ლევან ბოძაშვილი - კანდიდატების უმრავლესობა აპრიორი ჰპირდება ამომრჩეველს პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოროტად გამოყენებას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” ევროკავშირის ტექნოლოგიური ინოვაციების მკვლევართა ჯგუფის წევრს, კონსტიტუციონალისტს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, გერმანიის კანცლერ მერკელის ვიზიტის შედეგებზე ჩვენთან არ ცხრება მსჯელობა და კამათი. ცხადია, რომ მერკელის ვიზიტმა თბილისში გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინა, მაგრამ თუ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ფრაუ მერკელის პასუხებს ჩავუღრმავდებით, პასუხგაუცემელი რჩება საქართველოს უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.
დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ პუტინ-მერკელის შეხვედრისა და მერკელის თბილისში ვიზიტის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა თემებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც ჩვენთვის არასახარბიელო სურათი.
ვინაიდან საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური უსაფრთხოების საკითხებია, თქვენი დაკვირვებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით რა შესძინა მერკელის ვიზიტმა საქართველოს?
- ქალბატონი მერკელის ვიზიტი ერთი მნიშვნელოვანი მიზნით იყო განპირობებული - მოახდინოს ენერგოდამოკიდებულების შემცირება რუსეთზე და მიწოდების დივერსიფიკაცია. აზერბაიჯანიდან გაზის ტრანზიტის სქემაში ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამ როლის მხოლოდ შესრულება კი არა, არამედ სწორად გამოყენებაა მთავარი. ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
პარადიგმა, რომ საფრთხეები მხოლოდ გარედან მოდის, მცდარია და ის უნდა შევცვალოთ
ამავე დროს, სამწუხაროა, რომ ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისი განცხადება არ არის ახალი და გერმანიას იგივე პოზიცია ჰქონდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც, როდესაც საქართველომ მაპ-ი ვერ მიიღო, რასაც შემდეგ რუსეთის მხრიდან თამამი აგრესიული ნაბიჯები მოჰყვა, მათ შორის აფხაზეთში ე.წ. სარკინიგზო დანაყოფების შეყვანა და მანევრების გაშლა კრასნოდარში, რამაც სწორედ რომ გერმანიის შეშფოთება გამოიწვია.
ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა შეაჩერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების მოქმედება, რომელიც სამხედრო სამანევრო კვოტებს და ეუთო-ს ფორმატში შეტყობინების მექანიზმებს ითვალისწინებდა. ეს დაგეგმილი და მიზანმიმართული გეგმა იყო.
თუ ამ მწარე გამოცდილებას გავითვალისწინებთ, თქვენი შეშფოთება ლოგიკურია, თუმცა ამ ეტაპზე მოცემულობა სხვაგვარია. დღევანდელი ხელისუფლება არ არის „თავცხელი“. ეს ტერმინი სარკოზიმ გამოიყენა აგვისტოს ომის შეფასებისას მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. პირდაპირ და უშუალო საფრთხეს საგარეო თვალსაზრისით მე ვერ ვხედავ. ეს საფრთხეები უფრო ქვეყნის შიგნით უნდა დავინახოთ.
საერთოდ, პარადიგმა, რომ საფრთხეები მხოლოდ გარედან მოდის, მცდარია და ის უნდა შევცვალოთ. უნდა შევცვალოთ ამ საფრთხეების აღქმის მიდგომა, კერძოდ, ყველაზე დიდი საფრთხე არის ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარების ნაკლებობა, პერსპექტივის არარსებობა გრძელვადიან ჭრილში. ის, რაც მხოლოდ გათვლადია 2-3 კვარტლის ფარგლებში, ვერ ჩაითვლება სტაბილურობის გარანტიად.
ამ ფონზე კი უამრავი პრობლემა დაგროვდა - უკონტროლო მიგრაცია, ღირებულებითი გაურკვევლობა, განათლების სისტემის ტოტალური დეგრადაცია, ბანკებზე მასობრივი დამოკიდებულება, არაპროფილური და მონოპოლიური ბიზნესი, და რაც მთავარია, ამ ფონზე მიმდინარე ანტი-ეროვნული და ანტი-ევროპული პროპაგანდა.
ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და საფრთხეებთან გასამკლავებლად საჭიროა სისტემური სახელმწიფოს ქონა, პიროვნული ძალაუფლება უნდა გარდაისახოს სისტემურ ძალაუფლებაში, სხვაგვარად სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი და სტაბილური
ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და საფრთხეებთან გასამკლავებლად საჭიროა სისტემური სახელმწიფოს ქონა, პიროვნული ძალაუფლება უნდა გარდაისახოს სისტემურ ძალაუფლებაში, სხვაგვარად სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი და სტაბილური. ამისათვის სწრაფი, ქირურგიული ქმედებებია საჭირო.
უნდა მოხდეს ტოტალური ტრანსფორმაციის კონცეფციის მიხედვით სახელმწიფოს რეფორმირება. იგულისხმება ტექნოლოგიურ ნოუ-ჰაუზე დამყარებული მიდგომების მასიური ინკორპორირება, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებმა, და კერძოდ, ესტონეთმა შეძლო. ეს გააჩენს პერსპექტივას როგორც მართვის, ისე ახალგაზრდობის განვითარების თვალსაზრისით.
რაც შეიძლება სწრაფად პროვინციული სახელმწიფოდან ინოვაციების ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ. პროვინციალიზმი გაბატონებულია მომსახურების ყველა დონეზე და აქ არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმი, არამედ დამოკიდებულების ხარისხიც იგულისხმება. რუტინული სერვისიდან უნდა გადავიდეთ მსახურების კონცეფციაზე. სახელმწიფო კი არ უნდა ამსახურებდეს მომხმარებელს, ცდილობდეს მისგან მაქსიმალური თანხების ამოღებას, არამედ მომხმარებელს უნდა ემსახუროს სისტემა.
ესტონეთმა, მაგალითად, შეძლო ტექნოლოგიების მეშვეობით მთელი რიგი მოსაკრებლების, საკომისიოებისა და გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა მოსახლეობა, დაეზოგა თანხები და გაეჩინა შიდა ინვესტირების საშუალებები, გახსნა ვირტუალური საზღვრები და გონივრულად გამოიყენა ევროკავშირის ბაზარზე წევრობის სარგებელი უკვე მესამე ქვეყნებისათვის, დანერგა არჩევნები ბლოკჩეინზე.
რაც შეიძლება სწრაფად პროვინციული სახელმწიფოდან ინოვაციების ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ... სახელმწიფო კი არ უნდა ამსახურებდეს მომხმარებელს, ცდილობდეს მისგან მაქსიმალური თანხების ამოღებას, არამედ მომხმარებელს უნდა ემსახუროს სისტემა
ჩვენ იმისაც კი გვეშინია, რომ თუნდაც სატესტო რეჟიმში არჩევნები ერთ უბანზე მაინც ჩავატაროთ ბლოკჩეინით, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს სისტემა ასობით მილიონს დაუზოგავს მოსახლეობას და შეამცირებს ბანკების გაბატონებულ საშუამავლო მომსახურებაზე დამოკიდებულებას.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აღქმადობა პრობლემების მიმართ ფრაგმენტულია, ჩვენ უსაფრთხოებასაც განვიხილავთ განყენებულად, რაც არასწორია. ეს ყველაფერი ერთი მთლიანი კომპლექტის ნაწილებია. რაც უფრო მეტად ვართ სხვა ქვეყნის უსაფრთხოებზე დამოკიდებული, მით მეტია სუვერენიტეტის შეზღუდვის ფარგლები. ამიტომაც, ჩვენ გვჭირდება გამართული სისტემური სახელმწიფო მდიდარი კვალიფიციური ადამიანური რესურსით.
ტრამპის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ როგორი მდგრადია ამერიკული სახელმწიფო სისტემა მიუხედავად ტურბულენტური ხელმძღვანელობისა. ჩვენთან პირიქით არის, სისტემა ემსახურება პიროვნულ ფაქტორს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ არსებობს, რადგან სისტემა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ პიროვნული ფაქტორი არ იყოს გადამწყვეტი.
მაგალითად, წარმოუდგენელია პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც მან გაბრაზებულმა განაცხადა, რომ არ წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რაც მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა - და ეს ვალდებულება იმიტომ არის ვალდებულება და არა უფლება, რომ სისტემამ იმუშაოს და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტი კარგი ან ცუდია, გაბრაზებული ან კმაყოფილია, მონახა კანდიდატი თუ ვერ მონახა, დაუმტკიცებენ თუ არ დაუმტკიცებენ და ა.შ.
