ზაალ ანჯაფარიძე - სამწუხაროდ, ხორავას ქუჩის საქმეში დამნაშავეებზე ხელის დაფარების ალბათობა არსებობს, რადგანაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა „ქართული ოცნება“ დაუჭერს თუ არა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს. აშკარად არადამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ ქვეყანაში მეტი დემოკრატიის დასამკვიდრებლად „ქართული ოცნება“ მზადაა მოახლოებულ არჩევნებში თავისი კანდიდატი არ დააყენოს.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მმართველ გუნდს არ სურს საპრეზიდენტო არჩევებში ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ბევრად აჯობებდა თუ იგი სრულად გაერიდებოდა ამ პროცესს და საზოგადოებას მიანდობდა პრეზიდენტის არჩევას. თქვენც ასე ფიქრობთ თუ თვლით, რომ ამ არჩევნებზე მმართველ გუნდს უნდა ჰყავდეს თავისივე გუნდის ფავორიტი? ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს არ ვგულისხმობ...
- თუ გახსოვთ, ამის თაობაზე ჩვენს წინანდელ ინტერვიუშიც ვისაუბრეთ და გითხარით, რომ ძალიან ხელოვნურ დემოკრატიად გამოიყურებოდა მმართველი პარტიის მიერ ვითომ „დამოუკიდებელი“ კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მხარდაჭერა მხოლოდ იმიტომ, რომ მას „ქართული ოცნების“ პარტიული მანდატი არ უდევს ჯიბეში.
მმართველი პარტიის ეს მანევრები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მხოლოდ შიდაპარტიული პროცესების ლოგიკით შეიძლება აიხსნას, თორემ ზოგადპოლიტიკური ან წინასაარჩევნო ბრძოლის ლოგიკაში ის ძნელად თუ ჯდება. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მთლიანად ვერ გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს. ასეთ გადაწყვეტილებას მას ვერ გაუგებენ მისი ამომრჩევლები, ამას ვერ გაიგებს საზოგადოება.
ვთვლი, რომ მმართველ პარტიას საკუთარი რიგებიდან უნდა დაესახელებინა კანდიდატი, ოღონდ არა ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოთვალა. მიმაჩნია, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან ფიგურები, რომელთაც შეეძლოთ ამ არჩევნების მოგება ადმინისტრაციული რესურსის უხვად გამოყენების გარეშე. თუ ვის ვგულისხმობ, ამას არ ვიტყვი, რადგანაც პარტიამ უკვე თქვა უარი საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე და აზრი აღარ აქვს.
- ფაქტია, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების პირობებში პრაქტიკულად უუფლებო პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობა არა დემოკრატიის თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯად, არამედ უფრო დემოკრატიულობის ფასადად შეიძლება იყოს აღქმული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მმართველ გუნდში არ ესმოდეთ. თუკი ესმით, გაუგებარია, რატომ შეიძლება წავიდეს ამ ნაბიჯზე „ქართული ოცნება? ან რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისათვის შესაძლო დათმობის იდეა პირველად ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა თავის ამასწინანდელ ინტერვიუში. თუმცა, როგორც ჩანს, იდეას პარტიაში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა და შემდგომში პარტიის მიდგომის ტრანსფორმირება მოხდა „დამოუკიდებელი“ კანდიდატის მხარდაჭერის სასარგებლოდ.
რატომ წავიდა ამ ნაბიჯზე „ქართული ოცნება“, ამის შესახებ მე თქვენთან წინა ინტერვიუში ვისაუბრე და ეს ივანიშვილმაც ახსენა გაკვრით, როდესაც თქვა - ევროპას არ მოსწონს, რომ საქართველოში ძალაუფლების ყველა ბერკეტი ერთი პარტიის ხელშიაო. უნდოდათ ამ ნაბიჯით დასავლეთის თვალში ქულები დაეწერათ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოუვიდათ - თუ გადავხედავთ დასავლური მედიისა და ექსპერტების კომენტარებს ამ საკითხზე, ერთ-ერთმა მათგანმა ამ მიდგომას „არაჯანსაღი“ უწოდა.
მეორე შესაძლო მიზეზი - საკუთარ რიგებში ვერ მოძებნეს კონკურენტული კანდიდატი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გარეშე გაიმარჯვებდა. მესამე მიზეზი - თითქოს „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტის თანამდებობა, ვფიქრობ, ნაკლებად დამაჯერებელია.
პირდაპირი არჩევნებით არჩეულ მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტს, თუნდაც შეკვეცილი უფლებებით, შეუძლია ბევრი დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას შინ თუ გარეთ თუკი ამ პოსტს ოპოზიცია დაეუფლება.
- ბატონი გია ხუხაშვილი თვლის, რომ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია არ გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა. მისივე მტკიცებით - „ზურაბიშვილის მხარდაჭერა ”ოცნებას“ არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას ააცილებდა, ამიტომ არის იგი იძულებული აქტიურად გამოიყენოს თავისი რესურსი ზურაბიშვილის სასარგებლოდ“.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „წარმოუდგენელია „ოცნებამ“ ჩემს გარდა სხვა რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარიო“, მართლაც წარმოუდგენელად ჩანს პერსპექტივა, რომ მმართველი გუნდი მხარს მას არ დაუჭერს. თქვენც ფიქრობთ, რომ „ოცნებას“ მართლაც აშინებს „ნაცმოძრაობის“ ფავორიტი და ზურაბიშვილი მას სწორედ „ნაცმოძრაობის“ საპირწონედ სჭირდება?
- ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება, ეს ისედაც ცხადია. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ალბათ უნდა ჰქონდეს შეშფოთების საფუძველი იმის გამო, რომ არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“კანდიდატმა შესაძლოა მეორე ტურში გადასასვლელად საჭირო ხმები დააგროვოს, ხოლო მეორე ტურში დანარჩენი ოპოზიციის ხმებიც დაიმატოს. თუმცა, თუ მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ეჭვი მეპარება, რომ მთელი ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდეს.
რატომ გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის კანდიდატის განეიტრალება უპარტიო „დამოუკიდებელი“ კანდიდატის მხარდაჭერით, ამის ლოგიკური ახსნა ერთი შეხედვით რთულია.
მოჰყავთ ლეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მაგალითი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატად მონაწილეობდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარკვეული სპექტრის მხარდაჭერით. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, ის თავად აცხადებს, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვს და სხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას არ მიიღებს.
თუ მაინც შევეცდებით „ქართული ოცნების“ ქმედებებში რაღაც ლოგიკა დავიჭიროთ, შეიძლება ვივარაუდოთ ასეთი სცენარი - თუ „ქართული ოცნების" მხარდაჭერით სამართლიან და დემოკრატიულად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს ფორმალურად უპარტიო კანდიდატი, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ვინმე, ამით კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ მოხდება ძირითადი ოპონენტების - „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური კრახის გაფორმება. ეს კი სერიოზული დარტყმა იქნება ამ პარტიების შანსებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
- იმის გათვალისწინებით თუ რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას მმართველი გუნდისა და ცესკოს მიმართ, მხედველობაში მაქვს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს.
თქვენი ეჭვის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატზე იმუშავებენ როგორც „ევროპელი დემოკრატები,“ ასევე „ნაციონალების“ ორბიტაზე მოაზრებულად მიჩნეული ლეიბორისტები და არა მარტო ისინი. თუ მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა აღმოჩნდა მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გასვლა, ერთი მხრივ ეს რისი მანიშნებელი იქნება და მეორე მხრივ რამდენად პროგნოზირებადი აღმოჩნდება მეორე ტურის შედეგები?
ამ დროისათვის ჩამოყალიბებული მოცემულობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნების მთავარი ინტრიგა იქნება - მასში გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობის“ თუ „ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი?
- ჯერ ნაადრევია იმაზე მსჯელობა, საერთოდ იქნება თუ არა მეორე ტური. მე პირადად დაველოდებოდი ყველა კანდიდატის წარდგენას, შემდეგ კანდიდატთა რეიტინგების მონაცემებს, ასევე მათ შორის ტელედებატებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოგვცემს ინფორმაციას განსჯისათვის თუ რამდენად შეიძლება ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ველოდოთ მეორე ტურს.
დიახ, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგაა ვინ გაიმარჯვებს - „ქართული ოცნების“, „ნაცმოძრაობის“ თუ „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერილი კანდიდატი, ასევე ის, თუ რამდენად მშვიდობიანად წარიმართება ეს არჩევნები.
ის, რომ „ნაცმოძრაობამ“ უკვე დაიწყო არჩევნების დელეგიტიმაციის და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანია, უკვე მიანიშნებს იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ მათი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში.
- რამდენიმე დღეში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ უნდა დაამთავროს მუშაობა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინოს. ამ თემაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საჯარო სივრცეში კამათმა დაგვანახა, რომ „ოცნება“ „ევროპულ დემოკრატებს“ საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.
როცა საქმე გახმაურებულ მკვლელობაზე პროკურატურის მიერ დაშვებულ შეცდომებს, მიკერძოების აშკარა ფაქტებს ეხება, წარმოუდგენელიცაა საკითხს პოლიტიკური შემადგენელი არ ჰქონდეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ მომხდარი მკვლელობის საკითხზე ისინი საკუთარ დასკვნას წარადგენენ. როგორც ჩანს, კომისია დასკვნის ერთ ვარიანტზე ვერ შეთანხმდება, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, თუ რა დასკვნებს გამოიტანს მომხდარისაგან მმართველი გუნდი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლების რეაქცია იმ შეცდომებსა და მიკერძოებაზე, თუნდაც განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, რაც კომისიის დასკვნის გარეშეც აშკარაა. ასევე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ისევე როგორც წინა ხელისუფლებამ დააფარა ხელი გვირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეებს, ახლაც ამგვარად განვითარდეს პროცესი?
- ვიდრე კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტს არ ვიხილავთ, რთულია საბოლოო და ზუსტი პასუხის გაცემა.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ კომისიის მუშაობა სასარგებლო იყო თუნდაც იმით, რომ გამოაშკარავა აქამდე ფართო საზოგადოების თვალისგან დამალული ის პრობლემები, რაც სამართლადამცავ სტრუქტურებში არსებობს. ყველას ჰქონდა საშუალება პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალყური და გაეგო, როგორც ამ სტრუქტურების წარმომადგენელთა კომპეტენციის ხარისხი, ისე ამ გახმაურებული საქმის გამოძიებისას დაშვებული ხარვეზები და სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში არის მოსწავლეთა კატეგორია, რომლებიც ჩაგრავენ და ამცირებენ სხვებს და ეს ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი. პედაგოგებმაც და მანდატურებმაც კარგად იციან ამ მოსწავლეთა ვინაობა, მაგრამ რა კეთდება მათ მიერ სხვათა ჩაგვრის აღსაკვეთად?!
51-ე სკოლაში ამ პრობლემისთვის დროზე რომ მიეხედათ და პრევენციული ზომები გაეტარებინათ, შესაძლოა ის ტრაგედიაც არ მომხდარიყო.
კომისიის შექმნის დღიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპოზიცია გარდა კომისიის უშუალო დანიშნულებისა, ხელიდან არ გაუშვებდა პოლიტიკური დივიდენდების მიღების ასეთ უნიკალურ შანსს.
ის შეეცდებოდა კომისიაზე მოეხდინა „ქართული ოცნების“ და მის მიერ მართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მკაფიო პოლიტიკური გზავნილით - ნახეთ რა ცუდები და უნიათოები არიან ისინი და რა კარგები და კომპეტენტურები ვართ ჩვენ. არადა, ყველას გვახსოვს რას წარმოადგენდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები მათი მმართველობის დროს.
კომისიის დებულებაში არ არის მკაფიოდ გაწერილი, რომ კომისია ვალდებულია ერთი შეჯერებული დასკვნა წარმოადგინოს. შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის დასკვნები. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ კომისია დასკვნის ერთ შეჯერებულ ვარიანტზე შეთანხმდეს, რადგანაც ორი პარტიის მიერ გამოქვეყნებული ცალკე დასკვნები, საზოგადოების თვალში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტის, დევალვაციას გამოიწვევს.
საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა და დამნაშავეებისათვის რამე ფორმით ხელის დაფარება, ხელისუფლებას ძალიან მძიმე პოლიტიკურ და რეპუტაციულ დანაკარგებად დაუჯდებოდა, რადგანაც საზოგადოების დიდ ნაწილს, შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს ასოციაცია გირგვლიანის საქმესთან, რომელმაც მნიშვნელოვნად შეურყია საყრდენი მაშინდელ ხელისუფლებას.
სამწუხაროდ, ხორავას ქუჩის საქმეში დამნაშავეებზე ხელის დაფარების ალბათობა არსებობს, რადგანაც ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ და შესაბამისად, არც დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი სახელმწიფო გაგვაჩნია. კლანურ-ნეპოტისტური ურთიერთობები ჯერ კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ყველა დონეზე.
- საზოგადოებრივი მაუწყებელი 150 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს. ამ თემაზე საზმაუს განმარტებები აშკარად გაუგებარი და წინააღმდეგობრივია.
თქვენ მონაწილეობას იღებდით საზმაუს გენერალური დირექტორობის კონკურსში, ამიტომაც გვინდა გკითხოთ - რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე საზმაუდან 150 თანამშრომლების შესაძლო გაშვებაზე საზმაუს მესვეურთა განმარტებებმა?
- საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის საჯარო განცხადებაში იყო განმარტებული ამ გადაწყვეტილების მიზეზ-გარემოებები, თუმცა ვისურვებდი, რომ ისინი უფრო დეტალური ყოფილიყო.
გართულებების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შეეძლო უფრო მეტი დრო დაეთმო ამ ხალხისათვის, სიტუაცია განემარტა და მეტი გულისხმიერებით მოპყრობოდა.
ისე კი, მინდა გითხრათ, რომ ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი, ყველა ხელმისაწვდომი წყაროდან მოვიძიე ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთ-ერთი იყო გაბერილი შტატების არსებობა და შრომის დაბალი დისციპლინა.
ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მთავარია არ მოხდეს ამ ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევა და ზედმიწევნით იქნას დაცული კანონი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს, რეალურად ხდება თუ არა საზმაუში შტატების ოპტიმიზაცია. თუ გათავისუფლებულთა ადგილზე ახალ თანამშრომლებს ვიხილავთ, მაშინ, რა თქმა უნდა, კითხვები გაჩნდება.
როგორც ჩანს, საქმე სასამართლომდე მივა, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესში ერთვებიან უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმაც აიტაცონ საკუთარი მიზნებისათვის.
- 4-7 სექტემბერს საქართველოში სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეები მედიის თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ. ამ თემას სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საინტერესო ამ ისტორიაში კი ის გახლავთ, რომ ფორუმის რუსი მონაწილეების ნაწილი აშკარად გამოირჩევა ანტიქართული გამონათქვამებით. მათ შორის არიან ვალდაის კლუბის წევრები. დიალოგი და გამოცდილების გაზიარება კარგია, მაგრამ გაუგებარია რა გამოცდილება უნდა გაუზიარონ ქართველ კოლეგებს კრემლის აღიარებულმა რუპორებმა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარი ადამიანების მასპინძლობა რისი ნიშანი შეიძლება იყოს მოსკოვური ისტებლიშმენტისათვის, რომელიც ჩვენში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ ყურადღებით აკვირდება?
- არ მივანიჭებდი ამ მოვლენას ისეთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას, რასაც რუსულ „რბილ ძალასთან“ მებრძოლი ჩვენი „რაინდები“ ანიჭებენ და ცდილობენ აქედან სკანდალი გამოადნონ სრულიად გასაგები მიზნების გამო, რომელზედაც არ მინდა დავწრილმანდე.
თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ ღონისძიების გამართვას ხელს ვერ შეუშლიან. თუ მედიაფორუმი მაინც გაიმართა, მუშტების ქნევას რაღა აზრი აქვს?!.
ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ყველაზე სწორი მიდგომა იქნებოდა აყალ-მაყალის ნაცვლად ამ ფორუმში მონაწილეობა და ოპონენტებთან არგუმენტებით დაპირისპირება.
მეორე მხრივ, წმინდა პროფესიული და ინფორმაციული კუთხით, თუნდაც „რბილ ძალასთან“ ბრძოლის კონტექსტში, საინტერესო იქნებოდა რას იტყოდნენ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები, რას უპასუხებენ აქაურები, რომ შემდეგ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდეს მათი „რბილი ძალის“ თუ „ჰიბრიდულ ომის“ მიმართ უფრო ეფექტური სტრატეგიის შემუშავება.
აქსიომაა, რომ თუ გსურს ოპონენტი დაამარცხო, ის ჯერ კარგად უნდა შეისწავლო. მკითხველთათვის კი განვმარტავ, რომ „ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიიო კლუბი“ არის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი, ექსპერტი და საზოგადოებრივი ფიგურა სხვადასხვა ქვეყნიდან, სწორედ იმიტომ, რომ დიალოგი ყოველთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე კონფრონტაცია.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

























