ქართული პრესის მიმოხილვა 30.08.2018

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ოდენობით "ქართუ" სამეულშია

დავით ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა კანდიდატად თავისი ხის ტოტიც რომ დაყენოს, მაინც ის გაიმარჯვებს"

შამბამ მზაკვრული განცხადება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობის შესაშინებლადაა განკუთვნილი

* * *

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ოდენობით "ქართუ" სამეულშია

"ქართუ" სამ ბანკს შორის ერთ-ერთია, რომელმაც მოსახლეობისა და ბიზნესის ყველაზე მეტი უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ქვეყნის გაღატაკებაში 2 წამყვან ბანკს ადანაშაულებს, დასაკუთრებული ქონების სიდიდით არც "ქართუ" ჩამორჩა. არსებული სტატისტიკით, ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2018 წლის მეორე კვარტალში 232,8 მლნ ლარი შეადგინა. ორი მსხვილი ბანკის გარდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი წილი "ქართუ" ბანკს უკავია, რომლის ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი ძალიან მაღალია და საქართველოს მასშტაბისა და რეალობისთვის კატასტროფული მაჩვენებელია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ოდენობით "ქართუ" სამეულშია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 211 833 608 ლარი შეადგინა. ბანკების ანგარიშგების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 96,2 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 57,7 მლნ ლარით არის "თიბისი ბანკი". სამეულში შედის "ბანკი ქართუ", რომლის ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება. როგორც აღვნიშნეთ, ეს იმ ფონზე, როცა "ქართუს" მფლობელმა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ "ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა". უცნობია, გულისხმობდა თუ არა ყოფილი პრემიერი ქვეყნის "გადაჭმაში" ქონების დასაკუთრებას, რაშიც მისი ბანკიც ერთ-ერთი მოწინავე აღმოჩნდა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, მათ მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა 20 996 379 ლარს შეადგენს. ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა რეალობას სრულად არ ასახავს და გაცილებით მეტი ქონება ჩამორთმევის პროცესშია, რაზეც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბანკების მიერ 200 მლნ-ზე მეტი ქონების დასაკუთრება საქართველოს რეალობაში კატასტროფული მაჩვენებელია". საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ბანკების კი მიერ დასაკუთრებული ქონების სიდიდის მიზეზებზე საუბრობს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ყველაფერი ეს თუ კერძო პირებისთვის ჩამორთმეული ქონებაა, ან დიდი ნაწილი, მაშინ გამოდის, რომ ძალიან ცუდადაა საქმე. უცნაურია ამ სიაში "ქართუ" ბანკის მოხვედრა, რადგან ეს ორგანიზაცია ყოველთვის ორიენტირებული იყო იურიდიული პირებისთვის სესხის გაცემაზე და ფიზიკურ პირებზე არ ჰქონდა აქცენტი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ აქ საუბარი უნდა იყოს ბიზნესსა და კომერციულ სესხებზე, რომლებმაც ამ სესხის მომსახურება ვერ შეძლეს და მათი ქონება ბანკმა დაისაკუთრა, იქნება ეს შენობა-ნაგებობები თუ სხვა. ვიმეორებ, "ქართუ ბანკი" კერძო პირების დაკრედიტებისაგან ყოველთვის თავს იკავებდა ანუ ეს არის ბიზნესისა და იურიდიული პირების ქონება, რომელიც "ქართუს" ხელში გადავიდა. ზოგადად, ტენდენცია, რომ ბანკები ასე ისაკუთრებენ ქონებას, ძალიან ცუდი ფაქტია. აქამდე არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ყოველგვარი უბდურების სათავე არიან, მაგრამ სინამდვილეში მათი წილი წართმეული ქონების სტატისტიკაში ძალიან ცოტაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც გამოქვეყნდა, არ არის სრული სურათი, რადგან ძალიან ბევრი საქმე წარმოებაშია, განხილვის პროცესში. აქ არ არის კერძო მევახშეების მიერ წართმეული ქონებაც, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი უნდა იყოს," - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბერძენაძე.

"არასწორი მიდგომაა, როდესაც ხდება უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და შემდეგ ბანკის მიერ მისი გასხვისება. კლასიკური პროცედურა არის შემდეგი: როდესაც ბანკი იღებს იპოთეკაში ქონებას, სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია, დადგენილი პერიოდის შედეგ უძრავი ქონება გასხვისდეს საბაზრო ფასში. გაყიდვიდან შემოსული თანხა მიემართება სასესხო დავალიანების დასაფარად და რაც რჩება, მსესხებელს უბრუნდება. ჩვენთან ასე არ ხდება. ბანკი არ უნდა დაემსგავსოს უძრავი ქონების სააგენტოს, რაც საქართველოში რეალობაა. ერთ დღესაც ბანკებს რაღაც პრობლემა რომ შეექმნათ, მათ მიერ დაგროვებული ქონება უძრავი ქონების ბაზარს ააყირავებს... ყველა ბანკს აქვს ერთი და იგივე პირობები, რაც კარტელური გარიგების ეჭვს ტოვებს. მსესხებელი ვალდებულია, ჩადოს ქონება იმაზე გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე ის რეალურად ღირს. ეს არის ბანკების დომინირების შედეგი და ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესს ხელს უშლის. "ქართუ" ბანკის ამ სიაში მოხვედრა არ არის გასაკვირი, რადგან მას აქვს საკმაოდ დიდი კაპიტალი და გასცემდა სესხებს ზუსტად იგივე კაბალური პირობებით, როგორც სხვა ბანკები. ეს ორგანიზაცია რადგან დაკავებული იყო იურიდიული პირების დაკრედიტებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სესხს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ მოემსახურა და ბანკმა სწორედ მათი ქონება მიისაკუთრა. მსხვილ ბიზნესს სესხის მომსახურება არ უჭირს. დარგისთვის კი, რაზეც ქვეყნის განვითარება უნდა იდგეს (მცირე და საშუალო ბიზნესი) დაკრედიტების ისეთი სისტემაა, რაც განვითარების საშუალებას არ აძლევს, დამანგრეველია. რასაც სხვა ბანკები აკეთებენ, "ქართუც" იმეორებს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხომიზურაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა კანდიდატად თავისი ხის ტოტიც რომ დაყენოს, მაინც ის გაიმარჯვებს"

"ეს არჩევნები გადამწყვეტ ბრძოლად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ არც მმართველი პარტიაა დიდად დაინტერესებული. ჯერჯერობით "ოცნება" აკვირდება მოვლენებს, რადგან კიდევ აქვს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რა ფორმით ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში. პირადად მე თეორიულადაც ვერ დავუშვებ, რომ სრულიად გამოეყოფა საარჩევნო კამპანიას პოლიტიკური თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. სალომე ზურაბიშვილი ძალიან სუსტი კანდიდატია და მისი ყოველი განცხადება ლამის სკანდალის მიზეზი ხდება. ამიტომ გადაჭრით თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ძნელია, შეიძლება გამოჩნდეს სხვა კანდიდატი, რომელიც "ოცნებისთვის" სრულიად მისაღები იქნება და გამარჯვება გარანტირებული ექნება სახელისუფლებო რესურსისა და იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხარჯზე. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხეც რომ დააყენოს კანდიდატად - ხე კი არა ხის ტოტი, მაინც ის გაიმარჯვებს და მათი პრეზიდენტი გახდება. ეს იქნება "ოცნების" ციკლის დასასრული - მოახდინოს საკუთარი ძალების კონსოლიდაცია", - აცხადებს მწერალი და პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილმა კანდიდატად თავისი ხის ტოტიც რომ დაყენოს, მაინც ის გაიმარჯვებს"

"ბიძინა ივანიშვილს პარტიის დაშლა არ სჭირდება - ყველა ხედავს, რომ "ქართული ოცნება" პოპულარული და კომპეტენტური არ არის, თუმცა უალტერნატივოა, რადგან ქვე-ყანაში არ არის ოპოზიციური ძალა, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებას შეცვლის. ამაზე ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლიდან იზრუნა, ასეთი ძალა რომ მოსპობილიყო, რაშიც ხელი "ნაცმოძრაობამ" შეუწყო. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება რაღაც პროცესები დაიწყოს და სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნას. რაც შეეხება ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის შანსებს, "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ერთი ელექტორატი ჰყავს, დაახლოებით 400 ათასი ამომრჩეველი და სავარაუდოდ ეს ხმებიც გაიყოფა. მათთვის შეიძლება ისიც საკმარისი იყოს, მეორე ტურში ვინ იქნება პირველი, მაგრამ მოგების შანსი ნამდვილად არ აქვთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - "დამოუკიდებელ კანდიდატებს, თუნდაც სალომე ზურაბიშვილს ან დავით უსუფაშვილს? ამბობენ, რომ შეიძლება ბოლო მომენტში მარგველაშვილმაც მეორედ იყაროს კენჭი?" - პასუხობს:

"ოცნების" მხარდაჭერის გარეშე სალომე ზურაბიშვილს გაუჭირდება გამარჯვების მოპოვება. დავით უსუფაშვილის გამარჯვების შანსებს ოპტიმისტურად არ ვუყურებ, მას შეიძლება მხარი დაუჭიროს ამომრჩეველმა იმიტომ, რომ კვალიფიციური კადრი უნდა პრე-ზიდენტად, მაგრამ ეს უმნიშვნელო პროცენტი იქნება. მარგველაშვილს კი პოლიტიკიდან ისე უნდა წავიდეს, რომ არავის დაუპირისპირდეს, ამის მაგალითი იყო ის, რომ არ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარედგინა, ამით ვერც "ოცნების" გული მოიგო და არასამთავრობო სექტორიც გაანაწყენა".

შამბამ მზაკვრული განცხადება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობის შესაშინებლადაა განკუთვნილი

"აფხაზეთში ბოლო დროს სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. მოსახლეობა და ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას უპირისპირდება. დაპირისპირებაა თავად სოხუმის მთავრობაშიც. რაულ ხაჯიმბას საკუთარი მინისტრებიც კი აუმხედრდნენ. არსებულ სიტუაციას კი ყოფილი დე ფაქტო პრემიერის სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადებაც ცხადყოფს. მის თქმით, ვითარება თუ არ გამოსწორდა, აფხაზები მუხლებზე სთხოვენ საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღებას. შამბას თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებმაც მართვა არ იციან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "შამბას პირადად რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ამ განცხადებას საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს".

"შამბას თქმით, არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. პოლიტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ახლა აფხაზეთში საკმაოდ მძიმე, კრიზისული სიტუაციაა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. მძიმეა კრიმინოგენული მდგომარეობა და აფხაზეთში ყველაფერს კლანური დაჯგუფებები განაგებენ. რუსეთი აფხაზეთისთვის ფულადი ტრანშების ჩარიცხვას აგვიანებს, რაც შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომაც, მისი აზრით, შამბას განცხადება გაფრთხილებას უფრო ჰგავდა, რომელიც მოსახლეობის შესაშინებლად არის გამიზნული... აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე კი მიიჩნევს, რომ სერგეი შამბას განცხადებები რუსეთის თამაშს ემსახურება და ეს პიროვნება ყველაფერს მხოლოდ კრემლის საამებლად აკეთებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შამბას რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდეს. აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, შამბა ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს და ეს არის არა საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება, არამედ მოსახლეობის შესაშინებლად გაკეთებული ფანდი. თუმცა კიკნაძე არც იმას გამორიცხავს, რომ რუსების იმედგაცრუების შემდეგ, აფხაზების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ საქართველოსთან უკეთესად იქნებოდნენ. კიკნაძის აზრით, შამბა ამ განწყობებს ხვდება და არ არის გამორიცხული, რომ რუსებსაც აფრთხილებდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"რამდენიმე დღეა, რაც ფსოუს საზღვარზე კონტროლი გაუგებარი მიზეზების გამო საკმაოდ გამკაცრებულია. განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინც შედის მათი კონტროლი მაქსიმალურად ხდება. ამ წუთშიც უზარმაზარი რიგებია, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია ხელს უშლის. ამ ყველაფრის ფონზე კი აფხაზების უკმაყოფილება როგორც რუსების ასევე ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მიმართ იზრდება. ამასთან ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის დღე ისე ვერ აღნიშნეს, როგორც წარმოდგენა ჰქონდათ. ალბათ ბოლო წვეთი ე.წ. ვიცე-პრემიერ ვიტალი გაბნიას რესტორანში ცემის ფაქტი გახდა. წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაა, რომ ე.წ. ვიცე-პრემიერსაც კი არ იცავს სამართალდამცავი სტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას ვინ დაიცავს? ეს ყველაფერი კი ოპოზიციის ყულაბაში ილექება. შამბას განცხადებაც ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ. ვითომ ის განგაშის ზარებს რეკს, რომ არიქა, ისე გაგვიხდება საქმე, შესაძლოა საქართველოს და რუსეთს დაჩოქილები მათ შემადგენლობაში შესვლას ვთხოვდეთ. შამბას განცხადება ორვექტორიანია, ერთი რუსეთისთვის არის მიძღვნილი და მეორე მოსახლეობის შესაშინებლად გაკეთებული. ეს საქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილი ნაკლებადაა. შესაბამისად, დიდი ილუზიები არ უნდა შევქმნათ. უბრალოდ აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის აუცილებელია რესურსი და ტვინი. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს რამდენად გამოიყენებს, ეს უკვე სხვა საკითხია", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"აფხაზეთში კრიმინალი და კორუფციაა გამეფებული. ამ ყველაფერს კი აფხაზებსა და სომხებს შორის არსებული დაპირისპირება ემატება. რუსეთი კი სიტუაციას შორიდან აკვირდება და ორივე მხარეს დგას. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ე.წ. ხელისუფლებაში ვინ იქნება, ე.წ. მთავრობის გაკონტროლებას კრემლი მაინც ყოველთვის შეძლებს. მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, რუსები შეეცდებიან, რომ ხაჯიმბამ ე.წ. საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე ამოწუროს. თუმცა ვხედავთ, რომ შამბა ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტიურობს. ამ ადამიანს პირადად რომ არ ვიცნობდე და მისი ფსიქოპორტრეტი არ ვიცოდე, ვიფიქრებდი, რომ ამ განცხადებას საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის. ის ყველაფერს მხოლოდ კრემლის საამებლად აკეთებს. ეს უბრალოდ მოსახლეობის შესაშინებლად განაცხადა - ანუ მათ ამით ემუქრება, რომ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა საქართველოსთვისაც კი შესახვეწი გაგვიხდესო. თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ აფხაზები თუ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან, ისინი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აირჩევენ - ეს არის მზაკვრული და შორს მიმავალი განცხადება, რომლის უკანაც უფრო დიდი მიზნები დგას, მაგრამ ეს არ არის საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ლევან კიკნაძე.