შიდა ქართლის გუბერნატორი - ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს

ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევენ.
,,ცეცხლის ლოკალიზებისთვის შესაბამისი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. იმის მიუხედავად, რომ ხანძრის კერა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, მაინც მოხერხდა და ამ დროისთვის, 10 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და შესაბამისი ჯგუფები უკვე შემთხვევის ადგილზეა და ცეცხლის ლოკალიზებისთვის ინტენსიურად გრძელდება ღონისძიებები, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობს ართულებს ქარიანი ამინდიც.
სპეცტექნიკის გარდა, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი. შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურს დახმარებას უწევენ მეზობელი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიც.
რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას, ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს, ასევე, ცეცხლი არ გავრცელებულა ტყის მასივის სხვა ფართობებზე“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა, ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვან ტყეში, დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე.
ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი ფუნქციონირებას აგრძელებს.

























