მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე საკითხი ზუსტდება.
"დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მხოლოდ რამდენიმე საკითხი ზუსტდება. საკმაოდ დიდი ხანია რეფორმის ამ ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე შეგვიძლია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებზე საბოლოოდ შევჯერდეთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს არის იუსტიციის საბჭოს სკოლისა და ინსპექტორის საქმიანობის ნაწილში პროცედურული საკითხები. რაც ჩვენ პარლამენტში მივიღეთ საკანონმდებლო წინადადებების სახით, სამუშაო ჯგუფს გადმოეგზავნება და გადაწყვეტილების მიღება ერთიანად მოხდება", - დასძინა ბესელიამ.
ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე მსჯელობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.
შეხვედრას ასევე ესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორი.