ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2018

სამდღიანი ტყვეობა დასრულდა - რა დაინახეს დაღესტნის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა

აფხაზეთში ახალი ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე ალაპარაკდნენ

მიწაზე "ჯაველინებით" ცაში `სტინგერებით"... / "დიდგორები" პარიზის ქუჩებში / ქართული ყუმბარსატყორცნი "გაახალგაზრდავდა" / "ვეტერანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავიანთი ჰოსპიტალი" / გზა სამხედრო აკადემიიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიამდე / ტამიშის დესანტის გასანადგურებლად...

* * *

სამდღიანი ტყვეობა დასრულდა - რა დაინახეს დაღესტნის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა

"შესაძლოა, რუსებს შეეშინდათ, რომ მესაზღვრეები დაინახავდნენ ისეთ რამეს, რაც მათ არ აწყობდათ. არც ის არის გამორიცხული, რომ მესაზღვრეების დაკავებით მათ აღკვეთეს ფაქტი, რომ ქართველი კოლეგები მოხვდნენ ადგილას, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ძალის დემონსტრირება. კარგია, რომ მესაზღვრეებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს და მათ პროვოკაციას არ აჰყვნენ", - ასე აფასებს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე "რეზონანსთან" სამი დღის წინ საქართველო-დაღესტნის სასაზღვრო ტერიტორიიდან ქართვეელი მესაზღვრეების გატაცებას. ქართველი მესაზღვრეების სამდღიანი ტყვეობა დასრულებულია. ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაღესტნის მონაკვეთი), რუსმა სამხედროებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი გატაცებული თანამშრომელი საქართველოს მხარეს გადმოსცეს. ორივე მათგანი ლაგოდეხის რაიონის მკვიდრია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სამდღიანი ტყვეობა დასრულდა - რა დაინახეს დაღესტნის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა.

"რა გახდა მესაზღვრეების დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების განცხადებით, ორივე მათგანი - კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე 13 წელია, რაც მესაზღვრეებად მუშაობენ და გამორიცხულია, გზა არეოდათ. ისინი საკმაოდ გამოცდილი და ბილიკების კარგად მცოდნე მესაზღვრეები არიან, ყველა კუთხე-კუნჭულს თვალდახუჭული ცნობენ და წარმოუდგენელია, საზღვარი გადაეკვეთათ. ისინი 27 ივნისს, სავარაუდოდ, მართოთის ტბასა და ხიმრიკის მთას შორის მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. მანძილი ტბასა და მთას შორის დაახლოებით 5 კილომეტრია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, დაღესტნის საზღვრიდან ამხელა მანძილით დაშორებულ ადგილას რატომ ჩათვალეს საჭიროდ რუსმა მესაზღვრებმა, რომ ქართველი კოლეგები დაეკავებინათ, მით უმეტეს, ანალიტიკოსების თქმით, ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია არსებობს. საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად 27 ივნისს გავიდა. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის აზრით, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია იყო, რომელზეც მესაზღვრეები არ წამოეგნენ. რუსებმა კი საკუთარი ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"კვახაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ამხელა გამოცდილების მქონე მესაზღვრეებს გზა არეოდათ. მეორეც, მესაზღვრის მიერ საზღვრის გადაკვეთა საზღვრის დარღვევად არ ითვლება. მისი თქმით, ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია არსებობს და მათ ერთმანეთის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მუდმივად აქვთ. ქართველი მესაზღვრეები რა ზონაშიც უნდა მოხვედრილიყვნენ, მათი დაკავება არც ერთი კანონის ფარგლებში არ ჯდება - "ეს რუსეთის მხრიდან ძალის დემონისტრირება იყო. დაუშვებელია მესაზღვრის დაკავება საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ჯერ ერთი, იქ არსებობს ნეიტრალური ტერიტორიები და ბილიკები, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება რუსეთის საზღვარი. ორივე ქვეყნის მესაზღვრეები ამ ნეიტრალურ ზონაში თავისუფლად მოძრაობენ. თუნდაც მტრულად განწყობილი ქვეყნის მესაზღვრეებს ერთმანეთთან რაციით კომუნიკაცია აქვთ. გადასვლა და გადმოსვლა დაკავების მიზეზი არასდროს გამხდარა. ეს ფაქტი ჩვეულებრივად იმის გაგრძელებაა, რაც საოკუპაციო საზღვრის გადმოწევისა და ჩვენი მოქალაქეების გატაცების დროს ხდება", - აცხადებს კვახაძე. იგი ამბობს, რომ მესაზღვრეებს იარაღის გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, რთული სათქმელია. მესაზღვრე იარაღს კოლეგის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებდა და სროლას ვერ დაუწყებდა, ეს პროვოკაციაში აყოლა იქნებოდა, რაც ჩვენთვის კარგად არ დასრულდებოდა. ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს მხარემ ფაქტის გახმაურებისგან თავი ოპერატიული ინფორმაციის გაუთქმელობის გამო შეიკავა", - განაგრძობს გამოცემა.

"ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მესაზღვრეების დაკავების მიზეზი, შესაძლოა, რაიმე გაუგებრობა იყოს, რადგანაც იქ არსებობს ბილიკები, სადაც მესაზღვრეს პატრულირებისას საზღვრის მონაკვეთის გადაკვეთა უწევს. სალუქვაძე ამბობს, რომ რთულია საუბარი კონკრეტულ მიზეზებზე, როდესაც დეტალურად არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა, თუმცა მომხდარს პროვოკაციას მაინც ვერ დაარქმევს, რადგანაც მესაზღვრეები რუსეთის მხარემ გაათავისუფლა. მისი აზრით, ეს ფაქტი შესწავლას საჭიროებს და გაანალიზების შემდეგ მას დიპლომატიური არხებით რეაგირება უნდა მოჰყვეს. "მესაზღვრეებს შეუძლიათ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმოძრაონ, მაგრამ დაღესტნის საზღვართან არის საკმაოდ რთული ბილიკები, სადაც ორივე ქვეყნის მესაზღვრეებს ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა უჭირთ. რა თქმა უნდა, ქართველებსა და რუსებს შორის ამ ბილიკებზე გადაადგილების შეთანხმება არსებობს. ამიტომაც ვამბობ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, დეტალურად არის გასარკვევი", - ამბობს სალუქვაძე, რომლის აზრით, "რუსებს რომ პროვოკაცია ჰქონოდათ ჩაფიქრებული, მაშინ მათ არ გაათავისუფლებდნენ", - დასძენს გამოცემა.

"თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მესაზღვრეების დაკავება რაღაცის დანახვის შიშით მოხდა და მათი დაპატიმრებით ეს აღკვეთეს. რუსების მხრიდან გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. უფრო ვფიქრობ, რომ რუსეთის მხარეს, შესაძლოა, ახალი კონტინგენტია და გარკვეული გაუგებრობა მოხდა. კონკრეტულ მონაკვეთებზე, სადაც მთიანი რეგიონია, ორივე ქვეყნის პოლიცია პატრულირებს. მინდა, დავაბრალო, რომ ეს გაუგებრობაა და არა სხვა უფრო სერიოზული გარემოება. თუმცა ცუდია, რომ მათი დაკავება სამი დღე გაგრძელდა და მალევე არ გადმოგვცეს. ეს ინციდენტი საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენების შედეგად უნდა გაირკვეს", - მიიჩნევს სალუქვაძე. რაც შეეხება სასაზღვრო სოფლებში დრონების გამოჩენას, გენერალი ამბობს, რომ ეს საქართველოს არც შს სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის. შესაბამისად, ჩნდება მოსაზრება, რომ რუსეთის დრონები იყო. თუმცა შორიდან მისი მოდელის დადგენა საკმაოდ რთულია. სალუქვაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ მისი განეიტრალება ანუ ჩამოგდება უნდა მოახდინოს, რადგანაც ეს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაა", - წერს სტატიის ავტორი.

აფხაზეთში ახალი ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე ალაპარაკდნენ

"ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული "პასპორტების" გამოცვლის პროცესი, შესაძლოა, ახალ ეროვნებათშორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ აფხაზური მედია უკვე ღიად წერს, სოციალურ ქსელებში ამ თემაზე ცხარე კამათია გაჩაღებული, აფხაზეთში მოღვაწე იურისტთა ნაწილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ "პასპორტის" გამოცვლის ეს წესი არააფხაზი ეროვნების მოქალაქეთათვის დისკრიმინაციულია. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის სეპარატისტული ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ აფხაზეთში ეთნოცენტრული "სახელმწიფო" შექმნან, ეს "კანონი" კი კონკრეტულად ქართველების წინააღმდეგ არ არის მიმართული და შეეხება როგორც რუსებს, ასევე სომხებს, მაგრამ ყველაზე დიდი უკმაყოფილება აფხაზებს ალბათ, მაინც ეთნიკური რუსებისგან ელით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აფხაზეთში ახალი ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

"ხსენებული "კანონის" მიხედვით, "აფხაზეთის მოქალაქეობის" უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის" გამოცხადებიდან 5 წლის განმავლობაში, - 1994-1999 წლებში ცხოვრობდნენ აფზახეთში. ამჟამად აფხაზეთში ძველი "პასპორტების" გამოცვლა მიმდინარეობს და ყველა მოქალაქე, ვინ ახალი "პასპორტის" ასაღებად მიდის, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ იგი 1994-1999 წლებში ნამდვილად ცხოვრობდა აფხაზეთში. მთავარ უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ ეს ვალდებულება არ ეხებათ ეროვნებით აფხაზებს, რადგან, სეპარატისტთა "კანონმდებლობით", ეთნიკურ აფხაზს ავტომატურად ეკუთვნის "აფხაზეთის მოქალაქეობა". გარდა ამისა, არსებობს აფხაზეთის მკვიდრი არააფხაზური წარმოშობის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთაც 1994-1999 წლებში სხვადასხვა მიზეზით პერიოდულად უწევდათ აფხაზეთის დატოვება - სამუშაოდ, სამკურნალოდ, სასწავლებლად და ა.შ. შესაბამისად, მათ მიუხედავად იმისა, რომ ძველი "პასპორტები" აქვთ, ახლის მისაღებად საკმაოდ რთული პროცედურის გავლა უწევთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"გარდა ამის, არის არაააფხაზი მოსახლეობის კიდევ ერთი კატეგორია, რომელთაც აფხაზეთი 1994-1999 წლებში არ დაუტოვებიათ, თუმცა ამის დასამტკიცებლად მათ სთხოვენ საბუთს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე სადმე მუშაობდნენ ან სწავლობდნენ, რის წარდგენასაც ვერ ახერხებენ. აფხაზი იურისტი ოლეგ პაპასკირი წერს, რომ უეცრად ყველა ეთნიკურად არააფხაზ პირს, რომელიც "რესპუბლიკაში" ცხოვრობდა, დააბრალეს "მოქალაქეობის" უკანონოდ მიღება და სთხოვენ, რომ საწინააღმდეგო დაამტკიცონ. ცნობილი აფხაზი ჟურნალისიტ ანტონ კრევენიუკი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა სერიოზული ეროვნებათაშორისი შუღლი და დაპირისპირება გამოიწვიოს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზურ პრესაში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი ამ "კანონზე". მან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ იქ, მაგრამ ეთნიკურად არ არინ აფხაზები, ახლა სხვადასხვა გზით უწევთ იმის მტკიცება, რომ ნამდვილად მკვიდრნი არიან", - განაგრძობს გამოცემა.

"აფხაზურ პრესაში 4-5 თვეა დაიწყო საუბარი ამ კანონზე. არააფხაზი მოსახლეობა, ვინც დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლაც აღშფოთებულია - ვიღაც შეიძლება სასწავლებლად წავიდა სხვა ქვეყანაში, დაბრუნდა, გააგრძელა ცხოვრება და ახლა უნდა ეცადოს მოიპოვოს "მოქალაქეობა". ბუნებრივია, რომ აფხაზეთის სურვილი ეთნოცენტრული სახელმწიფოს მშენებლობისა უშედეგო იქნება. ეს "კანონი" მიმართულია არა მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ, არამედ ისინი ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ არააფხაზი მოსახლეობის რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე", - ამბობს ზაქარეიშვილი. ის აღნიშნავა, რომ შესაძლებელია მომავალში ამ "კანონში" რამე შეიცვალოს, რადგან აფხაზეთში ამან დიდი ვნებათაღელვა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია - დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ზედმეტი მოუვიდათ, "ნამეტანი გადაღუნეს ჯოხი" და რაღაც გამოსავალს ეძებენ, ხოლო სანამ ამ ძიებაში არიან, ერთა შორის ურთიერთობების გამწვავებას ექსპერტი არ ელის. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, აფხაზებმა ეს "კანონი" აამოქმედეს საკუთარი ეთნოსის შესანარჩუნებლად, რადგან აფხაზეთში ომის შემდეგ საცხოვრებლად ჩასულთა რაოდენობა ძალიან დიდია", - დასძენს გამოცემა.

"აფხაზებს ეს "კანონი" მარტო ქართველთა წინააღმდეგ არ შემოუღიათ - თუ აამუშავებენ- აამუშავებენ ყველას წინააღმდეგ. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც საცხოვრებალდ ჩავიდა ომის შემდეგ, მათ შორის, დიდი რაოდენობით არიან სომხები... მე ვფიქრობ "კანონს" ძალიან ცუდი რეზონანსი ექნება აფხაზებისთვის მათი მთავარი მოკავშირის - რუსეთის მხრიდან. ამ "კანონის" მოქმედება ვრცელდება ეთნიკურ რუსებზეც, რომლებიც დიდი ხანია აფხაზეთში ცხოვრობენ. ბევრნი ომის პერიოდში წავიდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილან. ამ "კანონით" ბევრი დაკარგავს როგორც "აფხაზეთის მოქალაქეობას" და მასთან ერთად, მაგალითად, უძრავი ქონების ფლობის უფლებას. რა თქმა უნდა, ქართველების დიდ ნაწილსაც შეეხება ეს ამბავი, მაგრამ ქართველები ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და მაინც ასეთი პრინციპით ცხოვრობდნენ... ეს ქართველების წინაააღმდეგ იქნება მიმართული, მაგრამ ძირითადად შეფარული ქმედებაა სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, პირველ რიგში, რუსებისა და სომხების წინააღმდეგ", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

მიწაზე "ჯაველინებით" ცაში `სტინგერებით"... / "დიდგორები" პარიზის ქუჩებში / ქართული ყუმბარსატყორცნი "გაახალგაზრდავდა" / "ვეტერანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავიანთი ჰოსპიტალი" / გზა სამხედრო აკადემიიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიამდე / ტამიშის დესანტის გასანადგურებლად...

"1997 წლის იანვრის დასაწყისში რამდენიმე კოლეგასთან ერთად მომიწია მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთში ჩასვლა. საბერძნეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, მასპინძლებმა ერთ-ერთი ადგილობრივი სამხედრო ქარხანა დაგვათვალიერებინეს, სადაც ამერიკული ლიცენზიით გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს "სტინგერებს" აწყობდნენ. დღესაც მახსოვს რა ოცნების თვალით შევყურებდი ახალთახალ "სტინგერებს", ეს მაშინ, როდესაც ქართულ არმიას აფხაზეთის ომის შემდგომ თითო-ოროლა მოძველებული "სტრელა" თუღა ჰქონდა დარჩენილი ... და 21 წლის შემდეგ ეს ოცნება სრულდება..." - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (N7, ივნისი, 2018) სტატიაში სათაურით მიწაზე "ჯაველინებით" ცაში `სტინგერებით"....

"ანტისატანკო სისტემა "ჯაველინების" გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-ისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - "სტინგერებს" მიიღებს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ამ ინფორმაციას ქართული არმია, შეიძლება ითქვას, შექმნის დღიდან ელოდა, რადგან ამერიკული "სტინგერები" ავღანეთის ომის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც სწორედ ამერიკელების მიწოდებული ამ ეფექტიანი საზენიტო საშუალებებით ავღანელმა მოჯაჰედებმა საბჭოთა სამხედრო პილოტებს შავი დღე აყარეს. პირველი "სტინგერები" ავღანეთში 1986 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და 1989 წლის თებერვლამდე, საბჭოთა საოკუპაციო არმიის ავღანეთის ტერიტორიიდან გასვლამდე, მათი შიშით საბჭოთა მოიერიშე თვითმფრინავები 4 კმ-ზე დაბლა აღარ ეშვებოდნენ, ხოლო შვეულმფრენები ძალიან დაბლა, რელიეფის მიყოლებით მიფრინავდნენ. პირველ შემთხვევაში, მოიერიშეების საჰაერო დარტყმების სიზუსტემ მკვეთრად იკლო ფრენის სიმაღლის მომატების გამო, ხოლო დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენები ხშირად მთებს ეჯახებოდნენ, ანუ "სტინგერების" გამოჩენამ ავღანეთის ცაში საბჭოთა საბრძოლო ავიაციის მოქმედება ნაკლებად ეფექტიანი გახადა, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიზანი გახლდათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"იგივე ფუნქცია "სტინგერებს" 1992-93 წლების აფხაზეთისა და მით უმეტეს, 2008 წლის ცხინვალის ომში შეიძლება შეესრულებინათ, მაგრამ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა ეს არ გააკეთეს, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: პირველი - საქართველოსთვის ასეთი ეფექტიანი საზენიტო საშუალებების გადაცემით მათ არ სურდათ კრემლის გაღიზიანება, მეორე მიზეზი კი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყო - ამერიკელები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ 1,5 მ სიგრძის კომპაქტური "სტინგერები" ქართული არმიის საწყობებიდან ერთ მშვენიერ დღეს არ "გაქრებოდა"და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების ხელში არ აღმოჩნდებოდა. მისასალმებელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებამ დასძლია წინამორბედების შიში და საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" კვალდაკვალ "სტინგერებსაც" გადმოსცემს", - განაგრძობს გამოცემა.

"მაგრამ მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ ქართულ არმიას აქამდე არ გააჩნდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები იყენებდნენ "სტრელა-2მ"-ებს, ხოლო აგვისტოს ომში კი "იგლასა" და პოლონურ "გრომ-2"-ებს, თუმცა ამერიკული "სტინგერები" ქართველი მეზენიტეების შეიარაღებაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო სივრცის დაცვას 4 კმ სიმაღლემდე. მისი საბრძოლო ათვისება ადვილია და იმ სასწავლო ცენტრის კლასშიც შეიძლება, სადაც დღემდე ქართველ მეზენიტეებს "იგლასა" და "გრომზე" ავარჯიშებენ. "სტინგერებით", ისევე როგორც "იგლებითა" და "გრომებით", სპეციალური მობილური საზენიტო ჯგუფების აღჭურვა შესაძლებელს გახდის სამხედრო კოლონების, ასევე სტაციონარული ობიექტების საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდას 4,5 კმ-ის რადიუსსა და 4 კმ სიმაღლემდე. გარდა ამისა, შეიძლება ჩასაფრებების მოწყობა მთის მწვერვალებზეც, საიდანაც `სტინგერის~ გათვლას მოწინააღმდეგის 6-7 კმ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავის დაზიანებაც შეუძლია", - დასძენს გამოცემა.