ჩვენი აღქმადობა პრობლემების მიმართ ფრაგმენტულია, ჩვენ უსაფრთხოებასაც განვიხილავთ განყენებულად, რაც არასწორია
ამიტომაც, ვიდრე ხსნას გარეთ ვეძებთ და არ ვამყარებთ ჩვენს სისტემურ სახელმწიფოებრიობას, მუდმივად გვექნება გაურკვევლობა, როგორც ბრძანებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს საგარეო ორიენტაციაზე უარი ვთქვათ, - პირიქით, სისტემური სახელმწიფოს გაძლიერებით ჩვენ ვაახლოებთ სწორედ რომ ევროატალანტიკურ ინტეგრაციას და თავისთავად ინტეგრაცია ხდება უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი და არა გადამწყვეტი.
ცალმხრივი ინტერესი ჩვენი მხრიდან არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის, საჭიროა პოლიტიკური დამატებითი ღირებულების შეძენა პროცესისათვის სტაბილურობისა და სისტემური განვითარების თვალსაზრისით, ეს ევროგაფრთოების სკეპტიკოსებს, მათ შორის გერმანიას, ბევრად გაუადვილებს ჩვენთვის საჭირო გადაწყვეტილებებს.
ვიდრე ხსნას გარეთ ვეძებთ და არ ვამყარებთ ჩვენს სისტემურ სახელმწიფოებრიობას, მუდმივად გვექნება გაურკვევლობა
- აღარავინ დავობს, რომ „ცივი ომის“ შემდეგ მსოფლიოში, ევროპაში, ასევე ჩვენს სამეზობლოში რთული ვითარებაა. ევროპა გერმანიის კანცლერ მერკელის ლიდერობით ინარჩუნებს ერთიანობას, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით ცდილობს ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ თურქეთის შეკავებას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ანკარისა და მოსკოვის ლიდერებს ჩვენთვის სახიფათო იდეები აქვთ. პუტინს რუსეთის იმპერიის, ხოლო ერდოღანს ოსმალეთის იმპერიის აღდგენის სურვილი რომ აქვთ, არ მალავენ.მერკელის ვიზიტის შეფასებისას თქვენ კი გამოთქვით მოსაზრება, რომ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ზოგჯერ საუკეთესო პოლიტიკა მოთმინებაა“, მაგრამ თუ დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ვითარებას საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით შევხედავთ, თქვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის რა შეიძლება წარმოადგენდეს ყველაზე დიდ საფრთხეს?
- სწორედ იქიდან გამომდინარე რაც უკვე აღვნიშნე, საჭიროა გონივრული მოთმინება. თუმცა, იმ დათქმით, რომ ამ მოთმინების პერიოდში ჩვენ სწრაფად ავაშენებთ მდგრად სახელმწიფო სისტემას. მხოლოდ მოთმინებით გულხელდაკრეფილი ლოდინი არაფერს მოგვცემს და 5 წლის შემდეგაც ვიქნებით იგივე დონეზე. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ თემატური, ფუნქციონალური ინტეგრაციის განხორციელება.
მაშინ, როდესაც ფუნქციონალურად ინტეგრირებულები ვიქნებით ევროკავშირში, ანუ სხვადასხვა სისტემებში ჩავერთვებით, საკითხი ისეც კი შეიძლება დადგეს, რომ დავფიქრდეთ სრულფასოვან წევრობაზე
ამას პირობითად დავარქმევდი წევრობას ნაწილ-ნაწილ. ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კვლავაც გავიმეორებ, რომ მაშინ როდესაც ფუნქციონალურად ინტეგრირებულები ვიქნებით ევროკავშირში ანუ სხვადასხვა სისტემებში ჩავერთვებით, საკითხი ისეც კი შეიძლება დადგეს, რომ დავფიქრდეთ სრულფასოვან წევრობაზე.
ევროკავშირში წევრობის არაერთი სახე არსებობს. მაგალითად, ნორვეგია და შვეიცარია არ არიან წევრები, თუმცა სარგებლობენ ევროკავშირის ყველა სისტემური საშუალებით, ბაზრით, სასამართლოთი და ა.შ. ასეთი ფუნქციონალური წევრობის გეგმა უკვე რეალურად განსაზღვრული გვაქვს ბოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტით. საჭიროა ამ გეგმისა და ასოცირების დღის წესრიგის სწრაფი განხორციელება, ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტიც კი.
გამოვდივარ ინიციატივით დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირის სასამართლოს იურისდიქციის აღიარების თაობაზე, რაც უმოკლეს დროში გააჯანსაღებს ჩვენს სასამართლო სისტემას და ნდობას დაუბრუნებს მას.
ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ ერთი დამატებითი ინსტანცია შევუქმნათ ჩვენს სასამართლოს და დავანახოთ ინვესტორებსაც, რომ მართლმსაჯულება ევროპულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხორციელდება. ეს კომპლექსური საკითხია და რთულია მისი ახსნა ასე უცბად, თუმცა იქნება გარდამტეხი, როგორც ევროინტეგრაციისთვის, ისე სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისათვის.
გამოვდივარ ინიციატივით დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირის სასამართლოს იურისდიქციის აღიარების თაობაზე, რაც უმოკლეს დროში გააჯანსაღებს ჩვენს სასამართლო სისტემას და ნდობას დაუბრუნებს მას
მაგალითად, ვერც ერთი კომერციული ატაშე ვერ იქნება წარმატებული თუ მას ზურგს სამართლიანი და სწრაფი სასამართლო გადაწყვეტილებები არ უმაგრებს ზურგს. ყველაზე ცუდი, რაც ამასთან ერთად ხდება არის ისიც, რომ მოსახლეობამ არ იცის განსაზღვრული გეგმის თაობაზე არც ერთი მიმართულებით. ვინმეს უთქვამს მოსახლეობისათის ოდესმე, რომ მაგალითად 7 ან 15 წელში გავწევრიანდებით სადმე, ან რომ რაღაც კონკრეტული პერიოდის მერე განვითარების რა დონე იქნება, ან რა დონეზე იქნება რომელიმე სფერო რამდენიმე წელში?
რა სახის განათლების პროდუქტი, რა მიმართულების სპეციალობები იქნება საჭირო? ასეთი მიახლოებითი კონკრეტიკით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ბოლო ინტერვიუში, როდესაც 2030 წლისთვის 12%-იან ეკონომიკაზე გააკეთა აქცენტი. საკმარისია ეს? რა თქმა უნდა არა.
უსაფრთხოების სექტორის ამჟამინდელ მოწყობაზე მიმდინარე პროცესში ვინმემ გათვალა რა არის მთავარი გეგმა და მიზანი? შესაბამისად, რას უნდა ემსახურებოდეს ახალი საბჭო?
მხოლოდ იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა არსებობდეს, გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი. ვგულისხმობ, რომ უსაფრთხოების ნაწილში მაგალითად, კონკრეტული მიზანი არ გვაქვს, არ არის ხედვა თუ რა გვინდა, რისი მეშვეობით მოხდება ამ მიზნის მიღწევა და ა.შ.
უსაფრთხოების სექტორის ამჟამინდელ მოწყობაზე მიმდინარე პროცესში ვინმემ გათვალა რა არის მთავარი გეგმა და მიზანი? შესაბამისად, რას უნდა ემსახურებოდეს ახალი საბჭო?
- მას შემდეგ, რაც პუტინი კიდევ ერთელ დარწმუნდა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა ახლო მომავლის საქმე არაა, თქვენი დაკვირვებით, თბილისთან მიმართებაში სავარაუდოდ, რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი?- პუტინიც ისევე ვერ იქნება დარწმუნებული ამაში, როგორც ჩვენ არ ვართ დარწმუნებული საპირისპიროში. ეს ყველაფერი რთული გეოპოლიტიკური პროცესია, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური დრო აქვს.
როგორც არ უნდა მივუდგეთ, დღეს ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოთმინების პოლიტიკაა. სხვა არჩევანი, როგორც არ უნდა გვინდოდეს, რა გემოვნებითი, რელიგიური თუ ეთნიკური პარადიგმიდანაც არ უნდა ვუყურებდეთ, არ არსებობს.
არ არსებობს ზუსტად რუსეთის გამო, მისი სახელმწიფოებრივი ხასიათის გამო, მისი მუდმივი მძლეველობითი მიდგომის გამო და არა იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ ის არ მოგვწონს. დიახ, ეს ფაქტორია, და ამ ფაქტორს სწორი მიდგომა სჭირდება.
