ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2018

მამუკა არეშიძე - "მერკელს დიდად არ უნდოდა ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება, თუმცა..."

აშშ-ის ფლოტი სირიაზე ყველაზე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება

გია ხუხაშვილი - "მარგველაშვილი აჭრილია"

* * *

მამუკა არეშიძე - "მერკელს დიდად არ უნდოდა ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება, თუმცა..."

"მერკელის ვიზიტი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მით უფრო, რომ რამდენიმე საყურადღებო გზავნილი მოვისმინეთ, მათ შორის, როგორ შეაფასა მერკელმა რუსეთის მოქმედება ოკუპაციად. აშკარა იყო, ამ ტერმინის გამოყენება დიდად არ უნდოდა, თუმცა საუნივერსიტეტო აუდიტორიასთან შეხვედრისას იძულებული შეიქნა. ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ამ ტერმინის გამოყენება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ ამბად - მერკელი აღიარებს რუსულ ოკუპაციას, რაც ნამდვილად არ იქნებოდა პუტინისთვის სასიამოვნო მოსასმენი - როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს უჭირს ამ ტერმინის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ მერკელმა ერთ კონტექსტში განიხილა უკრაინისა და საქართველოს პრობლემატიკა", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მერკელს დიდად არ უნდოდა ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება, თუმცა..." / "მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია" / "ვითარება მართლაც არაორდინარულია. ვერ ვიხსენებ სხვა ანალოგიურ სიტუაციას, როდესაც ასეთი განსხვავებული პოზიციები არსებობდა ერთ პარტიაში, მით უფრო განსხვავებული პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებისგან".

"ჩემი აზრით, მერკელის კავკასიური ვოიაჟი უპირველესად იყო ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის - გერმანიის მიერ გეოპოლიტიკური პარტნიორების მიმართ ყურადღების დემონსტრირება და ხაზგასმა იმისა, რომ ევროკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, გერმანიასა და ევროკავშირს აშშ-თან აშკარად გაუფუჭდათ ურთიერთობა, მეორე მხრივ კი მერკელი რუსეთთან თითქოს ახერხებს საერთო ენის გამონახვას. ამასთანავე, გერმანიას აქვს თავისი უცვლელი მიდგომები კავკასიის რეგიონის მიმართ და თავისი ინტერესები. მერკელის ვიზიტი სამ ქვეყანას მოიცავდა და, რასაკვირველია, თითოეულ ქვეყანაში მის ჩასვლას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესის სფერო გახლდათ ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ევროკავშირისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კასპიის ზღვის ახალი გადანაწილების შემდგომ, როგორ შეიძლება განვითარდეს ევროპის ენერგომომარაგება. კი, `ჩრდილოეთის ნაკადის~ ამუშავების შემდეგ გერმანია ევროპის ენერგეტიკული ჰაბი გახდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ ევროპას მაინც სჭირდება შუა აზიიდან და კავკასიიდან მიწოდებული ბუნებრივი აირი. ვფიქრობ, გერმანიის გარდა, მერკელი მნიშვნელოვანწილად წარმოადგენდა სწორედ ევროკავშირს და აზერბაიჯანში ჩასვლა სწორედ ამ თვალსაზრისით იყო მისთვის საინტერესო. ის, რომ მერკელი ევროკავშირს წარმოადგენდა, დაადასტურა საოკუპაციო ხაზთან მისმა ვიზიტმაც, როდესაც იქ სწორედ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ნატოში გაწევრების თაობაზე ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობებს აჩენს ის დამახინჯებული პროპაგანდა, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის შედეგადაც გაზვიადებული მოლოდინი გაჩნდა. გვახსოვს უპასუხისმგებლო დაპირებები - ხან მაპ-ს ვიღებდით, ხან მაპ-ზე უკეთესს. ჯობს სიმართლე ითქვას - ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი ხელის შემშლელია, ახალი ამბავი არ არის... მთავარი ის არის, რომ რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა არ სურს. რუსეთი ამ ნაბიჯს რომ გადადგამს, როგორც ჩანს, მათთვის აქსიომაა. ხშირად დამისვამს საკითხი ასე, რა ჯობს ჩვენთვის - ნატოში გაწევრების პროცესი, თუ უკვე გაწევრება? საქმე ის არის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრების წინადღეს არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი, ნატოში გაწევრების პროცესი კი მხოლოდ დივიდენდების მომტანი შეიძლება იყოს, მაგალითად, ახალი შეიარაღების მიღება, მუდმივი მხარდაჭერა, ზრუნვა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ დაიმსხვრეს. მოკლედ, მერკელმა სიმართლე გვითხრა, თუმცა არაერთხელ გაიმეორა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება კიდეც. მერკელმა გამოთქვა არაერთ სფეროში თანამშრომლობის სურვილი, ვიმედოვნებ, რომ ყველა ის საკითხი, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის გეგმა, რაც იყო ნახსენები, შესრულდება", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "რატომ გადაწყვიტა მერკელმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ჩასვლა? მოვისმინეთ ასეთი შეფასებაც, რომ ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედება უფრო მეტად გამოჩნდებოდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური აქტი, რაც თავიდან აიცილა", - პასუხობს:

"და თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ასეთ შეფასებას "ჭამს"? ანგელა მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ მერკელი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ამით აჩვენა, რომ სწორედ ევროკავშირი მეთვალყურეობს საოკუპაციო საზღვარს და იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი აზრით, ასე მისი ჩასვლა გაცილებით წონიანი გამოდგა. ქალბატონი მერკელი ძალიან კომპეტენტური პოლიტიკოსია, მას რომ მავთულხლართები და ბერლინის კედლები უნახავს, ბევრს არ დაესიზმრება. თავისი იქ ყოფნით მან ხაზი გაუსვა სწორედ იმას, რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ქართულ დელეგაციასთან ერთად რომ ჩასულიყო, რა შეიცვლებოდა?"

"პრეზიდენტის არჩევნების წინ ვითარება მართლაც არაორდინარულია. ვერ ვიხსენებ სხვა ანალოგიურ სიტუაციას, როდესაც ასეთი განსხვავებული პოზიციები არსებობდა ერთ პარტიაში, მით უფრო განსხვავებული პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებისგან. აქამდე ამბობდნენ, რომ თითქოს გადაწყვეტილი იყო სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, არადა, ასე არ ყოფილა. ძალიან კარგად ჩანდა, რომ პარტიის ლიდერთა ერთ ნაწილს არ სურდა ამ კანდიდატისთვის მხარის დაჭერა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, ნაწილისთვის კი თვითონ სალომეა მიუღებელი. კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმასთან დაკავშირებითაც ერთიანი აზრი არა აქვთ. ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მგონია, საერთოდ დაიბანონ ამ არჩევნებზე ხელი... როგორც ვხედავ, ივანიშვილი ვითარების ფორსირებას არ აპირებს, "ქართული ოცნების" ლიდერებს კამათის საშუალებას აძლევს, რომ პარტიაში ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა იყოს. რატომ? - არ ვიცი", - ამბობს ექსპერტი.

"ჩემთვის გაუგებარია მარგველაშვილის გადაწყვეტილება. მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს შესარჩევი არ გამხდარიყო. მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, კანდიდატურას იუსტიციის საბჭო შეარჩევს, მისდამი ნდობა კი ძალიან დაბალია. აქაც, როგორც ხშირ შემთხვევაში, ცარიელ ადგილას შეიქმნა ჩიხური ვითარება, რომელშიც მარგველაშვილმა თვითონ ჩაიგდო თავი. არასამთავრობო სექტორიც კი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, აღშფოთებულია მისი გადაწყვეტილებით, რომლითაც, ვფიქრობ, მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. რომც მიიღოს მონაწილეობა, შანსი არაფრის ექნება, რადგან ის ჯგუფებიც კი, რომლებიც მის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ, სავარაუდოდ, მხარს აღარ დაუჭერენ", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

"რაც შეეხება უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლას - მისი გადადგომა მოსალოდნელი იყო და არა მგონია, კლანურ დაპირისპირებას გამოეწვია. არ გამოვრიცხავ, რომ უთანხმოება თავად უწყებაში იყო... მართლაც გაჩნდნენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც სახელისუფლებო ვერტიკალის გარეთ არსებული ინტერესებით იმართებიან და ეს ქვეყანას სერიოზულ პრობლემად ექცა. არის პირების კატეგორია, რომლებსაც ხელი აქვთ გახსნილი და ქვეყნის მართვაში ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე მონაწილეობენ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ახალგაზრდა პრემიერი ამ სიტუაციის მოწესრიგებას ცდილობს. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე საკადრო გადაადგილება მაძლევს, მათ შორის გოგაშვილის წასვლაც", - დაასკვნის ექსპერტი.

აშშ-ის ფლოტი სირიაზე ყველაზე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება

"ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონსა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შორის 23 აგვისტოს, ჟენევაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას, ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, სირიის სამთავრობო ძალებს უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ბლუმბერგი" ავრცელებს. ბოლტონის თქმით, ამერიკის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სირიის ჯარმა, შესაძლოა, ტერიტორიების განთავისუფლების პროცესში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, რასაც ამერიკის მკაცრი რეაგირება მოჰყვება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აშშ-ის ფლოტი სირიაზე ყველაზე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, რუსული ნაღმოსნები კი ასადის დასაცავად მიემართებიან.

"სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს პრევენციული ღონისძიებაა, რათა წარსულის მწარე გამოცდილება არ განმეორდეს. ასადის რეჟიმს წარსულში არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი. აშშ-ის განცხადება გამაფრთხილებელია, რათა ასადმა კარგად გაიაზროს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას - "ამერიკელებმა უკვე გადაისროლეს საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდი, რომლებიც ძირითადად დამრტყმელი, სარაკეტო და ბომბდამშენი საშუალებებითაა აღჭურვილი. რუსებმაც სასწრაფოდ გადაისროლეს ორი ნაღმოსანი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით. როგორც ჩანს, კოალიცია, რომელშიც შედიან ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკა, აპირებს, დაარტყას სირიაში გაბატონებულ ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელიც ცდილობს, იდლიბის რაიონში ოპოზიციური ძალები, ზომიერი ისლამისტები, შეავიწროვოს და დაამარცხოს. ასადის რეჟიმს სურს, რომ ჩქარა, მოკლე ვადაში დაასრულოს ეს ოპერაცია, რადგანაც სირიის გენერალურმა შტაბმა დაახლოებით სამი დივიზიონი გადაისროლა იდლიბის მიმართულებით. შესაბამისად, შესაძლოა ვარაუდი, რომ ისინი მასობრივ შეტევას აპირებენ. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება, რადგან მათ სარეზერვო მონაცემებით იციან, რომ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს", - აცხადებს მაისაია, რომელიც მიიჩნევს, რომ "სავარაუდოდ, ასადი გამოიყენებს კიდეც, როგორც მანამდე არაერთხელ გაუკეთებია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს არის ასადის გაფრთხილება, რათა მან თავი შეიკავოს ქიმიური იარაღის გამოყენებისგან, რაც მოსკოვის დიპლომატიური არხის მეშვეობით ხდება. თუ ასადის რეჟიმი გაჯიუტდება და მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, კოალიციის დარტყმა გარდაუვალი იქნება. ამერიკელებმა სპარსეთის ყურეში შეიყვანეს რამდენიმე სამხედრო გემი, გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვისპირეთში მეექვსე ფლოტის დაახლოებით ათამდე ხომალდი უკვე მზად არის, რათა ორი მხრიდან დაარტყან სირიას. სავარაუდოდ, დაარტყამენ დედაქალაქ დამასკოსა და მის სამხრეთით მდებარე რაიონებს, სადაც არის სამთავრობო რეზიდენციები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. სირიაზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთის პოზიცია ნამდვილად არ გამყარდება, რადგან ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ მის სტრატეგიულ მოკავშირეს დაარტყეს, რაც ფედერაციის ინტერესებისთვის წამგებიანია. რუსეთმა გადაისროლა ორი ნაღმოსანი, რომლებიც შეიარაღებულია კალიბრის ტიპის ახალი ფრთოსანი საბრძოლო რაკეტებით და, როგორც ვიცი, კასპიის ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაშია. ისინი გამოიყენებენ რადიოელექტრონული ომის საშუალებებსაც, რადიოლექტრონული ტალღების ჩამხშობ საშუალებებს, რაც რუსებს სამივე სახედრო ბაზაზე აქვთ განთავსებული", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში ისევ რჩება ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის სურვილი. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ამერიკას არ სურს. რუსეთში ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც არწმუნებდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ პუტინს, რომ უნდა გამართულიყო სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკება თურქულ და რუსულ მხარეებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდა ფიდან ხაკანიც. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მარჯვენა ხელი და თურქეთის საგარეო დაზვერვის უფროსი მონაწილეობდა პირდაპირ მოლაპარაკებაში პუტინთან, ლავროვთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ასადი არის ჩამოსაგდები, ანუ თურქეთის ინტერესებში შედის, რომ ასადის რეჟიმი დაემხოს. ვფიქრობ, რომ შეტევის შემთხვევაში ეს იქნება ბრიტანულ-ამერიკული კოალიციის მიერ განხორციელებული. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკელები და მათი სამხედრო ძალები არიან მობილიზებული. პრინციპში, ბრიტანელებს შეუძლიათ, ჩაერთონ თუნდაც კვიპროსზე დისლოცირებული თავიანთი სამხედრო-საჰაერო ძალების მეშვეობით. ასე რომ, ბრიტანელების ჩართვა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, მაგრამ ახლა ძირითადად ამერიკული ძალებია მობილიზებული", - დასძენს ექსპერტი.

