ვახტანგ ძაბირაძე - ლიდერი სჭირდება ქვეყანას, მთავრობას და არა მხოლოდ პარტიას

ვახტანგ ძაბირაძე - ლიდერი სჭირდება ქვეყანას, მთავრობას და არა მხოლოდ პარტიას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნების“ ყრილობამ ერთხმად აირჩია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და პარტიის თავმჯდომარე, რომლის შემდეგაც ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა. ვიდრე ივანიშვილის გამოსვლის ცალკეულ საკითხებზე გავამახვილებდით ყურადღებას, იქნებ საუბარი ჯერ მისი გამოსვლის საერთო შეფასებით და პოლიტიკაში დაბრუნების მის მიერ დასახელებულ მიზეზებზე საუბრით დაგვეწყო...

- პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“ გამომდინარე იქიდან, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებასთანაა დაკავშირებული. გულწრფელად გეტყვით, ყოველივე იმან, რაც ყრილობასთან დაკავშირებით ვნახე, მხედველობაში მაქვს მმართველი გუნდის ყრილობა და ამ თემაზე ტელე-განხილვები, რომელშიც სხვადასხვა ხალხი მონაწილეობდა, ყოველივე ამან, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ყრილობამ, საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და ჩემთვის დამრთგუნველიც კი გამოდგა მთელი ეს პროცესი.

მქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი საკმაოდ კატეგორიულ განცხადებებს გააკეთებდა, არა მარტო კრიტიკულად შეაფასებდა ვითარებას, არამედ გამოსავალზე მეტად და კონკრეტულად ისაუბრებდა

ყრილობაზე სიურპრიზებს არავინ ელოდა, წინასწარვე ცნობილი იყო, რომ პოლიტსაბჭოსაც და თავმჯდომარედ ივანიშვილს აირჩევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რას იტყოდა ივანიშვილი პოლიტიკაში მისსავე დაბრუნების გეგმებზე და რა განწყობა იქნებოდა ყრილობაზე.

არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის წინააღმდეგი ვიყავი და ვთვლიდი, რომ უნდა დაბრუნებულიყო. მქონდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მებრძოლ ივანიშვილს ვიხილავდი, რომელიც მომართული იქნებოდა იმისათვის, რომ ქვეყანაში ბევრ რამეს რადიკალურად შეცვლიდა.

მმართველი პარტიის ყრილობამ დაგვანახა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი უარესობისკენ უფრო შორს ყოფილა წასული, ვიდრე ვვარაუდობდი. ამიტომ მქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი საკმაოდ კატეგორიულ განცხადებებს გააკეთებდა, - არა მარტო კრიტიკულად შეაფასებდა ვითარებას, არამედ გამოსავალზე მეტად და კონკრეტულად ისაუბრებდა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს და მმართველ გუნდს ჰგონიათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ივანიშვილი ან ვერ ხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ან არ არის საბრძოლველად განწყობილი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ვერ გააცნობიერა ერთი რამ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ისეთი აღარ არის, რომელიც მან 2011 წელს შექმნა და არც ისეთია, რომელიც 2016 წლის არჩევნებში იყო. ფაქტობრივად ჩვენ დღეს სხვა „ქართულ ოცნებას“ ვხედავთ, მმართველ გუნდსა და ქვეყანაში სხვა პროცესები მიდის.

ივანიშვილს და მმართველ გუნდს ჰგონიათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ივანიშვილი ან ვერ ხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ან არ არის საბრძოლველად განწყობილი

2012 წელს ყველაფერი ნათელი იყო, ცხადი იყო ვინ სად იდგა. ვიდრე ივანიშვილი იტყოდა შუაა გასაკრეფი, იგი ისედაც გაკრეფილი იყო. დღეს ასეთი ვითარება არაა, დღეს სამწუხაროდ პოლიტიკური ჭაობია შექმნილი და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ამ ჭაობმა არ ჩაგითრიოს. ამას უნდოდა მიხვედრა და გაანალიზება. სამწუხაროდ, ივანიშვილის გამოსვლაში ეს მე ვერ დავინახე.

- ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას პრაქტიკულად აღიარა პრობლემები ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში, პარტიაში, მაგრამ არ უსაუბრია, თუ როგორ აპირებს იგი და მმართველი გუნდი ამ პრობლემების დაძლევას. თუ სწორად გავიგე, თქვენ მას სწორედ ამას საყვედურობთ?

- დიახ. დღეს ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლების დეფიციტია, პოლიტიკურ არენაზე ხელისუფლება არ ჩანს. ლიდერი სჭირდება ქვეყანას, მთავრობას და არა მხოლოდ პარტიას. ვერ დავინახე რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მთავრობის ლიდერად დაბრუნდა. პარტია „ქართულ ოცნებაში“ ვინ რომელ პოზიციას დაიკავებს, მნიშვნელობა არა აქვს და არც არაფერს ნიშნავს. მთავარია, ხელისუფლებაში რა მოხდება, რა ვითარება ჩამოყალიბდება და როგორ აეწყობა სახელისუფლებო ვერტიკალი.

მე ის უფრო მადარდებს, რომ ივანიშვილის მხრიდან მზაობა ვერ დავინახე დაიწყოს ცვლილებები როგორც მთავრობაში, ისე ქვეყანაში

დღეს აშკარად ყველაფერი არეულია. თუ ივანიშვილმა სხვა ნაბიჯები არ გადადგა, მივიღებთ უცნაურ ვითარებას, როცა პარტია მართავს მთავრობას. ასეთ პოლიტიკურ სისტემაში ჩვენ ხომ ვცხოვრობდით. კომუნისტური პარტია იდგა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა. მე ის უფრო მადარდებს, რომ ივანიშვილის მხრიდან მზაობა ვერ დავინახე დაიწყოს ცვლილებები როგორც მთავრობაში, ისე ქვეყანაში.

მან პოლიტიკაში დაბრუნების სამი ფაქტორი დაასახელა - 1. მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება. ამაზე მან თქვა, რომ უცებ ამ ვითარებას ვერ გამოვასწორებთ. ანუ, მისი დაბრუნება არ ნიშნავს ეკონომიკური და სოციალური ვითარების გაუმჯობესების მოლოდინს. 2. თქვა, რომ ოპოზიცია, ექსპერტები და მედია არიან დესტრუქციული. 3. ასევე თქვა, რომ განხეთქილებაა პარტიაში.

ქვეყანაში არსებულ პრობლემებს არა მარტო ღრმად ჩაწვდომა სჭირდება, არამედ შექმნილი ვითარებიდან კონკრეტული გამოსავლის გზების დასახვაც

ფაქტია, რომ იგი დესტრუქციულ მედიასა და ექსპერტებს ვერ შეცვლის. მას ამის მექანიზმები უბრალოდ არ აქვს. მაშინ რა გამოდის? დაბრუნდა პარტიაში განხეთქილების აღმოსაფხვრელად? სულ ესაა? არადა, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს არა მარტო ღრმად ჩაწვდომა სჭირდება, არამედ შექმნილი ვითარებიდან კონკრეტული გამოსავლის გზების დასახვაც.

- ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ „ქართული ოცბების“ ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია როგორც არასდროს, დაძლეულია ელიტული კორუფცია. თუ ბიზნესი თავისუფალია, რატომ იზრდება კატასტროფულად ფასები წამლებზე, ბენზინზე, მაშინ როცა ნავთობზე ფასები მთელ მსოფლიოში საკმაოდ დაბალი იყო?

უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში სწორედაც რომ ელიტულ კორუფციაზე - ამ ფონზე ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი უკანა კარიდან უხმაუროდ გაუშვა. ივანიშვილის მოხსენებაში არა ერთი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები საკმაოდ ბევრი იყო...

- მეც სწორედ იმას ვამბობ, რომ ამ და სხვა პრობლემებზე არაფერიც არ თქმულა. მას კონკრეტულ პრობლემებზე არ უსაუბრია, ზოგადად კი მრავალ საკითხებს შეეხო. დიახ, წინააღმდეგობრივი მოსაზრებები სახეზეა - თუ ბიზნესი თავისუფალია, ფასები რატომ არ დაეცა? ბიზნესი რამდენად თავისუფალია, ეს ცალკე მსჯელობის საკითხებია. სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე ის, რომ ივანიშვილს ესმის ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა და იცის თუ საიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა.

სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე ის, რომ ივანიშვილს ესმის ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა და იცის თუ საიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა

როცა მან თქვა, რომ ქვეყანას სამ წელიწადში ეშველებოდა, მაშინაც ვამბობდი, რომ სამ წელიწადში ეს არ გამოვიდოდა, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები ხომ უნდა გადადგმულიყო? თუნდაც მართვის სისტემა ხომ უნდა შეცვლილიყო?

როდესაც დემოკრატიაზე ისაუბრა, ეტყობა დაავიწყდა, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემა იგივე დატოვა. ამ თემებზე თითის ოპოზიციისა და ექსპერტებისკენ გაშვერას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ვწუხვარ, რომ მე შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროსაც და ახლაც იმაზე მიწევს საუბარი, რაზეც ადრე ვლაპარაკობდი. ანაც, რა მნიშვნელობა აქვს მე ან სხვა რას ვლაპარაკობთ. მთავარია, ხელისუფლება რას აკეთებს?

კი ბატონო, დღევანდელი ხელისუფლება წინასთან შედარებით გაცილებით ჰუმანურია და ამ აზრის თუ სხვა აზრის მიმართ გაცილებით ლოიალურია, მაგრამ ეს რეალურად არაფერს არ შეცვლის, თუ არ იქნება მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ვითარებას რეალურად შეცვლის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას დაიწყებს.

2012 წელს სხვა ვითარება იყო, ახლა სხვა ვითარებაა. „ქართულ ოცნებას“ ახლა იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, მათ რომ ჰგონიათ. პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიაში მას ყველაფერზე თავს დაუკრავენ, მაგრამ რეალურად რა გაკეთდება, სხვა საკითხია.

ვწუხვარ, რომ მე შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროსაც და ახლაც, იმაზე მიწევს საუბარი, რაზეც ადრე ვლაპარაკობდი. ანაც რა მნიშვნელობა აქვს, მე ან სხვა რას ვლაპარაკობთ. მთავარია, ხელისუფლება რას აკეთებს?

ვიცი, ივანიშვილისთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ მე მას მაინც ვურჩევდი ყურადღებით მოესმინა და გაეანალიზებინა ყრილობაზე მის გამოსვლაზე სხვადასხვა ტელევიზიებში გამართული მსჯელობა-გამოსვლები. ეს მას წაადგებოდა იმის გარკვევაში, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში.

- ივანიშვილმა განაცხადა - „პარტია ხალხს დაშორდა“. ამგვარი შეფასების შემდეგ რომ მას პრემიერი გაეკრიტიკებინა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ მან პრემიერის მუშაობა დადებითად შეაფასა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება იყოს მოლოდინი იმისა, რომ იგი ცვლილებების გატარებას პარტიაში დაიწყებს?

- ჩვენ პარტიისა და ხალხის ერთიანობაში გავიზარდეთ. რას ნიშნავს - პარტია ხალხს დაშორდა? როცა მე რეციდივებზე ვსაუბრობ, ამასაც ვგულისხმობ. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ - პარტიისა და ხალხის ერთიანობამ, მიგვიყვანა იქამდე, სანამდეც მიგვიყვანა. ახლა პარტიისა და ხალხის ერთიანობაზე არ უნდა იყოს საუბარი. ინტერესები იყო და იქნება. როცა ვამბობ, რომ ჩვენში მიმდინარე პროცესებს სერიოზული გაანალიზება სჭირდება, ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილი პროცესებსაა მოწყვეტილი.

ჩვენ დღეს პარტიის და ხალხის ერთიანობა კი არა, რეალური მრავალპარტიულობა გვჭირდება. ამის გაცნობიერება და ამისთვის ხელშეწყობაა საჭირო

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მას ყველა კი დაუკრავს თავს, მას იქ მოწინააღმდეგე არ ეყოლება. მმართველ გუნდში იციან, ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს, გუნდიდან და პოლიტიკიდან წასვლა მოუწევს. ვინც თავს დაუქნევს, მისი მოთხოვნების შემსრულებელი არც ის იქნება. დღეს ივანიშვილის პოლიტიკური კაპიტალი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. მან ეს კაპიტალი გაფლანგა.

ჩემი აზრით, ივანიშვილი დღეს ძალიან დიდ რისკზე მიდის. ყველა ვინც ქართულ პოლიტიკაში დიდი კაპიტალით მოვიდა და იგი გაფლანგა, ყველამ დაპირისპირება მიიღო. ჩვენ დღეს პარტიის და ხალხის ერთიანობა კი არა, რეალური მრავალპარტიულობა გვჭირდება. ამის გაცნობიერება და ამისთვის ხელშეწყობაა საჭირო.

- ივანიშვილმა პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციის სისუსტე დაასახელა. მისივე თქმით, ოპოზიციის სისუსტე იმაში ვლინდება, რომ მათ მოქმედების კონსტრუქციული გეგმები არ აქვთ. არადა, სწორედ მისი მცდელობის შედეგად „ქართული ოცნების“ გუნდი ჯერ საკმაოდ კვალიფიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა დატოვეს, ხოლო შემდეგ ქართული პოლიტიკის სცენაც...

- დიახ, სწორედ ასე იყო. გაიხსენეთ - ის, რაც ივანიშვილმა თქვა, საქართველოში ყველა ხელისუფალი ლაპარაკობდა. მხედველობაში მაქვს შემდეგი - ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი კი არა, წინა ხელისუფლების ბრალია. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ რად გინდა - დესტრუქციული ოპოზიცია გვყავს, რომელიც ღუპავს ქვეყანს, ექსპერტები ყველაფერს აბუქებენ, მედია ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა.

გამსახურდიადან მოყოლებული, შემდეგ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის არგუმენტები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. როცა ზოგადად ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ზუსტად იქით წავა, სადაც წინა სამივე შემთხვევაში. ანუ, დაპირისპირებისა და ისევ ქუჩისკენ.

ვისაც საქართველოში ჭკუა მოეკითხება, არა მგონია პოლიტიკური პროცესების ამგვარი სცენარით განვითარება უნდოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს თავისი კანონზომიერებები აქვს და მნიშვნელობა არა აქვს, მე და თქვენ რა გვინდა.

გამსახურდიადან მოყოლებული, შემდეგ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის არგუმენტები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. როცა ზოგადად ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ზუსტად იქეთ წავა, სადაც წინა სამივე შემთხვევაში, ანუ, დაპირისპირებისა და ისევ ქუჩისკენ

თუ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, მან უნდა აკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება. პარტიაში მისი დაბრუნება არაფერს არ ცვლის. 2012 ივანიშვილს ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. სამწუხაროდ, ის ახლა ხალხის მხარდაჭერასაც კარგავს და პოლიტიკურ რეიტინგსაც. შესაბამისად, რეიტინგის დაცემა „ქართული ოცნებას“ შეეხება. ამიტომ ვამბობ - ახლა ძალიან ფრთხილი და ჭკვიანური მოქმედება და იმავდროულად რადიკალური ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. მან უნდა იცოდეს, რომ რთულ პოლიტიკურ პროცესში თუ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაიდგა, ქვეყანა ყოველთვის ჩიხში შევა.

იგი, ანგელოზებით დაკომპლექტებულ პარტიებს ვერ მოძენის, ვინაიდან პარტიები ადამიანებით არიან დაკომპლექტებული. ამ თვალსაზრისით, ვერც „ქართული ოცნება“ იქნება გამონაკლისი. რაღაც წარმატებები არის, მაგრამ ეს ქვეყნისთვის საკმარისი არაა. ივანიშვილის დაბრუნება სოციალურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ იგი უნდა ხვდებოდეს, რომ მისმა დაბრუნებამ ხალხში იმედი უნდა გააჩინოს. იმედი, რომ თუ ბევრი რამ ვერა, უკეთესობისკენ რაღაც მაინც შეიცვლება.

ივანიშვილის დაბრუნება სოციალურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ იგი უნდა ხვდებოდეს, რომ მისმა დაბრუნებამ ხალხში იმედი უნდა გააჩინოს

ხელისუფლების პრობლემა დღეს ხალხის ნდობის დაბრუნებასა და მათშივე ხელისუფლების მიმართ იმედის გაჩენაზე გადის. ჩვენი ხალხი გაჭირვებას მიჩვეულია და კიდევ ბევრსაც გაუძლებს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ უკეთესობის იმედი ექნება.

- ივანიშვილმა თავის გამოსვლაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა წინა ხელისუფლებაზე. „დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ ჩამოვაშორეთ წინა მოძალადე ხელისუფლება ძალაუფლებას“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკაში მისი მობრუნება ქართულ პოლიტიკურ ველზე სწორედ წინა ხელისუფლების გააქტიურებას და იმავე პოლიტიკურ ჯგუფებში რევანშისტულ განწყობებს უკავშირდებოდეს?

- ძნელი წარმოსადგენია, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ხელისუფლებაში მუდმივად „ქართული ოცნება“ იქნება. კი ბატონო, მოძალადე ხელისუფლება დამარცხებულია, მაგრამ როგორი ხელისუფლება მივიღეთ? და არის ეს ხელისუფლება იმ პრობლემების მომგვარებელი, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და ჩვენს საზოგადოებას დღეს მრავლად აქვს?

თუ ქვეყანაში რეალურად პლურალისტური გარემო და რეალურად მოქმედი სახელისუფლებო ინსტიტუტები არ შეიქმნა, არაფერი არ გამოვა

დავამარცხეთ შევარდნაძე, დავამარცხეთ სააკაშვილი და მერე ამით ქვეყანას რამე ეშველა? წინ ბევრით წავიწიეთ? ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო.

თუ ქვეყანაში რეალურად პლურალისტური გარემო და რეალურად მოქმედი სახელისუფლებო ინსტიტუტები არ შეიქმნა, არაფერი არ გამოვა. ის, რომ ბიზნესმენებს დღეს ფულს არავინ სძალავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური გარემო გვაქვს. ადრეც იყვნენ და დღესაც არიან მონოპოლისტები,

- ივანიშვილმა საკმაოდ ბევრი ისაუბრა ამ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის მშენებლობაში არსებულ თემებზე....

- თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მართლა დემოკრატია და პლურალისტური გარემო უნდა, მას შეუძლია ძალიან მარტივად გადადგას ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი და უარი თქვას პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატზე.

თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მართლა დემოკრატია და პლურალისტური გარემო უნდა, მას შეუძლია ძალიან მარტივად გადადგას ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი და უარი თქვას პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატზე

როცა ხელისუფლებას თავისი კანდიდატი არ ეყოლება, არჩევნების შედეგებს ეჭვის ქვეშ არავინ დააყენებს. დანარჩენ ოპოზიციას მიეცემა საშუალება საპრეზიდენტო არჩევნებში სრულფასოვნად ჩაერთოს.

ასეთ ვითარებაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკურ პროცესს მიეცემა ბიძგი. როცა მე ვსაუბრობ იმაზე, რომ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ნაბიჯი ესეც იქნება. ვფიქრობ, ეს ქვეყანას ნამდვილად წაადგებოდა, ვინაიდან ქვეყანაში რეალური დემოკრატიის ნიშნებიც გაჩნდებოდა. ეს არ შეიძლება იყოს ამ მიმართულებით ერთადერთი ნაბიჯი, მაგრამ ერთ-ერთი ნაბიჯი აუცილებლად იქნებოდა.

- „ქართული ოცნების“ ყრილობის თემაზე სამკაოდ კი ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?

- მაინც მგონია, რომ გარკვეული დროის შემდეგ, რომ არ უნდოდეს, ივანიშვილი იძულებული იქნება პრემიერის სავარძელში გადაინაცვლოს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შექმნილ ვითარებას ივანიშვილი კიდევ უფრო ღრმად გაანალიზებს, ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად რეალურ და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ჯერ უკუსვლის პროცესს შეაჩერებს და შემდეგ დაიწყებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას.

ვიტოვებ იმედს, რომ შექმნილ ვითარებას ივანიშვილი კიდევ უფრო ღრმად გაანალიზებს, ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად რეალურ და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ჯერ უკუსვლის პროცესს შეაჩერებს და შემდეგ დაიწყებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას

პარტიაში ვითარების დარეგულირება მას პოლიტიკაში დაბრუნების გარეშეც შეეძლო. მაქვს მოლოდინი, რომ იგი პრემიერ-მინისტრი გახდება და დაიწყებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართვას. ვიმეორებ, საკმაოდ რთული ვითარებაა და ის თვლის, რომ რესურსები კიდევ აქვს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

ქვეყანას არაორდინალური სვლები სჭირდება - დატკეპნილი გზები ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა ვერ მოხდება. ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები. ამისთვის ხელისუფლებას არც ისე ბევრი დრო აქვს. თუ ხელისუფლებამ წლის ბოლომდე ვერ მოახერხა ვითარების რეალურად შეცვლა, შემდეგ მხოლოდ დროის ამბავია თუ როდის გაივსება ქუჩა - 2020-ში, 2024-ში თუ მანამდე.

- დიდი ხმაური და ვნებათაღელვა მოჰყვა შსს-ს მიერ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. ნარკორეალიზატორების დაკავების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ გაუგებრად და უცნაურად გამოიყურება ნარკოტიკების 8 რეალიზატორის დაკავებისთვის ან კლუბების დაწიოკება ანდა კლუბებში დასასვენებლად მისული უამრავი ადამიანის დაკავება...

- ნარკოპოლიტიკა რომ გადასახედი და ჩამოსაყალიბებელია, ამაში ორი აზრი არაა, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული ნარკოპოლიტიკა. ერთი მხრივ, ვსაუბრობთ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე, მეორე მხრივ ვუშვებთ კლუბებში ნარკოტიკების მიღებას, ხოლო მესამე მხრივ სპეცოპერაციებს ვატარებთ. მართლაც აბსურდული ვითარებაა.

ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა შეძლოს ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება და უარი უნდა თქვას ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე

ჩვენ გვახსოვს თუ როგორ დასდევდნენ თბილისში ტანკებით დამნაშავეებს. როგორც მაშინ არ იყო საჭირო ტანკებით კრიმინალთან ბრძოლა, ახლაც არა მგონია საჭირო ყოფილიყო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცრაზმების გამოყენება. არა ვარ წინააღმდეგი შსს-მ თავის საქმიანობას პიარი გაუწიოს, მაგრამ პიარის იქეთ ჩვენ უნდა ვხედავდეთ ხელისუფლების რეალურ ნარკოპოლიტიკას.

- ნარკოტიკების გამსაღებლების გარდა შსს-ს სამიზნე ქვეყანაში ნარკოტიკების შემომტანები უნდა იყვნენ, მაგრამ რატომღაც მათ წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება...

- როცა მე ვლაპარაკობ, რომ არა გვაქვს მკაფიო და გასაგები ნარკოპოლიტიკა, სწორედ ამას ვგულისხმობ. დავიჯერო, ასეთი რთულია საქართველოში ნარკოტიკების შემომტანებისა და შემდეგ მათი რეალიზატორების დადგენა? ხომ ვიცით, რომ ეს ასე არაა. თუ ნარკომომხმარებელმა იცის ვისთან უნდა შეიძინოს ნარკოტიკი, მართლაც პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს თუ რატომ ვერ ახერხებს მათი ვინაობის დადგენას შსს.

ვიმეორებ, ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა შეძლოს ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება და უარი უნდა თქვას ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შემუშავებული მეთოლოგია და თანმიმდევრული პოლიტიკა ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”