"ნაცმოძრაობის" წევრების შეფასებით, მოლოდინი არ აქვთ, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების" კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ წავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან კონსულტაციები დაასრულეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით, მოლოდინი არ აქვთ, რომ გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების" კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ წავა.
"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ნორმალური პროცესი არ არის, როცა ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს კანდიდატს, რომელიც მხოლოდ ანგარიშვალდებულია ივანიშვილის წინაშე. პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, მისთვისაც გაუგებარია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ, თუმცა გამოცდილება გვკარნახობს, რომ განსხვავებულად მოიქცეს პრეზიდენტი იმისგან, როგორც მოიქცა ხაბაძის და პატარაძის შემთხვევაში", - განაცხადა გია აბულაძემ.
ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, იგი შეხვედრას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კანდიდატის გამოცდილება მისაღებია და შესაძლოა, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭიროს.

























