აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორო კვარტლის შესრულება მიმოიხილა.

სხდომაზე, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები - ბაგრატ მანველიძე და თეონა ბერიძე ესწრებოდნენ, მინისტრმა ბიუჯეტის შესრულების ძირითადი პარამეტრები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ორი კვარტლის შემოსულობების გეგმა 116 350,0 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 142 810,7 ათასი ლარი ანუ 122,7% შეადგინა. 123,6 %-ით შესრულდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,6 %-ით მეტია. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, შემოსავლების ზრდა, ძირითადად, გადასახადებმა განაპირობა.

სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.