გია ხუხაშვილი - "მარგველაშვილი აჭრილია"

"საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან პროცესს წყვეტს და ფარ-ხმალს გაუგებარი მოტივით კიდევ ერთხელ ყრის - გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს აღარ წარუდგენს. "ვითარებაში, როდესაც კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში "ქართული ოცნება" არ ჩაერთო, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის და კანდიდატურა კანდიდატურისთვის", - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ამ განმარტებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა მარგველაშვილის პოზიცია - პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ არც ერთ პროცესში `ქართული ოცნება~ არასოდეს ჩართულა და რატომ ელოდა მარგველაშვილი, რომ მმართველი გუნდი კონსულტაციებში ამჯერად ჩაერთვებოდა, ან თუ მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიცია იყო პრეზიდენტისთვის მთავარი ფაქტორი, რატომ უხმო სასახლეში ფართო ჩართულობისთვის სამოქალაქო სექტორის სრულ სპექტრს - არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და იურისტებს?", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მარგველაშვილი აჭრილია" / "არ არსებობს განმარტება, რომელიც პრეზიდენტის ამ უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის" / "მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა - ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს".

"მოკლედ, სანამ მარგველაშვილი დუმს და საზოგადოებას არ განუმარტავს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები მას ისევ უსუსურ და უპასუხისმგებლო ფიგურად მოიხსენიებენ. მთავარი კი საზოგადოებას წინ ელოდება - კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თუ მოქმედი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტს არ წარუდგენს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში ქვეყნის შეცვლილი მთავარი დოკუმენტი შევა, რომლის თანახმადაც, პირველ მოსამართლეს იუსტიციის საბჭო აირჩევს და შერჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს თავადვე წარუდგენს. რატომ გადაულოცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პრეროგატივა მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭო მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია, `კვირის პალიტრა~ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა, როდესაც კონსულტაციების დაწყებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სცადა და ამით პოლიტიკური თამასა ისევ მაღლა ასწია, საბოლოოდ კი, მართლმსაჯულების გადასარჩენად დაწყებულმა პროცესმა და ფაქტობრივად, ბოლო შანსმა ტრადიციულად პოლიტიკური და კონფრონტაციული სახე მიიღო. მეტიც, მარგველაშვილმა არათუ მმართველ გუნდთან, სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებაც კი ვერ შეძლო - ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც გაიყო პოზიციები, თუმცა კონკრეტულად რას ეხებოდა ეს საკითხი, ვერ გეტყვით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - "როგორც ამბობენ, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მხოლოდ კრიტერიუმებს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი უნდა შერჩეულიყო, თუმცა პერსონების დასახელებისგან სამოქალაქო სექტორმა თავი შეიკავა და ეს პრეროგატივა პრეზიდენტს მიანდო", - პასუხობს:

"ამაზე თავად იმ პირებმა უნდა ილაპარაკონ, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს მარგველაშვილის გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირა, თუმცა ერთია წარდგენა, მეორე - მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების კონცენტრირება ღირსეული კანდიდატისა და მთლიანად პროცესის გარშემო. "ქართული ოცნება" საზოგადოებრივ მონიტორინგს ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს, ნაცვლად ამისა, მარგველაშვილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი თუნდაც იმ მცირე შანსს, რომელიც არსებობდა - იუსტიციის საბჭოში არსებულ კლანს საზოგადოება დაჰპირისპირებოდა".

"არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის ამ უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის. "ქართული ოცნებისგან" რა ეწყინა, თავად პროცესი მოსწყინდა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუბრაზდა, გულწრფელად ვერ გამიგია"... თუმცა მარგველაშვილის გაორებული პოზიცია დიდი ხანია აღარ გვიკვირს. დიახ, მას უფლებამოსილება ეწურება და როგორც ჩანს, მართლაც არ იცის, რა ქნას - დარჩეს პოლიტიკაში თუ სამუდამოდ წავიდეს. თუმცა წასვლასა და დარჩენასაც, მით უმეტეს, პრეზიდენტის პოსტიდან, ღირსეული შეფუთვა სჭირდება. მარგველაშვილი ამასაც ვერ ახერხებს და მარტივად რომ ვთქვათ, აჭრილია. მიუხედავად ამისა, მჯერა, გულის სიღრმეში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია... ბოლო გადაწყვეტილებით მან მთავარი სისუსტე გამოავლინა - იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ არასოდეს ასრულებს, ბრძოლის ველს შუა გზაში ტოვებს ან კაპიტულაციას აცხადებს. ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა - ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს" - განაგრძობს რესპონდენტი.

"ეს კლანი კიდევ უფრო დაასნეულებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მართლმსაჯულებას და საზოგადოებას წაართმევს ბოლო შანსს, რომ სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს. უახლოეს მომავალში მივიღებთ ჩაბეტონებულ და დამარხულ მართლმსაჯულებას, საბოლოოდ კი ეს ისევ ხელისუფლებას დაუჯდება მძიმე პოლიტიკურ ფასად - სამართლის პოვნის იმედდაკარგულ საზოგადოებას ვითარება რევოლუციურ რეჟიმში გადაჰყავს - თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა. თუ მმართველ გუნდს აქვს ილუზია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის მართვას შეძლებს, მწარედ ცდება, რადგან როდესაც ურჩხული წამოიზრდება, ის მშობელს აუცილებლად შეჭამს. ეს ცხოვრებისა და პოლიტიკის დაუწერელი კანონია. თუ ჩინჩალაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიგდებს ხელში, კლანს კიდევ მეტი ამბიცია გაუჩნდება. თუ სააკაშვილის დროს ისინი პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდნენ, ახლა შეეცდებიან თავად უკარნახონ თამაშის წესები ხელისუფლებას. მურუსიძე-ჩინჩალაძის ტყვეობაში ყოფნა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად დაასრულებს", - დასძენს გია ხუხაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს