წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა აქციას მართავს და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების მუჟავასა და ჭალეს მოსახლეობა გზისა და ხიდების რეაბილიტაციას ითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქცია მუჟავაში დღეს გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ.
"წლების განმავლობაში პრობლემად რჩება გზების და ხიდების საკითხი. ვითხოვთ ასფალტის საფარის დაგებას. თუ ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს დღეებში არ დაიწყებენ, არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა. მოწერელიას თქმით, მოსახლეობის ყველა პრობლემას ჩაინიშნავს და მათ მოგვარებას უახლოეს მომავალში ეცდება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება.

























