აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სასტუმრო „ოაზისში“ გამართული პრეზენტაცია სიტყვით გახსნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა, რომელმაც ფესტივალის უცხოელ და ქართველ სტუმრებს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ესაუბრა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, რომელმაც ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუსვა ხაზი. ფესტივალის პირველ დღის პრეზენტაციები აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციის „ბათუმი რაფტორ ქაუნთი“ საქმიანობასა და რეგიონის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილის პოპულარიზაციას დაეთმო.

„ფესტივალის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია გასვლითი გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. დღის ბოლოს, კი სასტუმრო „ოაზისში“, ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ. მათ შორის გამორჩეულია ამერიკელი მეცნიერი, მტაცებელ ფრინველებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ტურლიდერი ვილიამ კლარკი და ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ელექტრონული რეგისტრაციით შეუძლია. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.

პრეზენტაციები/ლექციები ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე გაიმართება. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად, ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში იქნება უფასო. გამგზავრება ხდება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

6, 7, 8 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/Kq5f7N

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს