2018 წლის 6 თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 18,4%-ით გაიზარდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. კომპანიის ინფორმაციით, საკონტეინერო გადაზიდვების ზრდა პირდაპირ კავშირშია საქართველოში, 2018 წლის პირველ ნახევარში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან და ასევე მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან.
2018 წელს ფოთის პორტში 171,500 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2017 წელს 144,800 TEU კონტეინერი. საერთო ჯამში, 2018 წელს გადამუშავებული კონტეინერებიდან მაცივარ-კონტეინერების წილი 17,6%-ია. ტვირთების 36,4% იმპორტზე მოდის, 23,20% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 40,5%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში-აცხადებენ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.
,,ჩვენი კომპანია უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფოთის პორტთან. საკონტეინერო გადაზიდვების ზრდაში, სხვა გადამზიდ კომპანიებთან ერთად, COSCO SHIPPING LINES-ის წილი საკმაოდ მაღალია. ძირითადად გაიზარდა ევროპული ტვირთის შემოსვლა ქვეყანაში, ასევე კომპანიას დაემატა ამერიკის სერვისი, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ამერიკული ტვირთის იმპორტი საქართველოში. გარდა ამისა, გაზრდილია ექსპორტი, ძირითადად, ფოთის პორტის გავლით ხდება აზერბაიჯანული პოლიეთილინის გადინება ჩინეთში, სპილენძის კონცენტრატის ტრანსპორტირება საქართველოდან ჩინეთში, ბენტონიტის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით, აზერბაიჯანული თხილის ექსპორტი იტალიაში და ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთსა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. ასევე გაზრდილია საკონტეინერო ბრუნვა უკრაინასა და საქართველოს შორის.
ჩინური ტვირთის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში ბანდერ აბასის (ირანი) პორტის გავლით შედის. ეს სერვისი გამოიყენება უფრო მსუბუქი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ირანის სანქციების შედეგად, აღნიშნული სერვისი ნელ-ნელა შეჩერდება და დატვირთვა ძირითადად გადმოვა ფოთის პორტზე, რაც ტვირთბრუნვის კიდევ უფრო დიდ ზრდას განაპირობებს“, - განაცხადა საქართველოში COSCO SHIPPING LINES-ის ოფიციალური აგენტის შპს ,,ჯნს ჯორჯია’’-ს გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"