპრემიერ-მინისტრი კირიენკო ხელმძღვანელობს.
თუ აქამდე რუსეთში ინტერნეტი საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, მალე მასზე კონტროლი არა მარტო გამკაცრდება, რუსეთს, ისევე როგორც ჩინეთს, თავისი ინტერნეტი ექნება
თუ აქამდე რუსეთში ინტერნეტი საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, ახლა მასზე კონტროლი არა მარტო გამკაცრდება, რუსეთს, ისევე როგორც ჩინეთს, თავისი ინტერნეტი ექნება. „როსკომნადზორსა“ და „ტელეგრაფს“ შორის ბრძოლა სწორედ ამაზე მიანიშნებს.
უკვე ითქვა, რომ ასეთივე ბედი ეწევა რუსეთში ფეისბუკს. ფეისბუქის მსგავსი ქსელი „კონტაქტი“-ს სახით რუსეთში უკვე არსებობს. რაც შეეხბა მესენჯერებს, მიდგომა ასეთია - უცხოური ქსელების ნაცვლად რუსეთის მოქალაქეები უნდა მოიხმარდნენ მხოლოდ რუსულ ქსელებს.
ხელისუფლება თავის ამ გადაწყვეტილებებს იმით ხსნის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მოიხმარს ინტერნეტს. ახალგაზრდობა ტელევიზორს აღარ უყურებს, ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტით იღებს. ტელევიზორს კი მხოლოდ ასაკოვანი და საშუალო ასაკის ხალხი უყურებენ.
- ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მან მთავრობისაგან უკიდურესი სიღარიბის ორჯერ შემცირება და სიცოცხლის ხანგრძლივობის 78 წლამდე გახდომა მოითხოვა. ამგვარი პროექტები მხოლოდ განკარგულებებით რომ არ ხორციელდება, ფაქტია. ისიც ცხადია, რომ იმ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება, ამის განხორციელება საკმაოდ არარეალისტურად გამოიყურება
თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს მოსახლეობა პრეზიდენტ პუტინის ამგვარ, აშკარად პოპულისტურ ნაბიჯებს?
- პრაქტიკულად, ეს გახლავთ იმ საბჭოთა პრაქტიკის გამეორება, რაც სსრკ-ს დროს იყო. ხომ გახსოვთ საბჭოთა ხუთწლედები, ანაც ლოზუნგი - ხუთწლედის სამ წელიწადში შესრულება. ეს ის მეთოდებია, რასაც საბჭოთა ბიუროკრატია პროპაგანდისთვის იყენებდა.
მათი ახლა აქტიურად გამოყენება იმას უკავშირდება, რომ დღევანდელ რუსეთს სსრკ-ს დროინდელი ბიუროკრატია მართავს. ისინი დღესაც მრავლად არიან როგორ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში, ისე ზოგადად რუსულ პოლიტიკასა და ბიუროკრატიაში.
- ინაუგურაციაზე გამოსვლისას პუტინმა თქვა - „რუსეთს ყველა სფეროში სჭირდება გარღვევა“. პუტინი პოლიტიკაში საკმაოდ თანმიმდევრულია, მაგრამ დღევანდელ რუსეთში ყველა სფეროში გარღვევის მიღწევა საკმაოდ არარეალისტურად გამოიყურება...
- არსებობენ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ლიდერები. პუტინი არ არის არც გარღვევებისა და არც რეფორმების ლიდერი. პუტინი ბალანსის პოლიტიკოსია. მთელი მისი პოლიტიკური კარიერა ბალანსის პოლიტიკაზეა დაფუძნებული. იგი ცდილობდა და ახლაც ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას ერთი მხრივ ძალოვანებსა და კონსერვატორებს შორის, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკურ ლიბერალებს შორის.
ეს სქემა საკმაოდ წარმატებით დიდხანს მუშაობდა, მაგრამ მას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა დასავლეთმა და აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
ეკონომიკაში ლიბერალებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთთან ურთიერთობასა და მყარ კავშირებს, ვინაიდან სხვაგვარად ეკონომიკაში ლიბერალიზმი ვერ მუშაობს.
პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადაში კრემლის საგარეო პოლიტიკა დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ახლაა... არც უკრაინის, არც სირიის საკითხზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. შენარჩუნდება ის ჩიხური სიტუაცია, რომელიც 2014 წლის შემდეგაა ჩამოყალიბებული
ამის გამო პუტინის სქემას საშიშროება შეექმნა, მაგრამ იგი დღესაც ამ სქემით მუშაობს, ვინაიდან იგი 18 წელია მუშაობს. სხვათა შორის, პუტინმა სხვა სქემები არც იცის და ისინი არც არასოდეს გამოუყენებია.
- თუ როგორი იქნება პუტინის საშინაო პოლიტიკა ამაზე ვისაუბრეთ. ახლა რაც შეეხება კრემლის საგარეო პოლიტიკას. თქვენი აზრით, კრემლი კვლავაც გააგრძელებს მკაცრი რიტორიკის გამოყენებით საერთაშორისო ასპარეზზე ვითარების დაძაბვის მცდელობებს?
- პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადაში კრემლის საგარეო პოლიტიკა დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ახლაა. მედვედევის პრემიერად დასახელება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იგი ყველაფრის ისე დატოვებას აპირებს, როგორც აქამდე იყო.
გაგრძელდება დასავლეთთან, მათ შორის აშშ-სთან კონფრონტაცია. არც უკრაინის, არც სირიის საკითხებზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. შენარჩუნდება ის ჩიხური სიტუაცია, რომელიც 2014 წლის შემდეგ უკრაინისა და სირიის საკითხებშია ჩამოყალიბებული.
- სავარაუდოდ, რამდენ ხანს გაგრძელდება ამგვარი ვითარება?
- საერთაშორისო ასპარეზზე შენარჩუნდება მყიფე ბალანსი. ამგვარი ვითარება იმდენ ხანს იქნება, რამდენ ხანსაც გაუძლებს რუსული ეკონომიკა. ნავთობზე მაღალი ფასი და ლიბერალური ფინანსური პოლიტიკა ჯერჯერობით საშუალებას აძლევს კრემლს ჰქონდეს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც აქვს.
სხვათა შორის, რუსეთს კაპიტალის შემოტანისა და გატანის კუთხით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურ პოლიტიკა აქვს. ამით რუსეთი საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა ფინანსური სპეკულიანტებისათვის.
საერთაშორისო ასპარეზზე შენარჩუნდება მყიფე ბალანსი. ამგვარი ვითარება იმდენ ხანს იქნება, რამდენ ხანსაც გაუძლებს რუსული ეკონომიკა... ფინანსური სპეკულიანტები და ნავთობზე მაღალი ფასები რუსეთს ქვეყანაში მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს
ეს ორი ფაქტორი, ფინანსური სპეკულიანტები და ნავთობზე მაღალი ფასები რუსეთს ქვეყანაში მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ლიბერალური ეკონომიკის სახედ მედვედევი მიიჩნევა, სწორედ ამის გამო დაასახელა იგი პუტინმა კვლავ პრემიერის თანამდებობაზე.
- გასაგებია, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკა ევროპისა და იგივე აშშ-ს მიმართ იგივე დარჩება, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვი კიდევ უფრო გააქტიურდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტობის მეოთხე ვადაში პუტინისათვის პრიორიტეტი კავკასია იქნება...
- ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა სივრეცში რუსეთი კარგავს ინიციატივას. ეს რომ ასეა, ამაზე უკანასკნელ პერიოდში სომხეთში განვითარებული ვითარებაც მეტყველებს. რაც მეტი დრო გადის, რუსეთს მოქმედებისათვის სულ ნაკლები ბერკეტები რჩება.
ადრე მას მუქარით შეეძლო რაღაცის დაძალება. ახლა მას დაძალების საშუალებაც არ აქვს. თეორიულად თუ დავუშვებთ, რუსეთს არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან კიდევ ერთი ომი. კრემლში კარგად იციან, რომ საქართველოსთან ახალი ომი მათთვის ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტს ნიშნავს. ეს კი რუსეთის ეკონომიკისთვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს.
კრემლში კარგად იციან, რომ საქართველოსთან ახალი ომი მათთვის ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტს ნიშნავს. ეს კი რუსეთის ეკონომიკისთვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს
ჩემი აზრით, ახლა მოსკოვის მიზანია, უახლოეს მომავალში ის ეკონომიკური სანქციები რომელიც მათთვის მძიმეა, არ გაიზარდოს და არც გაფართოვდეს, იმავე ფარგლებში დარჩეს, რომელშიცაა.
კრემლში რეალისტები ზიან და კარგად ესმით, რომ სანქციების მოხსნაზე ფიქრი არარეალისტურია, ამიტომ მათი სადღეისო ამოცანა სანქციების იმ დონეზე შენარჩუნებაა, რაც დღეისათვის დაფიქსირებულია.
- საქართველოში საკმაოდ ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში რუსეთის „რბილი ძალა“ შესამჩნევია, რუსული პროპაგანდა და მისი გავლენა საზოგადოების განწყობებზე იზრდება და რუსეთი საქართევლოში მეტ-ნაკლები წარმატებით საკმაოდ აქტიურად მოქმედებს... ახლა მოსკოვის მიზანია, უახლოეს მომავალში ის ეკონომიკური სანქციები, რომელიც მათთვის მძიმეა, არ გაიზარდოს და არც გაფართოვდეს
- რაც შეეხება „რბილ ძალას“ ამ სფეროში რუსეთის აქტიურობა საქართველოში საკმაოდ დიდი იქნება. ეს არის იმ ბერკეტთაგანი, რაც რუსეთს დღეისათვის აქვს დარჩენილი საქართველოში სამოქმედოდ. სხვა ბერკეტები მას პრაქტიკულად დარჩენილი არცა აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ვგულისხმობ პროპაგანდის საშუალებითა და „რბილი ძალის“ გამოყენებით რუსეთი საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდება.
საშინაოში კრემლის პოლიტიკა გამკაცრდება ჩინური ინტერნეტის მსგავსი რუსული ინტერნეტის შექმნით, ხოლო საგარეოში მისი პოლიტიკა კიდევ უფრო აქტიური იქნება პროპაგანდისა და „რბილი ძალის“ გამოყენების საშუალებით.
- ანუ, სომხეთში გართულებული პროცესების ფონზე საქართველო რუსეთისაგან სიურპრიზებს არ უნდა ელოდოს?
- საინფორმაციოს კი, მაგრამ ძალის დემონსტრირებას და ომს, არა.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

























