სახალხო თვითმმართველობის თავმჯდომარე - გენგეგმის დოკუმენტი რეალურად მხოლოდ საკუთრების ექსპროპრიაციის დოკუმენტის ფორმით ჩამოყალიბდა

ჩვენდა სამწუხაროდ, გენგეგმის განახლებული დოკუმენტი რეალურად მხოლოდ საკუთრების ექსპროპრიაციის დოკუმენტის ფორმით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ სახალხო თვითმმართველობის თავმჯდომარემ, გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

“როგორც იქნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა. ახლა ჯერი საკრებულოზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, გენერალურ გეგმაში ყველა ხარვეზი ჩასწორებულია და რისკებიც გათვალისწინებულია. გენერალურ გეგმაში გაიწერა, თუ სად გაშენდება დედაქალაქში ახალი გამწვანებული ზონები, სად შეიზღუდება მშენებლობები და სად აშენდება ახალი საცხოვრებელი უბნები. გამოიყო სარევიზიო ტერიტორიები, სადაც დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები კონკრეტული შეზღუდვებიდან გამომდინარე რევიზიასა და კორექციას დაექვემდებარებიან. ჩვენდა სამწუხაროდ, გენგეგმის განახლებული დოკუმენტი რეალურად მხოლოდ საკუთრების ექსპროპრიაციის დოკუმენტის ფორმით ჩამოყალიბდა, რადგან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტში მხოლოდ მომავლის პერსპექტივები და სურვილებია წარმოდგენილი. ამ დადგენილების პროექტით არანაირად არ ჩანს, თუ რეალურად რა მიმართულებით და რაც მთავარია რა ოპერატიული ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა განვითარდეს თბილისი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, პროექტით გაწერილი არც ერთი გადაწყვეტილება თუ რეკომენდაცია არ არის დამყარებული სათანადო მონაცემთა ბაზებზე, ფინასურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე და ჩატარებულ კვლევებზე.

ლორთქიფანიძის შეფასებით, ჯერ მხოლოდ სურვილებია გაჟღერებული, რომელსაც ჯერ კვლევები და შემდეგ უკვე ფინანსების მოძიება უნდა მოყვეს.

“წარმოდგენილი გენგეგმის ძაღლის თავი მე-6 დანართშია დამარხული, სადაც წერია - “რეკომენდაციები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის“. სწორედ ამ მექანიზმის მოსაფიქრებლად და მისაღებად ჭიანურდებოდა გენგეგმის დოკუმენტის წარდგენის პროცესი. ამ “რეკომენდაციების“ დამტკიცების შემთხვევაში მერია იღებს “უკანონო კანონიერ“ ბერკეტს, რომლის საშუალებითაც მას საშუალება ეძლევა, ირიბად მოახდინოს კერძო საკუთრების ხელყოფა. ფაქტიურად ეს არის ექსპროპრიაციის სქემა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საჯარო ინტერესის მომიზეზებით. ამ “რეკომენდაციებით“ უგულვებელყოფილია საერთაშორისო სამართლით აღიარებული კერძო საკუთრების უფლებები, საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა, ამ ყველაფრის ჩანაცვლება უნდათ თბილისის საკრებულოს დადგენილებით. მივმართავ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ “რეკომენდაციებს“ და ნაჩქარევად არ მოახდინონ მათი დამტკიცება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებით საჯარო და კერძო ინტერესების მკვეთრი დაპირისპირების წინაშე, რაც არაფერ კარგს არ მოუტანს არც დედაქალაქს და არც ქვეყანას“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა