რუსთავის მასშტაბით სოკოთი დაავადებული შავი ფიჭვის შეწამვლის სამუშაოები განხორციელდება

რუსთავის მასშტაბით სოკოთი დაავადებული შავი ფიჭვის შეწამვლის სამუშაოები განხორციელდება

რუსთავის მასშტაბით სოკოთი დაავადებული შავი ფიჭვის შეწამვლის სამუშაოები განხორციელდება. დაავადებული ნარგავების სპეციალური პრეპარატით დამუშავებას რუსთავისსაზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი, ,,რუსთავ-სერვის ცენტრისა“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.

აღნიშნულ საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართა რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს გასატარებელი ღონისძიებების გეგმა და გზები გააცნო.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ქალაქის მასშტაბით 6 ლოკაციაზე სპეციალისტებთან ერთად, წიწვოვანი მცენარეებიდან მოხდა ნიმუშების აღება. აღებულ ნიმუშებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევები, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ რუსთავში არსებული შავი ფიჭვი დაავადებულია სოკოთი.

,,ამ დაავადებას ცუდი შედეგი აქვს. თუ არ იქნება შესაბამისი ზომები გატარებული და მკურნალობა ჩატარებული, ამ ხეებს გახმობა ელოდება. შესაბამისი სამინისტროდან მივიღეთ კვალიფიციური რჩევა, ანუ დიაგნოზის შემდეგ მივიღეთ მკურნალობის მეთოდები თუ რა პრეპარატით და რა დროს უნდა ჩატარებულიყო ამ ხეების დამუშავება. პრეპარატი უკვე შესყიდულია. ჩვენი სურვილი იყო, რომ პრეპარატი, რომლითაც მოხდება ფიჭვების დამუშავება, მაქსიმალურად ბიოლოგიურად უსაფრთხო ყოფილიყო. შეძენილია პრეპარატი ნორდოქსი, რომელიც ევროპული წარმოებისაა და მაქსიმალურად ბიოლოგიურად უსაფრთხოა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბეგაშვილმა.

,,რუსთავ-სერვის ცენტრის“ დირექტორის გიორგი გოროზიას განცხადებით, ფიჭვების შეწამვლის პარალელურად მოხდება სანიტარული ჭრები, გამხმარი ტოტები და მერქანი განადგურებული იქნება იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიჭვის სოკოს კიდევ უფრო გავრცელება.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი აცხადებს, რომ მცენარეების შეწამვლა სპეციალური პრეპარატით, ღამის საათებში განხორციელდება. ბეგაშვილი მოსახლეობას ურჩევს, რომ პრევენციის მიზნით, ღამის საათებში ფანჯრებს ღიას ნუ დატოვებენ.