უახლოეს დღეებში კიდევ 5-10 თეთრით გაიზრდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.
მან აღნიშნულის მიზეზებზე ისაუბრა. მთვრალაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ნავთობის ფასი დინამიურად იზრდება. ~წლის დასაწყისში ნავთობის ფასი მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე შეადგენდა 92-94 დოლარს/ბარელზე, დღეისათვის კი ის 132-138 დოლარის ფარგლებში მერყეობს~, - აცხადებს ექსპერტი.
მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდამ პარალელურად გამოიწვია ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდა, რომლითაც საქართველოში ხორციელდება ნავთობპროდუქტების იმპორტი. ~ბენზინი წლის დასაწყისიდან საშუალოდ გაძვირებულია 290-310 დოლარით/ტონაზე, ანუ 40%-ით~, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, მისი ფასი იანვრის თვის დასაწყისში შეადგენდა 820-840 დოლარს/ტონაზე, დღეს კი - 1265 დოლარს/ტონაზე.
~საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდასთან. საცალო ბაზარზე საწვავის შედარებით დაბალი ფასის შენარჩუნება მოხდა იმის ხარჯზე, რომ საქართველოს სანავთობო ბაზარზე არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო, კომპანიები თავიანთი მოგების შემცირების ხარჯზე უცვლელს ტოვებდნენ საწვავის ფასს, ასევე იყო საწვავის მარაგების საკმაო ოდენობა, რომელიც ადრე, დაბალი ფასის დროს იყო შემოტანილი~, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასი ბოლო 2 დღის განმავლობაში შემდეგნაირად გაიზარდა: ბენზინის საწვავის ფასი მომატებულია საშუალოდ 5 თეთრით, დიზელის საწვავის კი 10 თეთრით.
კერძოდ, დღეისათვის საქართველოს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში ფიქსირდება შემდეგი ფასები: თურქმენული და აზერბაიჯანული წარმოშობის დიზელის საწვავის ფასი შეადგენს 1,75-1,85 ლარს, ხოლო ევრო დიზელის ფასი - 2.10 ლარს.
რაც შეეხება ბენზინის საცალო ფასს, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბენზინის ფასი 1.65-1.70 ლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მასზე მაღალია ევროპიდან იმპორტირებული საწვავის ფასი: ევრო რეგულარი - 1.80 ლარი, პრემიუმი - 1.90 ლარი, სუპერი - 2 ლარი.