130 წლისთავს ბათუმი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით შეხვდა

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს ბათუმი სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებით შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ქალაქი და მასთან დაკავშირებული ისტორიები გაცოცხლდა.
„მინდა მივულოცო ბათუმობის დღესასწაული ბათუმს, მთელ აჭარას. ეს არის ძალიან ლამაზი დღე. გაცოცხლებულია ის ისტორიები, რომლებიც ჩვენს ქალაქს უკავშირდება. განსაკუთრებით მსიამოვნებს აქ არსებული განწყობა და ბავშვების ჟრიამული. ვულოცავ ყველას, პატარებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ქალაქის მთავარ დღესასწაულს ოჯახთან ერთად ესწრებოდა.
წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული სანახაობები, თემატური კუთხეები, ასევე ხელნაკეთი ნივთების და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა. მთავრობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ბათუმობის“ ღონისძიებებს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძველ ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე ბათუმელებთან ერთად ქალაქის სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა.
"ბათუმობა 2018" პიაცაზე გალა-კონცერტით დასრულდება.

























