ქართული პრესის მიმოხილვა 01.09.2018
"არჩევნებზე ივანიშვილისგან სიურპრიზს უნდა ველოდოთ" - გოჩა მირცხულავა
ახალგორში ქართული ენა აკრძალეს - ქართულად ლაპარაკი საბავშვო ბაღებშიც არ შეიძლება
* * *
"არჩევნებზე ივანიშვილისგან სიურპრიზს უნდა ველოდოთ" - გოჩა მირცხულავა
"ქართული ოცნების" სპიკერებისგან ვისმენთ ერთსა და იმავე განცხადებებს, რომ დაელოდებიან 8 სექტემბერს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ადრე თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, ამ დროისთვის შესაძლოა ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატი შეარჩიოს და რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატი მშრალზე დატოვოს. ნებისმიერ მოცემულობაში ქართველი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ იცოდეს ვის დაუჭერს მხარს მმართველი პარტია. ის, რასაც ოცნების სპიკერები აკეთებენ, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ეშმაკობა - თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ არავის უჭერენ მხარს. მეეჭვება, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ იყოს", - აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება სულ სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი" / გოჩა მირცხულავა: "ივანიშვილისგან სიურპრიზს უნდა ველოდოთ"
"ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას 8 სექტემბრის მერე ივანიშვილთან ექნება კონსულტაციები. "ოცნების" ლიდერებს მოეწონათ ხალხის გაბრიყვება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე... საკრალურ 8 სექტემბრამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ამ ერთ კვირაში რაღაც განცხადებას გააკეთებენ, მაგრამ წინასწარ გეტყვით, ეს არ იქნება ახალი სიტყვა დემოკრატიაში... "ოცნება" გვეუბნება, რომ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, სრულად აკონტროლებენ თვითმმართველობებს და ამიტომ ამბობენ უარს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე - ეს პარტიული განვითარებისთვის ნონსენსია. მართალია, განცხადებას ასეთს აკეთებენ, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ პარტიის ცენტრალური შტაბი, რეგიონული ორგანიზაციები, კოორდინატორები აქტიურად მუშაობენ. აშკარაა, რომ მმართველი პარტია მხარს უჭერს ვიღაცას. ეს ვიღაცა მისი კანდიდატია, და არა დამოუკიდებელი. მაღალი დემოკრეატიული ხარისხით შეფუთული სიცრუის ჩვენ არ გვჯერა და დასავლელი პარტნიორები დაიჯერებენ ამას? ეს დემოკრატიის ნებისმიერი ნორმის დამახინჯებაა, უფრო სწორად - დემოკრატიული პროცესის შეურაცხყოფა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა მირცხულავა.
"მმართველმა პარტიამ თავი უნდა დაანებოს კობახიძის ჭკუაზე სიარულს და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს. თუ "ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, მაშინ მათ საკუთარ მხარდამჭერებს თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მისცენ და თუ საქმე მეორე ტურამდე მივიდა, მაშინ დააფიქსირონ რომელიმე კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა. სააკაშვილი შეიძლება ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ მან ერთი პოზიტიური ნაბიჯი მაინც გადადგა - 2012 წლის 1 ოქტომბერს აღიარა დამარცხება და ოპოზიციაში გადავიდა. ეს იყო დემოკრატიული სტანდარტის გაუმჯობესება. "ოცნებაც" ამ გზით უნდა წავიდეს - უნდა გააუმჯობესოს დემოკრატიული სტანდარტი... ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა მოატყუოს ხალხი და დასავლეთი. ამით იმის დამტკიცება უნდათ, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა არ არსებობს - პარტიის ლიდერები მიეჩვივნენ, რომ მათთვის სასურველი რეალობად წარმოაჩინონ. ჰგონიათ, რომ მათი მოსაზრებები ერთი ერთში ემთხვევა ივანიშვილის მოსაზრებებს. რაც ასე ნამდვილად არ არის... წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ის თავის თანაპარტიელებს აკვირდება. ის პროცესებსაც აკვირდება. საინტერესო რამ ხდება დამოუკიდებელი კანდიდატის გარშემოც, ვის მხარდაჭერასაც "ოცნება" აპირებს" - ამ ადამიანმა დაიწყო უკვე წინადადებებისა და აზრების დასრულება - ეტყობა, მას ვინმე გონიერმა უთხრა, რომ სხვანაირად უნდა მოიქცეს...", - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - "ივანიშვილი პროცესს აკვირდებაო და მისგან რამე სიურპრიზს ხომ არ უნდა ველოდოთ?" - პასუხობს:
"არაა გამორიცხული. არის დათქმა, რომ 8 სექტემბერს მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ დროისთვის პარტიის ლიდერი კონსულტაციებს გაივლის, გააკეთებს ანალიზს და შესაძლოა სულ სხვა კანდიდატურას დაუჭიროს მხარი და არა იმას, ვისაც ახლა "ოცნება" ლობირებს".
ახალგორში ქართული ენა აკრძალეს - ქართულად ლაპარაკი საბავშვო ბაღებშიც არ შეიძლება
"ახალგორის რაიონში, რომელსაც ოსები ოკუპაციის შემდეგ ლენინგორად მოიხსენიებენ, ქართულად ლაპარაკი აიკრძალა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს საბაშვო ბაღის აღსაზრდელებსაც კი უკრძალავენ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიმკაცრე ახალგორის ახალ საბაშვო ბაღშია - ეს ბაღი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. მის გახსნას ცხინვალის რეგიონის მოქმედი "მამა" ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. ახალ საბავშვო ბაღს ახალი დირექტორის დაუნიშნეს. ალა გუსოევა ეტყობა ქართველებზე ძალიან არის აღრენილი, რადგან სწორედ მან აუკრძალა ბავშვებს ქართულ ენაზე ლაპარაკი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ახალგორში ქართული ენა აკრძალეს / ქართულად ლაპარაკი საბავშვო ბაღებშიც არ შეიძლება.
"ქართული ენის მოძულე ქალი სოფელ წინაგარის მკვიდრი გახლავთ და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქვს დამთავრებული. სამუშაოს დაწყებისთანავე მან ქართულად ლაპარაკი აკრძალა - ბავშვებს ქართულად ვერც მასწავლებელი დაელაპარაკება, ვერც გადია. არც პატარა ბავშვებს აქვთ ერთმანეთში ქართულად ლაპარაკის უფლება. გამოცემა "ეხო კავკაზას" ცნობით, ამ ბაღში ქართველების გარდა ოსი ბავშვებიც სწავლობენ. აკრძალვის მიუხედავად, ეტყობა, ამ ბაღში ქართული ენა მანც სათანადო დონეზე დგას. ქართველებთან თამაშისას ოსი ბავშვები ქართულს სწავლობენ და ზოგჯერ ოსურად საუბრისას წაუქართულებენ კიდევაც, რასაც დირექტორი ჭკუიდან გადაჰყავს. ეს ქალი ბავშვების მშობლებსაც ეჩხუბება და ოს მშობლებს აბრალებს, რომ ისინი სახლში ქართულად საუბრობენ. ახალგორელები ახალ დირექტორს სხვა მიზეზების გამოც უჩივიან - ამბობენ, რომ მას პედაგოგიური გამოცდილება არა აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.
"საინტერესოა, რომ ქართული ენის აკრძალვის გამო უკმაყოფილებას ოსი მშობლებიც გამოთქვამენ. ერთ-ერთმა ოსმა ქალმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვის ქართულად ლაპარაკის გამო მას პირადად დირექტორმა მისცა შენიშვნა. ეს ქალი ფიქრობს, რომ ბაღში მისი შვილი გამოთათხეს, რადგან ბაღში წასვლა აღარ უნდა... ახალგორში ქართულ ენას უკვე კარგა ხანია ებრძვიან, მაგრამ საბავშვო ბაღებში აკრძალვები არასდროს ყოფილა. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ აკრძალვაზე ბევრი სმენია - მის თქმით, ეს აკრძალვა, სავარაუდოდ, ამ დირექტორის ინიციატივაა - "ქართულ ენაზე საუბრის აკრძალვა არაკონსტიტუციურია. სამხრეთ ოსეთის "კონსტიტუციის" მიხედვით, ყველას აქვს საკუთარ ენაზე საუბრის უფლება... ხშირად მიწევს ოს მინისტრებთან და დეპუტატებთან საუბარი და როცა გაიგებენ, რომ ქართველი ვარ, ქართულად იწყებენ საუბარს" - აღნიშნავს მეარაყიშვილი. იმედი ვიქონიოთ, ქალბატონ ალას ვინმე აუხსნის, რომ ქართული ენის აკრძალვა, მისივე საყვარელი ოსური კონსტიტუციითვე, არაკონსტიტუციურია ", - დასძენს გამოცემა.

