რადიკალიზმი მიდგომებში არის ყველაზე არასწორი პოლიტიკა რაც კი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის მართალი საკუთარ ხალხთან, როდესაც მიდგომის რადიკალიზებას ახდენს ვიწრო პარტიული ნიშის დასაკავებლად.
დღეს ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოთმინების პოლიტიკაა
ასეთი პოლიტიკური ძალა ზუსტადაც რომ იგივე სისტემურ დანაშაულს ჩაიდენს, ყველაფერზე წავა და საბოლოოდ რენეგაციასთან გვექნება საქმე. ამ დროს კი პოლიტიკური პარტიები სწორედ რომ მოსახლეობის მიდგომათა დერადიკალიზებას უნდა უწყობდეს ხელს. ესეც უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია.
- საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, წინასარჩევნო კომპანია კარგა ხანია დაწყებულია. თქვენ როგორ შეფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?
- ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მოსახლეობა არ უნდა აფასებდეს კანდიდატს მხოლოდ პიროვნული მოწონება-არმოწონების თვალსაზრისით. მთავარი კანდიდატში არის სწორედ ის, თუ როგორ შეძლებს ის თავისი უფლებამოსილებების ეფექტურად გამოყენებას.
ოდნავ რომ გადავუხვიოთ, შევხედოთ, - არ გვაქვს შეფასებითი ინდექსები პრაქტიკულად არც ერთ სფეროში. მათ შორის არც სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის.
მაგალითად, არ ვიცით თუ რატომ ვერ მივაღწიეთ კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, პიროვნული ფაქტორის გამო თუ ობიექტური ფაქტორის გამო, თუ ორივესი ერთად. ჩვენ არ ვხსნით არც ერთ წარუმატებლობას ან წარმატებას მეთოდოლოგიურად.
ზუსტად ასევე არავის შეუფასებია საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ინსტიტუტის ეფექტიანობა. გვინდოდა რომ მარგველაშვილი უფრო ეფექტური ყოფილიყო? რატომ ვერ იყო? მხოლოდ პიროვნული ფაქტორის გამო? აქედან უნდა ამოვიდეთ.
არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის მართალი საკუთარ ხალხთან როდესაც მიდგომის რადიკალიზებას ახდენს ვიწრო პარტიული ნიშის დასაკავებლად
აქვე რომ ავხსნა, უფლებამოსილებათა 95% მან ეფექტიანად, შედეგიანად ვერ გამოიყენა. მაგალითად, არც ერთხელ 5 წლის განმავლობაში მან შედეგიანად არ გამოიყენა ისეთი უფლებამოსილება, როგორიც არის მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხის დასმა და განხილვაში მონაწილეობა.
როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 3 წერილი გაუგზავნა 2 სხვადასხვა მთავრობას და არც ერთზე პასუხი არ მიუღია, მაგრამ ერთხელაც კი არ გაუპროტესტებია ეს. არადა ეს კონსტიტუციის დარღვევაა.
ერთადერთი მის მიერ დადებულ ვეტოს ჰქონდა შედეგი მხოლოდ და ისიც იმიტომ, - ტრაბახით ვერ ვიტყვი, - მე ჩავერთვე მასში. გამოდის, რომ მან ეფექტურად თავისი უფლებამოსილებები ვერ გამოიყენა საბოლოოდ.
ეს კი ნიშნავს, რომ თუ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არ არის კონსტრუქციული თანამშრომლობის სულისკვეთება, საქმე ფუჭდება, კნინდება ინსტიტუტი და ირღვევა კონსტიტუცია. რა გამოდის? პრეზიდენტის ეფექტიანობისთვის საჭიროა უმრავლესობისთვის მისაღები იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ მან საქმე გააკეთოს. მარტივად რომ ვთქვათ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოცემულობა.
პრეზიდენტის ეფექტიანობისთვის საჭიროა უმრავლესობისთვის მისაღები იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ მან საქმე გააკეთოს. მარტივად რომ ვთქვათ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოცემულობა
- მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და ისინი სავარაუდოდ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ. ამგვარ კანდიდატად აქამდე სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.თქვენ როგორ შეფასებდით იმას, რომ ერთი მხრივ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატს არ დაასახელებს, ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს?