"11-15 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქმა პარიზმა თავდაცვითი მრეწველობის რიგით 26-ე, მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენა Eurosatory 2018-ს უმასპინძლა. საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე, თავდაცვითი მრეწველობის წამყვანი კომპანიების გვერდით, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" ქართული წარმოების პროდუქცია წარადგინა. მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო ექსპოზიციაზე, რომელიც 142 ათას კვმ-ზე იყო გაშლილი, მსოფლიოს 63 ქვეყნიდან თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მომუშავე 1802-მა კომპანიამ მოიყარა თავი. გამოფენას 58 ათასამდე ვიზიტორი, 227 ოფიციალური დელეგაცია და 641 აკრედიტებული ჟურნალისტი დაესწრნენ. გამოფენაზე აქცენტი სახმელეთო შეიარაღებასა და აღჭურვილობაზე იყო გაკეთებული", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "დიდგორები" პარიზის ქუჩებში / "დელტას" ექსპოზიცია Eurosatory 2018-ზე"

"წარმოდგენილი იყო სახმელეთო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვისა და კავშირის, ასევე რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება. წარმოდგენილი იყო საავიაციო კომპონენტიც – უპილოტო საფრენი აპარატები, საავიაციო საბრძოლო მასალები და შვეულმფრენები, ასევე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულისა და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. ჩატარდა რამდენიმე ახალი კონცეპტუალური საბრძოლო ტექნიკის ნიმუშისა და ახალი თაობის საბრძოლო მასალების პრეზენტაცია. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" გამოფენაზე მძიმე ტექნიკით, მსუბუქი შეიარაღებითა და სხვა აღჭურვილობით წარდგა. ამ მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პირველად გადიოდა და "დელტას" გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან საგამოფენო პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკური და იურიდიული საკითხები დროულად მოაგვარა", - აღნიშნავს გამოცემა.

"Eurosatory-ზე ქართული პავილიონი 120 კვმ-ზე, საგამოფენო ცენტრის შიდა ეზოში, ევროპაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების, NEXTER-ისა და KMW-ის (Krauss-Maffei Wegmann) გვერდით იყო განთავსებული. გამოფენაზე "დელტამ" წლების განმავლობაში შექმნილი საბრძოლო დანიშნულების პროდუქციის ნაწილი წარადგინა. მათ შორის იყო მოდერნიზებული საბრძოლო კონფიგურაციის ჯავშანმანქანა "დიდგორი". მანქანა აღჭურვილი იყო "დელტაში" შემუშავებული უახლესი, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის უნიფიცირებული მოდულით, რომელიც 23 მმ ავტომატური ქვემეხითაა აღჭურვილი და მისი დამონტაჟება შესაძლებელია როგორც მუხლუხიან, ასევე ბორბლებიან შასიზე. ასეთი მოდულით შეიარაღებულ ჯავშანმანქანას დამიზნებითი ცეცხლის გახსნა მოძრაობის დროსაც შეუძლია. მის გვერდით იდგა უდაბნოს კამუფლაჟში შეღებილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა DIDGORI MედEვაც-ის საექსპორტო მოდიფიკაცია. მანქანამ დამთვალიერებლების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვინაიდან 4X4 სავალი ნაწილის ფორმულით ასეთ წონით კატეგორიაში, მრავალფეროვანი კომპლექტაციის სამედიცინო აღჭურვილობით, 4-ადგილიანი მოძრავი საკაცეების სისტემითა და BR-7 დონის შეჯავშნით ქართული სამედიცინო ჯავშნოსანი ანალოგებისგან გამორჩეულია", - განაგრძობს გამოცემა.

"პავილიონის დანარჩენი ტერიტორია შეხვედრებისთვის განკუთვნილ კარავსა და სხვადასხვა დანიშნულების შეიარაღება-აღჭურვილობას ეკავა, რომელთა შორის იყო ქართული წარმოების ნაღმსატყორცნები – 60 მმ-იანი GM-60, 82 მმ-იანი GM-82 და 120 მმ-იანი GM-120. წარმოდგენილი იყო მოდერნიზებული, ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული დეტონაციის ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო, ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7, რომელიც მეტად ეფექტიანი საშუალებაა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე საინჟინრო-ნაღმური ჩასაფრებების მოსაწყობად და ტანკსაშიში მიმართულებების ჩასაკეტად, ქართული წარმოების ყველასთვის კარგად ნაცნობი ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარსატყორცნი RPGL-7D TACTICAL-ი კი გამოფენაზე მოდიფიცირებული, ახალ კონფიგურაციაში იქნა გამოფენილი. ყუმბარსატყორცნზე შეიცვალა არაერგონომიკული საშტატო სახელურები, ზედა ნაწილზე კი დამონტაჟდა პიკატინის უნივერსალური მიმმართველი რელსი, რომელიც საშუალებას იძლევა, მასზე სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობა, მათ შორის თბოვიზორიც დაიდგეს. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხელის ყუმბარსატყორცნ RPG-7-ის ამგვარ მოდერნიზაციაზე დღემდე სულ რამდენიმე კომპანია მუშაობდა და მათ რიცხვს "დელტაც" შეემატა"- დასძენს გამოცემა.

"ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოფენაზე ორ-ორი მოდელით იყო წარმოდგენილი - ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები საერთო-საჯარისო და სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის. მსუბუქი შეიარაღებიდან ნაჩვენები იყო ქართული 12,7 მმ-იანი ანტიმატერიული შაშხანა AMR მოდ 2 და უხმაურო სროლისთვის განკუთვნილი მცირეგაბარიტული ბიკალიბრული ნაღმსატყორცნი GNM-60, რომელსაც მოფერებით "მუმუს" და "მყუდროსაც" ეძახიან. საგულისხმოა, რომ დღემდე მსოფლიოში უხმაურო ნაღმსატყორცნის თითზე ჩამოსათვლელი მოდელი არსებობს და მათ შორისაა ქართული ნაღმსატყორცნიც, რომელმაც გამოფენაზე სამხედრო სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების ყურადღება დაიმსახურა... ხუთდღიან გამოფენაზე ქართული წარმოების შეიარაღების პავილიონი რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელმა დაათვალიერა, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები "დელტასა" და თავდაცვითი მრეწველობის სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელთა შორის, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული სამხედრო წარმოების განვითარებისთვის. მსგავსი კავშირების დასამყარებლად საერთაშორისო სამხედრო გამოფენები საუკეთესო საშუალებაა. მორიგი Eurosatory-ს ჩატარება პარიზში 2020 წლისთვის არის დაგეგმილი", - წერს სტატიის ავტორი.

"25 წლის წინ გორის სატანკო პოლიგონზე იმ პირველი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის საცეცხლე გამოცდის თანამონაწილე გავხდი, რომელიც თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროში დამზადდა. მართალია, ეს ყუმბარსატყორცნი თითქმის ერთი ერთზე იმეორებდა საბჭოთა HGU-7D-ს, მაგრამ მაშინ, 1993 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და არავის ეცალა საავტორო უფლებების დაცვაზე საფიქრელად, რადგან ქართველ ბიჭებს ფრონტის ხაზზე სასწრაფოდ სჭირდებოდათ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების დამატებითი პარტიები. ასე იქცა საბჭოთა დროს შექმნილი ყუმბარსატყორცნი პირველ სერიულ ქართულ იარაღად, რომლის ათასამდე ერთეული თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა. მაგრამ დრო გადის და ნებისმიერი იარაღიც, რაგინდ ეფექტიანიც უნდა იყოს, განახლებას მოითხოვს", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ქართული ყუმბარსატყორცნი "გაახალგაზრდავდა" / პირველი ქართული სერიული იარაღი მსოფლიო ბაზრისთვის უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.

"მსოფლიოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ცოტა ხნის წინ "დელტას~ სპეციალისტებმა საქართველოში წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი HGU-7D სპეციალური პროგრამით განაახლეს. შედეგად, იარაღი "გატაქტიკურდა", რითაც გაუმჯობესდა იარაღის ერგონომიკა და გარკვეულწილად, შესაძლებლობებიც. შეიცვალა წინა და უკანა არაერგონომიკული სახელურები, უკანა სახელურის ადგილზე პიკატინის უნივერსალური რელსის დაყენების შემდეგ, მასზე ათეულობით სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა მოდელის სახელურის დამონტაჟებაა შესაძლებელი. წინა სახელურს გაეზარდა სიგრძე და გეომეტრია. ყუმბარსატყორცნის ზედა მხარეს დამონტაჟდა ასევე "დელტას" ორიგინალური კონსტრუქციის პიკატინის მიმმართველი, რომელზეც სხვადასხვა მოდელისა და დანიშნულების არასაშტატო სამიზნე მოწყობილობების დაყენება შეიძლება, მაგალითად, ჰოლოგრაფიული სამიზნეების, 2, 4 და 6-ჯერადი გადიდების ოპტიკური სამიზნეების, თბოვიზორებისა და სხვ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამასთან, ყუმბარსატყორცნზე შენარჩუნებულია ძველი მექანიკური სამიზნეებიც და საშტატო-ოპტიკური სამიზნის სამაგრი რელსი. ამგვარად, მოდიფიცირებულმა RPGL-7D TACTICAL-მა ისეთი თვისებები შეიძინა, რაც მოძველებულ საბაზო ვარიანტს არ ჰქონდა, ხოლო, თუ კოლიმატორითაც აღიჭურვება, ზუსტი დამიზნებითი ცეცხლის წარმოება ბევრად სწრაფადაა შესაძლებელი, რაც მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებისას აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სითბური სამიზნეების დაყენების შესაძლებლობა, რისი წყალობითაც ისედაც უნივერსალური RPGL-7D TACTICAL მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ღამით ბრძოლისას ძალზე ეფექტიანი იქნება. მოდერნიზებული ქართული ყუმბარსატყორცნი წარდგენილი იყო "დელტას" ექსპოზიციაზე საფრანგეთში 11-15 ივნისს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "ევროსატორი-2018", - დასძენს გამოცემა.

""ვეტერანებისათვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების პრობლემა ახლო მომავალში აღმოიფხვრება. თბილისში, იამანიძის ქუჩაზე მდებარე ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი სტანდარტებს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, იგი ვეტერანებს, შეზღუდულად, მაგრამ მომსახურებას მაინც უწევს. თბილისის მერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ლუბლიანის ქუჩაზე 5306 კვ მ მიწას გადასცემს, სადაც თანამედროვე ჰოსპიტალი აშენდება. მზადაა პროექტი, რომლის პრეზენტაციაც ახლახან ჰოსპიტლის დირექტორმა ლევან ჯუღელმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამართა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "ვეტერანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავიანთი ჰოსპიტალი".

"პროექტით მრავალპროფილური ჰოსპიტალი 140 საწოლზეა გათვლილი და მისი ღირებულება 30-52 მილიონ დოლარს შეადგენს. პრეზენტაციაზე დეტალურად იყო ასახული ჰოსპიტლის სტრუქტურა, საოპერაციო, ემერჯენსი, სარეაბილიტაციო, ამბულატორიული, დიაგნოსტიკური ბლოკი. ასევე, საქართველოს სხვადასხვა საკურორტო ზონაში ვეტერანებისთვის ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრების პროექტები. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო ცენტრები უმაღლესი დონის მომსახურებას გაუწევენ არა მხოლოდ ქართველ, არამედ სხვა ქვეყნების ვეტერანებსაც. ამ გრანდიოზული პროექტების განსახორციელებლად სხვადასხვა სპონსორსა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ პოტენციურ სპონსორებთან შეხვედრას მიეძღვნა 8-11 მაისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძის, დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძისა და სამსახურის სხვა თანამშრომელთა ოფიციალური ვიზიტი პარიზში. ქართულ-ამერიკული ბიზნესფორუმის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამერიკულმა მხარემ პროექტის განხორციელებაში დახმარების უდიდესი ინტერესი და სურვილი გამოთქვა, რასაც 14 მაისს გამოგზავნილი წერილიც ცხადყოფს: "დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მეც და ჩვენი გუნდიც - "კვანტუმი" ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ ვეტერანებს ჰქონდეთ თანამედროვე და პროფესიონალურად მართული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელსაც ისინი დიდი ხანია იმსახურებენ", – ნათქვამია წერილში. თუმცა როგორც შეხვედრაზე ბატონმა ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, სპონსორების მოძიება გრძელდება და საბოლოოდ შეირჩევა ის კომპანია, რომელიც მრავალპროფილურ ჰოსპიტალთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრების აშენების ყველაზე მისაღებ პირობებს შემოგვთავაზებს. ვიდრე მერიის წინადადება ძალაში შევა და ახალი ჰოსპიტლის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება, მანამდე ვეტერანებს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის სახეშეცვლილი კლინიკა მოემსახურება", - განაგრძობს გამოცემა.

"თავდაცვის სამინისტრომ კედიას ქუჩაზე 1500 კვ მ ფართობი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სამი წლით, უსასყიდლოდ, სწორედ ამ მიზნით გადასცა. შენობაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. რემონტის დამთავრების შემდეგ იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება. როდის და რა სახის მომსახურებას გაუწევს იგი ვეტერანებს, ამ საკითხებზე სასაუბროდ ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მთავარ ექიმს გელა ჩომახიძეს ვეწვიეთ, რომლის თქმით შენობაში ახლა მასშტაბური რემონტი მიმდინარეობს დასატენდერო ხელშეკრულებით, აგვისტოს ბოლოს შენობა უნდა ჩაბარდეს", - დასძენს გამოცემა.

"შენობა აგვისტოს ბოლოს უნდა ჩავიბაროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლინიკა მუშაობას სექტემბერში დაიწყებს. კლინიკის სამედიცინო აპარატურით აღჭურვა, ბენეფიციარების მოზიდვა, დარეგისტრირება, საყოველთაო დაზღვევაში ჩართვა, კადრების მოზიდვა, ეს პროცედურები დროს მოითხოვს. საერთოდ ვიცვლით სპეციფიკას. თუ აქ სტაციონარი იყო, იქ იქნება პოლიკლინიკის, ანუ პირველადი ჯანდაცვის სერვისი. ვეტერანის გარდა, ბენეფიციარებად ადგილობრივ მოსახლეობასაც დავარეგისტრირებთ. რაც შეეხება აპარატურასა და ინვენტარს, ათი დასახელებიდან ერთი თუ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს. ერთ-ერთი კი ასეთია - აპარატურა 1998 წლის შემდეგ უნდა იყოს გამოშვებული. იაპონიის საელჩოს აქვს გამოცხადებული საგრანტო აქცია და რამდენიმე დასახელების აპარატურაზე გვაქვს შეტანილი განაცხადი. ძალიან კარგი იქნება, თუკი რენტგენს დაგვიფინანსებენ, რადგანაც მისი შეძენა დიდი თანხა ჯდება. ინვენტარს, სავარაუდოდ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან ველოდებით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ჩომახიძე.

"რაც შეეხება ვეტერანის დარეგისტრირებას, თუ ვეტერანი რომელიმე პოლიკლინიკაშია აღრიცხული, მისი სურვილისამებრ უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან და შემდეგ მას მიამაგრებენ ვეტერანთა კლინიკას. ჩვენ ვეტერანებს გამოვიყვანთ კერძო კლინიკების ბიუროკრატიული ლაბირინთებიდან, რადგანაც ჩვენთან ეს გზები გამარტივებული იქნება. სახელმწიფოს ვეტერანი უყურადღებოდ არ ჰყავს. პირველადი ჯანდაცვის სერვისით ყველაფერი აქვს. თუკი შშმ პირია, კომპიუტერული ტომოგრაფიაც ეკუთვნის. გადაუდებელი კი ისედაც უფასოა. რაც შეეხება გეგმურ ოპერაციებს, სახელმწიფო 70%-ს უხდის, მის გადასახდელ 30%-ს კი, გარკვეულ კატეგორიებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აანაზღაურებს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ უშუალოდ სახელობითი ჰოსპიტალი არა აქვს ვეტერანს. თუმცა ვთვლი, რომ მოტივაციისათვის ვეტერანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავიანთი ჰოსპიტალი, რასაც დრო სჭირდება", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მთავარი ექიმი.

"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს კვალიფიციურ და განათლებულ ოფიცერთა კორპუსის შექმნა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 1993 წლის 28 მაისს საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია და კურსანტთა პირველი ნაკადი იმავე 1-ლ სექტემბერს მიიღო. თუმცა ამ ყველაფერს წინ დიდი ძალისხმევა უძღოდა. აკადემიის ხელმძღვანელობამ საკმაოდ მცირე დროში, ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაში შეადგინა სასწავლო პროგრამები, აკადემია დააკომპლექტა სათანადო კადრებით და ჩაატარა კომპლექსური მისაღები გამოცდები. სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობის დაუღალავი შრომით სექტემბერში აკადემიამ 198 კურსანტი მიიღო, რაც არსებული რეალობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით გზა სამხედრო აკადემიიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიამდე / სამხედრო განათლების სისტემის განვითარება.

"ახალგაზრდა კურსანტების აკადემიაში ჩაბარების უმთავრესი მოტივატორი პატრიოტიზმი იყო. ქვეყანაში რთული ვითარების მიუხედავად, მათთვის ძალზე საპატიო და საამაყო იყო სამშობლოს სამსახურში ჩადგომა. სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები დღესაც ღირსეულად მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ ოფიცრებიდან ერთ-ერთია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე. როცა სამხედრო აკადემია მომავალი ოფიცრების პირველ ნაკადს იღებდა, პოლკოვნიკი ჭელიძე სამხედრო სამსახურში პირველ ნაბიჯებს დგამდა. "1993 წლის სექტემბერში თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში ჩავაბარე. კადეტთა კორპუსი მაშინაც 9 კლასიდან იწყებოდა, ასე რომ, საშუალო განათლების ბოლო სამი წელი გასამხედროებულ სასწავლო დაწესებულებაში გავატარე". კადეტთა კორპუსის დასრულების შემდეგ, 1996 წელს მან სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო. როგორც აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილება სხვების მსგავსად პატრიოტული მოტივით იყო განპირობებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი მიზანი იყო, როგორმე ჯარში მოვხვედრილიყავი. 1993 წელს, როცა კადეტთა კორპუსში ჩავირიცხე, აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა. დიდი სურვილი მქონდა ჩემი წვლილი შემეტანა ქვეყნის მომავალში, მაგრამ ჯერ მხოლოდ 14 წლის ვიყავი, ასაკთან ერთად ფიზიკურადაც სუსტი ვიყავი და ომში გაპარვა (რაც მაშინ სკოლის მოსწავლეების ნაწილში მიღებული იყო) არ გამომივიდა. სამაგიეროდ, სამხედრო ფორმის ჩაცმის სურვილი კადეტთა კორპუსში ავისრულე, რაც შემდგომში ჩემს პროფესიად გადაიქცა. მიუხედავად რთული წლებისა, ჩემი სამხედრო ცხოვრების არც ერთ დღეს არ ვნანობ. არჩევანი ხელახლა რომ მქონდეს, ისევ სამხედრო გავხდებოდი. იმ პერიოდისათვის აკადემიაში სწავლა მარტივი არ იყო. უპირველეს ყოვლისა, დიდი იყო სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, მაღალ კონკურენციას ქმნიდა. ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო, ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა მიმდინარეობდა, რაც აძლიერებდა პატრიოტიზმის გრძნობასა და შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილს", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას პოლკოვნიკი ჭელიძე.

"გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სწავლა მეტწილად საბჭოთა მემკვიდრეობის გავლენით მიმდინარეობდა, რაც სასწავლო პროგრამებისა და დისციპლინების ფორმირებასა და სწავლების მეთოდებში აშკარად იგრძნობოდა. მოგვიანებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებმა, რაც საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას ემსახურებოდა, სრულიად შეცვალა სამხედრო განათლების სისტემა. რეფორმების შედეგად, სამხედრო აკადემიისგან განსხვავებით, თავდაცვის ეროვნულ და შემდგომ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაინერგა თანამედროვე და ნატოს მოთხოვნების შესაბამისი სამხედრო განათლების სისტემა. შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განისაზღვრა სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები და ამოქმედდა ახალი სასწავლო პროგრამები, გამოიყო სამხედრო განათლების დონეები და თითოეული დონისთვის შეიქმნა შესაბამისი სასწავლო დაწესებულება. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში ამოქმედდა სხვადასხვა სპეციალიზებული სკოლა და ცენტრი, მათ შორისაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კოლექტიურ დავალებებში წვრთნაზე, დაწყებული ათეულის დონით და დამთავრებული უწყებათშორისი წვრთნებითა და სწავლებებით. 1993 წლის შემდეგ ეროვნული თავდაცვის აკადემიამ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, თუმცა აკადემია კვლავაც განაგრძობს იმ მთავარი მიზნისკენ სვლას, რასაც დაარსების დღიდან ემსახურება - მოამზადოს და საუკეთესო განათლება მისცეს შეიარაღებული ძალების მომავალს: ახალგაზრდა ოფიცრებს, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ქვეყნის უსაფრთხოებაზე", - წერს სტატიის ავტორი.

""აფხაზეთის ომში ქართულ არმიას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლის გადატანა 1993 წლის 2-10 ივლისს სოფელ ტამიშთან მოუხდა - რუსი სამხედროების მომზადებული გეგმით აფხაზმა სეპარატისტებმა დესანტი გადმოსხეს და სოხუმი-ოჩამჩირის გზატკეცილის ერთი მონაკვეთი გადაკეტეს. სეპარატისტებმა ეს ოპერაცია ჩაატარეს მას შემდეგ, რაც 18 ივნისს ტყვარჩელში "ჰუმანიტარული აქციის" სახით რუსმა სამხედროებმა 200 ტ ტვირთი შეიტანეს. ტვირთის შემოწმების საშუალება ქართულ მხარეს არ მიეცა და გამორიცხული არ არის, ამ აქციით სეპარატისტთა ტყვარჩელის დაჯგუფებამ სამხედრო დახმარება მიიღო", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ტამიშის დესანტის გასანადგურებლად...

"1993 წლის 1-ლ ივლისს სოხუმის რადიოტექნიკური პოსტის რადიომეტრისტებმა 21 სთ-სა და 22 სთ-ს შორის გუდაუთიდან გამოსული ორი მცურავი საშუალება აღმოაჩინეს. მონაცემები დროისა და კოორდინატების მითითებით მაშინვე მოხსენდა მე-2 საარმიო კორპუსის შტაბის ოპერატიულ მორიგეს. ინფორმაცია მცურავ საშუალებათა გადაადგილებაზე შტაბს უწყვეტად მიეწოდებოდა, სანამ 2 ივლისის ღამის 2 სთ-ისთვის კონცხ ისკურიას მოეფარებოდნენ და სოხუმის რადიოტექნიკური პოსტის დაკვირვების ზონიდან გავიდოდნენ. შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს ინფორმაცია რეაგირების გარეშე დარჩა და მას დესანტი მოჰყვა. როცა ასეთ სარისკო ნაბიჯზე მიდიოდნენ, აფხაზებმა იცოდნენ, რომ ღამით ქართული ავიაცია არ დაფრინავდა და სანაპირო დაცვის არტილერიაც სრულყოფილად ვერ მოქმედებდა. გარდა ამისა, ხერხს მიმართეს და სადესანტო საშუალებათა ბორტებს ზღვის მხრიდან პატარა კატარღები ამოაფარეს, რათა რადარის ეკრანზე მხოლოდ ორი ნელმავალი მიზანი ასახულიყო. ეს ნელმავალი მიზნები თვითმავალი საზღვაო ბარჟა "გუმა" და პატარა სადესანტო ხომალდი იყო, რომლებსაც ზღვის მხრიდან ორი "გრიფის", 5-6 "ვოლგის", "ნევკისა" და "ჩიბისის" ტიპის კატარღა ეფარებოდა..." - აღნიშნავს გამოცემა.

"სადესანტო ძალებში შედიოდა: დნესტრისპირელთა ბატალიონ "დელფინის" 10-კაციანი ჯგუფი, სპეცდანიშნულების ჯგუფი "ედელვაისი" (დაახლოებით 40-50 კაცი), ჩრდილოკავკასიელთა რაზმი (40-50 კაცი), დონის კაზაკთა ცალკეული ასეული (დაახლოებით 80 კაცი) და სხვ. "გუმაზე" 100-მდე მებრძოლი იმყოფებოდა. პატარა სადესანტო ხომალდს დაახლოებით 200 მებრძოლი მოჰყავდა, ხოლო სადესანტო ტრიუმში "გრადის" დანადგარი და საბრძოლო მასალებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი იდგა. ოპერაციის მიზანი იყო გზატკეცილის ბლოკირებით სოხუმის დამცველების შევიწროება, გუმისთის ფრონტზე ქართული ძალების დასუსტებით შრომის მიმართულებაზე მოქმედების გააქტიურება და სხვ. 2 ივლისის გამთენიისას, 3-4 საათს შორის, სოფელ ნაოჩთან დაახლოებით 600-800 მეტრის სანაპირო ზოლში "ნევკას" ტიპის ორი კატარღიდან ბიჭვინთის ბატალიონის ათამდე მებრძოლი და დნესტრისპირელები გადმოსხდნენ. მათ "გუმაზე" მყოფნი მიჰყვნენ და ბოლოს სანაპიროს პატარა სადესანტო ხომალდი მიადგა. ჯარისკაცებმა გადმოსვლა მოასწრეს და "გრადის" დანადგარიც გადმოიტანეს, მაგრამ საბრძოლო მასალებით დატვირთული მანქანის გადმოყვანა ვეღარ მოესწრო. ოჩამჩირესთან განლაგებულმა 24-ე ბრიგადის ბატარეებმა დესანტირების რაიონს ცეცხლი გაუხსნეს და სადესანტო ხომალდი სასწრაფოდ ზღვაში გაბრუნდა. დესანტის პარალელურად შეტევაზე გადმოვიდნენ ოჩამჩირის რაიონში მოქმედი მოწინააღმდეგის ფორმირებები, რომლებიც 1 500-2 000 კაცს ითვლიდნენ. ამ მოულოდნელი დარტყმების შედეგად სოხუმი-ოჩამჩირის დამაკავშირებელი გზატკეცილი ჩაიკეტა. ბლოკირებული გზის გახსნის ოპერაციას ოჩამჩირის მხრიდან გენერალ-მაიორი გუჯარ ყურაშვილი მეთაურობდა", - განაგრძობს გამოცემა.

"1993 წლის 3 ივლისს შინაგანი ჯარების სარდალმა, გენერალმა გელა ლანჩავამ სამმართველოში დამიძახა და მკითხა, პირველი ოპერატიული ბრიგადა ოჩამჩირეში წასასვლელად მზად იყო თუ არა. ვუპასუხე, რომ ბრიგადა ბრძანების შესასრულებლად მზად იყო. შემდეგ ლანჩავამ მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სოხუმში მყოფ სახელმწიფო მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს სურდა. ამის მერე სადღაც დარეკა და ყურმილი მომაწოდა. შევარდნაძე მომესალმა და მეუბნება, სოხუმი-ოჩამჩირის გზის გახსნა არ ხერხდება, ამის გაკეთება სასწრაფოდ არის საჭირო და 3-4 დღეში თუ მოხერხდებაო, რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცი. იმავე დღის მეორე ნახევარში შვეულმფრენით ოჩამჩირეში ჩავფრინდი, სადაც გენერალი ზაურ უჩაძე დამხვდა და მეუბნება: "მიღებული მაქვს შევარდნაძის ბრძანება, რომ სოხუმში მხოლოდ ავტომობილით ჩავიდე". გასაგები იყო, რას ნიშნავდა მე-2 საარმიო კორპუსის სარდლისთვის ნათქვამი ეს სიტყვები. ოჩამჩირეში ჩამოსვლის შესახებ ტელეფონით შევარდნაძეს დაუყოვნებლივ მოვახსენე და როცა საუბარი ვადას შეეხო, მე ჩემი მოსაზრება არ შევცვალე. გზის გასახსნელად ოჩამჩირეში ჩამოვიდა შინაგანი ჯარების პირველი ოპერატიული ბრიგადის ნაწილი, დაახლოებით 350 სამხედრო, 5 ტანკითა და 7 "ბეემპე"-1-ით. ჯემალ ჭუმბურიძემ ჩამოიყვანა გვარდიის სატანკო-მექანიზებული პოლკის დანაყოფი - 150-მდე გვარდიელი, 6 ტანკი, ამდენივე ქვეითთა საბრძოლო მანქანა. შემოგვიერთდა ჯაბა იოსელიანიც დაახლოებით 400 "მხედრიონელით"., - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გენერალ-მაიორი გუჯარ ყურაშვილი.

"ჯაბას როცა ვკითხე, ვინ იყო "მხედრიონის" მეთაური, ასეთი პასუხი გამცა, ყველა მეთაურიაო". ჯარს წესრიგი და დისციპლინა სჭირდება, ამიტომ "მხედრიონელები" 3 ასეულად და ოცეულებად დავყავი. დავუნიშნე მეთაურები, შევადგენინე პირადი შემადგენლობის სიები, დავაწერინე ბრძანებები და საერთო მეთაურობა გელა გელაშვილს ჩავაბარე. შემდეგ მინდორში გავიყვანე და სამი დღე ტანკებთან ერთობლივ მოქმედებებში ვამეცადინე. მაგრამ ეს ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ დავურეკე ლოთი ქობალიას და პირდაპირ ვუთხარი, თუ სამშობლო გიყვარს, ჩვენ გვერდზე უნდა დადგე-მეთქი. ლოთიმ 350-მდე მებრძოლი მოიყვანა, მაგრამ არანაირი ტექნიკა არ ჰყავდა. მოწინააღმდეგეს ბლოკირებული ჰქონდა სოხუმი-ოჩამჩირის გზატკეცილის მონაკვეთი ოჩამჩირესთან მდებარე მაიმუნების საშენიდან სოფელ ახალ კინდღამდე. სანაპირო ზოლსა და რკინიგზას შორის ლოთი ქობალიას რაზმი იმოქმედებდა ერთი ტანკის მხარდაჭერით. რკინიგზიდან გზატკეცილამდე მონაკვეთზე "მხედრიონი" გადავიდოდა შეტევაზე ორი ტანკის დახმარებით, მარჯვენა ფლანგი გვარდიას ჰქონდა დაკავებული, შინაგანი ჯარი კი რეზერვში დავიტოვე. გარდა ამისა, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადიდან დასახმარებლად საარტილერიო დივიზიონი და ერთი ტანკი გამოიყო, ხოლო ბრიგადის დანარჩენი ქვედანაყოფები ზურგს გვიმაგრებდნენ. მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზუსტებლად შინაგანი ჯარებიდან 7 მზვერავი წავიყვანე და ახლომდებარე ადგილებში ორი დღე ტყე-ღრე ვიარეთ", - იხსენებს გენერალ-მაიორი.

"შეტევა 9 ივლისს, დილის 5 სთ-ზე საარტილერიო მომზადებით დაიწყო. 24-ე ბრიგადის არტილერიამ ზაურ უჩაძის ხელმძღვანელობით ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს მაიმუნების საშენთან, რომელსაც გარს ბეტონის სქელი კედელი ერტყა და ამიტომ ყველაზე რთული ასაღები იყო. ჩვენმა არტილერისტებმა აფხაზების ნაღმსატყორცნთა ბატარეას საპასუხო ცეცხლის გახსნის საშუალება არ მისცეს. მე ამ დროს სამეთაურო პუნქტზე ვიყავი, საიდანაც ტანკების მოქმედებას ვხელმძღვანელობდი. ტანკების ძლიერი საცეცხლე მხარდაჭერით "მხედრიონმა" 9 სთ-ისთვის მაიმუნების საშენი აიღო. სანაპირო ზოლში შედარებით ნაკლები წინააღმდეგობა შეგვხვდა, ამიტომ ქობალიას ხალხს ზედმეტი წინსვლისგან ვაჩერებდი. გვარდიაც შესანიშნავად მოქმედებდა და წინ მიიწევდა. საღამოს ტამიში ჩვენს ხელში გადმოვიდა და იქ გავჩერდით. მოვაწყვეთ დაცვა და პოზიციები გავამაგრეთ. მეორე დღის დილით შეტევა განახლდა და მთავარ მიმართულებაზე რეზერვში მყოფი შინაგანი ჯარი შევიყვანე, ხოლო დაახლოებით 10 სთ-ისთვის სოხუმიდან მომავალ გენერალ ვალერი ქვარაიას შევხვდი", - დასძენს გუჯარ ყურაშვილი და შეკითხვაზე - "აფხაზებს დესანტისთვის დამხმარე ძალები ხომ არ მიუშველებია?" - პასუხობს:

"მომდევნო დღეებში დესანტი მუდმივად დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას აღარ ვაძლევდით. ამისათვის ოჩამჩირესთან ზღვაში დავაყენეთ სამეცნიერო გემი "ვექტორი", რომლის რადარი ზღვის სივრცეს დიდ მანძილზე აკონტროლებდა. სანაპიროზე ორი ტანკი იდგა, რომ საეჭვო მცურავი საშუალებებისთვის ცეცხლი გაეხსნა... ოჩამჩირის დაჯგუფებას ამ ოპერაციაში 9 მებრძოლი დაგვეღუპა. ბევრად მეტი დანაკარგი ჰქონდათ იმ დანაყოფებს, რომლებმაც დესანტის პირველი დარტყმა მიიღეს. მარტო დუშეთის ბატალიონიდან დაღუპული 43 მებრძოლის ცხედარი დავთვალეთ. მძიმე დანაკარგი ჰქონდათ ბატალიონ "ავაზასა" და სხვებს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა