თბილისში ინტერნეტმმართველობის მასშტაბური ფორუმი მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში - EuroDIG 2018 - ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე" 500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან.
უწყების პრესსამსახურია ცნობით, დისკუსიების ფარგლებში განხილული იქნება ყველა საკითხი, რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება.
მათივე განმარტებით, აღნიშნული მნიშვნელობის ინტერნეტფორუმი საქართველოში პირველად იმართება.
"დაიწყო ღონისძიება EuroDIG, ახალგაზრდული ნაწილი, გუშინ და დღესაც გრძელდება. დღეს იქნება პანელები და საპანელო დისკუსიები, ხოლო ხვალიდან იქნება ძირითადი ღონისძიება. დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება და მათ შორის მნიშვნელოვანია აისიტი კლასტერების განვითარების პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო „ჯიაიზეტის“ დახმარებით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთობლივად ახორციელებენ. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კლასტერების განვითარება ტექნოლოგიების და აითის მიმართულებით არის საფუძველი იმისა, რომ მოხდეს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და ქართული კომპანიები იყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ასპარეზზე. კლასტერების პროექტი გულისხმობს იმას, რომ ჩამოყალიბდება პოლიტიკა ამ მიმართულებით. კლასტერი არის რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფის და კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის არეალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, რომ ერთდროულად მიაწოდონ ის სერვისები, რომელის სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით შეეძლებათ მიიღონ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მისივე თქმით, კლასტერების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეხმარება "ჯიაიზეტი", რომელსაც თავის მხრივ ქვეკონტრაქტორები ჰყავს.
ფორუმი გუშინ გაიხსნა და 6 ივნისს დასრულდება.