შიდა ქართლის გუბერნატორი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

შიდა ქართლის გუბერნატორი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში დღეს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა პირები დაესწრნენ.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნების რეჟისორ-ანიმატორები. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ანიმაციის ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონოხელოვნებაში მოღვაწე ცნობილი ადამიანები სემინარებს და ოსტატობის გაკვეთილებსაც ჩაუტარებენ.

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება რეგიონისთვის ფესტივალის განსაკუთრებული მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია სრულიად რეგიონისთვის, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ადგილზე აქვთ საშუალება საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთონ, რაც თავის მხრივ, პასუხია იმ მავთულხლართების მიმართ, რომელიც ნიქოზიდან სულ რამდენიმე ნაბიჯშია,“ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღესვე, ფესტივალის პირველ დღეს, სიმბოლურად, აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმის "ნიქოზი" ჩვენებაც გაიმართა. ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი წელს მერვედ იმართება.

ღონისძიებების კვირეული 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.