ქვემო ქართლის გუბერნატორმა მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გამართა

 ქვემო ქართლის გუბერნატორმა მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გამართა

ქვემო ქართლის ახალმა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გამართა. საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მხარის გუბერნატორს. ასევე საუბარი შეეხო დროში გაწელილ პროექტებს, რომლებზეც ტენდერები 2017 წელს ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

სხდომას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც ესწრებოდა. მისი განცახდებით, პროექტების დასრულება, უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის კეთილსინდისიერებაზე.

„ინფარსტრუქტურული პროექტები დეტალურად მიმოვიხილეთ. ამ საკითხებში გვერდში დგომა და ამ პროცედურებთან ერთად გამკლავება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის პრიორიტეტები, რომელიც დასახულია, უნდა ვეცადოთ, რომ 2018 წლის ბოლომდე დავასრულოთ და არ მოხდეს პროექტის გამრავალწლიანება, თუმცა ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, დამოკიდებულია ტენდერში მონაწილე კომპანიების კეთილსინდისიერებაზე და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე, რაზეც მათ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ტენდერის პირობებიდან გამომდინარე აქვთ აღებული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით ზოგადად კმაყოფილია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ძალიან მალე უნდა გამოსწორდეს, ეს ეხება როგორც სამუშაოების შესრულების ვადებს, ასევე ხარისხსაც.

„კიდევ ერთხელ შევჯერდით თემებზე, რომელიც არის მოსაგვარებელი და გასააქტიურებელი, გავიარეთ საკასო შესრულებები. ზოგადად კმაყოფილი ვარ, თუმცა არის ვადებშიც და ხარისხშიც გარკვეული შეფერხებები და ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.