ირაკლი კობახიძე - რუსეთი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება

რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისთვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე - „რუსული რევანშიზმი - გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან“ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით. ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე. მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს