ჭავჭავაძის #33-ში, ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს

ჭავჭავაძის #33-ში, ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კიდევ ერთხელ, აქციით გააპროტესტეს. აქციაზე მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ყოფილი სკვერისა და სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო და რამდენჯერმე შეჩერდა. მათივე განცხადებით, სასამართლომ მშენებელ კომპანიას K2-ის კოეფიციენტთან დაკავშირებით 22-სართულიანი შენობის აგება აუკრძალა, თუმცა 2018 წლის თებერვლიდან ადგილზე მშენებლობა კვლავ განახლდა.

“აღნიშნული სამშენებლო კომპანია დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც მოახერხა აქ მდებარე სტადიონისა და სკვერის შესყიდვა. როგორ შეძლო ეს, დღემდე ჩვენთვისაც გაუგებარია. მშენებლობა ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. აქ არის გაზგამანაწილებელი, რომლისგანაც არსებული კანონებით მინიმუმ 10 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, რაც არ სრულდება. მშენებლობის პროცესი გაზგამანაწილებელთან მიბჯენით ხორციელდება. ერთ კვადრატული მეტრიც კი არ გააჩნია შენობას, რომ რაიმე წითელ ხაზებში საკუთარი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ანდრიაძემ.

მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერს, კახი კალაძეს მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. “ჩვენ კალაძე გვპირდებოდა, რომ შეჩერდებოდა უბანული სუიციდი, ქალაქი სიცოცხლით გაივსებოდა, რაც ვერ გაბედა უგულავამ და ნარმანიამ, დღეს იმას ბედავს კალაძე. მოვიდეს აქ თავისი სელფის ჯოხით და ჩართვა განახორციელოს აქედან. ნახოს, რა ხდება აქ, ზღაპრებს რომ ყვება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს