ქართული პრესის მიმოხილვა 09.05.2018
ფაშინიანს პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა პუტინთან ექნებაუნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ მათი მოთხოვნები? ***
ფაშინიანს პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა პუტინთან ექნება
“სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტის შეცვლა უკვე დააანონსა. ის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ძალოვანი უწყებების პირველი პირების შეცვლას გეგმავს. ასევე თქვა, რომ 14 მაისს სოჭში ევრაზიის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება (შეგახსენებთ, რომ მანამდე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მეთაურებს შორის პირველად სწორედ პუტინს შეხვდა.). ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ხალხს მან განუცხადა, რომ "დღეიდან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხი მიიღებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ფაშინიანს პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა პუტინთან ექნება
"სომხეთის პარლამენტში საათნახევრიანი მოსმენის შემდეგ სახალხო მოძრაობის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი, 42 წლის ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მას მხარი ამჯერად 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის - მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წარმომადგენელმაც. რიგგარეშე სესიას დარბაზშივე ადევნებდა თვალს ცნობილ ამერიკულ როკ-ჯგუფ "სისტემ ოფ დაუნის" სოლისტი სერჟ ტანკიანი. ფაშინიანის პრემიერად არჩევის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმაც. შედეგების გამოცხადებას დიდი ოვაციებით შეხვდა რესპუბლიკის მოედანზე თავშეყრილი ათიათასობით ადამიანი“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ახლად არჩეული ფაშინიანი შეკრებილებთან გავიდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა, თან შეკრებილებს განუცხადა, რომ დღეიდან გადაწყვეტილებებს მიიღებს ხალხი და მხოლოდ ის მინისტრები დაინიშნებიან, ვინც ხალხს სურს. აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერის პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებას ისტორიულს უწოდებენ და მოლოდინიც დიდია, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები დაიწყება და საბჭოთა მართვის სტილი ევროპული მართვის სტილით შეიცვლება. ფაშინიანს გუშინ საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წევრები არ დაუსახელებია. მას ახალი მთავრობის წარდგენისთვის 15-დღიანი ვადა აქვს. მან უკვე დაიწყო კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებთან ერთად კოალიციური დროებითი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. ერთადერთი, რაც უკვე ითქვა, "რესპუბლიკური პარტიის" არც ერთი წარმომადგენელი ახალ მთავრობაში არ იქნება“, - აცხადებს გამოცემა.
"მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი და მთავარი რეფორმა, რისი დაპირებაც გასცა ფაშინიანმა, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას ეხება, რომლის შემდეგაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. საგარეო კურსი კი ისევ უცვლელი დარჩება, ამის ერთგვარი პირობა ფაშინიანმა უკვე დადო. "სომხეთი დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" წევრად, ამასთან, ერევანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს განავითარებს ევროკავშირთან, აშშ-თან, ირანთან, საქართველოსა და ჩინეთთან", - ამის შესახებ ფაშინიანმა პრემიერად არჩევამდე სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“, - დასძენს გამოცემა.
"არჩევის შემდეგ, ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს ის 14 მაისს, სოჭში, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდება. თავის მხრივ, პუტინმა ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად გახდომა მიულოცა. ფაშინიანს გაპრემიერება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. 1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა, საყოველთაო გაფიცვა დაეწყოთ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები, ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები. სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას ითხოვდნენ“, - წერს სტატიის ავტორი.
უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ მათი მოთხოვნები?
"საქართველოს ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და მოითხოვენ, დროულად დადგინდეს, რა მავნე ნივთიერებით გარდაიცვალნენ ახალგაზრდები. ამის შესახებ მათ კლუბ "ბასიანის" ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინდუსტრიას. შეწყვიტონ მედიასაშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან. დროულად იქნას დადგენილი, თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო. შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებ-გვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე. გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დახმარება. გადაიდგას ნაბიჯები ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ და პასუხს მოვითხოვთ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის. ამასთან ერთად, მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან", - აცხადებენ ინდუსტრიის წარმომადგენლები", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ მათი მოთხოვნები?
"ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგი ისაა, რაც სახეზეა და საერთოდ ამაზე უარესიც იქნება. ჩვენ ამისათვის მზად არ ვართ და კიდევ კარგა ხანს არ ვიქნებით საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ნარკოტიკები არ მოიხმარონ და ახალგაზრდები ასეთ მდგომარეობაში არ ჩაცვივდნენ. მარტო გამოძიება და ულტიმატუმი საქმეს არ უშველის, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მომავალი იღუპება", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე
"ლიბერალური ნაბიჯი კლუბების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი არ არის. ამაზე ნარკოლოგებმა და ფსიქიატრებმა უნდა იფიქრონ. გარკვეულწილად ვეთანხმეები იმ ნაწილში, რომ ეს არის მძიმე დაავადება და ამას მკურნალობა და სარეაბილიტაციო ცენტრები სჭირდება. რა თქმა უნდა, უპირველესი დამნაშავეები კლუბები არ არინ. ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდის. სანამ კლუბამდე მივა, მანამადე ნარკოტიკმა ხომ რაღაც გზა გაიარა. შეიძლება, ადამიანმა კლუბში შესვლამდე მიიღო ნარკოტიკი, ამიტომ ასეთი საუბარი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ობიექტური და დროული გამოძიება უნდა ჩატარდეს. შეიძლება, მართლა ცილს სწამებენ რომელიღაც წესიერი კლუბის ხელმღვანელს და მას არ სურს, რომ ტალახში აღმოჩნდეს. სად არის უშიშროება, ქვეყანას უშიშროება საერთოდ ჰყავს? სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო? სანამ "რუსთავი 2"-მა არ აჩვენა, ნარკოტიკი როგორ და სადან მიჰქონდათ, მანამ მოსახლეობას არაფერი არ გაგვიგია. ნარკომანების დაჭერა და დიდი სასჯელით ციხეში გამომწყვდევა რომ არ შეიძლება, ეს ფაქტია", - აცხადებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი
"მგონი, ახლა ულტიმატუმების უფლება არავის არ აქვს. კლუბებში რომ ახალგაზრდები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მსუბუქს თუ ძლიერს - ეს ნამდვილია. ვფიქრობ, საჭიროა, ახალგაზრდებს ერთობლივად დავეხმაროთ როგორც კუბებში, ისე მის გარეთაც, რომ ამ ჯოჯოხეთურ გამონაბოლქვს არ გაეკარონ. ვერ დავეთანხმები, რომ ამის გამო კლუბები უნდა დავხუროთ, რადგან იქ ის ახალგაზდებიც არიან, რომლებიც ნარკოტიკს არ იღებენ. გარდა ამისა, კლუბებში შემოქმედი ახალგზარდები თავიანთ მუსიკას ქმნიან", - დასძენს ხელოვნებათმცდნე დოდო ხურცილავა
"ნარკოტიკების პრობლემა, ჩვენი ხელისუფლებისა და პარლამენტის გადამკიდე, ჩიხში შევიდა. რა თქმა უნდა, სანამ ხელაღებით დააბრალებდნენ ღამის კლუბებს, თქვენ ავრცელებთ საკლუბო ნარკოტიკს და ამის გამო ახალგაზრდები იხოცებიანო, ხელისუფლებას რიტორიკა კი არ უნდა აეტეხა, არამედ გულდასმით შეემოწმებინა, მართლა არის თუარა ღამის კლუბებში ისეთი ნარკოტიკი, რომელსაც როცა კლუბშიგასართობად მისულიადამიანი მოიხმარს, მივა სახლში,დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს. ჩვენი ოპერატიული სამსახურების მუშაობისგადამკიდე ისიც კი ვერ დადგინდა, რა საშუალებით და როგორ ვრცელდება და იყიდება ესნარკოტიკი ინტერნეტით.მიმაჩნია, რომ სათანადო საგამომძიებლოორგანოებმა გულდასმით, ძირფესვიანად უნდა გამოიძიონ,რა, როგორ, რანაირად ხდება ამ ღამისკლუბებში და სათანადო ზომებს შემდეგ მიმართონ", - ამბობს მწერალი რეზო მიშველაძე

























