ხაშურში, ხანძრის ადგილზე შალვა ხუციშვილი ჩავა

ხაშურში, სადაც ტყის ხანძარის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი ჩავა. შალვა ხუციშვილი ხაშურში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ცედანთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა.
„ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, - აცხადებენ უწყებაში.
ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.
ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი, თუმცა აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

























