ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2018

რამაზ საყვარელიძე - "ახალი ოპოზიცია "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს"
შავ ზღვაში დიდ ცვლილებებს ელიან - აშშ-მა "ცივი ომის" დროს შექმნილი მეორე ფლოტი აღადგინა
ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი - "კრემლში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკური წარმატების ეშინიათ"
* * *
რამაზ საყვარელიძე - "ახალი ოპოზიცია "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს"
"მარგველაშვილმა მშვენივრად იცის, რომ "ქართული ოცნების" თუ მის მხარდაჭერილ კანდიდატთან გამარჯვების შანსი არ ექნებოდა - მას გამარჯვების შანსი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის სრული რესურსი არ ამუშავდებოდა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ... დარჩება თუ არა ის პოლიტიკაში, არ ვიცი. დასანანი იქნება, თუ ქართულმა პოლიტიკამ მარგველაშვილი დაკარგა. ის არის თითქმის ყოველთვის სწორი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, კარგი ორატორი, ძალიან პატიოსანი ადამიანი - ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდაც კი... ჩემთვის "ოცნების" მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გაუგებარია. მათ ათასჯერ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ ეყოლებათ კანდიდატი. რჩება ორი შესაძლებლობა: ისინი ან მხარს უჭერენ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ არ მონაწილეობენ ამ პროცესში. ორივე შემთხვევაში მათ ხელს აძლევდათ მარგველაშვილის მონაწილეობა - მათი მხარდაჭერილი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებდა, მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში კი, ვფიქრობ, ის დაამარცხებდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის კანდიდატებს" - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ახალი ოპოზიცია "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს" / "ერთადერთი ადამიანი, ვისაც წინასაარჩევნოდ პიარი არ დასჭირდება, ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. აი, ამიტომაც "ქართული ოცნება" იძულებულია, სალომე ზურაბიშვილი მიიყვანოს პრეზიდენტობამდე".
"მარგველაშვილი აშკარად უკეთესი პოლიტიკური ორიენტაციის ფიგურაა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფის კანდიდატები. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის, ქვეყანაც კი დაანგრიოს, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და თავისი ლიდერი დაიბრუნოს... სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ გამოაცხადა მარგველაშვილი "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მტრად. მას პრობლემა არ შეუქმნია მათთვის, არადა, შეეძლო. თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მარგველაშვილს შეეძლო "ქართული ოცნების" პოზიციების შერყევა, თუმცა ეს არ მოინდომა, მეტიც - მას საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს დაუმცირებია და დაუზარალებია ამჟამინდელი ხელისუფლება. უხერხულობას უქმნიდა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით და ვეტოთი, თუმცა ამ ვეტოს დაძლევა მათ არასდროს გასჭირვებიათ. "ქართულ ოცნებაში" კი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მასთან დაპირისპირებით ცდილობდა ძალის მოსინჯვას, თუმცა - რაღაც პრობლემა შეგვიქმნა და ამიტომ ვებრძვით მარგველაშვილსო, მათაც არ უთქვამთ..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ჩემი აზრით, მარგველაშვილი საპრეზიდენტო მმართველობის დროს ისე იქცეოდა, როგორც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ და არ ითვლიდა, ამ ნაბიჯს მისთვის რა მოჰყვებოდა. მიიჩნევდა, რომ ვეტო უნდა დაედო - აკეთებდა ამას, თუმცა იმას აღარ დაგიდევდათ, ამ ვეტოს ადვილად რომ დასძლევდა უმრავლესობა, რითაც პრეზიდენტის რეიტინგი ზარალდებოდა. ამბობდა, საჭიროა ერთიანობაო და მიაჩნდა, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ გაერთიანება მოწოდებებით არ ხდება. გაერთიანება ძლიერი ლიდერის გავლენით შეიძლება. ასეთი ლიდერობა თუ არ აიღე შენს თავზე, ვერავის გაერთიანებას ვერ მოახერხებ. მარგველაშვილს ამის შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ შეძლო ან არ მოინდომა. და არ მოინდომა, ისევ საკუთარი პრინციპის გამო, რადგან როგორც სტუდენტებთან მისი საუბრით გამოჩნდა, ის მიიჩნევს, რომ ამის ინიციატორი და ავტორი ხალხი უნდა იყოს, ანუ მიიჩნევს, რომ ერთი კაცის ლიდერობა არასწორია, არადა, ეს ბუნებრივი პროცესია. ის ვერ ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ფიგურად, რომ ხელმეორე არჩევნებში მოგება გარანტირებული ჰქონოდა. ერთხელ ვთქვი თქვენს გამოცემასთან და გავიმეორებ - ამ ეტაპზე ის უფრო ფილოსოფოსია, თუმცა აქვს ძალიან კარგი საფუძველი, რომ იქცეს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად, თუკი ამას მოინდომებს", - მიიჩნევს ექსპერტი.
"არა მგონია, მმართველმა ძალამ საერთოდ არ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ამის შემდეგ მათთვის არასასურველი მოვლენები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ, დავუშვათ, გრიგოლ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი... როგორი პრეზიდენტი იქნება, ეს სხვაა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მას შეეძლება მოქალაქეობის, შეწყალების საკითხების გადაწყვეტა და საგარეო ურთიერთობებზე გავლენის მოხდენა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ვაშაძე საგარეო ურთიერთობებში ამ ხელისუფლების მაგინებელი იქნება? შეწყალებით კი ვის შეიწყალებს, მგონი, აშკარაა და მოქალაქეობას ვის დაუბრუნებს, ესეც ცხადია. სამივე მიმართულება დიდ პრობლემად ექცევა "ქართულ ოცნებას". არ ვიცი, ეს სურთ მათ? ჩემი აზრით, არა, რადგან ეს იქნება მათი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. ჩვენს ჩამონათვალში მეოთხე და ყველაზე უარესი იქნება ის, რომ თუკი "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო სკამი დაკარგა, მოსახლეობას გაუჩნდება განწყობა - ამათ ამის უნარიც არ ჰქონიათო... არადა, "ქართულ ოცნებას" ხომ ყველაზე მეტად უნარიანობის პრობლემა უდგას! სააკაშვილის რეიტინგი თუ დაბალი იყო, ეს გამოწვეული იყო ძალაუფლების გადამეტებითა და უსამართლობის დაკანონებით, თუმცა მასზე არასდროს არავის უთქვამს, უნიათოაო... თუ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო პორტფელი დაკარგა, ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის მას საპარლამენტო არჩევნების დროს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩემთვის გაუგებარია ზურაბიშვილზე გულის აცრუებაც. ის დიდი ხანია პოლიტიკაშია და როდესაც მისი მხარდაჭერა გადაწყვიტეს, მისი ხასიათი, ალბათ, უნდა გაეთვალისწინებინათ. ის არ არის რბილი და დამყოლი ხასიათის ადამიანი, პირიქით, ამბიციური და ჯიუტი პოლიტიკოსია. ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, როცა მის მხარდაჭერაზე დაიწყეს მსჯელობა, ახლა კი მოახერხეს და ჩიხში შევიდნენ. მათთვის უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება იქნება საკუთარი კანდიდატის დასახელებაც და განზე გადგომაც... ვფიქრობ, კანდიდატს ვეღარ დაასახელებენ. ჯერ ერთი, იმდენი იძახეს, არ დავასახელებთო, უკვე სასაცილო იქნება, თუ დაასახელეს; მეორეც, ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ან შერჩევა მოასწრონ, ან მისი საზოგადოებისთვის წარდგენა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც წინასაარჩევნოდ პიარი არ დასჭირდება, ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. აი, ამიტომაც "ქართული ოცნება" იძულებულია, სალომე ზურაბიშვილი მიიყვანოს პრეზიდენტობამდე", - დაასკვნის რამაზ საყვარეკიძე.
"პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა არის სამი ვეშაპი, რომლებზეც უნდა იდგეს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა და რაც ჩვენთან ასე შერყეულია. შესაბამისად, სამივეს ერთდროულად, ერთი სტილით დარეგულირების გარეშე შეუძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით სავალალოა ვითარება სასამართლო სისტემაში, რომლის ტვირთსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო და თანამდებობიდან გაიქცა... სამართალდამცველებისადმი ქვეყანაში სრული უნდობლობა ყალიბდება, რასაც თვითონვე უწყობენ ხელს. გავიხსენოთ, ანალოგიური პრობლემა დიდი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა, როცა მაფია გამეფდა ყველგან, ყველა სტრუქტურაში, თუმცა დიდი ბრძოლით ამის დაძლევა მოხერხდა და დღეს იქ თავში აზრად არავის მოუვა, მოსამართლის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს. ვფიქრობ, ამ ქვეყნის გამოცდილება საგულისხმოა. რუზველტს მოუწია ამ პროცესის წარმართვამ სიმართლისმოყვარე ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად. ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, მაგრამ მთავარი იყო, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება, საზოგადოებამ კი ეს დაინახა, ირწმუნა, რომ ეს ადამიანები მართლაც სიმართლისთვის იბრძოდნენ და მათ მხარეს დადგა. ეს პოლიტიკური ნება ჯერჯერობით "ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა, ამიტომაც საზოგადოებას მის მიმართ ნდობა ნელ-ნელა უქრება", - განმარტავს ექსპერტი.
"იუსტიციის საბჭოსადმი, რომელმაც უნდა შეარჩიოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, საზოგადოებას ნდობის ნატამალი არ გააჩნია. ეს არის სავალალო ვითარება. მთელი მართლმსაჯულების სისტემა, მისი გადაწყვეტილებები მუდმივად საეჭვოა, რაც უპირველესად ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზარალებს. არსებობს მოსაზრება, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლოს გაკონტროლებით "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ აკონტროლებს კი მმართველი ძალა იმ მახინჯ სისტემას, რომელიც, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ძალოვან სტრუქტურებშია ჩაბუდებული? ან სჭირდება კი "ქართულ ოცნებას" ძალაუფლებაზე ზრუნვისთვის მეტისმეტი ძალისხმევა? ის თუ არა, მაშ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში? "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის კვლავაც მიუღებელია?! ეს შესანიშნავად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომაც ყველა არჩევნების წინ გამუდმებით ასე სვამდნენ საკითხს: ჩვენ თუ არ დაგვიჭერთ მხარს, "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს! ამ არჩევნებში ეს ჯერ არ დასჭირვებიათ..." - თვლის რესპონდენტი.
"თუ გამოჩნდა რეალური მესამე ძალა, რომლის კონტურებიც კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს, მაშინ მართლაც შეექმნება პრობლემა "ქართულ ოცნებას", რომელსაც მხარდამჭერები კი არ ჰყავს, არამედ მისი ამომრჩევლის უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა", თავისი განაყოფით, არ დაენახვება თვალით. საიდან შეიძლება გამოჩნდეს ეს მესამე ძალა - ახალი ოპოზიცია? ისევ და ისევ "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს, რაც ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ამგვარი პროცესის დასაწყისი ჯერ არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც რჩება ამ პარტიის გამაერთიანებლად", - დასძენს საყვარელიძე და შეკითხვაზე - "ჩვენი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა კრიმინალური შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა. მართალია, ითქვა, რომ ეს, გარკვეულწილად, დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლით არის განპირობებული, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ, ყოველდღიურად რამდენი დანაშაული ხდება...", - პასუხობს:
"რადგან აღიარეს პრობლემა და გამოაქვეყნეს სტატისტიკა, იმედი მაქვს, ღონისძიებებსაც გაატარებენ, მაგრამ არ ველი, რომ მაინცდამაინც ჭკვიანურ ნაბიჯებს გადადგამენ. ამ პრობლემაზე დასმულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ, მაგრამ არა მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის ჩინოსნის განცხადებით, არამედ უნდა დაუკვეთოს გამოკვლევები სპეციალისტებს, რომლებიც გაარკვევენ, რით არის ეს გამოწვეული. თუ ასეთი გამოკვლევები არ იქნება, სწორი დიაგნოზი თუ არ დაისმება, ჭირის მკურნალობა ძალიან გაჭირდება. როგორც მედიცინაში, აქაც დიაგნოსტიკა უფრო რთულია, ვიდრე რეპრესიული ღონისძიებების გატარება. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ. სულ ახლახან იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს საქართველოს მოქალაქეებმა! კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა! სააკაშვილის დროს ტარდებოდა გაცილებით მძიმე რეპრესიული ღონისძიებები და დანაშაულმაც იკლო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კრიმინალური აზროვნება არ გამქრალა! ოდნავ ლიბერალური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და დანაშაული ისევ ყვავის. სააკაშვილის დროს ქურდებზე გამოცხადდა ნადირობა. ამის შემდეგ წავიდნენ უცხოეთში და ქვეყანას არანაკლები ზიანი მიაყენეს. ისინი, უცხოეთში დანაშაულის ჩადენასთან ერთად, საქართველოსაც ჰპარავენ იმიჯსა და რეიტინგს! რატომ სჩადის ქართველი დანაშაულს? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეკონომიკური სიდუხჭირე იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი ეთნო-ფსიქოლოგიური პრობლემებია..."
შავ ზღვაში დიდ ცვლილებებს ელიან - აშშ-მა "ცივი ომის" დროს შექმნილი მეორე ფლოტი აღადგინა
"ამერიკის შეერთებულ შტატებში აღდგა "ცივი ომის" დროინდელი ქვეყნის საზღვაო ძალების მეორე ფლოტი, რომელიც განახლდა რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის შეკავებისთვის. მეორე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ენდრიუ "ვუდი" ლიუისმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ისეთი ფლოტის შექმნა, რომელიც "მზად იქნება ბრძოლისათვის. ბრძოლისათვის მომზადებული, რათა არ მოუხდეს ბრძოლა". შეგახსენებთ, რომ მეორე ფლოტი შეიქმნა "ცივი ომის" დასაწყისში და ის უნდა დახმარებოდა ნატო-ს საბჭოთა კავშირისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. შემდეგ, 2011 წელს, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის დონემ იკლო, ფლოტი გაუქმდა. ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მეორე ფლოტის აღდგენა მოხდა რუსეთის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი საზღვაო ფლოტის პოტენციალის გაზრდის ფონზე და ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი რუსეთს, რომელიც გამალებით აახლებს თავის სამხედრო შეიარაღებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შავ ზღვაში დიდ ცვლილებებს ელიან - აშშ-მა "ცივი ომის" დროს შექმნილი მეორე ფლოტი აღადგინა / ამირან სალუქვაძე: "უახლოეს წლებში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად სხვა სურათს შავ ზღვაში".
"მეორე ფლოტის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რაც უკვე გაცხადდა, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთმა საკმაოდ გააძლიერა თავისი ფლოტის პოტენციალი, ყოველწლიურად ხდება ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის, ანუ სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდების მიღება. გარდა ამისა, აახლებენ ძველ ხომალდებს, ახდენენ მათ მოდერნიზებას და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უწევს საპასუხოდ სათანადო ზომების მიღება. ახლა ზუსტად ის გაგრძელდება, რაც ბოლო პერიოდში რუსეთის გაძლიერების პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება - ეს არის ბიუჯეტის ზრდა და ამერიკის არმიის ახალი მიმართულებების გაძლიერება, მათ შორის, კოსმოსის მილიტარიზაციაზე ფიქრი. მთლიანობაში, ეს არის ამერიკის არმიის უფრო მეტად მოდერნიზება რუსეთის საფრთხეების საპასუხოდ. ძალთა ბალანსზე ახლა რთულია საუბარი. ჩვენ უნდა ვნახოთ ფლოტის შემადგენლობა, გარდა ამისა, უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რა რეაქციები მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან - ექნება თუ არა რუსეთის ფედერაციას იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი ძალები. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს არის შეიარაღების გამალებული აღდგენა და "ცივი ომის" თემის გაგრძელება, რაც არის რუსეთ-ამერიკას შორის. ეს არ ეხება მხოლოდ საზღვაო სფეროს, ყველა მიმართულებით მიდის ანალოგიური პროცესები - ავიაციაში, ფლოტში და იგივე ეხება სახმელეთო კომპონენტებსაც, უბრალოდ, ამერიკა ახლა სახმელეთო კომპონენტებზე განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.
"შავ ზღვაში ნატო-ს ძალების პატრულირების საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოქმედებები არ დაფიქსირებულა - რამე სერიოზულ წინსვლას ამ საკითხში ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ. რუსეთს კი სურს, რომ სხვაგვარად წარმოაჩინოს ყველაფერი, მის ინტერესებშია, ის დომინირებდეს შავ ზღვაზე, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც შავი ზღვის აუზშია, უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნებია, ხოლო ნატო-სთვის მიუღებელია რუსეთის დომინირება ამ რეგიონში. თუ ადრე რუსეთსა და თურქეთს ჰქონდათ, ფაქტობრივად, შავი ზღვა განაწილებული, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, მას მაინც ყოველთვის გააჩნდა საკუთარი ინტერესები, დღეს ნატო სერიოზულად აქტიურდება. ჯერჯერობით ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროგრამებისა და განცხადებების დონეზეა გაკეთებული, თუმცა უახლოეს წლებში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად სხვა სურათს შავ ზღვაში. ის ვითარება, რომელიც გულისხმობს, ფაქტობრივად, რუსეთის ბატონობას შავ ზღვაზე, არის შესაცვლელი და, ალბათ, შეიცვლება კიდეც", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თუმცა რუსეთის მხრიდან ამას მოჰყვება წინააღმდეგობა და იქნება საუბრები შეთანხმებებზე. თუ რუსეთი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ მსოფლიოში სხვა რეალობაა, რომელიც იცვლება კიდეც, შავ ზღვასაც უნდა შეეხოს ეს და ის სტატუს-კვო, რაც არის შავ ზღვაზე, უნდა შეიცვალოს რუსეთის შესუსტების მიმართულებით - ის არ უნდა იყოს შავი ზღვის ბატონ-პატრონი, მის გარდა უამრავი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში. შავ ზღვასთან დაკავშირებულ პროცესებში საქართველოს ჩართვის საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან ქვეყანა არ არის შესაბამისად მომზადებული ამისთვის. სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ 10 წელი საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სამხედრო ფლოტის არსებობა. ბოლოს საზღვაო ძალების დეპარტამენტიც კი გავაუქმეთ, ანუ აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იყო დაგეგმვა და შესაძლო საბრძოლო მოქმედებების დროს ჩართვა გენერალურ შტაბთან ერთად - ის გაუქმებულია. სამხედრო-საზღვაო სკოლა საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ მოკვდა", - დაასკვნის ანალიტიკოსი.
"მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ გავაგებინეთ ჩვენს სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ ფლოტის აღდგენა აუცილებელია. ვერ ხედავენ სხვაობას სანაპირო დაცვასა და საზღვაო ძალებს შორის, ამიტომ ჩვენი წარმომადგენლობა იქნება ძალიან სიმბოლური და პირობითი, მხოლოდ ლოგისტიკური ცენტრებისა და ბაზების შეთავაზებით. ამ ცენტრებსაც შესაბამისი მოწყობა ესაჭიროება. მთელი 10-15 წლის განმავლობაში ისე განვავითარეთ და ისე მოვახდინეთ საზღვაო ზოლის პრივატიზება, რომ სამხედრო თვალსაზრისით სანაპირო ზოლის მოსაწყობად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია და ახლაც არ ვფიქრობთ ამაზე. ეს ყველაფერი არის გენერალურ შტაბთან განსახილველი - როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც შავ ზღვაში მიმდინარეობს. მათ ქმედებებსა და გეგმებში, პროგრამულ დოკუმენტებში მე ვერ ვხედავ, რომ ეს ყველაფერი სერიოზულადაა გააზრებული", - დასძენს ამირან სალუქვაძე.
ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი - "კრემლში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკური წარმატების ეშინიათ"
"ალბათ, თავადაც კარგად იცით, რომ არათუ რეგიონის, მთელი ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობთ. ამიტომ გავიმეორებ იმას, რაც, ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ - თვალწარმტაცი ბუნება გაქვთ. მთელი დელეგაცია მოხიბლული იყო საქართველოთი, ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანით და ნაყოფიერი შეხვედრებიც გაიმართა. დამამახსოვრდა პირველი დღე და ქართული მასპინძლობა, განსაკუთრებით, ის საოცარი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა კანცლერმა თქვენი პრემიერისგან მიიღო - მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვრის ტილო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დრეზდენის მუზეუმიდან დაიკარგა. ეს იყო დიდი ნდობისა და პატივისცემის გამომხატველი ჟესტი და შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე", - აცხადებს ანგელა მერკელის დელეგაციის წევრი, ბუნდესტაგის დეპუტატი "მწვანეთა პარტიიდან" და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტი მანუელ სარაცინი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით "ფრაუ მერკელი არც მორცხვია და არც მშიშარა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" თქმას მორიდებოდა" / "უნდა ვაღიარო, რომ ჩემს პარტიას ნატო დიდად არ ეხატება გულზე" / "მე რუსი ხალხის მეგობრად ვთვლი თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს თავს რუსეთის მთავრობის მეგობარს ვერ ვუწოდებ".
"ჩემი პარტია "ნორდსტრიმ-2"-ის გაზსადენის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. ჩვენ ვთვლით, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების მაქსიმალური დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რუსეთი უფროა ჩვენთვის გაზის მოყიდვით დაინტერესებული და დამოკიდებული, ვიდრე ევროპა რუსეთზე, გაზის შესყიდვით... თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ზეგავლენა ენერგოინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩანს კიდეც როგორც მთავრობის, ასევე სხვადასხვა პარტიის პოზიციაში. ვერ ვიცრუებ და ვიტყვი, რომ თავისუფალი ვართ ამ ზეგავლენისგან, მაგრამ ვფიქრობ, გერმანულ პოლიტიკაში ყველას, გარდა მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტებისა, სულ უფრო მეტი სურვილი აქვს რუსული გაზის ამ ზეგავლენას თავი დააღწიოს, რადგან აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ერთი სიტყვით, ზეგავლენა არსებობს, მაგრამ არც ისე დიდი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს და აცხადებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანუელ სარაცინი და შეკითხვაზე - "სიტყვა "ოკუპაციასთან" დაკავშირებით ლამის მთელი საგა ვიხილეთ. საზოგადოების ნაწილს შთაბეჭდილება დარჩა, რომ კანცლერი ამ სიტყვის ხსენებას გაურბოდა... მართლაც ქართველებმა ვაიძულეთ მერკელი, ეს სიტყვა ეხსენებინა?" - პასუხობს:
"ვფიქრობ, მისთვის და სრულიად გერმანიისთვისაც ნათელია, რომ სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა გაქვთ, თანაც გამოსავლის გარეშე, ევროკავშირისა და გერმანიის მხარდაჭერა აუცილებელია... ფრაუ მერკელი საკმაოდ ღიად აფიქსირებს კრიტიკულ მოსაზრებებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ევროკავშირის სამეზობლოში და მგონია, რომ ფრაუ მერკელი არც მორცხვია და არც მშიშარა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" თქმას მორიდებოდა. მისი ბრიფინგის ჩანაწერები არ მინახავს, არც ჩემთვის უკითხავს, რა და როგორ ვთქვა პრესკონფერენციაზეო, მაგრამ როდესაც ჩვენთან განიხილა ეს შეხვედრა, ცხადი გახდა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" წარმოთქმასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდა".
"აუცილებელია, ქართველ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამჟამად ევროკავშირს შიდა პოლიტიკის მწვავე პრობლემები აქვს, საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრების გზა საკმაოდ გრძელი იქნება და სწრაფად და დაჩქარებული წესით ვერ გახდება ევროკავშირის წევრი... რაც შეეხება ნატოს უნდა ვაღიარო, რომ ჩემს პარტიას ნატო დიდად არ ეხატება გულზე, ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: ბუქარესტის სამიტზე ათი წლის წინ მიღწეული გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრების შესახებ ძალაშია, მაგრამ, იმავდროულად, პოლიტიკური სიტუაცია ნატოში ამჟამად არ გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფი გაწევრების დაპირება მოგცეთ. ასე რომ, მაპ-ის გარეშე წინსვლაზე უნდა მოახდინოთ კონცენტრაცია, რათა საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული. თუმცა ეს მაინც არ იქნება საკმარისი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენ გჭირდებათ და ვფიქრობ, ეს თქვენი ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა... ვგულისხმობ... რა თქმა უნდა, საქართველოს რუსეთისაგან დაცვის საუკეთესო გარანტია ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი იქნებოდა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ბუნდესკანცლერ მერკელის ადგილას ვერც მე მოგცემდით ნატოში სწრაფად გაწევრების დაპირებას, რადგან ეს რეგიონის პრობლემატიკაზეა დამოკიდებული", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ფრაუ მერკელმა სწორი და გულწრფელი განცხადება გააკეთა ნატოში საქართველოს მომავლის შესახებ. შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყო ამის მოსმენა, მაგრამ აუცილებელია ეს დაუფარავად ითქვას და საზოგადოებას მცდარი მოლოდინი არ ჰქონდეს. საქართველო არაფერ შუაშია - ეს არის ჩემი თანამემამულეების ნატოს მიმართ სკეპტიციზმი და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი. აშკარაა, რომ გერმანულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესი დაჩქარდეს ან გამარტივდეს... ახლა პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა დაკმაყოფილდეთ, რაც მაქსიმალურად ახლოს მიგიყვანთ მაპ-თან. გაატარეთ რეფორმები - დარწმუნებული ვარ, კრემლში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკური წარმატების ეშინიათ, რადგან სამხედრო გზით რუსეთისგან თავის დაღწევის სცენარი თქვენი ქვეყნისთვის არარეალურია. საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, რაც მაპ-ის მისაღებად თქვენი წარმატების შანსს გაზრდის. არ მგონია, ახლა საქართველო გარდაუვალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე იდგეს. ვფიქრობ, ამ წითელი ხაზისთვის გადაბიჯებას დასავლეთი - ნატო, ევროკავშირი რუსეთს ძვირად დაუსვამს და ეს კრემლშიც იციან. ვფიქრობ, გერმანული დელეგაციის სტუმრობა ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ამ სოლიდარობის დადასტურება იყო", - მიიჩნევს ბუდესტაგის დეპუტატი.
"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გერმანიას საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხზე სხვა მიდგომა რომ ჰქონოდა, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი თავიდან ავიცილებდით თუ არა აგვისტოს ომს... მახსოვს მაშინ "მწვანეებიც" სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, ვფიქრობდით, რომ საქართველოსთვის და საზოგადოდ, ამ რეგიონისთვის უკეთესი გამოსავალი ევროკავშირში გაწევრება იყო. მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა 2013-2014 წლებში და გავიაზრეთ, რომ შესაძლოა ვცდებოდით... მაგრამ გერმანია თავშეკავებული იყო 1993 წელსაც, კოპენჰაგენის კრიტერიუმის მიღებისას, როდესაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებს დავპირდით, რომ ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ - ეს გერმანიის ნების წინააღმდეგ მოხდა - არ გვსურდა ამაზე დათანხმება: სტრატეგიული გადმოსახედიდან გონივრული ნაბიჯი არ იქნებოდა მსგავსი პოზიციის დამალვა - ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენს რუს მეგობრებთან. თუ გვაქვს ჩვენი ინტერესები საქართველოში, უკრაინასა და ევროპულ სამეზობლოში, მათ უნდა ვუთხრათ ეს, რადგან მათაც აქვთ ინტერესები, უნდა იცოდნენ - როგორია ჩვენი სტრატეგიული ამბიციები, ევროპას აქვს სტრატეგიული ამბიციები ამ რეგიონში. ამჟამად გერმანიას არ აქვს იმის ფუფუნება, ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე ცალსახა მოსაზრება ჰქონდეს, რადგან ამ თემაზე პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს", - განმარტავს მანუელ სარაცინი.
"... რა თქმა უნდა, გერმანიასა და რუსეთს შორის არსებობს მეგობრობა და ის ღრმა და ძალიან მნიშვნელოვანია - ვგულისხმობ რუს ხალხს, რომელსაც უნდა ვესაუბროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეს ცვლილებები რუსეთში, რუს საზოგადოებაშიც მოხდება - ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ჩანს, რომ რუსების უმრავლესობას არ სურს იცხოვროს პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანაში. მე რუსი ხალხის მეგობრად ვთვლი თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს თავს რუსეთის მთავრობის მეგობარს ვერ ვუწოდებ. ვფიქრობ, კრემლი დღეს სტაბილური და ძლიერი გერმანიისა და საზოგადოდ ევროპული დემოკრატიის მთავარი ოპონენტია", - დასძენს სარაცინი.

