- როგორ უნდა შევაფასო, როდესაც პირველმა სწორედ მე ვთქვი თქვენთან ინტერვიუში იანვარში, რომ „ოცნებას“ უალტერნატივო საკუთარი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილის გარდა არ ჰყავს. როგორც გამოჩნდა, მას არ სურს კენჭისყრა და შესაბამისად, „ოცნება“ რომ კანდიდატს არ ასახელებს, ლოგიკურია.
ვნახოთ, რას ითხოვს კონსტიტუცია: იგი ითხოვს, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს პარტიული თანამდებობის მქონე. თუმა წევრი რომ იყოს. არ არის პრობლემა, ეს არის კანდიდატის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური, ფორმალური ზღვარი. ამის შემდეგ უკვე კონკრეტულ კანდიდატზეა დამოკიდებული რამდენად არ დაემორჩილება მმართველი პარტიის კონიუნქტურას უკვე როგორც პრეზიდენტი.
რა შეუძლია პოსტზე პრეზიდენტს გააკეთოს, ან გააფუჭოს? მაგალითად, საზოგადოებრივი ყურადღების მაქსიმალურ დონეზე ასწიოს ნებისმიერი პრობლემური საკითხი, დაადოს ვეტო ამ მიზნით, იყოს მუდმივად ყურადღების ცენტრში და გახდეს ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი - ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გახდეს ოპოზიცია. არის კი ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური დანიშნულება? არა.
დამოუკიდებელი კანდიდატი არ ნიშნავს ოპოზიციურს, ხოლო ოპოზიციური არ ნიშნავს დამოუკიდებელს
ამ დროს კი, ყველა დღემდე წარმოდგენილი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი კანდიდატი სწორედ ამას ამბობს, გარდა სალომე ზურაბიშვილისა. ასეთი დაპირებების გაცემა კი პრეზიდენტის დანიშნულება არ არის.
გამოდის, რომ წარმოდგენილი კანდიდატების უმრავლესობა აპრიორი ჰპირდება ამომრჩეველს პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოროტად გამოყენებას. ამიტომაც, სავსებით ლოგიკური იქნება რომ ქართულმა „ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს თუ დარჩენილ დროში ვინმე სხვა არ დასახელდა.
დამოუკიდებელი კანდიდატი არ ნიშნავს ოპოზიციურს, ხოლო ოპოზიციური არ ნიშნავს დამოუკიდებელს. ზოგადად, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ კანდიდატი არც ოპოზიციური უნდა იყოს და არც სახელისუფლებო. ასეთია ახალი ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ბუნება.
- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა იქნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა?
- დაველოდოთ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადას - 8 სექტემბერს. არ გამოვრიცხავ, კიდევ დასახელდეს საინტერესო კანდიდატები.
ამერიკის ისტებლიშმენტში არასდროს საქართველოს ისეთი აქტიური მხარდამჭერი არ ჰყავდა, როგორიც სენატორი მაკკეინი იყო
- სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ, აწგარდაცვლილ ამერიკელ სენატორზე უამრავი კომენტარი კეთდება ქართულ პრესასა და სოციალურ ქსელში.ამ თემაზე წაკითხული, გარდა იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების უმადურობის კარგი მაგალითია, აშკარად აჩვენებს, რომ მაკკეინის ლანძღვაში ადამიანები ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განწყობებს და მასთან მიმართებაში უფრო რუსულ დამოკიდებულებას ავლენენ. ვგულისხმობ ამ დღეებში რუსულ პრესაში მაკკეინის მიმართ მრავლად გამოთქმულ პრეტენზიებს - „მაკკეინი ვიეტნამს მომბავდა“.
რას შეიძლება ნიშნავდეს ერთი მხრივ სენატორ მაკკინის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მიერ გამოხატული უმადურობა, ხოლო იმავე ნაწილის მიერ რუსი ოკუპანტების მიმართ მოწიწება და პატივისცემა?
- ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ვინმე და გამოხატოს ეს. თუმცა, ფაქტია და ამას ვერ ვუარვყოფთ, რომ ამერიკის ისტებლიშმენტში არასდროს საქართველოს ისეთი აქტიური მხარდამჭერი არ ჰყავდა, როგორიც სენატორი მაკკეინი იყო. შეგვიძლია ასეთი მხარდამჭერის რომელიმე დროის რუსულ ისტებლიშმენტში პოვნა? რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

























